რუსლან წულაძე დაიბადა 1983 წლის 30 აგვისტოს, ლანჩხუთში. დაამთავრა ნიგოითის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა, შემდეგ კი_ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახმელეთო ჯარების, მე-2 ქვეითი ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონში - გამნაღმველად. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან.
შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ, დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის, ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. 17-მა ქართველმა მებრძოლმა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა, მათ შორის იყო რუსლან წულაძე.
ლიდია წულაძე, დედა: " რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან. საოცრად მოსიყვარულე, მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა, საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო.
სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა; 8 წლის იყო, რომ მოვიდა და მითხრა_მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა. წავიდა და სთხოვა_ სიმინდში გაგვიცვალეო. სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა. იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა, დაკეცავდა და კოხტად დადებდა; რომ ჰკითხავდნენ_ ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და „კიო“_ უპასუხებდა. კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე; უნდოდა, ყველაფერი სცოდნოდა... ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით; ერთხელ მითხრა - მე, ამ ყველაფერს, სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო.
რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო. როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ - მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება,მანამდე იქ დავრჩებიო. 20 ივნისს, შინ, ათდღიანი შვებულებით ჩამოვიდა; გაუთავებლად ქორწილზე და ომზე ლაპარაკობდა. გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი. გაეცინა, პასუხი არ გაუცია. მოგვიანებით კი მითხრა_დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, `რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო“. ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, მაგრამ არ მომეწონა ეს ხუმრობა. შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი, შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა_ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო. არ მომწონდა მისი საქციელი. სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა_ ეს შენ ატარეო. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა, დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი; იმ დღეს, მისი საქციელით, ნაწყენი ვიყავი და ცოტა, გულმოსულმა გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით. ის თვალები არასოდეს დამავიწყდება...
5 აგვისტოს დამირეკა_პოლიგონზე მივყავართ, სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო. ომი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა. 9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო_მკაცრი ხმით მითხრა. უცებ, აფეთქების ხმა გავიგე; ისევ მომატყუა_წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო. მას შემდეგ, სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. არ მეგონა, თუ რამე მოუვიდოდა...
შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები, მინდა, რომ გულზე დამაყარონ...
5 წელი გავიდა ამ დიდი, დაუნდობელი და უთანასწორო ბრძოლიდან. ეს ბრძოლა შევიდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მომავალი თაობები შეისწავლიან ამ გმირების ისტორიას, იამაყებენ და მათ მაგალითზე გაიზრდებიან. აქ დაღუპული 17-ვე გმირი, ჩემი შვილია, ჩემი რუსლანის ძმები არიან. მე მათ და ამ არაადამიანურ ბრძოლას, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიხსენებ. ეს ბიჭები სიკვდილის პირისპირ დადგნენ, არ იფიქრეს საკუთარ სიცოცხლეზე და სიკვდილზე, სამშობლოსათვის, შეგნებულად წავიდნენ. მე რუსი ვარ. მიყვარდა რუსეთი, სადაც დავიბადე და სადაც ჩემი წინაპრების საფლავებია, მაგრამ საუბედუროდ, ჩემი შვილი სწორედ რუსულმა ტყვიამ იმსხვერპლა. თუმცა, დღეს ამაყი ვარ, რომ საქართველოს სამი ღირსეული შვილი_სამი ვაჟკაცი გავუზარდე. სამივე საქართველოს ემსახურებოდა, ერთმა კი სამშობლოს შესწირა თავი. ის ბინძური პოლიტიკის და პოლიტიკოსების მსხვერპლი გახდა. ის პატრიოტი იყო, ნამდვილი ქართველი დედისთვის, შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს, ვერაფერი შეედრება, ამიტომ სულ ვამბობ, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. უფალს ვევედრები, რომ ყველა პოლიტიკოსს გონიერება და სიბრძნე მისცეს და ყველა უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, რადგან არც ერთ დედას არ უნდა ომი. ომი ხომ, ყველა დედისთვის, სამყაროს დასასრულია!
ამბობენ, დრო ტკივილებს კურნავსო. არა! ამას მხოლოდ ის ადამიანი იტყვის, ვისაც დიდი ტკივილი არ ჰქონია. დრო ტკივილს არ კურნავს, ადამიანი ეჩვევა ტკივილს! ადრე, მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო ჩემი შვილი, დავდიოდი და ყველა ჯარისკაცში მას ვეძებდი. ახლა დავმშვიდდი და ველოდები იმ დროს, როცა ჩვენ ზეცაში ერთმანეთს შევხდებით. სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო. სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით_მინდა, ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამ გავაკეთო მისთვის. ჩვენი სოფლის ცენტრში, ჩემს შვილს,მემორიალი დაუდგეს. მინდა, რუსლანის სახელზე, პატარა სამლოცველო ავაშენო, სადაც,ხალხი, ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს.
ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო. ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
რუსლან წულაძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია მედლით - "მხედრული მამაცობისთვის".