USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ზომიერი ჯიჰადისტი - ვინ არის აჯანყებულთა ლიდერი, რომელმაც ასადების სირია დაამხო
дата:  459

2003 წლის მარტში აბუ მოჰამად ალ-ჯულანი დამასკოდან ბაღდადისკენ მიმავალ ერთ-ერთი ავტობუსში იჯდა და ერაყში მოახლოებული ამერიკული ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა. 

ალ-ჯულანი სამშობლოში 2011 წელს ამერიკულ საველე საპატიმროში გატარებული 5 წლის შემდეგ, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ემისრის რანგში დაბრუნდა. ალ-ჯულანი სირიაში ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით და ისლამური სახელმწიფოს გლობალიზების, მოძრაობის გაფართოების მიზნით ჩავიდა.

გასულ კვირას 42 წლის აბუ მოჰამად ალ-ჯულანი ტრიუმფალურად შევიდა ალეპოში. სირიის მეორე უმსხვილესი ქალაქის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში ალ-ჯულანი თურქეთის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულთა კოალიციის ლიდერის რანგში შევიდა, კოალიციის, რომლის ბირთვსაც მისი დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი წარმოადგენს. 

ალ-ჯულანის მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვება ახლო აღმოსავლეთის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტია, რეგიონი კი დრამის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. 

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი ქვეყნიდან გაიქცა. პანიკაა დამასკოში, სამთავრობო ჯარისკაცები და ალავიტური ელიტა გარბის. ამგვარად დასასრულს მიუახლოვდება ასადების დინასტიის 54-წლიანი მმართველობა. 

ალეპოს დაცემას 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყის მეორე უმსხვილესი ქალაქის, მოსულის დაცემას ადარებენ, თუმცა აქ შესაძლოა მსგავსებაზე მეტი სხვაობა იყოს. 

ალ-ჯულანის ირგვლივ შეკრებილ ისლამისტებს, ისლამური სახელმწიფოსგან განსხვავებით ჯერჯერობით არ მოუწყვიათ სექტარიანული სასაკლაოები, მეტიც ბოლო დღეების განმავლობაში ალ-ჯულანიმ რამდენიმე ედიქტიც გამოსცა, რომელშიც ქრისტიანული, შიიტური და სხვა რელიგიური სიწმინდეების დაცვის ვალდებულებას იღებდა, ხოლო რელიგიურ უმცირესობებს არწმუნებდა, რომ შურისძიებას ადგილი არ ექნებოდა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავლის სირიაში, მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერე იქნება და არა სისუსტე"- ნათქვამია ერთ-ერთ ასეთ ედიქტში. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შესახებ აჯანყებულების მიერ დაკავებულ ალეპოში, ან რომელიმე სხვა დასახლებულ პუნქტში. გარდა ამისა, აჯანყებულებმა ქურთულ დანაყოფებს უფლება მისცეს უსაფრთხოდ დაეტოვებინათ, მათ მიერ დაკავებული ტერიტორია. 

"იმ დღეს, როდესაც თქვეს, რომ აჯანყებულებმა ალეპო აიღეს, მქონდა განცდა, რომ ტიტანიკი იძირებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს მოროდიორობა ძარცვა, ისინი კარგად გვექცევიან, ისინი საშიშად გამოიყუირებიან: გრძელი წვერით და აჩეჩილი თმებით - როგორც ნამდვილი ტერორისტები, მაგრამ ისინი კარგად იქცევიან"- ამბობს Wall Street Journal-თან საუბარში ალეპოში მცხოვრები ქრისტიანი ქალი. 

ალ-ჯულანის გამაოგნებელი გამარჯვება ალეპოში მიღწეული, ერთი კაცის არაჩვეულებრივი პოლიტიკური ტრანსფორმაციის ანარეკლია, კაცის, რომელსაც ამ დრომდე ტერორისტად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები და რომელიც ბაშარ ასადის გაქცევის შემდეგ სავარაუდოდ სირიის ახალი მმართველი გახდება. 

აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაა, ერ-რიადში მცხოვრები და საუდის სახელმწიფო სანავთობო კომპანიაში მომუშავე ინჟინერის ოჯახში დაიბადა. ალ-ჯულანი მისი საბრძოლო ფსევდონიმია, რომელიც მისი ოჯახის წარმომავლობას უკავშირდება. ალ-ჯულანის წინაპრები გოლანის მაღლობებიდან არიან, რომელიც 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ ისრაელს აქვს ოკუპირებული. 

ოჯახი მალევე დაბრუნდა სირიაში, ალ-ჯულანის ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ ისლამურ სახელმწიფოს ის 2012 წელს, ხოლო ალ-ქაიდას 2016 წელს გამოეყო. და, ამ დროიდან მოყოლებული ორივე ორგანიზაციის წინააღმდეგ არაერთი სისხლიანი სამხედრო კამპანიაც გადაიხადა. 

ამგვარად, ალ-ჯულანიმ თავისი დაჯგუფება გამოაცალკევა ტრანსნაციონალური ჯიჰადისტური მოძრაობისგან, რომელიც თავისი არსით არ ცნობს ეროვნულ საზღვრებს მუსლიმური უმის შიგნით, მათი გაგებით ეს კოლონიალისტების მიერ თავს მოხვეული ხელოვნური კონსტრუქციაა და პირველ რიგში დაინტერესებულია დასავლეთთან ბრძოლით.  

"მათი გაყოფა რეალურია და არა ფასადური, ამ ჯგუფებს ცალკე ყოფნის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე ერთიანობის, უკვე თითქმის 9 წელია ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან"- ამბობს აარონ ზელინი ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის ისტორიის შესახებ დაწერილი ახალი წიგნის ავტორი. 

გლობალური ჯიჰადის მეომრობის ნაცვლად ალ-ჯულანიმ საკუთარი დაჯგუფება მკაცრად დისციპლინირებულ იერარქიულ ძალად აქცია, რომელიც 2015 წლიდან იდლიბის პროვინციაში კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს მართავს და რომელიც მხოლოდ სირიაზეა ფოკუსირებული. ეს დაჯგუფება წარმოადგენს ისლამიზმისა და ნაციონალიზმის ნაზავს, რომელიც უფრო ახლოსაა ავღანელ თალიბებთან, ვიდრე პალესტინურ ჰამასთან. 

ისლამის დროშის ნაცვლად ალ-ჯულანის დაჯგუფება სირიის დროშის, 1963 წლამდე, ანუ ბაასისტურ რევულიციამდე არსებული სირიული რესპუბლიკის დროშის ქვეშ იბრძვის. 

"დაჯგუფება იმთავითვე აცხადებდა, რომ ისინი არ იყვნენ ფოკუსირებულები ტრანსნაციონალურ მიზნებზე, ისინი ღიად ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ სირია აინტერესებდათ და ეს იყო მათი უთანხმოების საფუძველი სხვა ჯიჰადისტებთან"- ამბობს საერთაშორისო კრიზის ჯგუფის მკვლევარი დარენ ხალიფა, რომელიც რამდენჯერმე შეხვდა ალ-ჯულანის იდლიბში. 

"ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის ხელმძღვანელობა უფრო პრაგმატული და ნაკლებად იდეოლოგიზირებულია, ალ-ჯულანი არ არის სასულიერო პირი, ის პოლიტიკოსია, რომელიც მზად არის გარიგებებისა და კომპრომისებისთვის, ერთის გარდა, ეს არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ"- ამბობს ხალიფა. 

სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფებებთან კონფლიქტის მიუხედავად ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში, ხოლო ალ-ჯულანის ადგიმსამყოფელის გამხელის სანაცვლოდ ამერიკულ სახელმწიფოს 10 მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული. 

მიუხედავად ამისა, ამერიკულ არმიას ან სადაზვერვო უწყებებს არ გადაუდგამთ ალ-ჯულანის საწინააღმდეგო ნაბიჯები, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ამერიკასთან დაპირისპირება მის ინტერესებში არ შედის. 

ტრამპის პირველი ადმინისტრაციის წლებში, თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ვრცელდებოდა ხმები, რომ ალ-ჯულანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვაშინგტონთანაც. 

"მათ ისწავლეს როგორ უნდა ითამაშონ, მათ ჯერ კიდევ აქვთ ექსტრემისტული იდეოლოგია, მაგრამ ისინი არ არიან ფანატიკოსები, ისინი ნაციონალისტი ექსტრემისტები არიან, ალ-ჯულანიმ იცის, რომ მან უნდა მოთოკოს თავისი პოზიციები არაერთ საკითხზე, მათ შორის უმცირესობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დასავლეთთან ნორმალიზაციას ვერ ეღირსება"- ამბობს ალბერტო მიგელ ფერნანდეზი, ახლო აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. 

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენად ნამდვილია ალ-ჯულანის ტრანსფორმაცია და ხომ არ არის მისი მოწოდებები დასავლეთისა და სირიელების გასაცრუებელი ხრიკი. ავღანელი თალიბებიც დებდნენ ინკლუზიური მთავრობის შექმნის პირობას, ამბობდნენ, რომ მეტი პატივისცემით მოეკიდებოდნენ ქალთა უფლებებს, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ავღანეთში ქალებს კვლავ აკრძალული აქვთ განათლების მიღება, მუშაობა, გადაადგილება, ხოლო თალიბანი დაახლოებით იგივენაირად მართავს როგორც 2001 წლამდე. 

"ერაყში მოკალათებული არც თუ ისე გავლენიანი ჯიჰადისტის ტრანსფრომაცია, სირიული რევოლუციის ლიდერად ჩემთვის საეჭვოდ გამოიყურება. დიახ, ალ-ჯულანი ასაკთან ერთად უფრო მეტად ბურჟუაზიული გახდა და რაღაცებზე უარი თქვა, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ის ტაქიას პრინციპს მიჰყვება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რწმენისგან გარეგნულ განგდებას უშვებს"- ამბობს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი, ფაბრის ბალანში. 

უფლებადამცველი ორგანიზაციები ალ-ჯულანის დაჯგუფებას აქტივისტებისა და ჟურნალისტების, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების უკანანო დაპატიმრებასა და დაშინებაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს ალ-ჯულანი კატეგორიულად უარყოფს. 

"გლობალური ჯიჰადიდან ისინი, ლოკალურ რეჟიმად გარდაიქმნენ და დღეს ისინი სულ უფრო მეტად გვანან რეგიონის არაბულ რეჟიმებს ავტორატარული ტენდენციებით"- ამბობს აარონ ზელინი. 

ალეპოს დაკავების შემდეგ ალ-ჯულანის მებრძოლებმა ქალაქში მცხოვრები ქრისტიანების სახლებში მივიდნენ და განუცხადეს, რომ ისინი მშვიდობით მოვიდნენ და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. "მათ უთხრეს ქრისტიანებს, თქვენ შეგიძლიათ იზეიმოთ შობა"- ამბობს ჯორჯ მენეშიანი, ათენში მცხოვრები სირიის ექსპერტი, რომლის ოჯახის წევრებიც ალეპოში ცხოვრობენ. მენეშიანის თქმით, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად ბევრი ქრისტიანი კვლავ ფრთხილობს. 

"იმ შემთხვევაში კი თუ დაჯგუფების ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი პატივს სცემენ უმცირესობებს, გასათვალისწინებელია, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ თითოეულ მებრძოლს"- ამბობს მენეშიანი. 

მართლაც, ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის რიგებში ათასობით უცხოელის, ჩეჩენის, თურქის, ერაყის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სინძიანიდან წამოსული მებრძოლები საერთაშორისო თანამეგობრობის შფოთვის მთავარი ობიექტია. 

2020 წელს საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფთან გამართული შეხვედრის დროს ალ-ჯულანიმ განაცხადა, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენენ საფრთხეს არავისთვის სირიის გარეთ. 

"რაც შეეხება უიღურებს, რომლებსაც ჩინეთში დევნიან, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ, მათ უბრალოდ არსად აქვთ წასავლელი. მე ცხადია მათ მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ მათი ბრძოლა ჩინეთში არ არის ჩვენი ბრძოლა. ამიტომაც მათ ვეუბნებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სანამ წესებს ემორჩილებით, რასაც ისინი აკეთებენ"- ამბობდა ალ-ჯულანი. 

2021 წელს PBS-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ალ-ჯულანი ამბობდა, რომ ის არ ნანობდა, რომ 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტებს აღნიშნავდა და ასევე არც იმას, რომ ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ იბრძოდა. 

"ერაყში ამერიკის ინტერვენცია არ ყოფილიყო არც წინააღმდეგობა იქნებოდა. 11 სექტემბრის დროს არაბულ ან უფრო ფართედ მუსლიმური სამყაროში მცხოვრები ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ არ გაუხარდა ტერაქტები გატყუებთ, მაგრამ მათთვის უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მიუღებელია"-ამბობდა ალ-ჯულანი. 

ამასთანავე ცნობილია, რომ ალ-ჯულანის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიები უფრო კარგად არის ადმინისტრირებული, ვიდრე ჩრდილოეთ სირიაში სხვა აჯანყებულების ტერიტორიები. ისლამური სახელმწიფოსგან განსხვავებით ალ-ჯულანის დაჯგუფება ნაკლებად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში, მამაკაცებს არ აძელებენ წვერისა და თმის კონკრეტული ვარცხნილობის ტარებას, ხოლო ქალებს თავიდან ფეხებამდე რელიგიური სამოსით სიარულს. იდლიბში ამ დრომდე მუშაობს ქალთა რამდენიმე თავშესაფარი. 

"ჩვენ გვეშინია, რომ ისინი შეიცვლებიან, მაგრამ დროისთვის ისინი ჩვენს საქმიანობაში არ ერევიან"- ამბობს ასმა ეიშა, იდლიბში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. 

ალ-ჯულანის წარმატების მთავარ მიზეზად ექსპერტები ბოლო 4 წლის განმავლობაში საკუთარი საბრძოლო პოტენციალის ზრდას, დისციპლინის დამყარებას, სირიის არმიის ყოფილი ოფიცრების მჭიდრო ინტეგრირებასა, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის გაზრდილ კოორდინაციას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ასახელებენ. 

ალ-ჯულანის არმიას ჰყავს კარგად მომზადებული და გაწვრთნილი დრონების დანაყოფი, რომელმაც ბრძოლის ველზე თამაშის წესები ამოაყირავა. 

"სამხედრო სამუშაოს გარდა, შთამბეჭდავი იყო ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მუშაობა ველზეც, მათი კომუნიკაცია სხვადასხვა ტომებთან, რელიგიურ უმცირესობებთან და იდლიბს გარეთ მცხოვრებ სოციალურ ჯგუფებთან"- წერს სირიის ექსპერტი ჩარლზ ლისტერი. 

ამ დროის განმავლობაში ალ-ჯულანის დაჯგუფებამ დიპლომატიური გამოცდილებაც შეიძინა, რომელიც იერიშის დაწყების შემდეგ სრული ძალით აამუშავა. არაერთ პროვინციაში სუნიტურ დაჯგუფეფებთან წინასწარი კომუნიკაციის ფონზე, მათ ბევრი დასახლებული პუნქტი უბრძოლველად დაიკავეს. გასულ დღეებში ალ-ჯულანის დაჯგუფებამ პრევენციული კომუნიკაცია აწარმოა როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და მკაფიო გახადა, რომ მიმდინარე აჯანყება მათ წინააღმდეგ არ არის მიმართული. 

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ალ-ჯულანი ბევრს საუბრობს ნახევრად ტექნოკრატიულ მთავრობაზე, ამ თვალსაზრისით მას იდლიბში წარმატებული გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იდლიბში გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობს მისამართები და სოციალური სერვისები, მეტიც, კორონავირუსის პანდემიის დროს ალ-ჯულანის კვაზი-მთავრობა ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ასადის რეჟიმი. 

ამგვარად, ალ-ჯულანი აჰრალ ალ-შამის პირველი თაობის ლიდერების ხედვას მიჰყვება, რომლებიც სალაფიტური ჯიჰადისგან რევოლიუციურ ნაციონალიზმამდე ევოლუციაზე საუბრობდნენ. 

ასადის რეჟიმის მოულოდნელი და გამაოგნებელი კოლაფსი მისი მთავარი მოკავშირეების დასუსტების შედეგია. 

ალეპოზე კონტროლის დასაბრუნებლად ბაშარ ასადის ძალებს, ჰეზბოლასა და რუსეთის არმიას 4 წელზე მეტი დასჭირდა, მაშინ ეს სირიის სამოქალაქო ომში გარდამტეხ მომენტად მიიჩნეოდა. 

ლიბანური ჰეზბოლა, სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი ისრაელზე ჰამასის ტერიტორისტული თავდასხმის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა არ გარეულიყო ახალ რეგიონულ დაპირისპირებაში. ბოლო თვეებში ასადმა სცადა სპარსეთის ყურის მონარქიებთან ურთიერთობების ნორმალიზებაც, რომლებიც ომის წლებში აჯანყებულების უმსხვილესი სპონსორები იყვნენ. ასადის მანევრირების მიუხედავად, სირია მაინც გაეხვა იმ პროცესებში, რომლებიც ამ დროისთვის განსაზღვარვს ახლო აღმოსავლეთის მომავალს.

პუტინი და ირანის აიათოლების რეჟიმი ამ დროისთვის ჩართულები არიან დაპირისპირებაში, რომლებიც მათ არსებობას და ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს და ამ მოცემულებაში მათთვის სირია უკანა პლანზე რჩება. 

გასულ წლებში სამივე მოთამაშემ სხვადასხვა ხარისხით სტრატეგიული მარცხი განიცადა, ხოლო სირიელი აჯანყებულების მთავარმა მხარდამჭერმა, თურქეთმა შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

კომენტატორების შეფასებით, სირიის არმიის ჩავარდნის მთავარი მიზეზი ისრაელის მიერ რუსული და ირანული შეიარაღებით აღჭურვილი ჰეზბოლას სტრატეგიული დასუსტებაა. ჰეზბოლა ასადის მხარეს მებრძოლი ყველაზე ეფექტური სახმელეთო დანაყოფი იყო, რომლებმაც სამოქალაქო ომის წლებში აჯანყებულების დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს. 

მაგრამ, გასული წლის ოქტომბერში დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და ისრაელს ე.წ. ჰამასთან სოლიდარობის ფრონტი გაუხსნა. პარალელურად ჰეზბოლამ შეიარაღებისა და დანაყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიბან-ისრაელის საზღვარზე გადაისროლა, იმ იმედით, რომ ისინი კარგად გათვლილ კამპანიაში ერთვებოდნენ, თუმცა დაჯგუფებამ განიცადა სხვა არაფერი, თუ არა სამხედრო კატასტროფა. 

გასულ თვეებში ისრაელმა პრაქტიკულად სრულად გაანადგურა ჰეზბოლას უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის თავად ნასრალაც. ლიბანში სახმელეთო ოპერაციის შედეგად ისრაელმა უკუაგდო ჰეზბოლა სასაზღვრო ზოლიდან და აიძულა ცეცხლის შეწყვეტის სეპარატული ხელშეკრულების გაფორმება. 

"ჰეზბოლა ძალიან დასუსტებულია, ამან ვაკუუმი წარმოშვა, მიუხედავად იმისა, რომ ალეპოში რეჟიმის ძალები იდგნენ, ისინი არ იყვნენ გაწვრთნილები და დისციპლინირებულები, მათი გაქვევის გეგმაც კი კატასტროფული იყო",- ნავარ საბანი, ჰარმონის ცენტრის თანამედროვე კვლევების ცენტრის ექსპერტი. 

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალი რანგის გენერალი მოკლა. ხოლო პასუხად ისრაელზე განხორციელებული დემონსტრაციული სარაკეტო დარტყმები, ისრაელის ავიაციის მირ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებითა და პოლიტიკური პრესტიჟის შელახვით დასრულდა. 

2015 წელს ასადის გადასარჩენად სირიის სამოქალაქო ომში ჩართვას რუსეთი უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომელმაც რეგიონში ამერიკის დომინაცია დაასრულა. შემდეგ იყო 2022 წლის 24 თებერვალი, რომელიც პუტინის მიერ დაგეგმილი სწრაფი გამარჯვების ნაცვლად, ხანგრძლივ და სისხლიან გამოფიტვის ომში გადაიზარდა. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის დანაკარგები ცოცხალ ძალაში ნახევარ მილიონს აჭარბებს, გარდა ამისა, განადგურებულია ჯავშანტექნიკის პარკის ნახევარზე მეტი. კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერი, რომელიც სირიაში კრიტიკულ ფუნქცია ჰქონდა განადგურებულია, ხოლო დაჯგუფების ლიდერები, ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი 2023 წლის აჯანყებიდან 2 თვის შემდეგ ავიაკასტროფაში დაიღუპნენ. 

რუსეთის ავიაციას, რომელმაც ასადის რეჟიმის გადარჩენაში პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი შეასრულა, არ განუცდია ისეთი მძიმე დანაკარგები, როგორც სახმელეთო ძალებს, თუმცა მათი რესურსების უდიდესი ნაწილი ამ დროისთვის უკრაინისკენაა მიმართული.  

კომენტატორების შეფასებით, აჯანყებულების მიერ იერიშის დრო კარგად შეირჩა და ის ლიბანში ჰებზოლასა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის გაფორმებას დაამთხვიეს. 

"აჯანყებულები მზად იყვნენ და ჩემი აზრით თურქები მათ აკავებდნენ, მაგრამ ახლა ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა და უკვე აღარ არის აღქმა, რომ ალეპოზე შეტევით, ქვეყანა ისრაელს მტერს ებრძვის",- ამბობს სირიაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, რობერტ ფორდი. 

მთავარი მოულოდნელობა ისაა, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის არნახული ინტერნაციონალიზაციის, (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ, ისრაელის ავიაცია და ათასი ჯურის და სხვადასხვა ქვეყნების პროქსი დაჯგუფებების) მიუხედავად, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უშუალოდ სირიელების შემუშავებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და თავიანთი ხელით ამ გეგმის აღსრულების შედეგია. 

წყარო:https://realpolitika.ge/

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати