USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Newsweek» (აშშ): „მე ქართველი პოლიტპატიმარი ვარ და თუ მოვკვდები, ჩემი სიკვდილის შედეგი საქართველოს კრემლთან დაახლოება იქნება“
дата:  302

 „ჩემი ცხოვრების ერთ წელზე მეტ ხანს ოთხ კედელს შორის ვიმყოფები, პატიმარი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის ჟამს უდიდეს წარმატებას ვაზიარე. ახლა კი მოწამლული და მკაცრი მოპყრობით გაწამებული, მზის სინათლეს მოკლებული, ავადმყოფი ვარ და ფიზიკური ძალ-ღონე მაკლდება“, - წერ მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მე ქართველი პოლიტპატიმარი ვარ და თუ მოვკვდები, ჩემი სიკვდილის შედეგი საქართველოს კრემლთან დაახლოება იქნება“.

სტატიის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, წერს თავის მიღწევებზე საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში: „ჩემს მიერ გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო, რომელიც არშემდგარი სახელმწიფოს წარმოადგენდა, ჩემი სამშობლო რეგიონში ყველაზე მოწინავე ქვეყნად გადაიქცა დემოკრატიის თვალსაზრისით.... ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია... ჩვენ ომი გვქონდა რუსეთთან და ჩემი ხელმძღვანელობით საქართველო გადარჩა... 2013 წელს მე, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი ახალ მთავრობას, რაც რეგიონში უპრეცედენტო, პირველი შემთხვევა იყო...“.

შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მმარტველი პარტიის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე: „მე ახლა საქართველოს ყურება აღარ შემიძლია. ჩემი მემკვიდრეობა გასაოცარი სისწრაფით ინგრევა. ყოველი სახელმწიფო ინსტიტუტი და სტრუქტურა, რაც კი შევქმენი, განადგურების პირას არის მისული. ქვეყნის განვითარების ძირითადი პროექტები შეჩერებული და გაუქმებულია. ახალგაზრდები ქვეყნის გარეთ გარბიან... მე ვთვლი, რომ ქართველ-რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა თავის პირად მამულად გადააქცია. უფრო უარესი - მან საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინა და რუსეთის გავლენის სფეროსაკენ მიმართა.

როგორც კი სამუშაოდ უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკას ჩამომაშორა. მოქალაქეობა ჩამომართვა და იმედოვნებდნენ, რომ გაყალბებული სისიხლის სამართლის საქმის გამო, დაჭერის შიშით საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი. ვცდილობდი, რომ საქართველოს თავისუფლებისადმი მიძღვნილ მიტინგებში შორიდან მიმეღო მონაწილეობა, ვიდეოკავშირით. მას სემდეგ კი, როცა დავინახე, თუ როგორ მოპარა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას გამარჯვება ზედიზედ ორ არჩევნებში, მე მეტად ვეღარ შევძელი შორიდან მეყურებინა ჩემი ქვეყნის დაცემისათვის - დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა საქართველოს რეგრესი შემეჩერებინა. მე უდიდესმა ნოსტალგიამ შემიპუყრო, ღამღამობით სამშობლო მესიზმრებოდა, მენატრებოდა სახლი, სადაც მე ბავშვობა გავატარე.

რამდენადაც ახლოვდებოდა 2021 წლის არჩევნები, გადავწყვიტე მასში მონაწილეობა მიმეღო. ვიცოდი, რომ საქართველოს მთავრობდა სამშობლოში თვითმფრინავით ჩასვლის ნებას არ მომცემდა, ამიტომ გადავწყვიტე საიდუმლოდ სატვირთო მანქანით დაბრუნება, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.

ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნების შემდეგ მოხდებოდა, თუმცა, როგორც კი მთავრობამ ჩემი დაბრუნების ამბავი გაიგო, სწრაფად დამაკავეს და ციხეში ჩამსვეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და აღწერს საპყრობილეში ყოფნის „საშინელ პირობებს“ - როგორც ცდილობდნენ მის მოკვლას, როგორ აწამებდნენ, რა ცუდ სიტუაციაში ჰყავდათ გამომწყვდეული და როგორ გახდა იძულებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მოთხოვნით, პატიმრისათვის პირობები გაემჯობესებინა.

„მე ახლა ბოლო წლის განმავლობაში სამოქალაქო საავადმყოფოში ვიმყოფები, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა მაინც უარესდება. თავის დროზე მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მოძრავი, ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი მთელ მსოფლიოში (ახლა ვატყობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჩემზე აქტიური გამოდგა). სამწუხაროდ, დღეს მე პატარა ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფები, სადაც მზეს ვერ ვხედავ... ამ მძიმე პირობებმა ჩემს ხედვებზე გავლენა მოახდინა. პირველად, 50 წლის ასაკში, მე გავაცნობიერე ოჯახის მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მე  დიდხანს არ ვუყურებ ტელევიზორს, უფრო დაინტერესებული ვარ იმით, თუ როგორ სწავლობს ჩემი შვილი... დედაჩემის საუბარი მსიამოვნებს და დედა-შვილურ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

და მაინც, როგორც არ ვეცადე ქართული პოლიტიკისგან დაშორებას, ჩემთან პოლიტიკა ისევ ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ მიუხედავად პატიმრობისა, მთავარი და გადამწყვეტი როლი უნდა შემესრულებინა საქართველოს მომავლისათვის. მე არ შემიძლია ამ როლზე უარის თქმა.

ევროპარლამენტის პოლონელმა წევრმა პირდაპირ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, იგივე ბედი ელოდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასო“. მე მინდა, რომ მისი ნათქვამი არ გამართლდეს, მაგრამ ვშიშობ, ის მართალია. ჩემი სიკვდილი არამარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას ნიშნავს საქართველოსთვის, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ არჩევანზე უარს იტყვის და კრემლის მხარეს გადავა.

დღეს ჩემი ბრძოლა გადარჩენისათვის იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა. ახლა ჩემი მტავარი მიზანია ცოცხლად დავრჩე. იმიტომ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყველას, ციხის გარეთ, ამტანობისა და იმედის მაგალითს ვაძლევ, რათა ისინი წინ აღუდგნენ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად - საქართველოშიც და უკრაინაშიც. ყველგან.

ტელევიზორში ვუყურებ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დამონებას გადაარჩინეს. ვიცი, რომ ისინი აუცილებელად გაიმარჯვებენ რუსეთზე. საპყრობილეში რომ არ ვიყო, მე ახლა მათთან ერთად ვიქნებოდი და სიტუაციის გაუმჯობესებას შევეცდებოდი. ის, რომ ახლა უმოქმედოდ ვარ, ჩემთვის ყველაზე დიდ სასჯელს წარმოადგენს. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ეს გადავიტანო...“, - აღნიშნავს სტატიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო: https://www.newsweek.com/georgia-russia-ukraine-zelenskyy-1818221

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати