USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
გურამ დოჩანაშვილის ოჯახის დიდი ტრაგედია: „ირაკლი გაახსენდა... პალატაში, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე შვილი...“
თარიღი:  1861

ოლგა ჟღენტი, რომელიც ახლახან გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის შვილის კურსელი გახლდათ, იხსენებს დოჩანაშვილების ოჯახურ ტრაგედიას, რომლის შესახებაც საზოგადოებას ასე ვრცლად არასდროს სმენია.

გთავაზობთ ამ სტატუსს:

„საქართველო  შეძრა გურამ დოჩანაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლამ… დაუსრულებლად ციტირებენ და იხსენებენ  ფრაზებს  თანამედროვე  ლიტერატურიდან, რომელიც ჯერ კიდევ მწერლის სიცოცხლეში კლასიკად იქცა…

მაგრამ ეს მთელი დღეა, მე  ირაკლი დოჩანაშვილი  მახსენდება… (ყოველთვის მოვიხსენიებ შაბათის ლოცვებში, დღეს უკვე, მამასთან ერთად)…

ჯგუფელები ვიყავით (სულ ორი ბიჭი  გვყავდა ხელოვნებათმცოდნეობის ჯგუფში). ირაკლისთან ახლოს ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად  ნათელასთან – ირაკლის დედასთან ვმეგობრობდით გოგოები…  განსაკუთრები ე. წ. სტუდენტურ პრაქტიკებზე   დავმეგობრდით…

მახსოვს, მოსკოვსა  და ლენინგრადში, ირაკლის, როგორც პატარა ბავშვს, ისე  “დასდევდა” ნათელა…  სულ წუხდა, ფორიაქობდა, ხან ყელი არ გაუცივდესო და კაშნეს გაკეთებას აიძულებდა, ქალაქგარეთ გასვლისას,  ჩანთიდან ამოღებულ, ხელსახოცში გახვეულ  ბუტერბროდებს მოგვაწოდებდა,  მშიერი არ დარჩეთო.

დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა  ირაკლის,  სქელი, ხუჭუჭა თმებით მამას ჰგავდა, ყველაზე მაღალი იყო ჯგუფში, ხმელი, სუსტი აღნაგობის, სულ წუხდა ნათელა, არაფერს ჭამს და სული როგორ  უდგასო … ახლაც  თვალწინ წარმომიდგება, მართლაც,   სული იყო ირაკლი,  უხორცო, ცარიელი სული… ისე დადიოდა, თითქოს, მიწას არ ეხებოდა…   ლაპარაკი არ უყვარდა, ზედმეტად სიტყვაძუნწი იყო, ხმას იშვიათად გაიღებდა, მაგრამ, საოცარი იუმორი  ჰქონდა, თუ რამეს იტყოდა, სიცილით დაგვხოცავდა…  უზომოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ საკუთარ ცოდნას არასოდეს ამჟღავნებდა…  თავისი  დიდი, სუფთა, სევდიანი  ცისფერი თვალებით უყურებდა სამყაროს…

ერთ დღეს  უნივერსიტეტის კომკავშირის სამდივნოში  მოულოდნელად  აღმოაჩინეს, რომ… მეორეკურსელი ირაკლი დოჩანაშვილი არ იყო კომკავშირელი!!!  (პერესტროიკის დროს  კომკავშირის მანდატი ჯერ კიდევ აქტიურად  მოქმედებდა), ატყდა ერთი ჩოჩქოლი, აწრიალდა თსუ-ს დეკანატი,  პანიკამ შეიპყრო რექტორატი, დაიბარეს ირაკლი კრებაზე, დატუქსეს, გაკიცხეს, კედელთან მიაყენეს… ირაკლიც იდგა მორცხვად, მაღალი, ხმელი, აწოწილი, და ზემოდან,   ირონიული ღიმილით  დაჰყურებდა აქტივისტებს… მერე ამაზე დიდხანს და ბევრი ვიცინეთ,  ჩვენს თვალში, რა თქმა უნდა, ირაკლი მაშინ  ნამდვილი გმირი იყო…

გამოსაშვები საღამოს გამართვაც  ირაკლიმ თავისთან სახლში შემოგვთავაზა (სულ 10-მდე ვიქნებოდით ჯგუფში), მახსოვს, ნათელამ ლოჯში გაშალა სუფრა, მგონი, გურამი თბილისში არ იყო… სუფრას ირაკლი თამადობდა… სუფრას   ჩვენი ლექტორ-პროფესორებიც უსხდნენ: ირინა  არსენიშვილი, გურამ აბრამიშვილი… ისინი გაოცებულნი უსმენდნენ ირაკლის  სადღეგრძელოებს, ხუმრობდნენ, ირაკლი, 5 წელია, შენი ხმა არ გაგვიგია და ეს რა ენამჭევრი  ყოფილხარო…

1990 წლის ზაფხული იდგა, თბილისიდან გასული ვიყავი. მოულოდნელად ხმა გავარდა,  წყნეთში ირაკლი დოჩანაშვილი  დაიღუპა  ტრაგიკულად… ყველა ამ  ფატალურ შემთხვევაზე  ლაპარაკობდა… მაშინ თბილისში ჩასვლა ვერ შევძელი  და მოგვიანებით, ერთი თვის შემდეგ გადავწყვიტე  სამძიმარზე მისვლა, თუმცა, ისიც  მითხრეს, რომ ნათელა სამძიმარს არ იღებსო… ( შვილის სიკვდილს ვერ აცნობიერებსო)…

კარი ნათელამ გამიღო, თითქოს ჩვეულებრივ შემხვდა,  ღიმილით შემიპატიჟა,  სახეზე საშინლად  ფერმკრთალი ჩანდა,  მოტეხილი, თვალებით სადღაც  იყურებოდა… მომიკითხა… ჯგუფელებიც  მოიკითხა,  თან მაგრძნობინებდა, რომ, ყველაფერზე უნდა  მელაპარაკა,  გარდა ირაკლისა… ამ თემას არ უნდა შევხებოდით…  უცებ მეუბნება, შედი, გურამი ნახეო…  შესვლამდე ოთახის  კარზე  დააკაკუნა და გასძახა: “გურამ, ოლიკო მოვიდაო”… შევედი, სავარძელში იჯდა, პიჟამაში, ახალგაღვიძებული, უფრო სწორად უძინარი, სახეარეული,  თვალები ჩაწითლებული…

იმ დროს თბილისში უკვე მძიმდებოდა პოლიტიკური სიტუაცია  (1990 წლის შემოდგომა), მეც ძალაუნებურად ამ სიტუაციაზე ჩამოვუგდე ლაპარაკი…  გურამი  გამოცოცხლდა,   რამდენიმე პიროვნებას შეეხო, მათ შორის ზვიადსაც, მის ყოფილ თანაკლასელს… მეგობრები ვიყავითო, კარგად ვიცი მისი ხასიათიო, წუხდა… ნერვიულობდა, ფორიაქობდა, კრიტიკულიც იყო, გაბრაზებულიც… აღელვებდა ზოგადად ის, რაც ხდებოდა… უცებ საუბარი შეწყვიტა, შემომხედა  შეშინებულმა, და აცახცახებული ხმით  მეუბნება: „არ დამტოვოო, არ დამტოვოო, თვალებით მეუბნებოდა…” შევცბი,  ვიფიქრე, რას ამბობს-მეთქი, მერე მივხვდი, რომ, ირაკლი გაახსენდა… პალატაში, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე შვილი… ჯერ აქვითინდა, ატირდა,  ძალიან უსუსური, უმწეო გახდა  იმ წუთებში… ვეცადე  სხვა რამეზე გადამეტანა მისი ყურადღება, ისევ ჩაერთო საუბარში, გამოცოცხლდა, ემოციური, მკაცრი  შეფასებები ჰქონდა, მერე ისევ გაჩერდა,  სადღაც წავიდა ფიქრებით, ისევ შემომხედა,  თითქოს რაღაც დააშავაო და ამბობს: “თვალებით მთხოვდა, არ დამტოვოო…” და ისევ ატირდა ბავშვივით…. ვეღარ გავჩერდი და გამოვედი… ნათელას  დავემშვიდობე, მივხვდი, რომ,  ირაკლის შემდეგ მისი მთავარი საზრუნავი  და  მოსავლელი “ბავშვი”, ახლა გურამი იყო…  დღემდე ასე იყო…

ასე მგონია, იმ საზარელი  ტრაგედიიდან მოყოლებული, გურამს არ დაუტოვებია ირაკლი,  მუდამ მასთან იყო, ოღონდ, სხვა, მის მიერ შექმნილ სამყაროში…  ის  თავის შვილთან იყო და ახლაც ერთად არიან…

დოჩანა!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები…

აღარ მინდა ნეკროლოგების  წერა…“

წყარო:https://fortuna.ge/f

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.