USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
გოგი გეგეჭკორი, ქართული თეატრის ჯენტლმენი, დღეს 97 წლის გახდებოდა
თარიღი:  2598

გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის  მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 

1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზიაშემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.

ოჯახი

გიორგის ლექციები გვიან უმთავრდებოდა და იგი მის მომავალ ცოლს ნათელას ყოველთვის აცილებდა სახლამდე. მოგვიანებით, გოგონა შინაც ეპატიჟებოდა თავაზიან ყმაწვილს და ჭიქა ჩაიზე აგრძელებდნენ საუბარს ხელოვნებაზე, თეატრზე, სპექტაკლებზე. ნათელას დედას არ გამოჰპარვია ვაჟის ხშირი სტუმრობა და ერთხელაც, როცა მესამე ჭიქა ჩაი დალიეს, სტუმარი კი წასასვლელად ისევ ფეხს ითრევდა, სიცილით უკითხავს ქალიშვილისთვის: ვერ ხედავ, რომ ამ ჩვენს სტუმარს არ უნდა წასვლა, ხომ არ დაგვეტოვებინაო? გიორგის გაღიმებია და ნათელასთვის უთქვამს: ხომ ხედავ, დედაშენი ხვდება და შენ რით ვერ მიგახვედრე, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულს გასცდაო. ამის შემდეგ მათ 1953 წლის 14 მარტს იქორწინეს, სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მათ მხოლოდ ხელი მოაწერეს, ქორწილი კი აღარ გადაუხდიათ. მათ ორი შვილი შეეძინათ : მანანა და გიორგი. ქალიშვილი — ფსიქოლოგია, ვაჟი კი — ფერმწერი.

თეატრი

1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში „ბედი მგოსნისა“ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. ამ სპექტაკლმა დიდი პოპულარობა მოუტანა გიორგი გეგეჭკორს. შემდეგ შეასრულა სხვადასხვა როლები: მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“) და სხვ. ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“ , სადაც გიორგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისთვის

კინო

1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში, ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში ჭრიჭინა, ლევანის როლზე. კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი. იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულზე ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი. მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მის მიერ სანდრო კარიძის როლი ფილმ დათა თუთაშხიაში საოცარი სამსახიობო ნიჭითაა შესრულებული. მისი დახვეწილი მანერა, სამხსახიობო ოსტატობა, მისი გენია გულგრილს ვერავის ტოვებს. მისი უკანასკნელი როლი ფილმი „6 და 7“ აღმოჩნდა 2003 წელს.

მოგონებები გიორგი გეგეჭკორზე

– გოგი გეგეჭორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე, – ეს სიტყვები რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის.

მიხეილ თუმანიშვილი, რეჟისორი:

“გოგი გეგეჭკორი არის არტისტი თავიდან ფეხებამდე. ბუნებისაგან მინიჭებული ნიჭირება მასში გაჯერებულია გასაოცარი შრომისმოყვარეობით და ორგანიზებულობით.

გოგი გეგეჭკორი უსაზღვრო დიაპაზონის მსახიობია, მისი პალიტრა სავსეა სხვადასხვა ტონალობის საღებავებით. იგი ფანტასტიკურად ერთგულია თავისი საქმის.”

მედეა ჩახავა, მსახიობი:

“ჩვენ ისეთი სკოლა გავიარეთ ჯერ გიორგი ტოვსტონოგოვთან, შემდეგ მიხეილ თუმანიშვილთან, როცა სულ ახალგაზრდები ვიყავით, ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, ისე ჩაგვინერგეს, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, რომ მთელი ცხოვრება ამ მრწამსით გავატარეთ. დღესაც ერთად ვართ დაკავებული მე და გოგი ახალ სპექტაკლში და როცა სახლში ფიქრს ვიწყებ, თვალწინ აუცილებლად გოგი დამიდგება, რადგან იგი ჩემი პარტნიორია და ჩემს მიერ მოფიქრებული სცენა აუცილებლად უნდა შევათანხმო მის მიერ მოფიქრებულთან.

პარტნიორის გრძნობა, რეპეტიციის დროს იქნება ეს თუ სპექტაკლის მიმდინარეობისას, აუცილებლად გულისხმობს ურთიერთპატივისცემის გრძნობასაც, რაც სრულიად გამორიცხავს ეგოისტურ მომენტებს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ სახეზე ფიქრისას.

გოგი შესანიშნავი პარტნიორია, ინიციატივიანი, იგი რეჟისორისთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მოდის რეპეტიციაზე. იგი მრავალფეროვანია, დაუღლელი, სულ იწვის, დაუზარელია…”

ნათელა ურუშაძე, თეატრმცოდნე, გოგი გეგეჭკორის მეუღლე:

“ადამიანი ზოგჯერ ერთნაირია შინ და გარეთ, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული, ზოგჯერ რაღაცით ჰგავს გარეთ მყოფს და ზოგჯერ რაღაცით არა.

მკაცრი არის, მაგრამ პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ისე, საერთოდ, რბილი ადამიანია, მაგრამ შინაგანი დისციპლინა აქვს უმაღლეს დონეზე.

ერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა ქალმა მიცნო მე და ვერ იცნო გოგი. ის ქალბატონი თეატრსა და კინოში როგორც ჩანს არ დადიოდა, ტელევიზორს კი უყურებდა. კინაღამ გაგიჟდა გოგი. ეს არის წმინდა არტისტული ბუნება. ესენი ხომ ვერ იტანენ ვიღაცამ რომ ვერ იცნოს, რადგან პოპულარობის, ხალხის სიყვარულის მეტი მათ პროფესიიდან ხომ არაფერი რჩებათ.

ჩვენ როდესაც დავქორწინდით იგი თამაშობდა “ბარათაშვილს” და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის მქონე პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად ‘ჭინჭრაქაში. აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი რა მელოდა, ცოტა ხნის შემდეგ იგივე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი, რომელიც დღემდე ცოცხლობს ამ სცენაზე. ამას მოჰყვა ალქაჯი “მაკბეტში” და ვიფიქრე, ეხლა მაინც დამთავრდა ჩემი გაწბილების პროცესი-თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამჟამად რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაეშვა სპექტაკლი “შორაპნელი ქალბატონები”, სადაც გოგი საიქიოდან მოვლინებულ ადამიანს თამაშობს და ახლა თავად განსაჯეთ, რით დაიწყო და რით მთავრდება ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი.”

ვასილ კიკნაძე, თეატრმცოდნე:

“ქართული თეატრის ჯენტლმენი – ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით. ეს გამონაკლისი თვისებაა.

საქართველოში არტისტულ ნიჭს რა გამოლევს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს – საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა – ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი.

გოგი გეგეჭკორთან ერთად 10 წელი ვიმუშავე რუსთაველის თეატრში. ეს იყო ბედნიერი წლები. რამდენი შემოქმედებითი და ადამიანური სიხარული მაჩუქა ბატონმა გოგიმ. მას ჯერ ისევ სტუდენტობის წლებში შევხვდი. თეატრმცოდნეები დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლის “დონ სეზარ დე ბაზანის” რეპეტიციებს ვესწრებოდით. გასაოცარი, მართლაც ზღაპრული, რაღაც საზეიმო იმპროვიზაციების ფეიერვერკები იყო სარეპეტიციო პროცესი. დიმიტრი ალექსიძის იუმორი, სიტუაციების შეთხზვის უნარი, შთაგონება და გეგეჭკორის დონ სეზარის მოქნილი, დახვეწილი ელეგანტური მოძრაობა, ფორმათა უეცარი გათავისება. რეჟისორის ჩანაფიქრის ზუსტი ამოხსნა, იქვე ჩვენს თვალწინ ახალ ფორმათა თუ პლასტიკურ ნახაზთა შეთხზვა აღტაცებას გვგვრიდა სტუდენტებს. მაშინ ბატონი გოგი ხომ უპოპულარულესი ახალგაზრდა მსახიობი იყო, დავაჟკაცებული, მაგრამ ახალგაზრდა, 27 თუ 28 წლისა. ჩვენ გვხიბლავდა მისი მაღალი პროფესიული კულტურა და ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო სტუდენტებისათვის.

გოგი გეგეჭკორმა შემოქმედებითი ცხოვრების დიდი გზა განვლო. ჭეშმარიტი ხელოვნება ოქროს მაძიებლის შრომასავით მძიმეა, მაგრამ მუდამ იმით დაიმედებული, რომ უთუოდ გამოთნათებს ოქროს ელვარება. ის პატარა საოცარი მარცვალი არის შემოქმედის მუდმივი ძიების საგანი. ბედნიერია გოგი გეგეჭკორი, რომ არასოდეს ამაოდ არ დამშვრალა ამ ძიებებში, ყოველთვის პოულობდა ხოლმე იმ მარცვალს, რომელიც მისი სულიდან ანათებდა. მაყურებელი კი მუდამ ბედნიერი იყო, რადგან მათ სულშიაც იჭრებოდა სინათლის სხივი.

ბატონი გოგის როლები რომ ჩამოვთვალო, გვერდები არ ეყოფა. ყოველი სახე ცალკე საუბრის თემაა.
უკვე ისტორიას ეკუთვნის ბევრი რამ, რის გარეშეც წარმოუდგენელია ამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ქართული სამსახიობო ხელოვნება.

ეს დიდი სიმდიდრეა!”

გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

სპორტი
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.