USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ზედა დიმის დიდებული ტაძრის და მისი წინამძღვრის მამა იოანე ყურაშვილის შესახებ
дата:  1207

ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, მარიამობის წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის წინამძღვარს მამა იოანე ყურაშვილს ინტერვიუზე შევუთანხმდი.

ძნელად წარმოსადგენია და უმრავლესობისთვის უცნობია დიმის ეკლესიის მშვენიერება და ეს ტაძარი გაცილებით დიდებულია, ვიდრე ნებისმიერი ერთი სოფლის ეკლესია შეიძლება იყოს. ასევე დიდებულია ტაძრის წინამძღვრის დიდი ოჯახის ამბავიც. ამიტომ , გულწრფელად შემიძლია ვთქვა, ინტერვიუს მოლოდინში , ჯერ კიდევ არ ვიცოდი პირველს რას ვკითხავდი მამა იოანეს.

ამ ფიქრებში თვალებციმციმა პატარა გოგონამ ჯერ წრე დამარტყა, კარგად შემათვალიერა და გამეცნო : - მე ანა მქვია  6 წლის ვარ. აბა გამოიცანი ჩემი დედიკო რა გვარია? " ჩამოვუთვალე რამდენიმე ადგილობრივი გვარი, უცებ რაც გამახსენდა და ბოლოს დავნებდი. ანას დედიკო აღმოჩნდა ყურაშვილი, მამა იოანეს შვილი. ანას ჩემი მიუხვედრელობა მაგრად გაუკვირდა და როგორც უცებ გაჩნდა, ისე უცებ გაქრა ტაძრის ეზოში, სოფლის სასაფლაოზე. მერე მესანთლის და ანას დედიკოს ხმა ისმოდა, ეძახდნენ, იპოვეს.

ამასობაში ინტერვიუც დავიწყეთ. 

-ინტერნეტში თითქმის არ მოიპოვება ინფორმაცია ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ. არადა, არც ისე უმნიშვნელო ტაძარია. როგორ მოხდა, რომ ასე სრულყოფილი, თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე ?

- ჩემი სოფლის მაცხოვრებლების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ფარეხად არ გადააქციეს, არც კინოთეატრად, ყველაზე ცუდ შემთხვევაში აქ ინახავდნენ სოფლის მეურნეობისთვის საჭირო, მაგალითად ვაზის შესაწამლ წამალს. არ იყო იავარყოფილი, შეინარჩუნა სოფელმა და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ. იმიტომ, რომ იმ პერიოდში უამრავი ტაძარი დაანგრიეს, შეურაცხყოფდნენ და უპატიოდ ეპყრობოდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ძვირფასი სოფლის მაცხოვრებლებმა ეს საუნჯე შეინარჩუნეს.

მამა იოანე ყურაშვილი

- როგორია თავად ტაძრის აგების ისტორია ?

- 1907 წელს დაიწყო მისი მშენებლობა და 1912 წელს დასრულდა. მშენებლები იყვნენ დაქირავებული ბერძნები , იოანე ბერძენის წინამძღოლობით და ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. მოგეხსენებათ, საქართველო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ამის გათვალისწინებით დარბაზული ტაძარია ხის გუმბათით. სულ ადრე წმინდა გიორგის ეკლესია ყოფილა ცოტა ზემოთ, ის ტაძარი დანგრეულია და შემდეგ აქ გადაუწყვეტია მოსახლეობას აეშენებინა, კარგი ჰაეროვანი მზიანი ადგილია. ქვევრებიც არის აღმოჩენილი, ანუ ნამოსახლარი იყო ეს ადგილი. თავიდან ყოფილა საუბარი აგურის გამოყენებაზე, შემდეგ აქაური ქვით მოაპირკეთეს, ადგილობრივი ქვაა, ურმებითაა მოტანილი. ავალიანების გვარი ფიქგურირებს ძირითადად მშენებლობის საკითხებში. თუმცა, ყოველი გვარი, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს, მონაწილეობდა, ზოგი ხის ხელოსანი იყო, ზოგი ქვაზე მუშაობდა, სოფლის ერთიანობით აშენდა ეს ძვირფასი ტაძარი.

- დიდი იშვიათობაა, რომ კანკელი ასე ხელუხლებლად გადარჩა...

- მადლობა ღმერთს, კანკელის ხატები პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული. სოფელს მადლობა, რომ სახურავი დაზიანებული იყო და კომუნისტების პერიოდში მოახერხეს, დაიქირავეს ადამიანები და გადახურეს, რესტავრაცია ჩაუტარეს.

- როდის აღდგა ღვთისმსახურება ამ ტაძარში და თქვენ რამდენი წელია, რაც წინამძღვარი ხართ?

- 90 იან წლებში, ეროვნული მოძრაობის დროს მეუფე კალისტრატეს მიერ მოხდა აღდგინება. შემდეგ, 1996 წელს შეიქმნა ვანი - ბაღდათის ეპარქია. სივრცით ეს ტაძარი საკმაოდ დიდია და მეუფე ანტონი როდესაც ჩამობრძანდა ბაღდათში, ვიდრე საკათედრო ტაძარი აშენდებოდა, საკათედრო ტაძრად ჩვენი ეკლესია ამოირჩია. 1998 წლის გაზაფხულიდან აქ ვმსახურობ. ამ ტაძარში ვეკურთხე დიაკვნად, 1997 წლის 20 ივლისს და იმავე წლის 26 ოქტომბერს მღვდლად. რამდენიმე თვე ვიმსახურე როკითის ფერისცვალების ტაძარში და შემდეგ აქ ვარ.

ac5b14de-d4bc-41f7-a887-0d63b1f10db7

- თქვენ ხართ მრავალშვილიანი ოჯახიდან, 9 და - ძმა, აქედან 5 სასულიერო პირი გახდა. პირველი ეკლესიაში მივიდა უფროსი ძმა - მამა ანდრია ყურაშვილი, გამორჩეული საეკლესიო პირი, რომელიც 1993 წელს კამანში დახვრიტეს... საეკლესიო მოღვაწეობა ოჯახის სხვა წევრებმა ამის შემდეგ გადაწყვიტეთ?

- პირველ რიგში, მშობლებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ჩვენს არჩევანში. მამა გვასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს. მამამ შეუქმნა და დაუტოვა ბაღდათს ეთნოგრაფიული მუზეუმი. მივყავდით ნატაძრალებზე, ნაციხარებზე, ექსპონატების ჩამოტანაშიც ვმონაწილეობდით. მერე ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო პაატა ( მამა ანდრია ) ყურაშვილი ჩაერთო. მამა ილია კარკაძემ სახარების შესახებ მოუთხრო. შემდეგ ახალი აღთქმა წაიკითხა და მის მერე სულიერ ყოფაზე გადაეწყო. რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ გავყევით ამ გზას.

მე მღვდელი ვარ. მამა ელიზბარი, ჩემი უმცროსი ძმა, მარტყოფში მონასტრის იღუმენია. დედა შუშანიკი არის მაღლაკში, მეუფე ნიკოლოზთან და უმცროსი და ლეკასია არის ფერისცვალების მონასტერში. ცხრა დედმამიშვილი ვიყავით სულ, შვიდნი დავრჩით. მამას სიცოცხლე უყვარდა. თუ ბავშვობაში ჩიტს მოვკლავდით, ძალიან ღიზიანდებოდა. გვეუბნებოდა, რას ერჩით, სიცოცხლე უძვირფასესიაო. ხანდახან ლამაზ ხოჭოს მოგვიყვანდა, გვაჩვენებდა. აღიარებდა შემოქმედს და ბუნებას.ადამიანს, რომელსაც უფლის ქმნილების სიყვარული გააჩნია უფლამდეც მივა. პაატა სახელიც საკრალური იყო, მამამ დაარქვა და პაატამ სახელი გაამართლა - ზვარაკად შეეწირა სამშობლოს.

მე მაშინ 25 წლის ვიყავი, ის 27 ის, ტრაგიკული იყო, მაგრამ საამაყო, რაც მოხდა. ხაზის რადიო იყო ადრე და იქ მოისმინა მამამ, კამანშიო მოძღვარი დაუხვრეტიათო და ეს პირდაპირ დედაჩემს უთხრა. დედას გონი წაერთვა, 2-3 დღის მანძილზე ძალიან ცუდად იყო. მერე რომ მოეგო გონს, თვითონ გააცნობიერეს ჩემმა მშობლებმა , რომ ამისთვის აღზარდეს შვილი, თან სახელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეოთხე შვილი იყო, მაგრამ უფროსი ვაჟი.

fb4cff45-316d-4dc5-b255-ed8b223f9c86

ყურაშვილების ოჯახი

- თქვენი და-ძმების სახელები რომ ჩამოგვითვალოთ ...

- ნონა ( ნონა გაფრინდაშვილის საპატივცემულოდ დაარქვა მამამ და ლექსიც დაუწერა ნონა გაფრინდაშვილს), ცირა, ლელა, პაატა - მამა ანდრია , ვარაზი - მე, გაგა, მაკა - შუშანიკი, იმედა - ელიზბარი, ნათია - კასია.

16be8376-dc16-455d-9cff-34fa1be94886 (1)

 

მამა ანდრია - პაატა ყურაშვილი

 

c1d1d8ad-f8dc-430b-9668-ec897b6c849a

მამა ელიზბარი - იმედა ყურაშვილი

 

d2be6a8b-6216-49bf-91ee-ca0a3a30cf93

მონაზონი დედა კასიანა, მამა ანდრიას ნაბოლარა და, რომელსაც ჯარის წერილებში პაატა სანთალიას ეძახის.

ავტორი: ესმა ონიანი

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати