USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Тбилиси
დავით ჯალაღონია-ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი
дата:  1116
 ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად 2018 წელს ჩამოვედი. ჩემი გადაწყვეტილება ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ საქართველოში ჩემი, როგორც ხელოვანის წარმატებულ მომავალს ვერ ვხედავდი, ქვეყანაში თვითრეალიზების რესურსები არ არსებობდა, რაც მგონი ახლაც ასეა. ამიტომ ავირჩიე ადგილი, სადაც ადამიანებს აქვთ შანსი მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
 
ჩამოსვლის დღიდან ჩემი მთავარი საქმიანობა სწავლა და კლასგარეშე ნამუშევრებზე მუშაობა იყო. 2020 წლის ბოლო სემესტრში, როდესაც პანდემია დაიწყო და სწავლა ონლაინ რეჟიმში გადავიდა, ორი არჩევანი მქონდა: შტატებში დარჩენა ან საქართველოში დაბრუნება. სადაც ჩემს წარმატებულ ბეგრაუნდზე შემეძლო კარიერა ამეშენებინა. წასვლას დარჩენა ვამჯობინე და დასახული მიზნების ბოლომდე მიყვანა. აკადემიის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ბოსტონში გადავედი. პანდემიის პერიოდში ბევრს ვმუშაობდი და ნაკლებს ვხატავდი, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, სამაგიეროდ არ გავჩერებულვარ და მიზნებისგან არ გადამიხვევია, ყველაფერი გეგმის მიხედვით შევასრულე. ბოსტონში პირველი წლის ბოლოს ცალკე გადავედი საცხოვრებლად, სადაც სამუშაო სივრცე შევქმენი და აქტიური შემოქმედება დავიწყე.
 
ამჟამად სხვადასხვა თემატიკის კომპოზიციაზე ვმუშაობ და ვამზადებ ნამუშევრებს გამოფენისთვის. მუშაობის პროცესში ვცდილობ გავერკვე, რა არის ჩემი და რა არის სხვისი (ზეგავლენები), ვქმნი თუ ვიმეორებ, რა მომწონს, რა არ მომწონს და თუ მომწონს რატომ მომწონს., ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ ვიპოვნო საკუთარი თავი და ჩამოვყალიბდე როგორც ინდივიდუალური არტისტი. მჯერა, რომ ხელოვნება ყოველთვის პოულობს თავის ღისეულ ადგილს და ამისთვის არტისტს არ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, მთავარია ხელოვანი იყოს აქტიური შემოქმედებით პროცესში. ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ყველა საგამოფენო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა, ეს იყო Tribeca Ball, Take Home a Nude (Sotheby's), Deck the Walls, Summer Exhibition და სხვა... ჩემი ნამუშევრები შეიძინეს სხვადასხვა კოლექციონერებმა, როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ., მათ შორის იყო Steve Wilson-ი, რომელსაც ეკუთვნის სასტუმრო მუზეუმების ქსელი 21C, სადაც ნამუშევრები არა როგორ დეკორაცია, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუშები ისე არის გამოფენილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც ვიმუშავე ნიუ-იორკში იყო, ინტერიერის დეკორაცია კერძო სახლში, 6 თვის სამუშაო 50 დღეში შევასრულე. იმ დროს პირველი კურსი დავასრულე და მეორე წლის სწავლის დაფინანსებას ველოდებოდი განათლების საერთაშორისო ცენტრისგან (საქართველო). როგორც ჩანს ჩემი მოტივაცია არ მოეწონათ (მათ ჩემთვის არც პირველი კურსი დაუფინანსებიათ) და დაფინანსებაზე უარი მივიღე... . დაფინანსებაზე უარის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მოულოდნელად დამიკავშირდნენ და აღნიშნული პროექტი შემომთავაზეს. თვითონ პროექტი თემატურად ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ შემოთავაზებული ანაზღაურება სწავლის საფასურის ნახევარზე მეტს ფარავდა, ამიტომ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ პროექტს რომელიც 6 თვის ვადას საჭიროებდა 40 დღეში ჩავაბარებდი. პროექტი აუცილებლად მოკლე ვადებში უნდა შესრულებულიყო, რადგან 2 თვეში სწავლა იწყებოდა. დღეში საშუალოდ 14 საათს ვმუშაობდი, პროექტი 50 დღეში დავასრულე.
 
ამერიკა ბიზნესის ქვეყანაა, აქ ეკონომიური რესურსები ძალიან დიდია. ხელოვნებაც გარკვეულწილად კომერციულია. ხელოვანისთვის კომერციას უნდა შევხედოთ როგორც გამოწვევას, რაგამ ხელოვანსაც სჭირდება საარსებო რესურსი, მან უნდა ისწავლოს სწორად მანიპულირება თავისი შემოქმედებით, იმისთვის რომ ხელოვანი ამერიკაში დამკვიდრდეს მას სჭირდება სტაბილური შემოსავალი და დრო შემოქმედებისთვის. ეს მოცემულობა ახლადჩამოსული არტისტისთვის მარტივად მისაღწევი არ არის. აუცილებელია ხელოვანმა თავისი შემოქმედებით იპოვნოს საერთო "ენა" მოცემულ საზოგადოებასთან. ეს შეიძლება იყოს იუმორი ხელოვნებაში ან გარკვეული ტრენდი, რომელსაც არტისტი ინტერპრეტაციის მეშვეობით გადმოსცემს თავის შემოქმედებაში. ხელოვანმა უნდა შეძლოს ცოდნით მანიპულირება და ბალანსის შენარჩუნება კომერციასა და ხელოვნებას შორის. არტისტს წარმატებისთვის სჭირდება ორი ძირითადი პირობა : სამუშაო სივრცე და შემოქმედებითი პროგრესი. თუ ხელოვანი ამ მოცემულობებს თავს გაართმევს ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ამავე დროს ხელოვანმა უნდა შეაფასოს ის სივრცე, სადაც მომდევნო წლებში აპირებს მოღვაწეობას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საცხოვრებელი ქალაქი, სასწავლებელი თუ სამეგობრო წრე. არაფრის მომცემი არც განათლება ვარგა და არც ურთიერთობები. სწორად არჩეული "სივრცე" კი დააჩქარებს წარმატებას.
მნიშვნელოვანია, რომ მხატვარს ჰქონდეს სამუშაო სივრცე ანუ სახელოსნო. არტისტი შეიძლება იყოს უსაზღვროდ ნიჭიერი, მაგრამ თუ მას სახელოსნო არ აქვს ის დღეს არაფერს წარმოადგენს. ნიუ იორკში, ბოსტონში და ალბათ სხვა ქალაქებშიც არსებობს სახელოვნებო პრაქტიკა, რომელსაც ჰქვია "Open Studio Days.” ამ დროს სახვითი ხელოვნების წარმომადგენლები, თავიანთ სახელოსნო სივრცეებში აწყობენ მიმდინარე ნამუშევრების გამოფენას. თარიღების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, არტისტებს შეუძლიათ მოიწვიონ გალერისტები, კოლექციონერები ან უბრალოდ ხელოვნების მოყვარული ადამიანები. სახელოსნოებში იწყება ყველა სასარგებლო კომუნიკაცია, რომელმაც შესაძლოა მომავალში დიდი წარმატება მოუტანოს ხელოვანს. რამდენიმე კვირის წინ ქალაქ ბოსტონის კულტურულმა ორგანიზაციამ City of Boston Arts and Culture cou Mayor's Office of Arts-as მომანიჭა Artist Housing Certification. სერთიფიკატი მხოლოდ მოქმედ არტისტებს ენიჭება. ეს არის ბოსტონის ინიციატივა კულტურის განვითარების მიზნით. სერთიფიკატი მაძლევს შესაძლებლობას ქალაქის პრესტიჟულ ლოკაციებზე, როგორიც არის Seaport, Back Bay, Brooklin და სხვა, მინიმალურ ფასად შევიძინო ან ვიქირავო სამუშაო საცხოვრებელი სივრცე. რაც კარგი შესაძლებლობაა სამომავლო მიზნამდე მისაღწევად.
 
ხელოვნების განვითარება დამოკიდებულია ისევ ხელოვანზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არტისტი არ ცდილობს შეაყვაროს თავის შემოქმედება საზოგადოებას. ვფიქრობ ამისთვის საჭიროა მესამე პირი, მაგალითად მედიატორი, რომელიც იზრუნებს ხელოვანის საზოგადოებაში პრეზენტაციისათვის და მის გარშემო შექმნის აუდიტორიას. მედიატორები არტისტებისთვის ქმნიან კონკურენტუნარიან გარემოს. საზოგადოების ხელოვნებით დაინტერესების შემდეგ, ბიზნესმენები აფინანსებენ, სახელოვნებო პროექტებს, სახელმწიფო კულტურის განვითარების მიზნით გადასახადებისგან ათავისუფლებს არტ დონაციის მსურველებს, იმართება არტ აუქციონები მაგალითად როგორიც არის Sotheby's, Christie's და სხვა, სადაც მოქმედი არტისტების ნამუშევრები იყიდება... გალერეები აწყობენ სხვადასხვა შოუ გამოფენებს. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული კარგად ორგანიზებულ არტ მენეჯმენტზე, ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი. დღეს იქ დარჩენა გმირობის ტოლფასია. თუმცა 17-18 წლის, რომ ვყოფილიყავი დავრჩებოდი კიდეც, მაგრამ მე ახლა მომავალზე ვფიქრობ. იქნებ ახლო მომავალში შევძლო პარალელურად შევქმნა ორი სახელოვნებო სივრცე- საქართველოში და ამერიკაში. რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. ეს არის სამომავლოდ დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ.
 
ხატვა 12 წლის ასაკში დავიწყე და თავიდანვე ძალიან დიდი შედეგი მქონდა, ორი წელი შეუჩერებლად ვხატავდი ძალიან დიდი მოტივაციით, მაგრამ ერთ დღეს საერთოდ შევწყვიტე მუშაობა, დაახლოებით 6-7 წელი არ ვხატავდი თუ ვხატავდი ან მამაჩემს ვეხმარებოდი ან უაზრო შეკვეთებს ვასრულებდი, ძალიან არასერიოზულად და უპასუხისმგებლოდ მივუდექი ჩემს შესაძლებლობებს, მითუმეტეს იმ დროს შემეძლო სხვა საზრუნავის გარეშე ხელოვნებისთვის მეტი დრო დამეთმო. დღეს, რომ ისევ 12 წლის ვიყო არცერთ წუთს არ დავკარგავდი, არ გავჩერდებოდი! შემოქმედებას ბევრი პრაქტიკა და ცოტა ნიჭი სჭირდება. პრაქტიკაში ნიჭი ვითარდება, პრაქტიკის გარეშე ნიჭიერება არ არსებობს.
მჯერა, რომ დღეს ხელოვანებისთვის მსოფლიოს ყველა კარი ღიაა! ახალგაზრდა არტისტებს გაქვთ შესაძლებლობა ისწავლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, გქონდეთ ურთიერთობა ცნობილ არტისტებთან, წამოიწყოთ გრანდიოზული პროექტები. ….თქვენი სახელი და შემოქმედება მსოფლიოს დარჩება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა!
შეიძლება აქ დახატულია 1 ადამიანი და შენობაში
 
შეიძლება აქ დახატულია 1 ადამიანი და შენობაში
аналитика
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати