USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Тбилиси
დავით აბრამია: ერთ დღეს სიონში მამა ლაზარეს შექმნილმა წმინდა გიორგის ხატმა “დამიძახა”
дата:  1870

 სამების ტაძრის ანდრია  პირველწოდებულის ახალი ხატის ავტორი ხატმწერი დავით აბრამიაა. პროფესიით არქიტექტორს  ხატწერაში მუშაობის 35 წლიანი ისტორია აქვს -  მამა ლაზარეს მიერ დახატულმა  წმინდა გიორგის  ხატმა, რომელმაც მას სიონის ტაძარში “დაუძახა” და მისი ცხოვრება  თავიდან ბოლომდე  შეცვალა.   

დავით აბრამია: ანდრია პირველწოდებულის ხატის შექმნა მოხდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით,  ამ  საქმის ქტიტორი იყო ბატონი თემურ ანდრიაძე, მან აიღო  თავის თავზე  ანდრია პირველწოდებულია   ხატის შექმნა. ხატი  დაიხატა  წმინდა სამების ტაძრის სახელოსნოში, პროგრამის მიხედვით, რომელიც ყოველთვის წინასაწარ დგება. ვინაიდან  ხატი განთავსებული უნდა ყოფილიყო სამების ტაძარში გათვალისწინებული იყო  ხატის კონკრეტული ზომა ადგილის მიხედვით. ხატის პროგრამა შედგა ანდრია პირველწოდებულის  იმ გზის  ეპიზოდებით, რაც მან საქართველოში გაიარა. როგორც ცნობილია,  ღვთისმშობელი  თვითონ ვერ ჩამოვიდა საქართველოში, რადგან გამოეცხადა უფალი და აუწყა მისი განსვენების დრო, მან საქართველოს მოსაქცევად  თავის მაგივრად გამოგზავნა ანდრია პირველწოდებული. ეს  ეპიზოდი ასახულია  ახალ  ხატზე -  ანდრია პირველწოდებულს ხელში უჭირავს  ხატი, რომელიც მას ჰქონდა გამოტანებული. ეს არის  ღვთისმშობლის  და მაცხოვრის ხატი, სადაც ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ყრმა მაცხოვარი. ეს ხატი  მოიხსენიება, როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატი.  ახალ  ხატზე ანდრია პირველწოდებულის გამოსახულების გარშემო არის ათი მინიატურა, რომელიც ასახავს ანდრია პირველწოდებულის გზას   საქართველოში, ასევე მინანქრები, რომელშიც მოციქულების გამოსახულებებია. მასზე ტიხრული მინანქრის სპეციალისტმა ლადო ფესვიანიძემ იმუშავა. ხატი ტექნიკური სამუშაოებიდან  დაწყებული ბოლომდე იქმნებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში.  საკმაო დრო  დასჭირდა ხატის მოჭედილობამაც. 

 - რა მინიატურებია გამოსახული ანდრია პირველწოდებულის ხატზე? 

-ხატის ზედა ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ვედრების სცენა, როგორც  ქრისტე -ღმერთის სადიდებელი.მასზე გამოსახულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. მინიატურებს შორისაა, როდესაც იოანე ნათლისმცემელი, რომლის მოსწავლეც იყო ანდრია, მიუთითებს ქრისტეზე, ეს არის შესაწირი ღვთისო, შემდეგი მინიატურა გამოხატავს, როდესაც თვითონ ქრისტე მიუთითებს ანდრია პირველწოდებულს და მის ძმა პეტრეს, რომ გაჰყოლოდა მათ. შემდეგი მინიატურაა სულთმოფენობის სცენა, როდესაც   მოსწავლეებზე გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, რაც ეკლესიის შექმნის სიმბოლოა. ამ სცენაში გამოვსახე ღვთისმშობელი  და 12 მოციქული.  მინიატურებს შორისაა ანდრია პირველწოდებულის და კიდევ ოთხი მოციქულის მიერ ჯვარის აღმართვა, მის მიერ ქვრივი ქალის შვილის გაცოცხლება,  მისი მონათვლა იქ სადაც, აწყურის ღვთისმშობლის ხატის დასვენების შემდეგ მაკურნებელი წყალი გადმოვიდა და ასევე ჯვარცმა.

ანდრია პირველწოდებულის ხატი დამზადებული კანონიკის დაცვით, თუმცა კანონიკა გარკვეულ შეზღუდვებთან ერთად თავისუფლების და ინტერპრეტაციის დიდ ასპარეზსაც  გაძლევს. თუ მხატვარი  ნიჭიერია,კანონიკა ახალ გზებსაც გიხსნის  წესების დარღვევის გარეშე. მაგალითად, მაცხოვარი ხატზე ხშირად გამოისახება შიგნით წითელი სამოსით, გარედან ლურჯი მოსასხამით. ამ ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვს, ლურჯი ღმერთის  ფერია, წითელი - ადამიანის. ეს პირობითია, მაგრამ გარკვეულ მომენტებში დასაშვებია, სხვა ფერის გამოყენებაც, თუმცა და ამას უნდა ჰქონდეს ახსნა. ანდრია პირველწოდებული უფრო ხშირად  ხატებზე გამოისახება  ლურჯი ფერის შიდა მოსასხამით, მე გამოვსახე გარედან მომწვანო, შიგნით იისფერ-მოიასამნისფერო თბილი ფერის მოსასხამით, ეს ძველი ბიზანტიური მოზაიკის ფერია, რაც ძალიან მოუხდა  ვერცხლს, რომელიც ცივი ფერია და რითიც არის ხატი მოჭედილი. ცივი და თბილი ფერების კომბინაცია საერო მხატვრობაშიც მიღებულია. ხატმწერმა ხატს უნდა შეხედოს მხატვრული თვალით, თუმცა სიმბოლიკების გათვალისწინებაც აუცილებელია.

 - ადრე თუ გქონდათ  დახატული ანდრია პირველწოდებულის ხატი?

 -35 წელია ვხატავ და რა თქმა უნდა დახატული მაქვს, მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბის ანდრია პირველწოდებულის ხატი, სადაც წმინდანი მთელი თავისი ცხოვრებით არის წარმოდგენული, არა თუ ჩემ მიერ, საქართველოში არ შექმნილა.მე მოხატული მაქვს სიონის საკათედრო ტაძრის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც ორი წელი ვიმუშავე. 

