USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 9 ივნისის შეჯამება უკრაინაში
Date:  462

- ზაპორიჟიას ოლქში უკრაინული შეტევა გრძელდება. მიმართულებები უცვლელია - მდინარე დნეპრის სიახლოვეს - ლობკოვეს მონაკვეთზე, ორიხივი-ტოკმაკის გზაზე - რობოტინეს სიახლოვეს, ტოკმაკი-პოლოჰის გზაზე და ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით რამდენიმე პოზიციაზე ერთდროულად. უკრაინელთა მხრიდან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს ან მხოლოდ რამდენიმე ძალიან ზოგადი ვიდეოთი შემოიფარგლება. ეს ამ ეტაპზე სრულიად ლოგიკურია, რადგან რამდენიმე მონაკვეთზე ვითარდება კონტრშეტევა და ისიც სულ რამდენიმე დღეა. ახლა ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება მხოლოდ მათ პოზიციებსა და მდგომარეობას გაამხელს, რაც არასასურველია. ამასთან, რაიმე წერტილის აღების დაანონსება და შემდგომ მისი ვერ გათავისუფლება დემორალიზებასაც შეუწყობს ხელს. ამიტომაა, რომ იერიში მიმდინარეობს მრავალ ნაცნობ თუ უცნობ მონაკვეთზე - სხვადასხვა მასშტაბით (თუმცა ჯერჯერობით არცერთია განსაკუთრებით დიდი - ძალების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია).

რა ვიცით რუსული წყაროების მიხედვით?

ლობკოვე, რომელიც გუშინ უკრაინელებმა გაათავისუფლეს, წუხელ რუსული კონტრშეტევის შემდეგ კვლავ საბრძოლო მოქმედების ზონად იქცა. თუ ვინ აკონტროლებს დასახლებას - უცნობია. სავარაუდოდ, ისევ შეტაკებები მიმდინარეობს იქ.

რუსები ამბობენ რომ რობოტინეს სიახლოვეს და მალა ტოკმაჩკასთან უკრაინული ტექნიკა დაბომბეს. მათ შორის "ლეოპარდ 2" ტანკები და "ბრედლი" საბრძოლო მანქანა. სავარაუდოდ, სამხედროები გადარჩნენ. ტექნიკის ნაწილი განადგურდა, ნაწილი გარემონტებას ექვემდებარება. რა ოდენობაზე გვაქვს საუბარი? 1-4-მდე Leopard 2 ტანკზე, 4-6-მდე Bradley-ზე. არაფერი საგანგაშო ამ ტექნიკის დაკარგვაში არ არის. მთავარია მოწინააღმდეგის თავდაცვის სამშრიანი ზღუდის გარღვევა მოხდეს. რეალურად არც Leopard 2 არ არის გარდამტეხი და კრიტიკული მნიშვნელობის ტანკი და არც Bradley-ს საბრძოლო მანქანა ე.წ. "საოცარი იარაღი". მათი დაკარგვა ჩვეული მოვლენაა. ომია და ხან ტანკს დაკარგავ და ხან საბრძოლო მანქანას - მით უფრო თუკი ცოცხალი ძალა რჩება ცოცხალი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ცოტა აქვთ ასეთი დასავლური შეიარაღება უკრაინელებს. მაგრამ აუფეთქებელი ტანკი არ არსებობს, ისევე როგორც გადაულახავი წინააღმდეგობა.

სხვა მხრივ თავად რუსი პროპაგანდისტებიც სიტუაციის შესაფასებლად იყენებენ ტერმინებს "რთული", "სერიოზული" და "პრობლემური". ამასთან, საინტერესოა რომ რუსები თავდაცვის პირველივე ხაზის შენარჩუნებაზე ძალიან დიდ ფსონს დებენ. ელიტური რაზმებიდან დაწყებული მობილიზებულებით დასრულებული იქ არიან განთავსებულნი. ამასთან, ვიცით ისიც, რომ რუსული თავდაცვის ზღუდეების შენარჩუნებაში არამხოლოდ არტილერია და ნაღმები, არამედ საბრძოლო შვეულმფრენებიც აქტიურად მონაწილეობენ. ეს კი მართლაც გამოწვევაა ამ ეტაპზე.

უკრაინელებისაგან მხოლოდ ის ვიცით, რომ წარმატებულად ვითარდება შეტევა ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, სადაც რუსებმა პოზიციები მიატოვეს და გაიქცნენ.

