USD 2.6966
EUR 3.1777
RUB 3.4686
თბილისი
ჯვაროსნები ქედმაღალურად უყურებდნენ ბიზანტიელებს, რადგანაც აქ რაინდობის ინსტიტუტი არ არსებობდა, ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთში, რომელსაც იგივე ინსტიტუტი გააჩნდა, იყო საქართველო
თარიღი:  
აღმოსავლეთში ჩასული ჯვაროსნები ქედმაღალურად უყურებდნენ ბიზანტიელებს, რადგანაც აქ რაინდობის ინსტიტუტი არ არსებობდა, ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთში, რომელსაც იგივე ინსტიტუტი გააჩნდა, იყო საქართველო, სადაც მოყმეობა/რაინდობა არსებობდა ინსტიტუციურ დონეზე და მას ,,ჴელი მოყმეობისა", ანუ პროფესია მოყმეობისა/ჭაბუკობისა ერქვა, კითხვა რომელიც აქ ისმის, შეხვდა თუ არა ევროპული რაინდობა თავის აღმოსავლურ ტყუპისცალს, ქართულ რაინდობას და მოახერხა თუ არა მისი იდენტიფიცირება ?
 
მე-12 საუკუნის ავტორი, უილიამ ტვიროსელი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატიური და კულტურული მოღვაწე იყო. ტვიროსის ამ არქიეპისკოპოსს პარიზსა და ბოლონიაში საფუძვლიანი განათლებაც ჰქონდა მიღებული. მედიევისტმა თეა გოგოლიშვილმა თავის ნაშრომში ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ბიზანტიელთა მიმართ უილიამის დამოკიდებულებაზე. ჩამოშლის გზაზე მდგარი იმპერია, რომლის სამხედრო თავდაცვისუნარიანობა ისტორიულ მინიმუმზე იყო დასული, უილიამის შთაბეჭდილებით, ფემინიზირებული, უფრო მარტივად და ქართულად თუ ვიტყვით, „გადედაკაცებული“ იყო. ბერძენთა ეს „ქალური სირბილე“ და „არამამაკაცური ხასიათი“, მისი აზრით, იყო მიზეზი იმპერიის დამხობისა და განახევრებისა.
 
ამის საპირისპიროდ, უილიამის ჩვენებით, ქართველები გამოირჩევიან დიდი ვაჟკაცობითა და სამხედრო სიქველით (“Robustos Viribus”). ხსენებული მკვლევარის ეს შესანიშნავი მიგნება კიდევ უფრო გასაგებს ხდის უილიამის თვალსაზრისს ბიზანტიის დაცემული იმპერიის და ქართველთა აღმავალი იმპერიის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერძნები არიან „არავაჟკაცური ზნის“, „დედაკაცური ბუნების“(“Effeminatus... Molles”), ქართველები კი, მათგან განსხვავებით, გამოირჩევიან ვაჟკაცობით და „დიდი მხედრული სიქველით“ (“Multa Strenuitate Commendabiles”). ამ სტატიის კითხვისას, მქონდა მოლოდინი, რომ ავტორი აუცილებლად შეეხებოდა ნიკოლაოზ კათალიკოსს და მის ცნობას, რომელიც არა უბრალოდ აზრობრივად, არამედ ტერმინოლოგიურადაც კი იმეორებს უილიამის ჩვენებებს ქართველებსა და ბერძნებზე, მაგრამ ავტორი თავის სტატიაში აღნიშნულ საკითხს არ ეხება, ამიტომ, ამ შთამბეჭდავ თანხვედრას აქ განვიხილავთ.
 
ნიკოლაოზ კათალიკოსი ბერძენთა/ბიზანტიელთა შესახებ წერს, რომ ისინი „ლბილ და დედალ“ არიან, ქართველებს კი, ამის საპირისპიროდ, აქვთ „სიქველე ჭაბუკისაი“ და ეს „საცნაურ არსყოველთათვის“. აშკარაა, რომ სახეზეა არამხოლოდ აზრობრივი, არამედ ტერმინოლოგიური თანხვედრაც. უილიამთან ბიზანტიელთა აღწერა: “Effeminatus... Molles”, ზედმიწევნით იგივეა, რაც ნიკოლაოზ კათალიკოსის „დედალნი და ლბილნი“, ქართველთა უილიამისეულ დახასიათებას კი – “Multa Strenuitate Commendabiles”, ზუსტად თარგმნის ნიკოლაოზის „სიქველე სიჭაბუკისა“.
უფრო მარტივად და გასაგებად, ორივე ავტორი აქ გულისხმობს რაინდულ კულტურას, ,,კაცურობა", ,,მამაკაცურობა" თუ ჭაბუკობა აქ იმდენად ფსიქოლოგიური აღწერები არაა, რამდენადაც პროფესიული, უილიამი ქართველთა Robustos Viribus-ში, ისევე როგორც ნიკოლაოზი ,,სიქველე ჭაბუკობისა"-ში გულისხმობს სწორედ რაინდობას, ქართველები და ფრანგები ფლობენ ამ კულტურას, ბიზანტიელები კი არა.
 
არქიეპისკოპოსი უილიამ ტვიროსელი გამოცდილი დიპლომატი და საფუძვლიანად განათლებული ადამიანი იყო. იერუსალიმის სამეფოში მას შონსოლიეს პოსტი ეკავა. საგულისხმოა, რომ იგივეა იერუსალიმის მომავალი მეფის – ბალდუინ მეოთხე კეთროვანის მასწავლებელიც. ნიჭიერი ყმაწვილის ხარბი ცნობისწადილი უილიამის ენციკლოპედიური ცოდნის ჰორიზონტში ფართოდ შლიდა ფრთებს. პატარა ბალდუინის სხეულზე კეთრი პირველმა სწორედ უილიამმა შენიშნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უილიამი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო. თავისუფალ ხელოვნებებსა და სამართალს ის პარიზისა და ბოლონიის უნივერ სიტეტებში დაეუფლა. რაც შეეხება ნიკოლაოზს, იგი გელათის აკადემიის საუკეთესო ტრადიციებზე იყო აღზრდილი, რაც ჭარბად იგრძნობა მის პეტრიწიანულ იდეებსა და ტერმინოლოგიაში. როგორც მისი ნაწერებიდან ჩანს, გარდა საღვთისმეტყველო განათლებისა, მას გააჩნდა შესანიშნავი ფილოსოფიური კულტურაც. ისევე როგორც უილიამი, ნიკოლაოზიც დიდ მასწავლებლად („მოძღუარი“) მიიჩნეოდა, როგორც ამას ათონის ქართულ სააღაპე წიგნში ვკითხულობთ. მართალია, ნიკოლაოზი იმავე, დამამცირებელ შეფასებას იყენებს ბიზანტიელებზე საუბრისას, რომელსაც უილიამი, მაგრამ მისგან განსხვავებით, ის ყურადღებას ამახვილებს ბიზანტიელთა დიდ ეროვნულ ღირსებაზე – ფილოსოფიის ეროვნულ სკოლაზე. ნიკოლაოზის მსჯელობა უფრო დაბალანსებული და ინტელექტუალურია: ყველა ერს სხვადასხვა ღირსება აქვს, ისე, როგორც პავლე მოციქული წერს სხვადასხვა მადლთა განყოფასა და განფენაზე. მართალია, ბერძნები „დედალ და ლბილ“ არიან, ქართველები და ზოგი სხვა ხალხი კი (აშკარად, ფრანგნი/ევროპელები) მხედრული სულისკვეთების - ფლობენ რაინდულ კულტურას და ტრადიციას, თუმცა, სანაცვლოდ, ქართველებს და ევროპელებს არ აქვთ ის სათნოება, რითაც ბიზანტიელები ასერიგ ბრწყინავენ – ფილოსოფიური ტრადიცია. ამ შემთხვევაში, ნიკოლაოზი უფრო მართალი და ამავე დროს უფრო მაღალკულტურულია, ვიდრე უილიამი, რომელსაც არ შეუძლია დაინახოს და დააფასოს უწყვეტი ძველი ბერძნული ფილოსოფიური და თეოლოგიური ტრადიცია, როგორც ბიზანტიელთა ჭეშმარიტი ეროვნული სიქველე. ფართო ინტელექტუალური პერსპექტივის მქონე ნიკოლაოზი ენერგიული და პროგრესული რეფორმატორი იყო, რომელიც ზრუნავდა ხელნაწერების გამრავლებაზე, მოხატვაზე და იბრძოდა ეპოქის თანმდევი ქალთმოძულეობის წინააღმდეგ. მე-12 საუკუნის რამდენიმე ქართული აპოფთეგმატა შეიცავს უტიფარ გნომებს ქალთა შესახებ. ასეთი განწყობები, რასაკვირველია, სერიოზულ პრობლემას წარ მოადგენდა თამარის თვითმპყრობელი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის. ნიკოლაოზი მკაცრად ილაშქრებდა „დედათა ბუნების“ – ქალთა სქესის ღირსების დამაკნინებელთა წინააღმდეგ და მათ გაჩუმებისკენ („დაიყავნ პირი“) მოუწოდებდა. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი იქცა თამარის იდეოლოგიურ დასაყრდენად ეკლესიაში.
 
როდესაც ნიკოლაოზი აღნიშნავს, რომ ქართველთა რაინდობისა და ბიზანტიელთა სიდედლის შესახებ ,,საცნაურ არს ყოველთათვის", იგი პირდაპირ ეხმიანება უილიამ ტვიროსელს, რომელიც სწორედ ამავე ეპოქაში აღნიშნავს იგივეს, უილიამი იერუსალემის სამეფოს შონსოლიე იყო და სავსებით შესაძლებელია მას იერუსალემის ჯვრის მონასტერში მყოფ ნიკოლაოზთან გადაკვეთა და საუბრები ჰქონოდა, რამდენადაც ჯვრის მონასტერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპულ რაინდულ წრეებთან (იხ. ტამპლიერთა კომანდორებისა და ფრანგი და ესპანელი რაინდების აღაპები იერუსალემის ჯვრის მონასტრის სვინაქსარში).
 
ფრაგმენტი წიგნიდან ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები", ბ. ჭიჭინაძე
თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის