USD 2.7174
EUR 3.1875
RUB 3.4975
Tbilisi
დღეს იმ ფეხბურთელის დაბადების დღეა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მეზიზღება - ნიკა შოშიტაიშვილი
Date:  

დღეს იმ ფეხბურთელის დაბადების დღეა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მეზიზღება.

ჩვენი თაობის ბარსელონას გულშემატკივრისთვის, ნეიმარი ყველაზე წინააღმდეგობრივი პერსონაჟია. ერთი მხრივ ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას უამრავი ტკბილი მოგონება აჩუქა, მეორე მხრივ კი არის ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭი და პოტენციალი ყველაზე უაზროდ გაანიავა.
2013 წელს, მთელი მსოფლიო იბრძოდა ბრაზილიური „სანტოსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის, საბოლოოდ კი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კატალონიის დედაქალაქში აღმოჩნდა. ბარსელონას და ბრაზილიელების ურთიერთობა კი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვისაა ცნობილი.
პირველი სეზონი ძალიან არაერთფეროვანი გამოვიდა. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ნეიმარის გოლით მოგებული სუპერკოპა, თუმცა წარუმატებელი სეზონი ლა ლიგაში და „ატლეტიკოსთვის“ დათმობილი ტიტული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში იმავე „ატლეტიკოსთან“ გამოვარდნა, სადაც ნეიმარმა ასევე ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა მადრიდელების დასამარცხებლად.
სადებიუტო, გუნდისთვის არც თუ ისე წარმატებულ სეზონს მოჰყვა 2014/15 წლის ბარსელონა. მესისთან საერთო ენის გამონახვა ნეის პირველივე სეზონში არ გასჭირვებია, სუარესის გადმოსვლის შემდეგ კი ფეხბურთის ქომაგებმა მივიღეთ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო შემტევი ტრიო. „MSN“, მესი, სუარესი, ნეიმარი. არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია. ამ სამხრეთ ამერიკულმა ტრიომ, რომლებიც ერთად ბარსელონაში შეიკრიბნენ, ერთად ტრიპლეტი მოიგეს, დაძაბულ ბრძოლაში მოგებული ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალშიც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გოლი ბოლო წუთზე სწორედ ნეიმარმა გაიტანა, ამით მან თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და ჯანლუიჯი ბუფონის კარში გაიტანა გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
2015 წლის პირველ ნახევარში, იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი „ლას პალმასთან“ შეხვედრაში იღებს ტრავმას და 2 თვით ემშვიდობება მწვანე მინდორს. შეიძლება იმ მომენტში ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, თუმცა გუნდი არც თუ ისე კარგ ფორმაში იყო. „ლას პალსმასთან“ მატჩამდე ერთი ტურით ადრე კატალონიელებმა გასვლაზე ვიგოში ადგილობრივ „სელტასთან“ 4-1 დამარცხდნენ, სადაც ერთად ერთი გოლი სწორედ ნეიმ გაიტანა. ამ ყველაფერს გასვლაზე „სევილიასთანაც“ 2-1 მარცხი მოყვა, სიტუაციას კი ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ ლეო მესი „ელ კლასიკოსთვის“ დაბრუნებას ვერ ასწრებდა.
ამ დროს მართვის სადავეები ბრაზილიელის ხელში გადადის. მადრიდში გამგზავრებამდე ბარსელონამ ფორმაში შესვლა მოახერხა, „რეალთან“ მატჩამდე ერთი ტურით ადრე ნოუ კამპზე სათამაშოდ „ვილიარეალი“ ჩამოვიდა, ეს სურათიც იმ მატჩიდანაა აღებული, როდესაც ლუის სუარესის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, ნეიმ მიიღო, ერთი შეხებით ხაუმე კოშტას ბურთი თავზე გადაუგდო და ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, იმ მატჩში ნეიმარმა დუბლი შეასრულა. ამას მოჰყვა კლასიკო, სანტიაგო ბერნაბეუზე განადგურებული მადრიდის რეალი, ნეიმარმა იმ მატჩში ანდრეს ინიესტას ასისტით ანგარიში 2-0 გახადა, მეორე ტაიმში კი იდეალური ქუსლით პასით ანდრესს ვალი დაუბრუნდა და საგოლე გადაცემა გაუკეთა. იმ მომენტში, ნეიმარი გუნდის აშკარა ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შემდეგ მოედანს მესი დაუბრუნდა, ნეიმარმა კი გოლების გატანას ლუის სუარესის საგოლე პასებით მომარაგება არჩია და „ელ პისტოლეროს“ პიჩიჩის მოგებაში დაეხმარა, თავად ბრაზილიელმა იმ სეზონში „ლა ლიგაში“ 24 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.
2017 წლის მთავარი ბარსელონური მოგონება „რემონტადაა“. როდესაც ნოუ კამპზე ჩამოსული პარი სენ-ჟერმენი ბარსელონამ 6-1 გაანადგურა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი ქამბექი შემოგვთავაზა, მატჩის მთავარი გმირი სწორედ ნეიმარი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე ორი გოლი, მოპოვებული პენალტი და სერხი რობერტოს გამარჯვების გოლზე ასისტი მიითვალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ მატჩში გუნდი შემდეგ ეტაპზე ნეიმარმა გაიყვანა, თუმცა მეორე დღეს, სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ლიონელ მესის ფოტოთი ბარსელონას გულშემატკივრებთან (რომელიც სხვათა შორის მეც დავაყენე პროფილის სურათზე). თუმცა იმ დღის მთავარი გმირი ნეიმარი იყო, მაგრამ ამ გამარჯვების სახე ისევ ლიონელ მესი გახდა.
არ მინდა იმის დაჯერება, რომ 2017 წლის ზაფხულში პარისში გადასვლა მხოლოდ ფულთან არის კავშირში. მინდა მჯეროდეს, რომ ნეიმარმა, თავისი საშინელი საახლობლო წრით, რომელიც ახასიათებთ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, მიიღო თავისი კარიერისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება, გაცვალა ბარსელონა პარიზში.
საფრანგეთში ნეიმარი თავისიანი პარიზული კარიერის ბოლომდე ვერ გახდება, იქნება ჭორები ბარსელონაში დაბრუნებაზე, შემდეგ კიდე სასამართლოები ბარსელონას წინააღმდეგ. ბარსელონაში კი მასზე წყენა ჯერ კიდევ გულშემატკივარშია დარჩენილი. დღეს, ნეიმარი 32 წლის გახდა. ვინ იფიქრებდა 2015 წელს, რომ ნეიმარს 32 წლამდე არც ერთი ოქროს ბურთი არ ექნებოდა მოგებული კი არა, ახლოსაც არ იქნებოდა მის მოგებასთან. თუმცა უამრავმა არასწორმა ცხოვრებისეულმა გადაწყვეტილებებმა ნეიმარი მიიყვანა იქამდე, რომ 32 წლის ასაკში ოქროს ბურთისთვის ბრძოლის ნაცვლად, ის საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს.
ნეიმარი ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ ფეხბურთელად ერთი დაბალი არგენტინელი ათიანის შემდეგ.

მისი ისტორია ჰგავს წიგნს, რომლის წერაც ნიჭიერმა ავტორმა მთელი მხატვრული სილამაზით დაიწყო, თუმცა იმ დროს როდესაც კვანძები უნდა გაეხსნა, მოტივაცია დაკარგა და უემოციო, უღიმღამო და უგულო ფინალით დაასრულა.

ავტორი - ნიკა შოშიტაშვილი

დამატებითი დრო

analytics
გიორგი კობერიძე: რა პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში - სომხეთსა და აზერბაიჯანში?
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება ჩვენს სამეზობლოში - სომხეთსა და აზერბაიჯანში.
 
როგორც ცნობილია, სომხეთში ბოლო ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება გადატრიალების შესახებ. არსებული ვერსიით სპეციალურ ჯგუფებს 21 სექტემბერს (სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს) გადატრიალება უნდა ეცადათ. ეჭვმიტანილებს შორის არიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და მაღალი რანგის სასულიერო პირები და სხვა, რომელთა შეხედულებებიც ძირითადად რუსეთის სასარგებლოა.
დაკავებულებს შორის არიან:
 
მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი - იგი ადრეც იყო შემჩნეული ფაშინიანის წინააღმდეგ ღიად გამოსვლასა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების არსებულ ვერსიას გმობდა;
 
მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი - მას ბრალად სახალხო აჯანყების მოწოდებას ედავებიან; უშუალოდ სომხეთის პატრიარქისადმიც გამწვავდა რიტორიკა, რომელსაც შვილის ყოლასა და კორუფციაში ედავებიან.
 
ეჭვმიტანილ პარლამენტარებს შეუჩერდათ იმუნიტეტი. მათ შორისაა არტურ სარგისიანიც, პარტია "ჰაესტანის" წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ამ პროცესს პარლამენტის შიგნით დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. დაძაბულობაა პარლამენტის გარეთაც. ზოგადად, ფიზიკური დაპირისპირება ყოველთვის ცუდი ნიშანია.
 
შესაძლოა დევნა დაიწყოს ქვეყნის წინა ლიდერებზეც - სერჟ სარქისიანსა და რობერტ ქოჩარიანზე, რომლებიც ერთდროულად ყარაბაღის კლანსაც წარმოადგენდნენ და რუსეთის სასარგებლო ინტერესების გატარებასაც ცდილობდნენ. ყარაბაღის კლანი იყო იმ პოლიტიკოსების ერთობა, რომელთაც ყარაბაღთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი (დაბადებულნი იყვნენ იქ, პოლიტიკური ან/და სამხედრო მოღვაწეობა ჰქონდათ) და აზერბაიჯანთან ნებისმიერი სახის კონსენსუსზე წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ტერ პეტროსიანის იძულებით გადადგომის შემდეგ, სომხეთს ყარაბაღის კლანი მართავდა, მანამ სანამ ფაშინიანი არ მოვიდა ხელისუფლებაში.
 
დაკავებულია მსხვილი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი - იგი სომხეთის ელექტროსისტემის მფლობელია. აქვს რუსეთის მოქალაქეობა და პირდაპირი კავშირები რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთანაც. არის ვერსია, რომ რუსეთში მასზე სერიოზულ გათვლებს აკეთებდნენ.
 
მოწმის სახით დაიკითხა გაჟიკ ცარუკიანიც - სომეხი ოლიგარქი და აყვავებული სომხეთის პარტიის ლიდერი.
 
არსებული ვერსიით გადატრიალებაში 1000 ადამიანი უნდა ყოფილიყო უშუალოდ ჩართული. მათი უმრავლესობა ლოიალური ყოფილი სამხედრო თუ პოლიციური ძალების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
 
რუსეთი ძალიან გაღიზიანებულია სომხეთში მიმდინარე პროცესებით. 2024 წელს ერთხელ უკვე აღიძრა საქმე გადატრიალების შესახებ სომხეთში, რაც რუსეთის მხარეს მებრძოლ ბატალიონ "არბატამდე" მივიდა. მაშინ უკვე ღიად საუბრობდნენ რუსეთის სურვილზე მოეშორებინათ ფაშინიანის მთავრობა. თუკი ეს ამბავიც რუსეთამდე მივიდა, შესაძლოა არამხოლოდ რუსული კლანის ტოტალურ დასუსტებამდე დავიდეს საქმე, არამედ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანაზეც შეიქმნას ზეწოლა. არადა კონტრაქტი 2044 წლამდეა და მისი ცალმხრივი შეწყვეტა სერიოზულ საფუძველზე უნდა მოხდეს. თუმცა რუსეთი მას ასე მარტივად არ დათმობს, მით უფრო რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მხრიდან ბაზის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც არ უნდა იყოს, სომხეთის ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს კიდეც ეს პროცესი.
 
რაც შეეხება აზერბაიჯანს. ის რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასუსტდა ირანი და ღიად დაიწყო დაპირისპირება რუსეთთან იმის მანიშნებელია, რომ ერთის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება მყარად გრძნობს თავს, ხოლო მეორეს მხრივ, ბაქო რეგიონში თავის სასარგებლო წესრიგს ამყარებს. ცხადია ამ პროცესში მისი მთავარი მოკავშირე თურქეთია, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ირანი პრაქტიკულად გამოეთიშა პროცესიდან. თურქეთი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო სომხეთს ახალი ეკონომიკური პერსპექტივები გაუჩნდება.
 
მთლიანობაში გამოდის რომ რუსეთი აზერბაიჯანშიც სუსტდება და სომხეთშიც. ამის წინააღმდეგია რუსეთი და ყველანაირად ცდილობს ერთის მხრივ სომხეთში არიოს სიტუაცია, ხოლო მეორეს მხრივ აზერბიაჯანსა და სომხეთს შორის არ დაუშვას მოლაპარაკებები. მოსკოვი არც აზერბაიჯანის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაზე არ იტყვის უარს, მით უფრო რომ რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანული დიასპორის გამოყენებაზე ან პირიქით, განდევნაზე უკვე დაიწყეს კიდეც საუბარი.
 
რუსეთს პირდაპირი ომის თავი ახლა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ სიტუაციის არევას რომ შეეცადოს ეს გამორიცხული არ არის. ისიც სათქმელია - ვერც ვერაფერს, რომ ვერ გახდეს რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანში და საჩვენებლად რომც დალაგდეს მათთან, ორივე რეჟიმი - ალიევისა და ფაშინიანის - სანდო და მისაღები აღარაა მისთვის.
 
მაგრამ ფაქტი ერთია - ამ პროცესებით სამხრეთ კავკასიაში რუსეთი სუსტდება. რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ბიზნესის ინვესტიაციაც უფრო რეალისტურია იქ, სადაც ხელმწერილი მშვიდობაა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამის შემდეგ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ერთადერთი სახელმწიფო საქართველო არ აღმოჩნდეს. ეს პოლიტიკურიცა და ეკონომიკური დარტყმა იქნება ჩვენთვის. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაახლოების შემთხვევაში ახალი ეკონომიკური დერეფანი გაჩნდება, რომელიც საქართველოს ალტერნატივა გახდება.
 
ამ ალტერნატივას ძალიან რთული რელიეფიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მით უფრო თუკი პოლიტიკურად საქართველომ თავი დააღწია რუსეთს, მაგრამ გრძელვადიანად, რუსულ ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში, ევროპული, თურქული და აზერბაიჯანული პოლიტიკური ნება გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა თუ როგორია რელიფი აღმოსავლეთ ანატოლიასა და მცირე კავკასიონზე. სხვის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებულება და რუსულ ორბიტაზე აღმოჩენა კი ძალიან მძიმე მოცემულობა იქნება.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way