USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Economist» : „პუტინი, როგორც დღეს ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ომში იმარჯვებს“
дата:  284

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 2-8 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინი, როგორც დღეს ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ომში იმარჯვებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პირველად მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის პრეზიდენტი ამაყად გამოიყურება და იმედი აქვს, რომ უკრაინაზე გამარჯვებას შეძლებს. მართლაცდა, კრემლმა ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. პრეზიდენტმა თავისი ხელისუფლება განიმტკიცა. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა იპოვა გზები და საზღვარგარეთ სამხედრო საჭურველი შეისყიდა, მისმა საგარეო პოლიტიკამ  გლობალური სამხრეთის ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ განაწყო და რაც მთავარია, კრემლი ძირს უთხრის დასავლეთის რწმენას, რომ უკრაინას შეუძლია ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს, ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სახით.

დასავლეთს ბევრის გაკეთება შეეძლო ვლადიმერ პუტინის განწყობის გასაუარესებლად.  დასავლეთს რომ მოენდომებინა, მას რუსეთზე უკეთესად შეეძლო თავისი სამრეწველო და საფინანსო რესურსების მობილიზება, მაგრამ მას ხელს უშლის ფატალიზმი, თვითდამშვიდება და სტრატეგიული ხედვის არასებობა, განსაკუთრებით ევროპაში. დასავლეთი უკრაინისათვის და საკუთარი თავისთვისაც, ლეთარგიული ძილისაგან უნდა გამოფხიზლდეს.

მიზეზი, რომლის გამოც ვლადიმერ პუტინის გამარჯვება შესაძლებელია, გამოიხატება არა იმდენად ტერიტორიის ხელში ჩაგდებაში, რამდენადაც გამძლეობაში. არცერთ არმიას - არც უკრაინულს და არც რუსულს - ერთმანეთის უკუგდება არ შეუძლიათ იმ ტერიტორიიდან, რომლებიც ამჟამად აქვთ დაკავებულები. უკრაინის არმიის კონტრშეტევა შეჩერდა. შემტევი ბრძოლები დღეს ძირითადად თავდაცვით, პოზიციურ ბრძოლებად გადაიქცა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. 

მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბრძოლის ველზე შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია პოლიტიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. თუ იმპულსი იკლებს, მასთან ერთად მცირდება საბრძოლო სულისკვეთებაც, მატულობს გულგატეხილობა. თუ უკრაინა უკან დაიხევს, კიევში სულ უფრო გაფართოვდება ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა. დასავლეთის ხმამაღალი განცხადებები უკრაინისადმი მხარდაჭერაზე, სამწუხაროდ, რეალური დახმარების გაფართოებით არ არის განმტკიცებული. ამის შემხედვარე ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავს ომისათვის, იგი მზადაა ფრონტის ხაზზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს.

დღეისათვის რუსეთის პოზიციები უფრო მტკიცედ გამოიყურება. კრემლმა თავი დააღწია დასავლეთის მიერ შექმნილ იზოლაციას და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს მესამე ქვეყნებზე ტრანზიტის მეშვეობით იღებს. რუსეთმა ევროკავშირისაგან უარყოფილ თავის ნავთობს და გაზს ახალი ბაზარი მოუნახა, მათი ფასები ისეთია, რომ რუსულ ხაზინას სტაბილური შემოსავლები აქვს. კრემლმა შეძლო თავისი არმიის უზრუნველყოფა საბრძოლო მასალებითაც...

ვლადიმერ პუტინი ომს იგებს იმითაც, რომ მან ქვეყნის შიგნით თავისი პოზიციები განიმტკიცა. ომი რიგით რუს მოქალაქეებს არ მოსწონთ, მაგრამ ისინი თანდათან შეეგუენ. ხელისუფლება ცდილობს, რომ ომში დაღუპულების ოჯახთა უკმაყოფილობა თავიდან აიცილოს და ამიტომ მათ საკმაოდ მოზრდილ თანხებს უხდიან კომპენსაციის სახით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიევში განწყობები სულ უფრო უარესდება. ბოლო დროს საზოგადოებამ გამოიღვიძა, პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა. მოსახლეობა ჯარში გაწვევის პირობებს აპროტესტებს. პრეზიდენტი და გენერალი ერთმანეთს აკრიტიკებენ. გაისმის ხმები, რომ ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააფართოვოს. მმართველი პარტიის რეიტინგი თანდათანობით კლებულობს.

თავის მხრივ, უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაში პრობლემები უჩნდება დასავლეთსაც. რამდენიც არ უნდა იძახონ პოლიტიკურმა ლიდერებმა - უკრაინას მუდმივად მხარს ვუჭერთო, თუ ამ განცხადებებს რეალური და პრაქტიკული დახმარების გაწევა არ მოჰყვება, საზოგადოებაში გულგატეხილობა იმატებს. მეტი მხარდამჭერი გაუჩნდება მოლაპარაკების დაწყებას. მით უმეტეს, რომ დღეს უკვე შეიმჩნევა თვით დასავლეთის რიგებში არსებული განხეთქილებაც: უკრაინის მიმართ ევროკავშირში მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მატულობს - პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი... ამერიკაშიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და თუ მასში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინისათვის სიტუაცია გაუარესდება.

რუსეთის უკრაინაზე გამარჯვება დასავლეთისათვის კატასტროფა იქნება. კრემლის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის არმია ევროპაში და მთლიანად მსოფლიოშიც ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი გახდება.

ვლადიმერ პუტინის შეჩერების საუკეთესო საშუალებაა, რომ დასავლეთმა უკრაინას საუკეთესო და თანამედროვე იარაღი მიაწოდოს.  გასაგებია, რომ სამხედრო არსენალები ცარიელდება, შესაბამისად, საჭიროა მეტი ძალისხმევა იარაღის წარმოების დასაჩქარებლად. აუცილებელია სანქციების შესრულების კონტროლის გაძლიერებაც.

ევროპამ უნდა დააჩქაროს უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში. სამწუხაროდ, ევროპელმა ლიდერებმა ვერ გააცნობიერეს ამოცანის მასშტაბურობა და ბევრი ტავს არიდებს ინტგრაციისადმი ხელშეწყობას. ასეთლიდერებს შევახსენებთ ლევ ტროცკის გამონათქვამს: „შესაძლოა პოლიტიკოსები ომით დაინტერესებულები არ არიან, მაგრამ ომია მათით დაინტერესებული“.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2023/11/30/putin-seems-to-be-winning-the-war-in-ukraine-for-now

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати