USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
„ფოლადის კედელი“: უკრაინის არმია შეტევის პირველივე დღეებში მძიმე სიტუაციაში მოექცა“ - «The Wall Street Journal» (აშშ)
Date:  393

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ფოლადის კედელი“: უკრაინის არმია შეტევის პირველივე დღეებში მძიმე სიტუაციაში მოექცა“ (ავტორები - იენ ლოვეტი და მარკუს უოთერი), რომელშიც გადმოცემული და მიმოხილულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედება რუსეთის პოზიციებზე შეტევის დროს, რაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და კიევმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ავტორები ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბრძოლის განზოგადებას ახდენენ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„შეტევა ზაპოროჟიედან ხუთშაბათს, გვიან ღამით დაიწყო, მასში 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ორი გერმანული ტანკი „ლეოპარდი-2“ და რამდენიმე ამერიკული ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანა „ბრედლი“. ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: ქვედანაყოფი სამხრეთით წინ უნდა წასულიყო, მიახლოებოდა რუსების მიერ დაკავებულ პატარა ქალაქ ტოკმაკს და იქ შეუერთდებოდა მეორე-მესამე მხრიდან ტოკმაკისაკენ წამოსულ კიდევ ორ ქვედანაყოფს და გაერთიანებული ძალებით ქალაქში შეიჭრებოდნენ.

ჯარისკაცი, რომელიც დაახლოებით 28 წლის იქნება, ჰყვება, რომ როგორც კი რაზმმა გამთენიისას ქალაქ ტოკმაკთან ახლოს გზატკეცილი გადაკვეთა, რუსებმა მას „გრადებიდან“ (რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემიდან) სროლა აუტეხეს. გარდა ამისა, გზის გასწვრივ მინდორი დანაღმული აღმოჩნდა. ჰაერში უცებ გამოჩნდნენ ვერტმფრენები და რეაქტიული ავიაცია. „მართალია, ქალაქს სამ კილომეტრზე მივუახლოვდით, მაგრამ ერთი „ლეოპარდი“ რუსებმა აგვიფეთქეს. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი გველოდებოდნენ. რუსებს ყველგან პოზიციები ჰქონდათ გამაგრებული, ჩვენ თითქოს ფოლადის კედელს წავაწყდით. საშინელება იყო“, - ჩივის უკრაინელი ჯარისკაცი.

კონტრშეტევის დაწყებიდან, რომლის მეშვეობით უკრაინას რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება სურს, მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ უკრაინელი სამხედროები უკვე პრობლემების წინაშე დგანან.

რუსები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ სამხრეთში უკრაინის არმიის სავარაუდო შეტევის შესაჩერებლად, სადაც კიევი ვარაუდობს ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრას და აზოვის ნაპირზე გასვლას.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის არმიამ უკვე დაკარგა რამდენიმე გერმანული ტანკი „ლეოპარდი“ და ამერიკული ჯავშანმანქანა „ბრედლი, ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ ნაწილში, სადაც გაშლილ სტეპში შემტევი ძალა პრაქტიკულად თავს ვერსად ვერ შეაფარებს, ისინი მოწინააღმდეგისათვის ხელისგულივით მოჩანან.

უკრაინელი ჩინოვნიკები თითქმის არაფერს არ ამბობენ მიღწეულ პროგრესზე და განმარტავენ, რომ კონტრშეტევის შედეგების გამოვლენას დრო ჭირდება და რომ შეტევის დროს დანაკარგები გარდაუვალია.

ეს კონტრშეტევა, ალბათ, იმის განმსაზღვრელი იქნება, შეუძლია თუ არა კიევს დასახული მიზნის მიღწევა და რუსეთის არმიის ჯერ შევიწროვება, შემდეგ კი გაძევება უკრაინის ტერიტორიიდან. ამჟამად რუსეთი უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ფართობის 20%-ს აკონტროლებს.

დასავლეთმა უკრაინას მილიარდობით დოლარის სამხედრო შეიარაღება მიაწოდა და ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწრთვნა კონტრშეტევის განხორციელებისათვის. ახლა, თავის მხრივ, კიევმაც უნდა აჩვენოს დასავლელ მფარველებს, თუ რის გაკეთება შეუძლია ბრძოლის ველზე, რამდენად გადააქცევს გამარჯვებად გაწეულ დახმარებას.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის არმიის ძირითადი კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა და დასავლური იარაღის დიდი ნაწილი ჯერაც გამოუყენებელია.

ტოკმაკის რაიონში, ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს, უკრაინის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა თქვეს, რომ წინ მიდიან, „მაგრამ რუსების განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ არიან“.

საველე-სადაზვერვო რაზმის ორი მებრძოლი, რომლებიც თავიანთ ნამდვილ სახელს არ ამხელენ, ღამის ბრძოლიდან დაბრუნდნენ და ამბობენ, რომ იმ რუსებს შორის, რომლებთანაც შეტაკება ჰქონდათ, არიან პროფესიონალებიც და არიან მობილიზებულებიც, რომლებთაც, უკრაინელებთან შედარებით, მორალური სულისკვეთებისა და დისციპლინის ბევრად უფრო დაბალი დონე აქვთ. მათი თქმით, უკრაინის არმია დღეისათვის ყველაზე კარგად არის აღჭურვილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მნაღმავთა ქვედანაყოფის მეთაური, რომელსაც მეტსახელად „ფინელს“ ეძახიან, ამბობს, რომ „შეტევის დროს, რასაკვირველია, დანაკარგები გვექნება, მაგრამ ვცდილობთ, რომ ჩვენი დანაკარგები, რუსებთან შედარებით, ნაკლები იყოს“.

„ფინელის“ განმარტებით, დასავლური ტექნიკისათვის პრობლემას ადგილობრივი უკრაინული ნიადაგი წარმოადგენს, რომელიც ბოლო დღეების წვიმების გამო გაუვალ ტალახად გადაიქცა: „ამერიკული ჯავშნიანი მანქანები - MaxxPro-ები - მიწაში იფლობიან და „იძირებიან“. ისინი ქალაქის ქუჩებში და მშრალ ადგილებში - უდაბნოში - ბრძოლებისთვის არიან შექმნილი. ჩვენთანაც შეუძლიათ მოძრაობა, მაგრამ ძლივ-ძლივობით“.

„ფინელის“ თქმით, უკრაინელი სამხედროების კიდევ ერთი პრობლემაა ზოგიერთო ოფიცრის არასაკმარისი მომზადებისა დონე და სამხედრო გამოცდილების არქონა. „სტრესული და კრიზისული სიტუაციების დროს ისინი იბნევიან და არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ“, - აღნიშნავს მნაღმავთა ქვედანაყოფის მეთაური.

რაც შეეხება უშუალოდ დასავლურ შეიარაღებას, ის არასაკმარისია და ყველა უკრაინული სამხედრო ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი. არის შემთხვევები, როცა მებრძოლები საკუთარი ფულით ყიდულობენ სამოქალაქო ავტომანქანებს, რომლებსაც საბრძოლო სახის მანქანებად გადააკეთებენ ხოლმე.

უკრაინელი მებრძოლების თქმით, სამხრეთის ფრონტზე ამჟამინდელი კონტრშეტევა რთული და მძიმე იქნება - უფრო მძიმე, ვიდრე გასული წლის შეტევა. „რუსებმა კარგად გაამაგრეს თავიანთი პოზიციები’, - ამბობს ვეტერანი უკრაინელი ჯარისკაცი, რომელსაც მეტსახელად „ბაბუას“ ეძახიან, - ისინი ჩვენ გველოდებიან“.

ტოკმაკთან ახლოს მომხდარი ბრძოლის მონაწილე ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმაც თქვა, რომ შარშან რუსები ისე სწრაფად იხევდნენ უკან, რომ ყველაფერს ტოვებდნენ და მირბოდნენ, ახლა კი უკრაინელებმა ტოკმაკთან ბრძოლაში ფაქტიურად მარცხი განიცადეს - გერმანული ტანკებიც დაკარგეს.  9 ივნისს დილის ექვს საათზე უკრაინელებს დაზიანებული“ ლეოპარდი“, რუსებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში, უკან უნდა გაეთრიათ, მაგრამ როგორც კი ტანკთან ახლოს მივიდნენ, ნაღმებს წააწყდნენ. ერთი ნაღმი აფეთქდა და ჯარისკაცს ფეხი მოაგლიჯა.

წყარო: https://www.wsj.com/articles/ukraine-achieves-mixed-success-in-counteroffensives-early-battles-says-u-k-e0b40334

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way