შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ა. დ., ი. ჩ., ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.