USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 28 ივნისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  355
- ღამით უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპორიჟიას ოლქის ოკუპირებულ ქალაქებში მდგომ რუსულ ნაწილებზე მელიტოპოლში, ბერდიანსკში, პრიმორსკსა და ტოკმაკში. მელიტოპოლის შემთხვევაში სამიზნე იარაღის საწყობი იყო, რომლის აფეთქებამაც შემდგომი დეტონაციაც გამოიწვია. ჭურვების დეფიციტის შექმნა მნიშვნელოვანი უპირატესობის წინაპირობა გახდება.
 
- გამთენიიდან უკრაინელები ბომბავენ ოკუპირებულ დონეცკთან მომიჯნავედ მდებარე იასინუვატას, რომელშიც 2014 წლიდან რუსული იარაღის საწყობები და სამხედრო ბაზებია განთავსებული. როგორც კი ადგილის აღმოჩენა ხდება იწყება საარტილერიო დაბომბვა, რომელიც სიახლოვიდან გამომდინარე ძალიან ეფექტურია მოწინააღმდეგის გასანადგურებლად.
 
- ბახმუტთან უკრაინელები ინტენსიურად უტევენ კლიშჩიივკასა და კურდიუმივკას. კლიშჩიივკაში ბევრია რუსი ტყვეც. შეტევა რამდენიმე მიმართულებიდან ვითარდება და თუკი მიზანს მიაღწია და რუსებმა ევაკუაცია არ მოახდინეს, სავარაუდოა, რომ რუსები იქ ალყაშიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ამასთან, რუსებმა შესაძლოა ბახმუტიდანაც კი მოხსნან რეზერვები დასახლების შესანარჩუნებლად. მაგრამ, თავის მხრივ, ეს გამოიწვევს ამ მიმართულების მოშიშვლებას.
 
- დონეცკის ოლქში, სამხრეთში, ზაპორიჟიას ოლქის სიახლვოვეს, რუსული თავდაცვის მთავარი ზღუდის მომიჯნავედ, უკრაინელები რუსულ პოზიციებს სტარომაიორსკესთან უტევენ. მოწინავე სპეციალური რაზმები კი კვლავ ჩანან უფრო სამხრეთით, სტარომლინივკასთან. სავარაუდოა, რომ რუსები სწორედ სტარომლინივკასთან შეეცდებიან სიტუაციის დასტაბილურებას. ეს მონაკვეთი ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, მარიუპოლისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ზოგადად, საკმაოდ მწირი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინელთა მხრიდან. თუკი უკრაინელებმა სტარომლინივკას მონაკვეთზე რუსული თავდაცვა გაარღვიეს შემდგომ, მარიუპოლის გზაზე დიდი დასახლებები ნაკლებადაა წარმოდგენილი, ხოლო სოფლები ერთმანეთისაგან დაახლოებით 3-დან 6 კილომეტრამდე მონაკვეთში მდებარეობს. ამასთან, გზად პატარა მდინარე მოკრი იალი მიუყვება, რომლის დატბორვაც რუსებმა უკვე სცადეს.
 
- საინტერესო განცხადება გააკეთა ჩინეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში. მან აღნიშნა, რომ ჩინეთს არავითარი საფუძველი არ აქვს მხარი არ დაუჭიროს უკრაინის 1991 წლის საზღვარს და რომ საერთოდაც ჩინეთი ემხრობა სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასაც.
 
- "ვაგნერის" შესახებ პუტინმა უკმაყოფილოდ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ორგანიზაციას 1 მილიარდი დოლარი დაახარჯა (ეს ოფიციალურად). ეს არადა ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან ამ შემთხვევაში პუტინი ირიბად პასუხისმგებელი გამოდის ყველა იმ მხეცურ დანაშაულზე, რაც "ვაგნერის" მიერ იქნა ჩადენილი მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში.
 
- "ვაგნერი" თავისი ნაწილებით ბელარუსში განთავსდება და ლუკაშენკას დაცვის უმთავრეს წყაროდ გადაიქცევა. "ვაგნერი" ესვრის ყველას, რადგან მათ მხოლოდ ერთ რამესთან აქვთ ლოიალობა - ფულთან. რეალურად, ლუკაშენკას სურს საკუთარი პრეტორიანული გვარდია შექმნას, მაგრამ იდეაში პუტინისათვისაც როსგვარდიასთან ერთად "ვაგნერი" იყო ერთ-ერთი ასეთი დასაყრდენი, მაგრამ როგორც ვხედავთ არ გაამართლა.
ბელარუსში "ვაგნერის" განთავსება პოლონეთისათვის საკმაოდ საგანგაშო სიგნალია. ამიტომაა, რომ პოლონეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს საზღვრის გამაგრების საკითხთან მიმართებით და აქტიური დაკვირვების რეჟიმზე იქნება გადასული. პოლონეთისათვის ბელარუსის მოქმედი ხელისუფლება ყველაზე არასანდო და თაღლითური ინსტიტუციაა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო როდესაც ამ ყველაფერს "ვაგნერიც" ემატება იქ საფრთხეების ანალიზი სხვა დონეზე ავა.
 
- დღეს დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია რომ უკრაინაში რუსული საოკუპაციო არმიის ყოფილი ხელმძღვანელი და სირიის ყასბად წოდებული სუროვიკინი დაკავებულია. მას შესაძლოა გადატრიალებაში თანამონაწილეობას ან გადატრიალების წინასწარ ცოდნას ედავებოდნენ (დასავლური მედია ამას განიხილავს). თუკი ეს ამბავი მომდევნო დღეებში (ან საერთოდაც) დადასტურდა, გამოდის რომ ჯარის შიგნით წმენდა დაიწყო. თუმცა წმენდა რომც არ იყოს დაწყებული, უკვე ერთმანეთისადმი ნდობის არარსებობა და ეჭვი თავისას იზამს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
მსოფლიო
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.