ასევე ვიცით, რომ რუსების მხრიდან ზაპორიჟიას ოლქში რამდენიმე ადგილას მიატოვეს ფრონტის ხაზი და ქაოტურად დაიხიეს უკან.

ასევე ვიცით ისიც, რომ ორიხივის დაჯგუფების წინააღმდეგ დაძრული რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა უკრაინული არტილერიის ცეცხლქვეშ მოჰყვა და უკუიქცა. პროცესში ორი ერთეული ტექნიკა იქნა განადგურებული.

სხვა ნებისმიერი ინფორმაცია არის ძალიან შეზღუდული და ბუნდოვანი. ამასთან, რუსების მხრიდან 10+ უკრაინული ჯავშანტექნიკის განადგურების ზეიმად გამოცხადება უმწიფრობა და არასერიოზულია. ტექნიკის დაუკარგავად საბრძოლო მოქმედებები არ არსებობს. ასობით კილომეტრზე გადაჭიმულ საბრძოლო მოქმედებების ზონაში შეტევაზე მყოფი ძალა ტექნიკას რომ დაკარგავს ამაში უცნაურობა არაფერია - დაუკარგავად რომ ვითარდებოდეს იერიში ეს უფრო საოცარი იქნებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ აშკარაა უკრაინელები ფსონს ერთ მონაკვეთზე არ დებენ და რამდენიმე ადგილს ირჩევენ იერიშისათვის. მაღალი ალბათობით მუშაობენ უკრაინული დივერსიული და სპეციალური დანაყოფებიც, რომლებსაც მტრის ზურგში სწრაფად შეეძლებათ გადაადგილება. და შესაძლებელია ისიც, რომ უკრაინელების მხრიდან ზაპორიჟია არ იყოს შეტევის ძირითადი მიმართულება.

ახლა მთავარია დაველოდოთ საინფორმაციო ბურუსის გაფანტვას და ვნახოთ გაირღვევა თუ არა რუსული თავდაცვის ხაზი ისე, რომ რუსებს უკუსვლა მოუწიოთ ტოკმაკისაკენ. ზოგადად ომში საინფორმაციო ბურუსი - ე.წ. "ომის ბურუსი" (Fog of War/Nebel des Krieges) - სრულიადაც არაა გასაკვირი.

- უფრო ნათელი სიტუაციაა ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ბახმუტის სამხრეთით კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას სიახლოვეს შეტევას აგრძელებენ. არის ვერსიაც, რომ უკრაინული ძალების მოწინავე ჯგუფები ქალაქის სამხრეთით, ოპიტნესთანაც გამოჩნდნენ. ზუსტი ადგილმდებარეობების დადგენა საკმაოდ ცვალებად ვითარებაში ძალიან რთულია, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით უკრაინელებს ინიციატივა აქვთ მოპოვებული. ეს კი უმნიშვნელო რამ არ არის.

- ჰენიჩესკი ყირიმიდან გამოსასვლელ ერთ-ერთ მონაკვეთში მდებარეობს, ხერსონის ოლქში, აზოვის ზღვაზე. დღეს უკრაინული რამდენიმე რაკეტა მიფრინდა რუსულ პოზიციებზე. ჰენიჩესკი რუსული მომარაგების ერთ-ერთი წერტილია და მასთან დაკავშირება არამარტო საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურითაა შესაძლებელი, არამედ ზღვითაც. ამასთან, ჰენიჩესკი რუსებმა ხერსონის ოლქის დროებით დედაქალაქად გამოაცხადეს.

ამასთან, საინტერესოა რომ ჰენიჩესკის გარდა ხერსონის ოლქის იმ მონაკვეთებზე, სადაც აპრილში პუტინი იმყოფებოდა და სამეთაურო პუნქტები მოინახულა ახლა უკრაინელები ზუსტი დარტყმებით ანადგურებენ მათ.

- ინტენსიურად იბომბება ბელგოროდის ოლქი, ქალაქი შებეკინო და მისი შემოგარენი. აფეთქებებია ოლქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის უშუალოდ ბელგოროდშიც. დაიბომბა ვორონეჟიც.

- დახმარების ახალი პაკეტი მზადდება აშშ-ს მხრიდან. ივლისში მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ამჯერად აშშ საარტილერიო ამუნიციის სწრაფ შევსებაზეა ორიენტირებული.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way