USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
ჟურნალი "Newsweek" (აშშ): „ბრძოლა უკრაინული ტიტანისათვის“
дата:  651

ამერიკული ჟურნალ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულია სტატია „ბრძოლა უკრაინული ტიტანისათვის“ (ავტორი - დევიდ ბრენანი). მასში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის კიევისადმი დახმარების ერთ-ერთი მოტივი ისიც არის (სავარაუდო გამარჯვების პერსპექტივით), რომ უკრაინაში ტიტანის მდიდარი საბადოებია, რომელიც ამერიკას არ აქვს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„გასულ წელს აშშ-სა და ევროპის ქვეყნების (ნატოს, ევროკავშირის) მიერ კიევისადმი გაწეულმა დახმარებამ დასავლეთისა და უკრაინის ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. რუსეთის პრეზიდენტის არმიის შეჭრამ უკრაინაში კრემლისთვის მოულოდნელი უარყოფითი შედეგი მოიტანა - უკრაინა სულ უფრო ღრმად „ჩაეხუტა“ ევროატლანტიკურ ბლოკს და განამტკიცა კიევის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ.

ამჟამად ამერიკისა და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი უკრაინაში იმით გამოიხატება, რომ ისარგებლონ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სიმდიდრით - იმ ლითონით, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს ახალი სამხედრო ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვაში, თანაც ამით სამომავლოდ შეაკავებენ და დაუპირისპირდებიან როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს.

ლითონი, რომელზეც ვსაუბრობთ, ტიტანია. ეს არის მსუბუქი, მაგრამ ძალზე მყარი და მტკიცე ელემენტი, რომელსაც იყენებენ როგორც ავიაგამანადგურებლებისა და ვერტმფრენების აწყობის დროს, ასევე სამხედრ-საზღვაო ტრანსპორტის აგებაში (გემები, წყალქვეშა ნავები), ტანკების, შორი მოქმედების რაკეტების შექმნაში და ა.შ.

თუ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, ამერიკა და მისი მოკავშირეები ძალზე მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან - ისინი ხელში ჩაიგდებენ ტიტანის საბადოებს, შექმნიან „ტიტანის მილსადენს“ და მსოფლიოს ამ ლითონით მოამარაგებენ, ხოლო თუ რუსეთი დაეპატრონება ტიტანის საბადოს და მადნის გადამამუშავებელ ქარხნებს, მოსკოვი გააძლიერებს თავის გლობალურ გავლენას ამ სულ უფრო მოთხოვნად სტრატეგიულ რესურსზე.

აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტიტანის კლასიფიცირება მოახდინა და ეს ლითონი იმ 35 ნედლეულის სიაში შეიტანა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ამერიკის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის. ტიტანი აშშ-ში მცირე რაოდენობით მოიპოვება და აქედან გამომდინარე, თავისთვის საჭირო ამ ლითონის 90%-ს ამერიკა იმპორტით იღებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა მსოფლიოს იმ შვიდ ქვეყანაში შედის, სადაც ტიტანის მადნის კონცენტრატს (ე.წ. „ღრუბელს“) ამზადებენ, ანუ ლითონური ტატანის გამოსადნობ ნედლეულს. აქვე ვიტყვით, რომ რუსეთს და ჩინეთს - ამერიკის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს - ტიტანის ყველაზე მდიდარი საბადოები აქვთ.

მოსკოვის მიერ თავისი ბუნებრივი სიმდიდრეების იარაღად გამოყენებამ ვაშინგტონი და ნატოს ქვეყნების სხვა დედაქალაქები შეაშფოთა - ვაითუ მოსკოვმა ტიტანის ექსპორტის მიმართაც ისე იმოქმედოს, როგორც ენერგომატარებლებით დროს იმოქმედა - შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს კრემლმა ტიტანის გატანა შეწყვიტოს და დასავლეთის აეროკოსმოსური და თავდაცვითი კომპანიები რთულ მდგომარეობაში ჩააგდოს.

თუ რაოდენ დიდია დასავლეთის დამოკიდებულება რუსული წარმოების ტიტანზე, ისიც ადასტურებს, რომ დღემდე ამ ლითონის ექსპორტზე სანქციები დაწესებული არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკულ აეროკოსმოსურ გიგანტს „ბოინგს“ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ერთობლივი საწარმო მძლავრ რუსულ კომპანია VSMPO-სთან (რუსული აბრევიატურით - „ვერხნესალდინსკოე მეტალურგიჩესკოე პროიზვოდსტვენნოე ობედინენიე“), ევროპული „ეარბასი“ კი რუსულ ტიტანს დღემდე ყიდულობს.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მეტი თვთმფრინავებისა და სხვა იარაღის წარმოებისათვის მეტი ტიტანია საჭირო, მაგრამ ისმება კითხვა - საიდან შეიძლება მის იმპორტირება? საიდან და უკრაინიდან: გასული წლის ბოლოს კონგრესში თავდაცვითი ხარჯების განხილვის დროს სახელმწიფო დეპარტამენტს წინადადება მიეცა, რომ შეისწავლოს ტიტანის იმპორტის საკითხი უკრაინიდან, როგორც რუსული და ჩინური ტიტანის პოტენციული ალტერნატივა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უამრავი მიზეზი ჩამოთვალა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. უკრაინის ტიტანის საბადოები მას არ დაუსახელებია, მაგრამ მათი ხელში ჩაგდებაზე მოსკოვი უარს ნამდვილად არ იტყოდა. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, უკრაინის ტიტანის მადნის საბადოები ზუსტად იმ რეგიონებში მდებარეობს, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული - სამხრეთი და აღმოსავლეთ ნაწილებში. დღეისათვის მოსკოვის ხელშია ტიტანის ორი დიდი საბადო.

უკრაინაში ტიტანის წარმოებას ფლობდა დიმიტრი ფირტაში, ბიზნესმენი და ოლიგარქი, რომელიც ახლა დევნილობაშია და იძულებულია ავსტრიაში ცხოვროს. მას ტიტანის საწარმოები ჰქონდა ზაპოროჟიეში და ყირიმში, რომელიც ომის წინ რუსეთს მიჰყიდა.

როგორც ანდრეი ბროდსკი, ტიტანის მწარმოებელი უკრაინული კომპანიის  Velta-ს გენდირექტორი ამბობს, კრემლს ომის პირობებში სულ უფრო მეტი ტიტანი ჭირდება. „ის რაკეტები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად მოფრინავენ უკრაინისკენ, ძალიან დიდი რაოდენობის ტიტანს შეიცავენ. შესაბამისად, თუ ომი გაჭიანურდება, რუსეთს შეიძლება ტიტანის დეფიციტი გაუჩნდეს“, - განმარტავს იგი.

თავის მხრივ, ამერიკასაც სურს ტიტანით მტკიცედ იყოს უზრუნველყოფილი, ამისათვის კი უკრაინა ფრიად მიმზიდველი ხდება, რომელსაც ეკონომიკის აღსადგენად უამრავი ფული და მძლავრი ინვესტორები ჭირდება. სავარაუდოდ, ეკონომიკის რეკონსტრუქციისათვის კიევს 1 ტრილიონი დოლარი დაჭირდება - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ამ მიზნით ტიტანის მრეწველობა ერთ-ერთი წყარო გახდება უცხოელი ინვესტორების მისაზიდად. როგორც სტივენ ბლანკი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას შეუძლია დასავლეთს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტიტანი მიწოდოს.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხში დიდი როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. უკრაინის ტიტანის მრეწველობა ომამდე კორუფცია „ჭამდა“, ახლა კი საომარი მოქმედებების გამო ფაქტიურად გაჩერებულია. თუმცა შეიძლება გამოსავალი მოინახოს“, - ამბობს „ველტას“ გენდირექტორი ანდრეი ბროდსკი. მისი აზრით, უკრაინული ნედლეულის საფუძველზე ლითონური ტიტანის ქარხნები შეიძლება საზღვარგარეთ აშენდეს, მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე აშშ-ში: „ყველასათვის აშკარა ხდება, რომ ამერიკა დარწმუნებული უნდა იყოს ტიტანით უწყვეტ უზრუნველყოფაში და ამისათვის ქვეყნის შიგნით გარკვეული საწარმო უნდა არსებობდეს. უკრაინას ამ მიზნით ტექნოლოგია აქვს“.

„ტიტანის წარმოებას ინვესტიციები და აშშ-ის მთავრობის მეტი ყურადღება ჭირდება“, „ეუბნება „ნიუსვიქს“ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელი, - გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სრულიად შესაძლებელი გახდება ჩვენი მეგობარი უკრაინიდან“.

წყარო: https://www.newsweek.com/battle-ukraines-titanium-1777106

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати