სამების ტაძრის ანდრია პირველწოდებულის ახალი ხატის ავტორი ხატმწერი დავით აბრამიაა. პროფესიით არქიტექტორს ხატწერაში მუშაობის 35 წლიანი ისტორია აქვს - მამა ლაზარეს მიერ დახატულმა წმინდა გიორგის ხატმა, რომელმაც მას სიონის ტაძარში “დაუძახა” და მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა.
დავით აბრამია: ანდრია პირველწოდებულის ხატის შექმნა მოხდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ამ საქმის ქტიტორი იყო ბატონი თემურ ანდრიაძე, მან აიღო თავის თავზე ანდრია პირველწოდებულია ხატის შექმნა. ხატი დაიხატა წმინდა სამების ტაძრის სახელოსნოში, პროგრამის მიხედვით, რომელიც ყოველთვის წინასაწარ დგება. ვინაიდან ხატი განთავსებული უნდა ყოფილიყო სამების ტაძარში გათვალისწინებული იყო ხატის კონკრეტული ზომა ადგილის მიხედვით. ხატის პროგრამა შედგა ანდრია პირველწოდებულის იმ გზის ეპიზოდებით, რაც მან საქართველოში გაიარა. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელი თვითონ ვერ ჩამოვიდა საქართველოში, რადგან გამოეცხადა უფალი და აუწყა მისი განსვენების დრო, მან საქართველოს მოსაქცევად თავის მაგივრად გამოგზავნა ანდრია პირველწოდებული. ეს ეპიზოდი ასახულია ახალ ხატზე - ანდრია პირველწოდებულს ხელში უჭირავს ხატი, რომელიც მას ჰქონდა გამოტანებული. ეს არის ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატი, სადაც ღვთისმშობელს ხელში უჭირავს ყრმა მაცხოვარი. ეს ხატი მოიხსენიება, როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ახალ ხატზე ანდრია პირველწოდებულის გამოსახულების გარშემო არის ათი მინიატურა, რომელიც ასახავს ანდრია პირველწოდებულის გზას საქართველოში, ასევე მინანქრები, რომელშიც მოციქულების გამოსახულებებია. მასზე ტიხრული მინანქრის სპეციალისტმა ლადო ფესვიანიძემ იმუშავა. ხატი ტექნიკური სამუშაოებიდან დაწყებული ბოლომდე იქმნებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში. საკმაო დრო დასჭირდა ხატის მოჭედილობამაც.
- რა მინიატურებია გამოსახული ანდრია პირველწოდებულის ხატზე?
-ხატის ზედა ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ვედრების სცენა, როგორც ქრისტე -ღმერთის სადიდებელი.მასზე გამოსახულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. მინიატურებს შორისაა, როდესაც იოანე ნათლისმცემელი, რომლის მოსწავლეც იყო ანდრია, მიუთითებს ქრისტეზე, ეს არის შესაწირი ღვთისო, შემდეგი მინიატურა გამოხატავს, როდესაც თვითონ ქრისტე მიუთითებს ანდრია პირველწოდებულს და მის ძმა პეტრეს, რომ გაჰყოლოდა მათ. შემდეგი მინიატურაა სულთმოფენობის სცენა, როდესაც მოსწავლეებზე გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, რაც ეკლესიის შექმნის სიმბოლოა. ამ სცენაში გამოვსახე ღვთისმშობელი და 12 მოციქული. მინიატურებს შორისაა ანდრია პირველწოდებულის და კიდევ ოთხი მოციქულის მიერ ჯვარის აღმართვა, მის მიერ ქვრივი ქალის შვილის გაცოცხლება, მისი მონათვლა იქ სადაც, აწყურის ღვთისმშობლის ხატის დასვენების შემდეგ მაკურნებელი წყალი გადმოვიდა და ასევე ჯვარცმა.
ანდრია პირველწოდებულის ხატი დამზადებული კანონიკის დაცვით, თუმცა კანონიკა გარკვეულ შეზღუდვებთან ერთად თავისუფლების და ინტერპრეტაციის დიდ ასპარეზსაც გაძლევს. თუ მხატვარი ნიჭიერია,კანონიკა ახალ გზებსაც გიხსნის წესების დარღვევის გარეშე. მაგალითად, მაცხოვარი ხატზე ხშირად გამოისახება შიგნით წითელი სამოსით, გარედან ლურჯი მოსასხამით. ამ ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვს, ლურჯი ღმერთის ფერია, წითელი - ადამიანის. ეს პირობითია, მაგრამ გარკვეულ მომენტებში დასაშვებია, სხვა ფერის გამოყენებაც, თუმცა და ამას უნდა ჰქონდეს ახსნა. ანდრია პირველწოდებული უფრო ხშირად ხატებზე გამოისახება ლურჯი ფერის შიდა მოსასხამით, მე გამოვსახე გარედან მომწვანო, შიგნით იისფერ-მოიასამნისფერო თბილი ფერის მოსასხამით, ეს ძველი ბიზანტიური მოზაიკის ფერია, რაც ძალიან მოუხდა ვერცხლს, რომელიც ცივი ფერია და რითიც არის ხატი მოჭედილი. ცივი და თბილი ფერების კომბინაცია საერო მხატვრობაშიც მიღებულია. ხატმწერმა ხატს უნდა შეხედოს მხატვრული თვალით, თუმცა სიმბოლიკების გათვალისწინებაც აუცილებელია.
- ადრე თუ გქონდათ დახატული ანდრია პირველწოდებულის ხატი?
-35 წელია ვხატავ და რა თქმა უნდა დახატული მაქვს, მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბის ანდრია პირველწოდებულის ხატი, სადაც წმინდანი მთელი თავისი ცხოვრებით არის წარმოდგენული, არა თუ ჩემ მიერ, საქართველოში არ შექმნილა.მე მოხატული მაქვს სიონის საკათედრო ტაძრის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც ორი წელი ვიმუშავე.
ხატწერას ცხოვრება დავუკავშირე 90 -იან წლებში. ტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულეტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე სამხატვრო სასწავლებელი. იმ დროს ქვეყანაში ომი იყო, ინგრეოდა ყველაფერი, არქიტექტორი ვის რაში სჭირდებოდა?! იმ პერიოდში ეკლესიაში დავიწყე სიარული, მეგობრები მყავდნენ ხატმწერები, მეც მქონდა გარკვეული ინტერესი, მაგრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა სიონში მამა ლაზარეს შექმნილმა წმინდა გიორგის ხატმა, რომელიც ისე მომეწონა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თითქოს დამიძახა ამ ხატმა. როდესაც ადამიანი, რომელსაც შემოქმედებითი ნიჭი აქვს, ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, მერე ეს საქმე თვითონ ეძახის. დიპლომზე მუშაობა დავამთავრე თუ არა ლაშა კინწურაშვილთან ერთად, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ხატწერა, მეც კედლის ფრესკებზე დავიწყე მუშაობა მასთან ერთად, შემდეგ ნელ-ნელა ხატებზე გადავედი. 90 -იანი წლების ბოლოს მისი უწმინდესობის თაოსნობით ბევრი მონასტერი გაკეთდა, რესტავრაცია უტარდებოდა ძველ ეკლესიებს, შესაბამისად საჭირო გახდა ფრესკების მოხატვა, ხატების შექმნა, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, ხატმწერებს უამრავი სამუშაო გვქონდა. იმ დროს უკვე არსებობდა ხატწერის დიდი სკოლა. ამ სკოლის წარმომადგენელი იყო დათო ხიდაშელი, ლაშა კინწურაშვილი, მამა ლაზარე, რომელიც იყო ბერი ბეთანიის ეკლესიაში. ჩვენ მის მიერ შექმნილ ხატებზე ვსწავლობდით. ხატწერა ძალიან უყვარდა მის უწმინდესობას. ის ხშირად გვხვდებოდა ხატმწერებს, რეკომენდაციებსაც გვაძლევდა, ძალიან იყო დაინტერესებული ახალი ხატების შექმნით. სამების ტაძარში საკურთხევლამდე მარჯვენა მხარეს წრეში ჩახატული სამების ხატი პატრიარქის შექმნილია. კომუნისტურ პერიოდში უფრო ხშირი რესტავრაციები იყო, ვიდრე ხატწერა, თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისებიც. იმ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი რესტავრატორი იყო ამირან გოგლიძე, რომელმაც მოხატა სამების საკურთხეველი. ცნობილმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა ქაშუეთის ტაძრის საკურთხეველი მოხატა, რის გამოც პარტიიდან გარიცხეს და შეავიწროვეს, მაგრამ ამხელა მხატვარს მაინც ვერაფერი დააკლეს. დიდუბის ეკლესია მოხატულია ცნობილი მხატვარის ალექსანდრე - შურა ბანძელაძის მიერ. ეს იყო იმ პერიოდში ეკლესიის მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია. მე მაქვს ნანახი ფოტოები, სადაც ჩანს ამ ეკლესიის მოხატვის დროს ხარაჩოზე ასული პატრიარქი. საქართველოში ხატწერის სკოლის განვითარებას ძალიან უწყობდა ხელს სასულიერო სასწავლებლის ხატწერის ჯგუფი, სადაც 4 წელი ვიმუშავე 2000 წლიდან. სემინარიის სტუდენტებს ვასწავლიდი ხატწერას, მაგრამ როცა სიონში დავიწყე ეკლესიის მოხატვა, აღარ მქონდა დრო და დავტოვე ეს სამსახური. პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვა მოწოდება სჭირდება, რაც არ იყო ჩემი საქმე, ამ სკოლას ახსოვს საოცარი პედაგოგები. როცა მე ვიწყებდი მუშაობას სახელოსნოში ჯერ კიდევ მუშაობდა ცნობილი პედაგოგი სიდონია გაჩეჩილაძე. ამ სახელოსნოს ქართული ხატწერის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის. საქართველოში ხატწერის მიმართ ინტერესი ყოველთვის იქნება. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები, რომელთაც აქვთ ხატწერის სკოლები, მაგალითად, ქეთევან ხაჟომია, რომელსაც ჰყავს მოსწავლეები. ჩემი აზრით, საქართველოში ეს მიმართულება ჩიხში არასდროს შევა, უფრო მეტიც, ისე აღორძინდება, როგორც აღორძინდა ქართული გალობა.ყოველთვის იქნება ადამიანების ჯგუფი,რომელსაც ექნება დიდი ინტერესი ხატწერის მიმართ.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხატმწერისთვის, მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში ეკლესიური ცხოვრება?
- ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ გწამს, ამ საქმეს ვერ გააკეთებ. ხატმწერებს ხშირად გვიწევდა მონასტრებში მუშაობა და ცხოვრება. თუ ეკლესიური ცხოვრება არ გაქვს და ისე ხატავ, დაბრკოლდები, არ დაგაინტერესებს, შუა გზაზე მიანებებ თავს. ასე ბევრს დაემართა. რა დროც სჭირდება ხატის მოხატვას, იმ დროში ჩვეულებრივ 50 ნახატს დახატავს მხატვარი. ხატწერა მოითხოვს ცხოვრების სხვა წესს, მუშაობის პროცესში მარხვის დაცვას, თუ სულიერად არ ხარ მზად, ხატს ვერ შექმნი. ამას ჩვენ მუზას არ ვეძახით, მაგრამ თუ სულიერად მშვიდად არ ხარ, ხატი არ გამოდის. ხატმწერი წმინდანი ხომ არ არის, შესაძლოა, არც განსაკუთრებულად კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ უმჯობესია, თუ ხატს სულიერად გაწონასწორებული, მშვიდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ქმნის. უნდა შეეცადო მაინც, როცა ხატზე მუშაობას იწყებ. ღმერთი ამ მცდელობას აუცილებლად დაინახავს და დაგეხმარება. ხატში რაც კარგია, ის ღმერთისგან არის, რაც ვერ გამოგვდის ხატმწერებს - ეს ჩვენი ადამიანური ცოდვებისგანაა.
- როგორია განცდა ხატმწერის, როდესაც შენს შექმნილ ხატთან ადამიანები ლოცულობენ და რომელია თქვენი საყვარელი ხატი?
- ძალიან მიყვარს 40 მოწამის ხატი, რომელიც ინახება სვანეთის მუზეუმში.ეს ხატი სავარაუდოდ მე-11- მე -12 საუკუნეშია შექმნილი. საოცარი ხატია, კარგად შემონახული. მისი ავტორი არ არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ჰგავს ატენის სიონის მოხატულობის პერიოდს. ჩემი ხატებიდან განსაკუთრებულად ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. სახლში შემომრჩა ორი ხატი: ხარების ხატი და მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის.ჩემი შექმნილი უამრავი ხატიდან ეს ორი შემომრჩა.
ხატს აქვს თავისი დანიშნულება. ხატი არის სარკმელი ზეციურ სამყაროში. როდესაც ხატს უყურებ, უნდა “დაუკავშირდე” იმ წმინდანს, რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ დროს არაფერი არ უნდა გაბრკოლებდეს. ხატიდან არ უნდა მოდიოდეს ემოციები, რომელიც ხელს შეგიშლის ლოცვაში. მაგალითად, კათოლიკე ბერების წერილებში წამიკითხავს, ერთი ბერი წერდა, ეკლესიაში რაფაელის ღვთისმშობელმა მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბერი გავხდი, რაფაელისეული დეტალი - დიდი მკერდი ხელს მიშლიდა და ვეღარ ვლოცულობდიო. ხატმა ხელი კი არ უნდა შეგიშალოს, პირიქით, იქით უნდა გაგახედოს. მართლმადიდებლურ ხატებში გამოხატულია უკუპერსპექტივა, რაც მნიშვნელოვანი მომენტია ხატწერაში. ჩემი აზრით, ერთის მხრივ კარგია როდესაც ხატი შუშით არის დაცული, რადგან როდესაც ხატს ეამბორებიან, მასზე რჩება კოსმეტიკის კვალი, რაც ხატს აზიანებს, თუმცა არის ერთი პრობლემა - შუშაში ადამიანი შენს თავს ხედავ, გარშემო ხალხი დადის და ეს შუშა ისევ უკან გაბრუნებს, ამიტომ ხატს, როგორც სარკმელს ვერ “გამოაღებ”. ხატმა ხელი უნდა შეგიწყოს ლოცვაში, ხატზე წმინდანთა მშვიდი სახეები,მათი დალაგებული სამოსელი, ლოცვის პროცესს ქმნის.
როდესაც ხატი ხატმწერისგან მიდის, ის იწყებს თავის ცხოვრებას. როდესაც ეკლესიაში შენს შექმნილ ხატს უყურებ, პროფესიონალური თვალით ეძებ დეტალებს, ფიქრობ, რომელიმე დეტალი სხვანაირად ხომ არ ჯობდა რომ გაგეკეთებინა, გაწუხებს, თუ ხატი დაზიანებულია, რაც ხშირად ხდება. ემოციური კავშირი ყველა შენს შექმნილ ხატთან არსებობს, მაგრამ უკვე იცი, რომ ის წავიდა შენგან და თავისი ცხოვრება აქვს.
თამუნა ნიჟარაძე