USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«The Wall Street Journal» (აშშ): „მეორე მსოფლიო ომის ისტორიული გამოცდილება რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინისათვის გადაცემის ნებას არ იძლევა“
дата:  326

იმ დროს, როცა აშშ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების (300 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდან გაყინულია) კონფისკაციის წინადადებით გამოდის - მოსკოვის მიმართ რეპარაციის სახით, გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინიციატივას. ბერლინი შიშობს, რომ გაყინული ფასეულობების კონფისკაციამ შეიძლება პრეცედენტი შექმნას და სასამართლოებში ახალი სარჩელების წარდგენის საფუძველი გახდეს, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის:მ - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინისათვის გადაცემის ნებას არ იძლევა“ (ავტორი - ბოიან პანჩევსკი).

აშშ და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ რუსეთის აქტივების კონფიკაციას უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებისათვის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის ერთიანი მხარდაჭერის გარეშე ვაშინგტონისა და ლონდონის ჩანაფიქრი ფაქტიურად ვერ განხორციელდება.

რუსეთის კუთვნილი ფულის ორი მესამედი ევროპის კლირინგულ ცენტრებში არის გათავსებული. გერმანია მხარს უჭერს მხოლოდ აღნიშნული თანხიდან მიღებული პროცენტული შემოსავლების გამოყენებას, უკრაინისათვის იარაღის შეძენის მიზნით. ბერლინის მსგავსად, პარიზი, რომი და ევროპის ცენტრალური ბანკიც ყოყმანობენ მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინიციატივას - ისინი შიშობენ, რომ რუსული რეზერვების კონფისკაცია ძირს გამოუთხრის საერთაშორისო ნდობას ევროს მიმართ

„დიდ შვიდეულშიც“ (G7) თვალსაზრისი იმაზე, საჭიროა თუ არა რუსული აქტივების კონფისკაცია, ერთნაირი არ არის. წინააღმდეგია, მაგალითად, იაპონია. რატომ? იმიტომ, რომ  მას რეპარაციულ პრეტენზიებს უყენებენ სამხრეთ კორეა და სხვა მეზობლები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში იაპონიას მიერ იყვნენ დაპყრობილი.

რუსული ფულის კონფისკაციის საკითხის მიმართ ბერლინის მკვეთრ ნეგატიურ პოზიციას თავისი მიზეზები აქვს - იმიტომ, რომ რეპარაციების გადახდა გერმანიისათვის ძალიან მწვავე საკითხს წარმოადგენს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ათეულობით წელია გასული, ეს პრობლემა კი გერმანიის მეზობლებს დღემდე არ ასვენებთ - ისინი პერმანენტულად მოითხოვენ ბერლინისაგან ფაშისტური რეიხის მიერ გაჩაღებული ომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მაგალითად, პოლონეთი, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრო, 2022 წლიდან ბერლინისაგან 1,3 ტრილიონი დოლარის გადახდას ითხოვს, ხოლო საბერძნეთი 2019 წლიდან - 300 მილიარდ დოლარზე მეტს. დაახლოებით იმდენივეს მოითხოვს იტალიაც.

გერმანიის მტკიცებით, რეპარაციების გადახდის საკითხი უკვე მოგვარებულია 1990 წლის აშშ-სსრკ-გერმანიის ხელშეკრულებით ორი გერმანიის (გფრ-გდრ) გაერთიანების შესახებ, თუმცა პოლონეთი, საბერძნეთი და იტალია აცხადებენ, რომ რადგანაც მათ ხელშეკრულებისათვის ხელი არ მოუწერიათ, ამიტომ რეპარაციების საკითხი ღიად რჩება.

(...)

ბოლო წლებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა იტალიის სასამართლოებმა მოქალაქეები გერმანიის ოკუპაციის მსხვერპლად ჩათვალეს და მათთვის კომპენსაციის გადახდა დაადგინეს. საქმე იმაშია, რომ 1943 წელს გერმანიის ვერმახტმა, ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ჩრდილოეთისა და ცენტრალური იტალიის ოკუპირება განახორციელა და ბევრი იტალიელი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. სასამართლოების გადაწყვეტილებით,  იტალიის ტერიტორიაზე არსებული გერმანიის ქონება კონფისკაცია უნდა მოხდეს და ფული იტალიელებს გადაეცეთ.

თავის მხრივ გერმანიამაც სარჩელი შეიტანა იტალიის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, იტალიის მთავრობამ უარი განაცხადა საქმეების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევას არ დაუშვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული აქტივების კონფისკაცია  „21-ე საუკუნის მეკობრეობის“ გამოვლენა იქნება. კრემლმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსულ ბანკებში არსებული დასავლეთის აქტივების მიმართ.

(...)

როგორც ამერიკელი იურისტები აცხადებენ, საერთაშორისო სამართლის დებულებების მიხედვით, ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ კონტრზომები გამოიყენონ იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ - თანაც ისეთი კონტრზომების მიღება, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთან, იმავე იურისტებსა და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოებაა იმაზე, აქვს თუ არა ასეთი უფლება სხვა ქვეყნებს, უკრაინის გარდა, რომელიც რუსეთის აგრესიის პირდაპირ ობიექტს (მსხვერპლს) წარმოადგენს.

თავდაპირველად აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ რუსეთის აქტივების კონფისკაციის ნეგატიური შედეგები შეიძლება ამერიკას და მის მოკავშირეებს (მაგალითად, ისრაელს) ბუმერანგივით უკან დაუბრუნდესო. ამიტომაც ისინი უპირატესობას აძლევენ იმას, რომ კონფისკაციის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ უკრაინის სპონსორებს, რომლებიც თვითონაც ზარალდებიან უკრაინის ომით (ანუ კიევს იარაღს და ფულს აძლევენ).

ბარტ შევჩიკი, ამერიკელი იურისტი, რომელიც ადრე საერთაშორისო სასმართლოში მუშაობდა, აცხადებს, რომ გერმანიის შიშები ზიანის ანაზღაურების საკითხში პრეცედენტის შექმნაზე უსაფუძვლოა. „ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ კონტრზომები (ამ შემთხვევაში - კონფისკაცია) გამოყენებული უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის დღევანდელი დამრღვევების მიმართ და არა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც 80 წლის წინ რაღაც ჩაიდინეს“, - განაცხადა მან.

მაგრამ როგორც გერმანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც თვითონ არის იურისტი და რომელიც ოდესღაც საკუთარ იურიდიულ კომპანიას ხელმძღვანელობდა, რისკის გაწევა არ სურს. მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, თუ გერმანია რუსული აქტივების კონფისკაციაზე დათანხმდება, მაშინ სხვა სახელმწიფოებს [ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] საბაბი მიეცემათ ევროპულ დედაქალაქებს პრეტენზიები წაუყენონ მონობისა და კოლონიალიზმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით

წყარო: https://www.wsj.com/world/europe/world-war-ii-history-haunts-attempts-to-seize-russian-assets-eb066910

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати