USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
ნიკოლოზ გუდაძე- გერმანიაში მოღვაწე მეცნიერი
дата:  974
სამეცნიერო გამოცდილება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დედამიწის ატმოსფეროს ლაბორატორიაში მივიღე. 2015 წელს სადოქტორო პროგრამაზე წამოსვლა გადავწყვიტე, გერმანიაში, როსტოკის უნივერსიტეტის და დაბა კულუნგსბორნში ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის ბაზაზე. ჩვენი ინსტიტუტი დედამიწის ატმოსფეროს საშუალო სიმაღლეებზე (60-120 კმ დედამიწის ზედაპირიდან) იკვლევს, რაც მეზოსფერო-ქვედა თერმოსფეროს სახელითაა ცნობილი. ატმოსფეროს ეს არე გარდამავალია და საკვანძო როლი აქვს ატმოსფერულ პროცესებში. ატმოსფეროს სხვადასხვა ფენა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, რასაც ძირითადად ქვედა ატმოსფეროში წარმოქმნილი და მაღალ სიმაღლეებზე გამჭოლი ატმოსფერული ტალღები უზრუნველყოფს. მათ გადააქვთ ენერგია, რისი ზემოქმედებითაც გავლენას ახდენენ გარემოს დინამიკაზე, ტემპერატურულ რეჟიმზე, რისი შესწავლაც ატმოსფეროს ფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
 
ტალღური პროცესების გავლენით ატმოსფერო ყველაზე ცივი ადგილია დედამიწაზე. პოლარულ განედებზე ტემპერატურა შეიძლება -140 ცელსიუსის გრადუსს ჩამოსცილდეს. ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა და იქ არსებული წყლის ორთქლი კი, ყველაზე მაღალ, მოელვარე, ვერცხლისფერ ღრუბლებს (Noctilucent clouds) ქმნის. ამ ღრუბლებს ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი მძლავრი რადარის საშუალებით ვაკვირდებით. ღრუბლის შემადგენელი ყინულის ნაწილაკების დამუხტვის შემდეგ, ეს გარემო რადიოტალღების გაბნევის წყარო ხდება, რომლის შედეგიც ცნობილია, როგორც პოლარული მეზოსფეროს ზაფხულის ექო (PMSE). დროსა და სივრცეში მაღალი გარჩევის თითქმის უწყვეტი დაკვირვების მასალა საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ იქ მიმდინარე მოვლენები.
 
ჩემი ამოცანაა რადარის მონაცემებზე დაყრდნობით ატმოსფეროს ტურბულენტური პროცესების შესწავლა. ტურბულენტური პროცესების ცოდნა მნიშვნელოვანია ყველგან, სადაც სითხის თუ აირის ნაკადები გვხვდება, მათ შორის ატმოსფეროში. ეს ცოდნა გვეხმარება, ატმოსფერულ პროცესებზე და რაც მთავარია, მის სხვადასხვა სიმაღლეებს შორის ურთიერთკავშირების გამომწვევ მექანიზმებზე უფრო დეტალური წარმოდგენა გვქონდეს. წინა პროექტი, რომლის დროსაც გამოვიკვლიე აღნიშნული რადარის საშუალებით ატმოსფეროში ვერტიკალური, აღმავალი ნაკადის შესწავლის შესაძლებლობა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში. ეს საკითხი ოცდაათ წელზე მეტია პრობლემა იყო თეორიული გათვლების და ექსპერიმენტული გაზომვების წინააღმდეგობრივი შედეგების გამო. ჩვენი კვლევით დავადგინეთ შეუსაბამობის მიზეზები და რიგ შემთხვევაში, ზუსტი შეფასების შესაძლებელი არეები. ატმოსფეროს მასების ვერტიკალური წანაცვლების კლიმატოლოგიის შესწავლა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ასეთი გადაადგილება მკვეთრ გავლენას ახდენს აირის ტემპერატურის ცვლილებაზე.
 
სამომავლოდ, მსურს საქართველოში ატმოსფეროს რადარულ კვლევებს ჩავუყარო საფუძველი. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ფუნდამენტური სამეცნიერო ამოცანების გადაჭრას, რაც უნიკალური იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. თუმცა, თანამედროვე სამეცნიერო ხელსაწყოების გამოყენება და განვითარება ელექტროსაინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მონაცემთა დამუშავების ახალი ალგორითმების შექმნის, თუ სხვა თანმდევი მიმართულებით გამოცდილებასაც იწვევს. მართალია, სამეცნიერო კვლევის მთავარი მიზანი ახალი ცოდნის შექმნაა, თუმცა ამ გზაზე მიღებული გამოცდილება ხშირად ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. ვფიქრობ, ეს რომ შესრულდეს, მნიშვნელოვანია, მეცნიერებს განვითარების მიზნები ცხადად გვქონდეს ჩამოყალიბებული. ჩემი აზრით, ჩვენი შესაძლებლობის ქვეყნისთვის მეცნიერება განათლების პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати