USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«Berliner Zeitung» (გერმანია): „მღელვარება, სიხარული და ზეიმი: ქართველები კმაყოფილნი არიან ევროკომისიის რეკომენდაციით“
თარიღი:  462

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მღელვარება, სიხარული და  ზეიმი: ქართველები კმაყოფილნი არიან ევროკომისიის რეკომენდაციით“ (ავტორი - ნიკოლაი ბუტილინი). მასალაში გადმოცემულია საქართველოს მოსახლეობის განწყობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიღების გამო.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ოთხშაბათს თბილისში, ადგილობრივი დროით 15 საათისათვის, ისეთი შეგრძნება იყო, რომ ხალხი თითქოსდა რაღაც მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგს ელოდა ან გადაწყვეტილებას იქნება თუ არა საქართველო ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა. მაგრამ საქმე არც სპორტულ ღონისძიებას და არც არჩევნებს არ ეხებოდა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. საკითხი უკავშირდებოდა ქვეყნის მომავალს, მთელი ერის პერსპექტივას. ბოლო დღეებში ქართველები თითქმის კანკალებდნენ: მიიღებს თუ არა ოთხმილიონიანი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ბოლომდე დარწმუნებულნი არ იყვნენ, ზოგიერთები კი სრულიად სკეპტიკურ განწყობას ამჟღავნებდნენ.

წინ, ევროკავშირისაკენ!

მაგრამ როგორც იქნა, საქართველოში ცნობილი გახდა დიდი ხნის ნანატრი  და თითქმის მოულოდნელი გადაწყვეტილება: ევროპის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. დეკემბერში ევროპის საბჭო ამ რეკომენდაციის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბრიუსელიდან მოსული ახალი ამბავი თბილისში ისე სწრაფად გავრცელდა, როგორც ტყის ხანძარი ქარიან ამინდში. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე განუწყვეტლად ისმოდა ავტომობილების სიგნალების ხმა, ციფრული რეკლამების დაფებზე გამოისახა ევროკავშირის დროშა, ხოლო ქართულ ტელე- და რადიოკომპანიები პირდაპირი ჩართვით გადასცემდნენ ტრანსლაციას ბრიუსელიდან. საქართველოს პროევროპულად განწყობილი მოსახლეობა ზეიმონდა. სოციალურ ქსელებში მხოლოდ ერთი თემა იხილებოდა - საქართველოს ევროპული მომავალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ შენიშვნებით

ამრიგად, საქართველო - ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს, დიდი ხნის ნანატრ სტატუსს იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი 180 გრადუსით შემობრუნდა საქართველოსკენ იმ დროიდან, როცა შარშანდელი  გადაწყვეტილებით ბრიუსელმა უარი განუცხადა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემაზე, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით. დეკემბერში, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება და თბილისი კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქართველები უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად, ევროკავშირისაკენ სვლას გააგრძელებენ.

„დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით სამხრეთკავკასიურმა სახელმწიფომ გარკვეულწილად ნაბიჯი უკან გადადგა. ამ მხრივ საქართველო შეიძლება უნგრეთს და პოლონეთს შევადაროთ“, - ასეთი პოზიცია აქვთ ბრიუსელში, ამიტომაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისს რეფორმების გაფართოებისაკენ მოუწოდებს.

ბრიუსელი ელოდება რეფორმების გატარებას საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში, ითხოვს დეოლიგარქიზაციას და უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ მიმართაც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა საქართველოს ნაციონალურ-კონსერვატიულ მთავრობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, „აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ეხება“.

გარდა ამისა, ევროკავშირის აზრით, საქართველო კიდევ უფრო მეტად უნდა ებრძოლოს უცხოურ გავლენას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით.

თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი სიხარულს ვერ მალავდა ბრიუსელიდან გადმოცემული პოზიტიური ახალი ამბის გამო. მან „იქს“ (X) ქსელში მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს მთავრობის ძალისხმევის დადებითად შეფასებისათვის და გაცემული რეკომენდაციისათვის. ევროკომისიის გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტიც.

ვის რა გავლენა აქვს საქართველოზე

ქვეყნის ტერიტორიის 20% კრემლის მიერ არის ოკუპირებული - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონები თავიანთ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უწოდებენ, სინამდვილეში კი მათ ორივეს ჩრდილოელი მეზობლის ჯარები აკონტროლებენ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთის გავლენა საქართველოზე მაინც იგრძნობა - მაგალითად, თბილისი არ მონაწილეობს ანტირუსული სანქციების გამოცხადებასა და შესრულებაში. შესაბამისად, ევროკავშირს სურს, რომ ბრიუსელმა თავისი გავლენის სფერო გააფართოვოს და ასეთი სიტუაცია შეიცვალოს.

გარდა ამისა, საქართველოზე მატულობს ჩინეთისა და თურქეთის გავლენები, განსაკუთრებით ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების სახით.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის