USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „უკრაინაში მიმდინარე ომი კლიმატურ კრიზისს ამწვავებს“
თარიღი:  512

„მეცნიერთა გამოთვლით, უკრაინაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს ატმოსფეროში იმდენი ნახშირორჟანგის გაზი გამოიყო, რამდენსაც წელიწადში 120 მილიონი ავტომობილი გამოყოფს. მიზეზი არამარტო ბრძოლის დროს მომხდარი აფეთქებებია, არამედ ტყის ხანძრებიც“, - ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი კლიმატურ კრიზისს ამწვავებს“ (ავტორი - კირა კრასოვსკაია, უკრაინელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სამწლიანი ომის განმავლობაში ჰაერში 230 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყო. გაზის ამდენი გამონაბოლქვით ატმოსფეროს გაჭუჭყიანება შეუძლია ენერგოსაწვავზე მომუშავე  120 მილიონ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე ავსტრიას, უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს, ერთად აღებულს. ამის შესახებ არის ნათქვამი 24 თებერვალს გავრცელებულ კვლევით ანგარიშში „სათბურის გაზების გამოყოფა“, რომელიც  ევროპის კლიმატურმა ფონდმა მოამზადა. გამოკვლევაში მონაწილეობდა უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსთა სამინისტროც.

როგორ ბინძურდება გარემო ომის დროს

როგორც მეცნიერები თვლიან, მავნე გამონაბოლქვის ყველაზე მეტი რაოდენობა (38%) განპირობებულია უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე საომარი მოქმედებებით - იარაღის გამოყენებით (ბომბებისა და ნაღმების აფეთქებით), სამხედრო და საავიაციო ტექნიკის მიერ საწვავის მოხმარებით, ასევე საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და საცხოვრებელი შენობების ნგრევით - ცემენტის მტვერით და სხვა მავნე ნივთიერებებით (27%). ატმოსფერო არანაკლებ ბინძურდება ტყის უკონტროლო ხანძრებით (21%). როგორც მოხსენების ავტორები წერენ, 2024 წელს მშრალი ზაფხულის გამო უკრაინაში ტყეების ორჯერ მეტი ფართობი განადგურდა, ვიდრე ჩვეულებრივ იწვოდა ხოლმე - 92 ათასი ჰექტარი, რომელიც ბერლინის ფართობს ბევრად აღემატება. ომის დროს ტყის ხანძრების ჩაქრობაზე იშვიათად თუ ვინმე თავს იწუხებს.

უკრაინის მიწა-წყალი დაბიძურებულია აგრეთვე განადგურებული სამხედრო ტექნიკით, ნაღმებით, ლითონის ნამსხვრევებით, პლასტმასით და რიგი მომწამლავი მინარევებით, რომლებიც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

კლიმატს დამატებით აბინძურებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ტრადიციული მარშრუტების დარღვევა (რადგან საერთაშორისო ავიაკომპანიები რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საჰაერო სივრცეებში აღარ ფრენენ, მათ დამატებით მანძილზე ფრენა უხდებათ შედარებით უფრო რთულ ავიატრასებზე, რომელიც საწვავის ხარჯებს ზრდის.

ზიანი, რომელიც კლიმატს სამი წლის განმავლობაში მიადგა, დაახლოებით 42 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ანგარიშის წამყვანი ავტორი  ლინარდ დე კლერკი ამბობს, რომ ეს არის ისტორიიაში პირველი ფართო გამოკვლევა, თუ როგორ მავნე გავლენას ახდენენ გარემოზე თანამედროვე ომები. ერთადერთი მსგავსი რამ გაკეთდა  აშშ-ის მიერ წარმოებული ომებთან დაკავშირებით - ერაყში და ავღანეთში, თუმცა იმ კვლევებში შენობების დანგრევისა და ტყის ხანძრების მავნე ეფექტი ნაანგარიშევი არ ყოფილა.

ეკოციდი უკრაინაში

გერმანელი მეცნიერ-ეკოლოგი სიუზან ვერშეხი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის  შედეგებს კატასტროფულს უწოდებს: „ეს არის გიგანტური ზარალი. განადგურებულია 25 ათასი ჰექტარი ტყე, განადგურებულია ბუნებრივი ნაკრძალები... დანაღმულია თითქმის მილიონი ჰექტარი მიწის ფართობი. ეკოლოგიის მხრივ უკრაინამ დაახლოებით 72 მილიარდი დოლარის ზიანი განიცადა“.

გერმანიის ვიადრინის უნივერსიტეტის (ოდერის ფრანკფურტი) თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინას ეკოლოგიური ზიანის ამსახველი ფაქტების შეკრებაში ეხმარებიან. სამხილების ძიება ხდება იმ მიზნით, რომ ომის შემდეგ შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა პასუხისმგებლობა. ჰააგის სისხლის სამართლ;ის საერთაშორისო სასამართლო არ განიხილავს ეკოციდს როგორც დანაშაულს, თუმცა ევროკავშირი და გაერო უკვე კამპანიას ატარებენ, რომ ეკოლოგიური დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სიაში იყოს შეტანილი.

წყარო: https://p.dw.com/p/4qyLx

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის