USD 2.7427
EUR 2.9810
RUB 2.8201
Tbilisi
«Le Journal du Dimanche» (საფრანგეთი): „ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 80 წლისთავი: როგორ გადავლახოთ განხეთქილება ევროპასა და რუსეთს შორის?“
Date:  146

საფრანგეთის ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-ში (Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულია ფრანგი პოლიტოლოგის სებასტიან ბუსუას სტატია სათაურით „ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 80 წლისთავი: როგორ გადავლახოთ  განხეთქილება ევროპასა და რუსეთს შორის?“, რომელშიც ავტორი, უკრაინის ომისა და ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის მორიგი იუბილეს ფონზე, დასავლელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების საყურადღებოდ, კრემლთან დაპირისპირების განმუხტვის და სამშვიდობო დიალოგის დაწყების მეთოდზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ცეცხლმოდებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, უუნარო მოწმეები ვართ იმ ციკლის დასრულებისა, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო - „ცივი ომის“ დამთავრებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ... იმ ციკლისა, რომლის დროსაც მსოფლიოში  უპირატესობა ეძლეოდა პრობლემებისადმი მრავალმხრივ მიდგომას და საერთაშორისო სამართალს... ციკლისა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა მეორე მსოფლიო ომის შედეგად - „მსგავსი საშინელების განუმეორებლობის“ სახელით.

გერმანელ ნაცისტთა მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში - ნორმანდიაში - 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის აღსანიშნავი ზეიმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელი სტადიად იქცა, სულ მალე გახდება ყოფილი სამ დიდ ანტიჰიტლერულ მოკავშირეს შორის არსებული ურთიერთობის უპრეცედენტო გამწვავების მოწმეც: ერთი მხრივ, ამერიკულ-ევროპული კავშირები ისეა დაძაბული როგორც არასდროს, მეორე მხრივ კი  - შესუსტებულია ევროპისა და რუსეთის საუკუნებრივი ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროიდან იყო შენარჩუნებული.

ამჟამინდელი მოვლენებისა და საომარ მოქმედებათა შუქზე, რომელშიც მოსკოვი და კიევი არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, ისმება კითხვა - რამდენად აუცილებელია რუსეთის მიწვევა ამ ღონისძიებაზე? ერთნი წინააღმდეგნი არიან - ისევე როგორც მათ არ სურთ რუსეთის მონაწილეობა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ხოლო მეორენი პირველთ  არ ეტანხმებიან და მოუწოდებენ - „ნუ მივუდგებით ამ ისტორიულ ფაქტს დღევანდელი გადასახედიდან და ამჟამინდელი თვალსაზრისის საფუძველზე“.

ამ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამ ფუძემდებლურ ელემენტს და თავი უნდა ავარიდოთ ევროპული სტილის საკმაოდ უპერსპექტივო პოლემიკას.

ევროპელთა შეგნება-ცნობიერების მიხედვით, სრულიად ნორმალურია არ მიიწვიონ ზეიმზე ვლადიმერ პუტინი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ შეიძლება ისეთი ლიდერის მიპატიჟება ევროპულ მაგიდაზე, რომელიც, ბევრის აზრით, ევროპულ ფასეულებებს უტევს, უკრაინის კონფლიქტის სახით. ევროპელები თვლიან, რომ იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების ინიცირებას არ ახდენს და ამჟამად უფრო მეტად ომის ესკალაციას ეწევა, ომში დაღუპულ ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის ადგილი არ არის, ანუ მისი მონაწილეობა ზეიმში იმ ფასეულებებისადმი შეურაცხყოფა იქნებოდა, რომლებსაც საფუძველი 1945 წლის შემდეგ ჩაეყარა.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ყირიმის მიერთების მიუხედავად, 2014 წელს, ვლადიმერ პუტინი მიწვეული იყო და მონაწილეობდა მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის 70 წლისთავის ზეიმში (სწორედ მაშინ „დაიბადა“ ცნობილი „ნორმანდიის ფორმატი“, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება მისცა). რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი უფრო გართულებულია - ვლადიმერ პუტინი თუნდაც რომ მიიწვიონ, მისი საფრანგეთში ჩასვლა შეუძლებელია: ერთი მხრივ, არსებობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერი რუსი ლიდერის დაპატიმრების შესახებ (მართალია, ორდერის გამოყენება პრობლემატურია, მაგრამ მაინც), ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი მრავალეროვნლი და მრავალკულტურულ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც ევროპასთან საუკუნეობრივი კავშირები აქვს და რომლის მნიშვნელოვანმა სამხედრო ძალისხმევამ (ყველაზე მეტად მეორე მსოფლიო ომში სწორედ რუსეთი დაზარალდა - 26 მილიონი მსხვერპლით!) ჰიტლერული რეჟიმის კრახი გამოიწვია. სწორედ ამიტომ კრემლი წარმოდგენილი  უნდა იყოს - განურჩევლად იმისა, როგორიც არის დღეს რუსეთი. რუსეთის პრეზიდენტი ნორმანდიაში უნდა იყოს - იმიტომ, რომ ევროპელებმა რომც მოინდომონ, მეორე მსოფლიო ომის ისტორიას მთლიანად ვერ გადაწერენ და მოსკოვის დამსახურებულ როლს ვერ წაშლიან - საერთო მტრის - ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში.

ევროპამ, რომელიც ხშირად ბრალს სდებს მოსკოვს ისტორიის გადაწერის მცდელობაში, არ უნდა გამოიყენოს იგივე მეთოდი, რაშიც თავის დღევანდელ მოწინააღმდეგეს ადანაშაულებს. ორივე მხარის ამჟამინდელი დისკურსი, როგორც ჩანს, ევროპელებსა და რუსებს შორის დიალოგის გაწყვეტას გამოიწვევს მრავალი თაობის განმავლობაში. ეს რომ არ მოხდეს და ევროპა დენთის მუდმივ კასრად რომ არ იქცეს, ამ სავარაუდო პერსპექტივის წინააღმდეგ ბრძოლა ახლავე უნდა დავიწყოთ: რუსეთმა და ევროპამ ერთმანეთს ბევრი რამ მისცეს და ეს საუკუნეობრივი ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

ევროპელებმა, კრემლის ლიდერის ნორმანდიაში მიწვევით, რუსებს სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზავნონ - ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ დასავლეთი მტკიცედ დგას თავისი ფასეულობების დასაცავად, თუმცა იმავდროულად ღიაა დიალოგისათვის, მშვიდობიანი მომავლის სახელით.

ამ ისტორიულ ღონისძიებაში მიწვევამ რუსეთისათვის იმედის ახალი „ფანჯარა“ უნდა გამოაღოს ევროპულ სახლში შესასვლელად, საერთო ბედის მიშნად, როგორც ამას საფრანგეთის პრეზიდენტი, გენერალი შარლ დე გოლი ესოდენ დიდი მცდელობით გეგმავდა. აუციელებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ ის ბზარი, რომელიც არაბუნებრივად აშორებს ევროპის კონტინენტს ევრაზიული რუსეთისაგან, რაც შეიძლება მალე „შეხორცდეს“.

წყარო: https://www.lejdd.fr/international/80e-anniversaire-du-debarquement-faire-disparaitre-le-fosse-entre-leurope-et-leternelle-russie-144346

 

analytics
«Deutcshe Welle» (გერმანია): „საქართველოსთვის კრემლთან დაახლოება გარდაუვალი ხდება“

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutcshe Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოსთვის კრემლთან დაახლოება გარდაუვალი ხდება“ (ავტორი - ივან პრეობრაჟენსკი, პოლიტიკური მიმომხილველი ბერლინიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოძიებისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პროკურატურას თხოვნით მიმართა, რომ გამოკვლეული იქნას სავარაუდო გაყალბების ფაქტები. თითქოსდა მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობს: გამოდის, რომ რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია დასავლეთის წინაშე დათმობაზე წავიდა და შეიძლება რაიმე შეიცვალოს - არჩევნების შედეგების თვალსაზრისით, ოპოზიციის სასარგებლოდ. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. როგორც საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, თვითონ ოპოზიციაა დამნაშავე სიტუაციის გამწვავებაში, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებს. სავარაუდო დამნაშავეთა რიცხვს ემატება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც თვლის, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიის გამარჯვება რუსეთისადმი დამონებას, კრემლისადმი დამორჩილებას ნიშნავს.

როგორი სცენარებით შეიძლება მოვლენების განვითარება?

სცენარი პირველი: კომპრომისი რუსეთის გარეშე

„ქართული ოცნების“ განცხადება გამარჯვებაზე (თუმცა მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია საკონსტიტუციო უმრავლესობას - 150-წევრიან პარლამენტში 75 ადგილი ვერ მიიღო) საქართველოში ისეთ სიტუაციას ქმნის, რომელსაც თითქმის ჩიხური ხასიათი აქვს. ოპოზიცია და პრეზიდენტი დარწმუნებულნი არან, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამაზე პრაქტიკულად პირდაპირი ტექსტით ლაპარაკობენ დასავლეთშიც, მაგრამ იმის შანსები, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს მკაცრ შენიშვნებს და არჩევნების შედეგების კორექტირებას მოახდენს, პრაქტიკულად არ არსებობს. თუ მთავრობის წარმომადგენელთა არჩევნებისწინა განცხადებებს გავითვალისწინებთ, რომ ყველა მისი ოპონენტი ქვეყნისა და ხალხის მტერია, მმართველმა პარტიამ კომპრომისებზე წასვლის ყველა გზა თვითონვე გადაიკეტა.

არადა, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი რთული სიტუაციიდან სწორედ კომპრომისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი შუამდგომლობით - ეს იქნება „შინაური“, ვთქვათ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი (მაგრამ მაინც ხელისუფლების წარმომადგენელი) თუ „გარეული“ - დასავლეთის სახით - უნგრელი ლიდერი ვიქტორ ორბანი და ვთქვათ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ამგვარ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება თავდაპირველად ყველაზე თვალშისაცემი დარღვევა-გაყალბების გამოვლენა და მათი ნეიტრალიზება, შემდეგ არჩევნების შედეგების გადახედვა (კორექტირება) და ისეთი ახალი პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელშიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია და ბოლოს, მოხდება კოალიციური მთავრობის შექმნა - ოპოზიციის მონაწილეობით.  თუმცა ეს მხოლოდ ოპტიმისტური სცენარია, ვითარება კი პესიმისტურია: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია და მისი ოპონენტები ასეთი ვარიანტზე დათანხმდებიან. ასეთ დროს ვერც დასავლური „რეკომენდაციებიც“ ვერ მოახდენს რაიმე გავლენას.

სცენარი მეორე: ხელისუფლების  ძალისმიერი გადანაწილება

კომპრომისის ალტერნატივად ითვლება ოპოზიციის მცდელობა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს, რომლის შედეგად „ქართული ოცნება“ გაყალბებას აღიარებს, ძალაუფლებას დათმობს და მთავრობა გადადგება. ასეთი სიტუაცია შესაძლებელია მხოლოდ გარედან განხორციელებული ძლიერი გავლენით და შიგნიდან ორგანიზებული მასობრივი პროტესტებით, მაგრამ ამისათვის საკმარისი სოციალური წინამძღვრბი და მიზეზები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. თავის მხრივ, მმართველი პარტია ხელისუფლებას არასგზით არ დატოვებს, რადგან იცის: ასეთი ალტერნატივა მისთვის ემიგრაციასა და საპყრობილეს ნიშნავს.

ამასთან, ამგვარი სცენარის დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მასობრივი პროტესტები თუ მართლაც დაიწყება, ეს იქნება შესაძლებლობა არამარტო პროდასავლური ოპოზიციისათვის, არამედ პრორუსული ძალებისთვისაც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში მოხვედრა ვერ შეძლეს. საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში „პრორუსულობა“ მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აქვს მონოპოლიზებული, მას უჭირავს ხელში კრემლთან ურთიერთობის ძაფები და გარკვეულ ლავირებას ცდილობს, რომ რუსეთის სრულ მორჩილებაში არ აღმოჩნდეს.

სცენარი მესამე: სავარაუდო თხოვნა კრემლს - დაგვეხმარეთ...

მოდით, ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ:

„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ ოპოზიციასთან ძალადობბრივ დაპირისპირებაში მარცხდენა. ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ინსტიტუტები ჩამოშლის პირასაა, სიტუაცია თანდათან არასტაბილური ხდება. მიმართავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი დასახმარებლად თავის რუს პარტნიორებს? და შეეცდება თუ არა რუსეთი ისარგებლოს საქართველოში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით, როგორიც ეს ყაზახეთის 2022 წლის იანვრის მოვლენების დროს მოხდა? ასეთი ვარიანტის რეალიზებას შეუძლია საქართველოს ხელისუფლება მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულად გადააქციოს, როგორც ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს მოუვიდა 2020 წელს.

მაგრამ კიდევ უფრო სახიფათოა უკრაინული სცენარი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს აშინებდა და რომელიც შეიძლება რეალური გახდეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემთხვევაში. შეიძლება ეს არ იყოს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია (როგორც უკრაინაში 2022 წელს), მაგრამ სრულიად შესაძლებელია 2014 წლის მსგავსი აგრესია, რომელიც უკრაინის იმდროინდელი ხელისუფლების კიევიდან დონის როსტოვში გაქცევით გამოიხატა. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი მომენტი შეიძლება დამატებითი ტერიტორიის წართმევით გამოიხატოს.

სცენარი მეოთხე: დიქტატურა კრემლზე დაყრდნობით

რუსეთისათვის, რასაკვირველია, შეიძლება ასეთი სცენარიც მომგებიანი იყოს: ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებას თავის პირობების მიხედვით ინარჩუნებს - კომპრომისებისა და სერიოზული პროტესტების გარეშე. ასეთ სიტუაციაში, ერთი შეხედვით, თბილისს შეუძლია ლავირება გააგრძელოს: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე (და მით უმეტეს, მოსკოვის პირობებზე) არ განახლდება. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ამ შემთხვევაშიც არ რჩება სხვა გზა, თუ არა ის, რომ იგი იძულებული გახდება კრემლში თავდახრილი მივიდეს. საქართველოს იზოლირება აშშ-სა და ევროკავშირისაგან - ისევე როგორც ევროინტეგრაციის შანსების დაკარგვა - თითქმის გარდაუვალია. უკვე ახლავე ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა სწრაფად იკვეცება. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ეს პოლიტიკას ეხება, მაგრამ ახლო მომავალში ეკონომიკასაც შეეტყობა.

საბოლოო შედეგი: მხოლოდ ავტოკრატებთან ერთად...

ევროკავშირთან ვაჭრობის ერთადერთი ალტერნატივა არის ავტოკრატებთან - ახლო მეზობლებთან და შორეულ „მეგობრებთან“ - რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ჩინეთთან - კავშირების განმტკიცება. რუსეთან დამოკიდებულების გაუმჯობესების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულ-დასანქცირებული ტვირთების ტრანზიტი გაიზრდება, რაც დასავლურ ანტიქართულ ემბარგოს გამოიწვევს... საბოლოო ჯამში, საქართველოს რუსეთის ეკონომიკურ სატელიტად გადაიქცევა.

ამრიგად, ბიძინა ივანიშვილის წყურვილი ხელისუფლების შენარჩუნებაში საქართველოს რუსულ ხაფანგში მოხვედრას უმზადებს. როგორც ზოგიერთი თბილისელი ექსპერტი ამბობს, ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა შეიძლება დაიწყოს - ევრაზიული, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა წარსულს ჩაბარდება.

წყარო: https://p.dw.com/p/4mOPw

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way