USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
ზურაბ ბატიაშვილი: თურქეთ - ირანის დაპირისპირება აზერბაიჯანის გამო
თარიღი:  2602

ახლო აღმოსავლეთის ორი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტი თურქეთი და ირანი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე ერთმანეთთან ხშირად თანამშრომლობენ (სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ქურთული საკითხი და ა.შ.). მაგრამ მათ შორის არის მთელი რიგი საკითხებისა, სადაც ისინი ერთმანეთის კონკურენტები და ხშირ შემთხვევაში მოწინააღმდეგებიც კი ხდებიან ხოლმე.

ყარაბაღის მეორე ომი ისტორიაში ალბათ იმითაც შევა, რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაღვივდა და სააშკარაოზე გამოვიდა საუკუნეების განმავლობაში მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება. დაპირისპირების ახალი ტალღა ყარაბაღის კონფლიქტი ახალი განახლებული იყო, როდესაც 7 ოქტომბერს ირანულმა მხარემ გამოთქვა თავისი შეშფოთება მიმდინარე მოვლენების გამო და განაცხადა, რომ ვერ მოითმენდა „ტერორისტების“  (თეირანი ამაში გულისხმობდა პროთურქულ სირიულ სუნიტურ-ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს, რომლებიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სომხური ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ ყარაბაღის მეორე ომში.) ყოფნას საკუთარი საზღვრების სიახლოვეს.

მაგრამ თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა მალევე უარყვეს ყარაბაღის ფრონტზე სირიელი მებრძოლების ყოფნის ფაქტი და ინციდენტი თითქოს ამით უნდა ამოწურულიყო.

თუმცა, სიტუაცია აალდა 10 დეკემბერს ქ. ბაქოში ჩატარებულ გამარჯვების აღლუმზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოთქმული აზერბაიჯანელი პოეტის ბახთიარ ვაჰაფზადეს ერთი ლექსის გამო, რომელიც ასე ჟღერს:

„გაყვეს არაქსი და ამოავსეს იგი ქვიშებით,

 მე შენ არ დაგშორდებოდი, ძალით დაგვაშორეს,

ჰეი, ლაჩინ, ჩემო სულო ლაჩინ,

შენ გენაცვალე ლაჩინ.“

(მდინარე, სადაც რუსეთ-სპარსეთის ომების შემდეგ გაივლო ახალი საზღვარი დაახლოებით 200 წლის წინ. ეს მდინარე დღესაც ერთმანეთისგან ყოფს თანამედროვე აზერბაიჯანსა და ირანში მცხოვრებ მილიონობით ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეს.)

პრეზიდენტი ერდოღანი ბაქოში ლექსის წარმოთქმისას, 2020 წლის 10 დეკემბერი

ბევრს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ლექსი გამოხატავს იმ ნაციონალისტი (და შესაბამისად პროთურქულად განწყობილი) აზერბაიჯანელების სენტიმეტებს, რომლებიც თვლიან, რომ ორმა დიდმა იმპერიამ (რუსეთმა და სპარსეთმა) თავის დროზე შუაზე გაიყვეს აზერბაიჯანის ტერიტორიები. ბევრი ამ ტექსტში არაქსის ორივე მხარეს მცხოვრები აზერბაიჯანელების გაერთიანების სურვილსაც ხედავს.

ირანისთის კი ეს ძალზედ სენსიტიური საკითხია და იქ მიაჩნიათ, რომ ასეთმა განწყობებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, აღნიშნული ლექსის წარმოთქმას უმკაცრესი პროტესტი მოყვა ირანული მხრიდან. კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები ძალით ჩამოაშორეს ირანულ სამშობლოს. მან იქვე დასძინა, პრეზიდენტი ერდოღანი საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და რომ არავის შეუძლია ისაუბროს მათი საყვარელი აზერბაიჯანის შესახებ.

აღნიშნული ლექსის წარმოთქმის ფაქტი ასევე მკაცრად დაგმეს ირანის პარლამენტშიც. ზოგიერთმა დეპუტატმა თურქეთის ხელისუფლება ნეოსმანიზმის პოლიტიკის გატარებაშიც დაადანაშაულა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს თურქეთის ელჩი და მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირანული მხარის მკაცრი პოზიცია გააცნეს. ირანში ასევე ისმოდა თურქული პროდუქციის ბოიკოტირებისა და სომხეთის მხარდამჭერი მოწოდებებიც. სიტუაციის განმუხტვა კი მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 12 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. საუბრის შემდეგ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ისინი წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული აღნიშნული ლექსის სენსიტიურობასთან დაკავშირებით და რომ ანკარა მხარს უჭერს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას.

საინტერესოა, რომ 14 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თურქეთთან დაკავშირებული ინციდენტი ამოწურულია და ის წარსულს უნდა ჩაბარდეს. ირანმა რუსეთის მსგავსად გააკრიტიკა ვაშინგტონის ეს ნაბიჯი და აშშთურქეთის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელს დაუჭირა მხარი.

დასკვნები: - ლექსთან დაკავშირებულმა შემთხვევამ აჩვენა, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს თეირანისთვის სტატუს-კვოს ცვლილება მეზობელ კავკასიის რეგიონში. თეირანმა საკმაოდ მკაფიოდ აჩვენა, სად გადის მისი „წითელი ხაზები“, რისი გადაკვეთის უფლებასაც არავის მისცემს; - თეირანსა და ანკარას შორის დაწყებული მძაფრი დაპირისპირება მალევე „მოგვარდა“ (რეალურად კი, უფრო უკანა პლანზე გადაიწია გარკვეული დროით) ახალი რეალობის (ამერიკული სანქციები) გამოჩენასთან ერთად; - ირან-თურქეთის ურთიერთობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მყიფე და ცვალებადი შეიძლება იყოს ალიანსები ახლო აღმოსავლეთში, რამაც ახლო მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო საინტერესო კონფიგურაციები მიიღოს.

წყარო:https://www.gfsis.org/

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის