ამერიკაში 2001 წელს ჩამოვედი, როდესაც აიოვის უნივერსიტეტში მეორე პოსტდოქტორული პოზიცია დავიკავე. მანამდე იტალიაში ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტში ვმუშაობდი. ამჟამად აიოვის უნივერსიტეტის და ცერნის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი ვარ, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ბაზირებული ვარ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ლაბორატორიაში - ცერნი. ვმონაწილეობ CMS ექსპერიმენტში, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა ე.წ. ჰიგსის ბოზონი და ნათელი მოჰფინა, თუ როგორ იღებენ ელემენტარული ნაწილაკები მასას ბრაუტ ენგლერტ ჰიგსის მექანიზმით. ვმუშაობ ადრონულ კალორიმეტრზე, ორ და ოთხ მიუონიან შემთხვევების ანალიზზე და სტუდენტებთან ერთად ჰიგსის ბოზონის ორ მიუონად დაშლას ვიკვლევ.
მანამდე ვმონაწილეობდი NA48 ექსპერიმენტში, რომელიც, ასევე, ცერნში ტარდებოდა. ექსპერიმენტი იკვლევდა ე.წ. CP დარღვევას. ეს ფენომენი ერთ-ერთია, რომელმაც შეიძლება ახსნას, თუ რატომ არსებობს დღევანდელ დაკვირვებად სამყაროში მატერია და არ არსებობს ანტიმატერია. ვთვლი, რომ ორივე პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუნდამენტური მეცნიერებისთვის.
მეცნიერს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მაღალი დონის ზოგადი განათლება, თუმცა ამ სფეროში მხოლოდ კანონიკური ცოდნის მიღება არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ მეცნიერი აქტიურად ეცნობოდეს სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულ ახალ კვლევებს. იყოს ცნობისმოყვარე, ჰქონდეს ამოუცნობი ფენომენის გაგების და შესწავლის სურვილი. არ უნდა ეშინოდეს შეკითხვის დასმის ან მცდარი მოსაზრების გამოთქმის. ნებისმიერი მეცნიერი განათლების მიღებას სკოლიდან იწყებს. თუ სასკოლო განათლებას არ შეუძლია დააინტერესოს მოსწავლე ამა თუ იმ საგნით, სკოლის დამთავრების შემდეგ არავინ აირჩევს შესაბამის პროფესიას.
საქართველოში სასკოლო განათლება ფუნდამენტურ გადახედვას მოითხოვს. საჯარო სკოლებში სწავლების დონე დაბალია, მასწავლებელთა პროფესიული დონეც კატასტროფულად დაბალი. მასწავლებლის მოვალეობაა არა მხოლოდ საშინაო დავალება მისცეს ბავშვს და ნიშანი დაუწეროს, არამედ მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი სწავლისადმი, ახლის გაგებისადმი.
მსოფლიოს მასშტაბით ფუნდამენტური მეცნიერებას ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოში კი - მხოლოდ რუსთაველის ფონდი, რომელსაც ფინანსური რესურსები შეზღუდული აქვს. მეცნიერება ვერ განვითარდება, თუ სახელმწიფომ არ აიღო თავის თავზე მისი დაფინანსება. მეცნიერებაში წარმატება ნიშნავს, როდესაც გაფასებენ, სხვა მეცნიერები თანამშრომლობენ შენთან და აღგიქვამენ როგორც თანასწორს, როდესაც თქვენს მოსაზრებას, შენიშვნას თუ კრიტიკულ აზრს პატივს სცემენ და ითვალისწინებენ, როდესაც თქვენს შედეგებს სამეცნიერო წრეებში საინტერესოდ მიიჩნევენ და იყენებენ სხვა კვლევებში. ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც დღეს ჩემი კოლეგების და ჩემი ექსპერიმენტის წინაშე დგას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს გადავცე ცოდნა და გამოცდილება.
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.
მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.
რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.
მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.
უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.
მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).
სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.
მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?
როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.
2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).
იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.
ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.
რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.
ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.