USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
Тбилиси
გიორგი ონიანი - გერმანიაში მოღვაწე ოპერის მომღერალი
дата:  758
2001 წელს, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, სწავლა მიუნხენის უნივერსიტეტის ასპირანტურაში განვაგრძე . ერთი წლის შემდეგ კი გადავედი იტალიაში, ლა სკალას აკადემიაში დახელოვნების ორწლიან პროგრამაზე. ჩემი მუსიკალური კარიერა მილანში დაიწყო, მქონდა საშუალება, მემუშავა მსოფლიოში ცნობილ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და რეჟისორებთან. უამრავ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა, როგორც ლა სკალას თეატრში, ასევე ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრებში. გერმანიაში, ქალაქ კაიზერსლაუტერნში, ერთ-ერთ დადგმას ესწრებოდა სპეციალურად ჩემს მოსასმენად ჩამოსული ბონის თეატრის დირექტორი, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ საგრიმიოროში შემოვიდა და შემომთავაზა, გავმხდარიყავი მათი სოლისტი. მე გამიკვირდა და დრო ვითხოვე. ბევრი ვიფიქრე შეთავაზებაზე და კონტრაქტში ჩემთვის ხელსაყრელი პირობების შეტანის შემდეგ, დავთანხმდი. 2008 წლიდან ბონის თეატრის სოლისტი ვარ. სეზონზე მხოლოდ ერთ პრემიერაზე მევალება სიმღერა და დანარჩენი დრო სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე შემიძლია გამოვიყენო. ბონის თეატრს საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვს და მათ სცენაზე მსოფლიოს ყველა ვარსკვლავს აქვს ნამღერი.
 
თბილისის თეატრშიც ვიყავი რამდენიმე წელი სოლისტი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ოპერის დონე, მსოფლიოს წამყვანი თეატრების დონეს არაფრით ჩამოუვარდება. რაც მათ ხელშეწყობა აქვთ, ჩვენს თეატრებსაც რომ ჰქონდეს, გაცილებით დიდ სიმაღლეებს მივაღწევთ. განსხვავება უფრო მუშაობის პროცესშია, ვიდრე სამსახიობო დონეში. გერმანელებმა იციან დროის ფასი , რეპეტიციების განრიგი ისე გვაქვს აწყობილი, რომ არ გადავიღალოთ, ამაში კანონიც გვეხმარება.
 
გერმანიაში ძირითადად თანამედროვე სპექტაკლები იდგმება, საქართველოში კი კონსერვატიულად უდგებიან ამ საკითხს. დიდი ხანია, რაც ვერდის “აიდას” ვმღერი, 15 სხვადასხვა პროდუქცია მაქვს შესრულებული, 152 სპექტაკლში ვითამაშე. მოქმედება აქ გამოგონილ, გაურკვეველ სამყაროში ხდება და არა რომელიმე ქვეყანაში. ბოლოს საქართველოში, ფრანკო ძეფირელის არაჩვეულებრივ დადგმაში მივიღე მონაწილეობა. კლასიკური სპექტაკლი იყო : ეგვიპტე, ფარაონები, ძეფირელისეული რეალობასთან მიახლოებული კოსტუმები და გრიმი…ზოგადად, ტრაგიკული როლები უკეთესად გამომდის. გამორჩეული როლები არ მაქვს. არის ოპერები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვასრულებ. ვოცნებობ ოტელოზე, იმიტომ კი არა, რომ მიუღწეველია, არამედ იმიტომ, რომ ეს ისეთი როლია, რომლის შემდეგაც უნდა დაემშვიდობო ლირიულ რეპერტუარს, როგორიც არის ბოჰემა, მადამ ბატერფლაი..მე ეს როლები ძალიან მიყვარს და მიჭირს რომ შეველიო. თუმცა უკვე მზად ვარ, რომ მივიღო პირველივე შემოთავაზება ოტელოზე. ეს ჩემი მეჩვიდმეტე ვერდის ოპერა იქნება. სამომავლო გეგმებზე საუბარი ძნელია, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რაც დაგეგმილი მქონდა ორი წლის მანძილზე, ჩაიშალა. ვიცი, რომ ბონში 2022 წლის აპრილში მექნება ვერდის “ერნანის” პრემიერა. როგორც კი გამოსწორდება სიტუაცია, საქართველოშიც ვაპირებ ჩასვლას, თითქმის ყველა სეზონზე მიწვევენ პრემიერებსა და ღონისძიებებზე, ჩემთვის ყოველთვის დიდი ზეიმია სამშობლოში გამოსვლა.
 
ხელოვნება ძიებაა უსასრულობაში . ახალგაზრდა მომღერლებს ვურჩევდი, რომ არასდროს დაკმაყოფილდნენ, ყოველთვის შეიძლება მეტის მიღწევა. არ დაიზარონ შრომა, სჯეროდეთ საკუთარი თავის. არ შეუშინდნენ სიძნელეებს, არ შეწყვიტონ ბრძოლა. ბევრი დიდი ტალანტი იკარგება რესტორნებსა და ანსამბლებში, როცა შეუძლიათ მსოფლიო კარიერა გაიკეთონ. თავდაუზოგავი შრომით, ნაკლებად ნიჭიერმა ხელოვანებმა უფრო მეტს მიაღწიეს. მთავარია მონდომება და ყოველთვის მიაღწევთ სასურველ მიზანს.
аналитика
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати