ეს ვერცხლის ბრწყინვალე კანდელი ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძრის საგანძურიდან ინახავს მე-11-საუკუნის საქართველოს მთელ ისტორიას. ეს საოცარი ნაკეთობა ეკუთვნის მე-11-საუკუნეს, მე-13-საუკუნეში კონსტანტინეპოლის გაძარცვისას ის ჯვაროსნებმა გაიტაცეს სხვა უზარმაზარ სიმდიდრესთან ერთად, კანდლის წარწერა იხსენიებს ქართველ მთავარეპისკოპოსს:
,,ΑΓΙΕ ΠΑΝΤΕΛΕΗΜΟΝ ΒΟΗΘΕΙ | TΩ CΩ ΔΟΥΛΩ ΖΑΧΑΡΙΑ ΑΡΧΙΕΠΙCΚΟΠΩ ΤΩ ΙΒΗΡΙ ΑΜΗΝ"- "Αγιε Χαντελεημον, βοήθει το σώ δούλο Ζαχαρία αρχιεπισκόπω τώ Ιβηρι. Αμήν"
,,წმიდაო პანტელეიმონ, დაიფარე შენი მსახური, ზაქარია, ქართველი მთავარეპისკოპოსი, ამენ".
წარწერაში მოხსენიებული ეპისკოპოსი ზაქარია არის ტაოელი დიდებული - დაფანჩულთა გვარიდან, არსენ მამამთავრის მოწაფე - ბანელ/ვალაშკერტელი ეპისკოპოსი, იგი ერთ ხელნაწერში დავით III კურაპალატს თავის ,,მზრდელსა და შემოქმედს" უწოდებს.
მან, როგორც საქართველოს მეფის გიორგი პირველის დიპლომატმა ორჯერ შეაჩერა იმპერატორი ბასილი საქართველოზე ლაშქრობისაგან, ცდილობდა ბასილისა და გიორგის შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ რადგან გიორგიმ იმპერატორის პირობები არ მიიღო, განრისხებულმა ბასილიმ ზაქარია კონსტანტინეპოლში გადაასახლა, სადაც ის დიდ კულტურულ მოღვაწეობას შეუდგა. ,,ზაქარია იბერის", როგორც იგი თავის თავს უწოდებდა, განკარგულებით გადაიწერა უამრავი ქართული ხელნაწერი, ჩანს, მისი ამ კულტურული მოღვაწეობის ფარგლებში დამზადდა ვერცხლის ეს ნატიფი ჭაღიც, რომელიც კონსტანტინეპოლიდან ჯვაროსნებმა გაიტაცეს და რომელიც დღეს ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძრის საგანძურს ეკუთვნის."