ხატწერას ცხოვრება დავუკავშირე 90 -იან წლებში. ტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულეტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე სამხატვრო სასწავლებელი.  იმ დროს ქვეყანაში ომი იყო, ინგრეოდა ყველაფერი, არქიტექტორი  ვის რაში სჭირდებოდა?! იმ პერიოდში ეკლესიაში დავიწყე სიარული, მეგობრები მყავდნენ ხატმწერები, მეც მქონდა გარკვეული  ინტერესი,  მაგრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა  სიონში მამა ლაზარეს შექმნილმა  წმინდა გიორგის  ხატმა, რომელიც ისე მომეწონა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თითქოს დამიძახა ამ ხატმა. როდესაც ადამიანი, რომელსაც შემოქმედებითი ნიჭი აქვს,  ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, მერე ეს საქმე თვითონ ეძახის.  დიპლომზე მუშაობა დავამთავრე თუ არა ლაშა კინწურაშვილთან ერთად, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ხატწერა, მეც  კედლის ფრესკებზე დავიწყე მუშაობა  მასთან ერთად, შემდეგ ნელ-ნელა ხატებზე გადავედი. 90 -იანი წლების ბოლოს მისი უწმინდესობის თაოსნობით ბევრი მონასტერი გაკეთდა,  რესტავრაცია უტარდებოდა ძველ ეკლესიებს, შესაბამისად საჭირო გახდა ფრესკების მოხატვა, ხატების შექმნა, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, ხატმწერებს  უამრავი სამუშაო გვქონდა. იმ დროს უკვე არსებობდა ხატწერის დიდი სკოლა. ამ სკოლის წარმომადგენელი იყო დათო ხიდაშელი, ლაშა კინწურაშვილი, მამა ლაზარე, რომელიც იყო ბერი ბეთანიის ეკლესიაში. ჩვენ მის  მიერ შექმნილ ხატებზე ვსწავლობდით. ხატწერა ძალიან უყვარდა მის უწმინდესობას.  ის ხშირად გვხვდებოდა ხატმწერებს, რეკომენდაციებსაც გვაძლევდა, ძალიან  იყო დაინტერესებული  ახალი ხატების შექმნით.   სამების ტაძარში  საკურთხევლამდე მარჯვენა მხარეს წრეში ჩახატული სამების ხატი პატრიარქის შექმნილია.  კომუნისტურ პერიოდში უფრო  ხშირი რესტავრაციები იყო, ვიდრე ხატწერა, თუმცა  იყო  იშვიათი  გამონაკლისებიც. იმ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი რესტავრატორი იყო ამირან გოგლიძე, რომელმაც მოხატა სამების საკურთხეველი. ცნობილმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის ტაძრის საკურთხეველი მოხატა, რის გამოც  პარტიიდან გარიცხეს და  შეავიწროვეს, მაგრამ ამხელა მხატვარს მაინც ვერაფერი  დააკლეს.  დიდუბის ეკლესია მოხატულია ცნობილი  მხატვარის  ალექსანდრე - შურა ბანძელაძის მიერ.  ეს იყო იმ პერიოდში ეკლესიის მხატვრობის  ერთ-ერთი  გამორჩეული  ისტორია. მე მაქვს ნანახი ფოტოები, სადაც ჩანს ამ ეკლესიის მოხატვის დროს  ხარაჩოზე  ასული პატრიარქი. საქართველოში  ხატწერის სკოლის განვითარებას ძალიან უწყობდა ხელს სასულიერო სასწავლებლის ხატწერის ჯგუფი,  სადაც 4 წელი ვიმუშავე 2000  წლიდან.   სემინარიის სტუდენტებს ვასწავლიდი ხატწერას, მაგრამ როცა სიონში დავიწყე ეკლესიის მოხატვა, აღარ მქონდა  დრო  და დავტოვე ეს სამსახური. პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვა მოწოდება  სჭირდება, რაც არ იყო ჩემი საქმე, ამ სკოლას ახსოვს საოცარი პედაგოგები. როცა მე ვიწყებდი მუშაობას  სახელოსნოში ჯერ კიდევ მუშაობდა ცნობილი პედაგოგი სიდონია გაჩეჩილაძე. ამ სახელოსნოს ქართული ხატწერის აღორძინებაში დიდი  წვლილი  მიუძღვის. საქართველოში ხატწერის მიმართ ინტერესი ყოველთვის იქნება. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები, რომელთაც აქვთ ხატწერის  სკოლები, მაგალითად, ქეთევან ხაჟომია, რომელსაც ჰყავს  მოსწავლეები. ჩემი აზრით, საქართველოში  ეს მიმართულება ჩიხში არასდროს შევა, უფრო მეტიც, ისე აღორძინდება, როგორც აღორძინდა ქართული გალობა.ყოველთვის იქნება ადამიანების ჯგუფი,რომელსაც ექნება დიდი ინტერესი ხატწერის მიმართ. 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხატმწერისთვის, მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია  ამ პროფესიაში  ეკლესიური ცხოვრება?

- ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ გწამს, ამ საქმეს ვერ გააკეთებ. ხატმწერებს ხშირად გვიწევდა მონასტრებში მუშაობა და ცხოვრება. თუ ეკლესიური ცხოვრება არ გაქვს და ისე ხატავ, დაბრკოლდები, არ დაგაინტერესებს, შუა გზაზე  მიანებებ თავს. ასე ბევრს დაემართა. რა დროც სჭირდება ხატის მოხატვას, იმ დროში ჩვეულებრივ  50 ნახატს დახატავს მხატვარი. ხატწერა მოითხოვს ცხოვრების სხვა წესს, მუშაობის პროცესში მარხვის დაცვას, თუ სულიერად არ ხარ მზად, ხატს ვერ შექმნი. ამას ჩვენ მუზას არ ვეძახით, მაგრამ თუ სულიერად  მშვიდად არ ხარ, ხატი არ გამოდის. ხატმწერი წმინდანი ხომ არ არის, შესაძლოა, არც განსაკუთრებულად კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ უმჯობესია, თუ ხატს სულიერად გაწონასწორებული, მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ქმნის. უნდა შეეცადო მაინც, როცა ხატზე მუშაობას იწყებ. ღმერთი ამ მცდელობას აუცილებლად დაინახავს და დაგეხმარება. ხატში რაც კარგია, ის ღმერთისგან არის, რაც  ვერ გამოგვდის ხატმწერებს - ეს ჩვენი ადამიანური ცოდვებისგანაა.

 - როგორია განცდა ხატმწერის, როდესაც შენს შექმნილ ხატთან ადამიანები ლოცულობენ და რომელია თქვენი საყვარელი ხატი?  

- ძალიან მიყვარს 40 მოწამის ხატი, რომელიც ინახება სვანეთის მუზეუმში.ეს ხატი სავარაუდოდ მე-11- მე -12 საუკუნეშია შექმნილი. საოცარი ხატია, კარგად შემონახული. მისი ავტორი არ არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ჰგავს ატენის სიონის მოხატულობის პერიოდს. ჩემი ხატებიდან  განსაკუთრებულად ვერც ერთს ვერ გამოვყოფ.  სახლში შემომრჩა ორი ხატი: ხარების ხატი და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის.ჩემი შექმნილი უამრავი ხატიდან ეს ორი შემომრჩა.  

ხატს აქვს თავისი დანიშნულება. ხატი არის სარკმელი  ზეციურ  სამყაროში. როდესაც  ხატს უყურებ, უნდა “დაუკავშირდე” იმ წმინდანს, რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ დროს  არაფერი არ უნდა გაბრკოლებდეს. ხატიდან არ უნდა მოდიოდეს ემოციები, რომელიც ხელს შეგიშლის ლოცვაში.  მაგალითად, კათოლიკე ბერების  წერილებში წამიკითხავს, ერთი ბერი წერდა, ეკლესიაში რაფაელის  ღვთისმშობელმა მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ, როდესაც  ბერი გავხდი,   რაფაელისეული დეტალი - დიდი  მკერდი ხელს მიშლიდა  და ვეღარ ვლოცულობდიო. ხატმა ხელი კი არ უნდა შეგიშალოს, პირიქით, იქით უნდა გაგახედოს. მართლმადიდებლურ ხატებში  გამოხატულია უკუპერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანი მომენტია ხატწერაში.    ჩემი აზრით,  ერთის მხრივ კარგია როდესაც   ხატი შუშით არის დაცული,   რადგან  როდესაც ხატს ეამბორებიან,  მასზე რჩება  კოსმეტიკის კვალი, რაც ხატს აზიანებს, თუმცა არის ერთი პრობლემა -    შუშაში  ადამიანი შენს თავს ხედავ, გარშემო  ხალხი დადის და ეს შუშა  ისევ უკან გაბრუნებს, ამიტომ ხატს, როგორც  სარკმელს  ვერ “გამოაღებ”. ხატმა ხელი უნდა  შეგიწყოს ლოცვაში, ხატზე წმინდანთა მშვიდი სახეები,მათი  დალაგებული სამოსელი, ლოცვის პროცესს ქმნის. 

 როდესაც ხატი  ხატმწერისგან მიდის, ის იწყებს თავის ცხოვრებას. როდესაც  ეკლესიაში შენს შექმნილ ხატს უყურებ, პროფესიონალური თვალით ეძებ დეტალებს, ფიქრობ, რომელიმე დეტალი სხვანაირად ხომ არ ჯობდა რომ გაგეკეთებინა, გაწუხებს, თუ ხატი დაზიანებულია, რაც ხშირად ხდება. ემოციური კავშირი ყველა შენს შექმნილ ხატთან არსებობს, მაგრამ უკვე იცი, რომ ის წავიდა შენგან და თავისი ცხოვრება აქვს.

თამუნა ნიჟარაძე

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати