USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
ზურაბ ბატიაშვილი - თურქეთის ადგილი და როლი ყარაბახის მეორე ომში
Date:  2516

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი


2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა ყარაბაღის მეორე,  44დღიანი ომი, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შედეგად დასრულდა. 

აღნიშნული დოკუმენტი ფაქტობრივად არის სომხური მხარის კაპიტულაცია. ამ ომს კი სამი გამოკვეთილი გამარჯვებული - აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი - ჰყავს: 

- აზერბაიჯანი, რომელმაც 27-წლიანი პაუზის შემდეგ აღადგინა კონტროლი ოკუპირებული ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე, სადაც დევნილთა დაბრუნებასაც შეძლებს;  - რუსეთი, რომელმაც მთიან ყარაბაღში, მინიმუმ, 5 წლით განათავსა საკუთარი სამშვიდობო ძალები და მოიპოვა კონტროლი როგორც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორზე, ასევე ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელ გზაზე;1 - თურქეთი, რომელიც მოძმე აზერბაიჯანული მხარისთვის დახმარების გაწევით იქცა თამაშის წესების შემცვლელად (Game changer) კონფლიქტში. 

რეალურად, ანკარა პირველად და თან წარმატებულად ჩაერთო პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში და გააძლიერა საკუთარი გავლენები კავკასიაში. ამიტომ ეს საკითხი უფრო დეტალურ განხილვას და ანალიზს საჭიროებს.

 თურქეთის როლი კონფლიქტში

თუ ყარაბაღის წინა ომისა და შემდგომი გამწვავებების შემთხვევებში ანკარა  უფრო სიტყვიერი და სიმბოლური მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა მოძმე აზერბაიჯანთან  მიმართებაში, ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა. თურქეთის მიერ პოზიციის ეს ცვლილება პირდაპირ უკავშირდება ანკარის ბოლოდროინდელ საკმაოდ ამბიციურ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად დამოუკიდებელი  საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას გულისხმობს, რის გამოც ხშირად შეინიშნებოდა ზიგზაგები ანკარის პოლიტიკაში.

ამასთან, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ენობრივი და კულტურული სიახლოვის გამო (ამ შემთხვევაში სუნიტურ-შიიტური განსხვავება არაა მნიშვნელოვანი და უკანა პლანზეა გადაწეული) ერთმანეთის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელიც „ერთი ერი, ორი სახელმწიფოს“ პრინციპითაა ცნობილი.2 ამ პრინციპიდან გამომდინარე, ერთმანეთის წარმატებას და/ან წარუმატებლობას საკუთარ გამარჯვებად და/ან მარცხად მიიჩნევენ. 

ძნელი წარმოსადგენია, რომ ბაქოს აქტიური საბრძოლო მოქმედებები  მოსკოვთან და ანკარასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაეწყო. როგორც შემდგომში განვითარებული მოვლენებითაც (წინასწარ მომზადებული შეთანხმების ტექსტი, კონფლიქტის ზონაში გამოსაგზავნად გამზადებული რუსული „სამშვიდობო ძალები“ და ა.შ.) არაპირდაპირ დასტურდება, მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული (სავარაუდოდ, უფრო ზოგადი სახის) ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მხარეები მოქმედებდნენ კონფლიქტის მიმდინარეობისას. 

ამასთან, თურქეთი ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილების მომზადების, ისე სამხედრო ტექნიკის (ეს განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება, რაც უახლესი სიტყვაა სამხედრო საქმეში) მიწოდების საქმეში. 

საინფორმაციო სივრცეში ასევე გაჩნდა ცნობები, რომ თურქეთმა აზერბაიჯანის მიმართულებით ასობით სირიელი ჯიჰადისტი მებრძოლი გადაისროლა. თუმცა, თავად ანკარამ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია.

 ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული არმიის საბრძოლო დონის ამაღლების მიზნით საკმაო ინტენსიურობით ტარდებოდა ერთობლივი თურქულაზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები. მხოლოდ 2019 წელს 13 ასეთი ერთობლივი წვრთნა ჩატარდა.

 თურქულ - აზერბაიჯანული ერთობლივი სამხედრო წვრთნები

 ერთ-ერთი ბოლო ასეთი წვრთნების შემდეგ, რომელიც 2020 წლის 29 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა აზერბაიჯანის სხვადასხვა ადგილას,6 თურქული F-16ები უკან აღარ დაბრუნდნენ და ადგილზე დარჩნენ. ეს ფაქტი არც დაუმალავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელმაც 26 ოქტომბერს, ანუ ომის მიმდინარეობისას, განაცხადა, რომ წვრთნების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილ F-16-ებს გამოიყენებენ აზერბაიჯანის მიმართ გარე აგრესიის შემთხვევაში. 

საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანულმა მხარემ თურქეთის საგრძნობი დახმარების შედეგად შეძლო არა მხოლოდ კონფლიქტის ზონაში 27 წლის განმავლობაში არსებული  სტატუს-კვოს შეცვლა, არამედ თითქმის სრული სამხედრო გამარჯვებაც მოიპოვა. 

კონფლიქტის მიმდინარეობისას მუდმივად იმართებოდა როგორც თურქეთაზერბაიჯანის, ისე თურქეთ-რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრები ყარაბაღის თემაზე. დასკვნით ფაზაში გადასვლისას, ქ. შუშის აღების შემდეგ, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც თურქეთი უშუალოდ არ ყოფილა წარმოდგენილი. თუმცა, ცხადია, რომ ანკარის ინტერესების ნაწილი (მაგალითად, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის კუთვნილი 3 რაიონის უბრძოლველად დაცლა, ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის კორიდორის გახსნა) ჩაიწერა კიდეც შეთანხმების ტექსტში.   

თუმცა, თურქული მხარისთვის იყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არ ჩაწერილა აღნიშნულ შეთანხმებაში, მაგრამ მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული წინასწარი შეთანხმება, რომლის დეტალების დადგენა მოგვიანებით გახდა საჭირო. 

საქმე ისაა, რომ თურქულ მხარეს ძალიან უნდოდა საკუთარი სამხედრო ყოფნის დაკანონება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 10 ნოემბერს, სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ერისადმი მიმართვისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებთან ერთად განთავსდებოდნენ თურქი სამხედროებიც.8 იგივე გაიმეორა მეორე დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.9 

ამ ფონზე 12 ნოემბერს რუსულმა მხარემ გადაწყვიტა წერტილი დაესვა აღნიშნული საკითხისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში არ განთავსდებოდნენ თურქი სამხედროები.  მან იქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (იგულისხმა მთიანი ყარაბაღის გარეთ) შეიქმნებოდა ერთობლივი რუსულ-თურქული სადამკვირვებლო ცენტრი, რის თაობაზეც მხარეები ცალკე შეთანხმდებოდნენ.

რუსული მხარის ასეთი პოზიციის მიუხედავად, თურქეთის პარლამენტმა 17 ნოემბერს მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თურქული კონტინგენტი აზერბაიჯანში სწორედ „სამშვიდობო მისიით“ უნდა გაიგზავნოს. 

პარალელურად გრძელდებოდა საკმაოდ რთული მოლაპარაკებები მხარეებს შორის, რომელიც მხოლოდ 1 დეკემბერს დასრულდა, როდესაც რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი რუსულთურქული სადამკვირვებლო ცენტრის მოწყობის თაობაზე.

ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9-10 დეკემბერს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ბაქოს, სადაც ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების ოფიციალური დღესასწაული გაიმართება. მხარეები ასევე შეაფასებენ შექმნილ სიტუაციას და დასახავენ შემდგომი თანამშრომლობის გზებს. 

 რა მიიღო თურქეთმა? 

მართალია, თურქეთი არ არის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების ხელმომწერი მხარე, მაგრამ იგი შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ გამარჯვებულ მხარედ. ანკარამ (ისევე, როგორც მოსკოვმა და ბაქომ) შესაძლოა 100%-ით ვერ მიაღწია აქ თავის მიზნებს, მაგრამ მას მაინც აქვს რამდენიმე ხელშესახები მიღწევა:

 ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების თურქული დროშებით აღნიშვნა ჩვეულებრივ წესად იქცა ბაქოში

  1. რეგიონში თურქეთის მთავარი მოკავშირე აზერბაიჯანის წარმატება ყარაბაღის ომში ანკარის წარმატებაცაა. ეს ამ უკანასკნელის პრესტიჟის საქმეცაა. შესაბამისად, საგრძნობლად მოიმატა თურქეთის გავლენამ აზერბაიჯანში. სავარაუდოა, რომ თურქული გავლენა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში;
  2. ანკარამ, დასავლეთთან საგრძნობი დაპირისპირების ფონზე (ბოლო მძაფრი თურქულ-ამერიკული დაპირისპირება ვიხილეთ 1 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე14), ამ უკანასკნელს სიგნალი გაუგზავნა, რომ მას მთელ რიგ საკითხებზე შეუძლია რუსეთთან საერთო ენის გამონახვა;
  3. თურქი სამხედროები უკვე ოფიციალურადაც დამკვიდრდებიან კავკასიაში და რაც საგულისხმოა - ახლა უკვე რუსეთის თანხმობით (მართალია, ისინი იქნებიან არა უშუალოდ ყარაბაღში განლაგებულ სამშვიდობო ძალებში, არამედ სადამკვირვებლო ცენტრში);
  4. იხსნება ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა (რუკაზე აღნიშნულია ლურჯი რგოლით), რომელმაც შესაძლოა ასევე ერთმანეთს დააკავშიროს თურქეთი და დანარჩენი თურქული სამყარო (თუმცა ამ გზაზე კონტროლიც რუსების ხელში რჩება);
  5. წარმატებით გამოსცადა საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატები სრულმასშტაბიან ომში, რითიც მოიმატა თურქული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრესტიჟმა. არაერთმა ქვეყანამ (უკრაინა, საუდის არაბეთი, მაროკო და ა.შ.) უკვე გამოთქვა თურქულ მხარესთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.

თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყარაბაღის მეორე ომი მხოლოდ ერთი მომენტია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში. მათ ძნელად, მაგრამ მაინც მოახერხეს გარიგება სხვადასხვა ცხელ წერტილში. 

როგორც ამ და სხვა გარიგებების, ისე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ბედი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიმართულებით განვითარდება თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობები, რისი კონტურებიც, სავარაუდოდ, გამოიკვეთება 2020 წლის 10-11 დეკემბერის ევროკავშირის სამიტზე და 2021 წლის 20 იანვარს აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ.  

წყარო: https://www.gfsis.org/files/

business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way