USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გიორგი კობერიძე - დღეს კონსტანტინოპოლის დაცემის დღეა
Date:  1097
დღეს კონსტანტინოპოლის დაცემის დღეა. ზოგადად საკმაოდ მძიმე დღეა საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე (რაც მოჰყვა ამ ამბავს), მაგრამ ახლა ამის განსახილველად არ ვწერ ამ წერილს, არამედ თუ როგორ იყენებს რუსული პროპაგანდა 1453 წლის 29 მაისს დატრიალებულ ამბებს დასავლეთის საწინააღმდეგოდ. მითის მიხედვით რომ არა ევროპა ბიზანტია (რომელიც საკუთარ თავს არასდროს უწოდებდა ამ ტერმინს და ყოველთვის რომის იმპერიად / Βασιλεία Ῥωμαίων / Imperium Romanum მოიხსენიებოდა) არ დაეცემოდა.
 
დავიწყოთ იმით, რომ კონსტანტინოპოლი, რომ ეცემოდა წინა ხაზზე ჯოვანი ჯიუსტინიანეს იტალიური არმია იბრძოდა და სწორედ ჯიუსტინიანეს სასიკვდილოდ დაჭრამ გამოიწვია თავდაცვის ხაზის ჩამოშლა. ამასთან, კონსტანტინოპოლის დაცვაში აქტიურად მონაწილეობდა სიცილიის სამეფო, პაპის ოლქი, კატალონიელი ესპანელები, ვენეციელები და რომის პაპის მიერ მივლენილი კიევის მიტროპოლიტი ისიდორეც კი. ვენეციის ფლოტის სარდალი ოქროს რქის დაცემის შემდეგ უბან-უბან იბრძოდა თავის სამხედროებთან ერთად ქალაქის შესანარჩუნებლად სანამ სასიკვდილოდ არ დაჭრეს. იგივე ბედი გაიზიარა სიცილიელმა არისტოკრატმა გაბრიელ ორსინიმ.
 
მანამდე, კონსტანტინოპოლის გადასარჩენად, მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში უნგრეთის სამეფო განმეორებით ომებს აწარმოებდა ოსმალეთის იმპერიასთან. ამის საპირისპიროდ, რუსეთის მიერ ხშირად ფავორიტად დასახელებული სერბეთის სამეფო კონსტანტინოპოლის დაცემისას მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირედ ედგა ოსმალეთს.
 
ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის საცოლე ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი VIII-ს და იყო. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მალევე საქართველოს დაშლა დაიწყო.
 
ხშირად ამბობენ, რომ თუკი არ დადგებოდა 1203-04 წლებში ჯვაროსანთა მიერ ბიზანტიის ნაწილის დაკავება, მაშინ 1453 (249 წლის შემდეგ) წელს კონსტანტინოპოლს ოსმალები ვერ აიღებდნენო. ნამეტანი დიდი დროა 249 წელი იმისათვის რომ ზუსტად ვიმსჯელოთ რა მოხდებოდა, მაგრამ ასეთი რიტორიკით საქართველოს წილი პასუხისმგებლობის დაყენებაც გამოგვდის. სწორედ 1204 წელს ქართულმა არმიამ ბიზანტიის უმნიშვნელოვანესი პროვინცია ტრაპიზონი და მისი შემოგარენი აიღო. შემდგომ კი ქართული არმიით ზურგგამაგრებული ტრაპიზონელი სამხედროები სინოპში შედიან და ბიზანტიის იმპერიის ნარჩენებს ესხმიან თავს ნიკეაში და ბოლოს, ბიზანტიური ყირიმის სანაპიროსაც კი იკავებენ.
 
ანუ რა გამოდის? საქართველო, რომელიც 1204 წელს ძლიერების ზენიტში იყო და ჯვაროსნების მოკავშირედ მოიაზრებოდა, ბიზანტიის იმპერიის დაცემაში წილი აქვს შეტანილი? ბიზანტია ის იმპერია იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შიდა ქართული არეულობების წყარო გახლდათ და სწორედ 1204 წლის შემდეგ დასუსტდა იმდენად, რომ საქართველოსათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. მანამდე ბიზანტიელებს ხან პეტრასა (ციხისძირი) და აფსაროსის (გონიო) ციხეებში უნდოდათ გარნიზონის ჩაყენება, ხან სებასტოპოლისსა (ასე უწოდებდნენ სოხუმს ბიზანტიაში) და ანაკოფიაში. იმაზე აღარ მაქვს საუბარი ბაღვაშების სახით ბიზანტიური არისტოკრატია, რომ მუშაობდა საქართველოში და ტაო-კლარჯეთი დაწიოკებული რომ ჰქონდათ ბიზანტიელებს. 1204 წელს საქართველოში არსებობდა იმედი, რომ ბიზანტიის განეიტრალების შემდეგ დაარსებულ ახალ იმპერიაში (ტრაპიზონის იმპერია რასაც ეწოდა) პრო-ქართული კომნენოსები ჩვენზე იმუშავებდნენ. მუშაობდნენ კიდეც და როდესაც საქართველოდან ჩამოშორება სცადეს შიდა გადატრიალებებსა და კლანურ დაპირისპირებებსაც არ ვერიდებოდით.
 
ასე მუშაობდა მაშინ ძლიერი, რეგიონში წამყვანი საქართველო. უბრალოდ, მას შემდეგ რაც საქართველო ძალიან დასუსტდა (სხვათა შორის დაახლოებით იმავე მიზეზით რის გამოც ბიზანტია - და ამას ქვემოთ შევეხები), კონსტანტინოპოლი დასავლეთთან კავშირის ერთადერთი არტერიაღა იყო. ამიტომაც იქცა 1453 წელი ტრაგედიად.
 
მაგრამ კვლავ 1204 წელს რომ დავუბრუნდეთ. როგორ აღმოჩნდნენ 1204 წელს კონსტანტინოპოლში ჯვაროსნები? ბიზანტიაში გამართული სამოქალაქო ომით. კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ - ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში აღმოჩნდნენ ბიზანტიაშივე გამართული სამოქალაქო ომის შედეგად, როდესაც ტახტის პრეტენდენტები ჯვაროსანთა არმიის გამოყენებას ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. საბოლოოდ კი ტახტი ჯვაროსნებს ჩაუვარდათ ხელთ.
 
კიდევ ერთი ფაქტი - ჯვაროსნული ლაშქრობების ისტორიას თუ გადავხედავთ 1095 წელს პაპმა ურბან II-მ სწორედ იმიტომ გამოაცხადა ლაშქრობები, რომ კონსტანტინოპოლი გადაერჩინათ. მაშინ ამ საქმით არამარტო კონსტანტინოპოლი გადარჩა არამედ დავით აღმაშენებელს საშუალება მიეცა სელჩუკებისათვის ხარკი გაეწყვიტა და ომისათვის მომზადებოდა.
 
ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ბერძენი მკვლევარი ანტონი კალდელისია. იგი თავის ნაშრომებში მუდმივად აღნიშნავს, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი მუდმივად განმეორებადი სამოქალაქო ომები იყო. საშუალოდ, ყოველ 9-13 წელიწადში ერთი სამოქალაქო ომი იმართებოდა. ზუსტი ციფრი უცნობია თუ რამდენი სხვადასხვა მასშტაბის სამოქალაქო ომი თუ დაპირისპირება იქნა წარმოებული იმპერიის შიგნით მაგრამ მისი ციფრი 100-ზე მეტია. აკაკი წერეთლის ნაშრომი "თორნიკე ერისთავი" სწორედ ბიზანტიის შიგნით კიდევ ერთ სამოქალაქო ომში ქართველთა მონაწილეობას ეძღვნება. მუდმივმა სამოქალაქო ომებმა გამოფიტა იმპერია და დაასუსტა იმდენად, რომ უპერსპექტივო ძალად იქცა. სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებებმა დაშალა საქართველოს ერთიანი სამეფოც - და ლამის მარტივ მამრავლებად.
 
როგორ იქცეოდნენ 1204 წელს ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში? ძალიან ცუდად - გაძარცვეს ქალაქი. იყოს პრობლემა? ძალიან დიდი. რატომ ძარცვავდნენ ქალაქს ასე ძალიან ჯვაროსნები? 1182 წლის აპრილში იმპერატორმა ანდრონიკემ ქალაქის ევროპული მოსახლეობა - დაახლოებით 80 ათასი ადამიანი 0 მოაკვლევინა. მიჩნეულია, რომ ეს იყო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რამაც ბიზანტიელებსა და დანარჩენ ევროპას შორის დიდი ხიდჩატეხილობა შექმნა, ხოლო ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ დაცემას შეუწყო ხელი. ამართლებს ეს 1204 წელს კონსტანტინოპოლის ძარცვას ევროპელთა მიერ? არა, მაგრამ ეს ახლანდელი სტანდარტით. თანამედროვე სტანდარტებით წარსულის მოვლენების შეფასება უმადური საქმეა.
 
მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ 1453 წელს. ამ დროს ბიზანტიის ბოლოსწინა იმპერატორი იოანე უკვე ნამყოფია რომში და კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ურთიერთობა გამოსწორებულია. ნაცვლად იმისა, რომ ახლა მაინც დასადგურებულიყო მშვიდობა ბიზანტიის არმიის სარდალმა ლუკას ნოტარასმა თავისი ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: "კონსტანტინოპოლში პაპის ტიარას სულთნის ჩალმა მირჩევნიაო" (არის ვერსია, რომ ნოტარასს არ ეკუთვნის ეს სიტყვები, უბრალოდ კონსტანტინოპოლის არისტოკრატიის შიგნით არსებულ ანტიევროპულს ფრთას გამოხატავდა ეს სიტყვები). და მიიღო კიდეც ის. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ სულთანმა მაჰმედ მეორე ფათიჰმა ჯერ ქალაქში წესრიგი აღადგენინა მას, შემდეგ კი თავი მოჰკვეთა.
 
ამიტომაა, რომ ისტორიის ინტერპრეტაცია პროპაგანდისათვის მუდმივად ხდება. და დიახ, კონსტანტინოპოლის დაცემაში ბევრს მიუძღვის ბრალი, მაგრამ შავ-თეთრი ლოგიკით ვიღაცებისათვის ისტორიული ტრაგიზმის გადაბრალება უმწიფრობის ნიშანია.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way