USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
თარიღი:  1656

2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღსა და მის გარშემო დაწყებულმა სამხედრო ესკალაციამ მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია ორივე მხარეს (საუბარია ათეულობით დაღუპულსა და ასეულობით დაჭრილზე როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებში), ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით სახმელეთო და საჰაერო დანიშნულების სამხედრო ტექნიკა.

ამ „გაყინული“ კონფლიქტის „გალღობამ“ სერიოზული საფრთხეები და გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანის, არამედ მთლიან რეგიონსა და, განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებს.

კონფლიქტის შემდგომი ინტენსიფიკაციისა და დროში გაწელვის შემთხვევაში, საქართველოსაც გაუჩნდება მთელი რიგი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სახის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა და გამკლავების გზების დასახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საბრძოლო მოქმედებების ამსახველი რუკა

 

სამხედრო-პოლიტიკური განზომილება

ყარაბაღის კონფლიქტი თბილისისთვის ქმნის  შემდეგი სახის სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებსა და გამოწვევებს:

  • რაც უფრო გაიწელება დროში კონფლიქტი, ოფიციალურ თბილისს, დიდი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაინც გაუჭირდება სრული „ნეიტრალიტეტის“ შენარჩუნება. არაა გამორიცხული, რომ მეომარი მხარეები სხვადასხვა ფაქტის მოშველიებით შეეცადონ საქართველოს დადანაშაულებას მოწინააღმდეგის მიმხრობაში/დახმარებაში.
  • კონფლიქტის განახლების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის საკმაოდ მტკივნეულია ყარაბაღის საკითხი, რომელსაც მათი სწრაფი მობილიზება/კონსოლიდაცია შეუძლია: მხარდამჭერი და საპროტესტო მიტინგები, დახმარების მიზნით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სურვილი, ტვირთის გაგზავნის მცდელობა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის  გადაკეტვა სატვირთო ავტომობილებისთვის, სომხეთთან დამაკავშირებელი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გადაჭრა-დაზიანება და ა.შ. კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, მოსალოდნელია მსგავსი და შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალური სახის ქმედებების მატებაც.
  • „კუხოს“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) შესაბამისი მუხლების ამუშავების შემთხვევაში, რუსეთმა სომხეთთან პირდაპირი სახმელეთო კორიდორით დაკავშირებისათვის შესაძლოა  საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოითხოვოს. ოფიციალურ თბილისს კი ამ მიმართულებით რეალური სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები საკმაოდ შეზღუდული აქვს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კორიდორის გაჭრის ფაქტს  შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს მთელი ქვეყნისთვის.
  • ყარაბაღის კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, საკმაოდ დასუსტდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც, რაც გაზრდის რუსეთზე მათი დამოკიდებულების ხარისხს. შესაბამისად, კავკასიაში გაიზრდება რუსეთის გავლენა, რაც არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში.

 

ეკონომიკური განზომილება

ყარაბაღის კონფლიქტს მასში მონაწილე მხარეებისთვის სოლიდური ეკონომიკური განზომილებაც აქვს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე ისედაც დასუსტებული ეკონომიკებისთვის ომის ტვირთის დამატება სერიოზულად აისახება მათ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც.

ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ უკვე უარყოფითად იმოქმედა თურქულ ლირაზეც, რომელიც 29 სექტემბერს 3%-ით გაუფასურდა. თურქული ლირის ნებისმიერი გაუფასურება კი დამატებით სირთულეებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, რადგან უკვე წლებია ეს ქვეყანა ჩვენთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს ამ ქვეყანაში, რომლებიც ანაზღაურებას თურქულ ლირებში იღებენ. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მატ უფრო ნაკლები მყარი ვალუტის შეძენა და საქართველოში გამოგზავნა შეეძლებათ.

თურქეთის გარდა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც.

ამასთან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება. ასევე, ამ ქვეყნების (პლიუს სომხეთის) მილიონობით მოქალაქე  ტურისტული მიზნით ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს. ამიტომ კონფლიქტის დროში გაწელვის შემთხვევაში, ყველა ამ მიმართულებით საქართველოშიც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან კლებას და, შესაბამისად, ეკონომიკური სახის სირთულეებს.

აქ ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთის კორიდორი და ა.შ.) საკითხიც, რომლებიც კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში გამორიცხული არაა სამიზნეებად იქცნენ (მით უმეტეს, მხარეები აღნიშნავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უკვე უშუალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, თოვუზის რაიონშიც, დაიწყო, სადაც გადის ყველა ზემოხსენებული პროექტის ხაზები). ეს კი დამატებით რისკებს და საფრთხეებს უქმნის მთელი რეგიონისა და, მათ შორის ,საქართველოს ეკონომიკას.

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი პროექტები

 

ჰუმანიტარული განზომილება

ფართომასშტაბიანი ომისა და, განსაკუთრებით, მხარეთა მიერ ახალი ტერიტორიების დაკავების/შეტევების შემთხვევაში, გამორიცხული არაა გაჩნდეს ლტოლვილთა ახალი ნაკადები. თუ ეს მოხდება, შესაძლოა ლტოლვილთა ნაწილი საქართველოსკენაც დაიძრას, რაც ახალი სახის გამოწვევების წინაშე დააყენებს ოფიციალურ თბილისს.

ასევე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული განზომილება აქვს სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე მეწამორის ატომური ელექტროსადგურის საკითხს. ა.წ. ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის მორიგი გააქტიურების დროს, სომხური მხარის განცხადების საპასუხოდ (რომელიც ეხებოდა მინგეჩაურის წყალსაცავზე შესაძლო შეტევის მიტანას), აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაგიფ დარგიაჰლმა განაცხადა: „სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების ულტრათანამედროვე სარაკეტო სისტემას უნარი აქვს ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც უდიდესი ტრაგედია იქნება სომხეთისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ეს ატომური ელექტროსადგური თურქეთ-სომხეთის საზღვრიდან, სულ რაღაც, 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი დაზიანება სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოქმნის როგორც სომხეთში, ისე თურქეთის აღმოსავლეთ გუბერნიებსა და მთელ საქართველოში.

საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაციისა და დროში გაწელვის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს შესაძლოა დაემატოს ახალი გაუთვალისწინებელი გარემოებები და საკითხები, რომლებმაც, თავის მხრივ, შესაძლოა დამატებითი გამოწვევები და თავსატკივარი მოუტანოს საქართველოს.

 

დასკვნები:

  • ყველსათვის ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ადვილად ვერ მოგვარდება. უახლოეს ხანში მხარეებმა რომც მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ეს მაინც დროებითი ხასიათისა იქნება და ყოველთვის იარსებებს მისი დარღვევის შანსი (რაც გვაჩვენა კიდეც ამ კონფლიქტის ისტორიამ);
  • შესაბამისად, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოსთვის მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური;
  • სასურველია, დროულად დასრულდეს მუშაობა „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ ახალ ვერსიაზე (ძველს 2018 წელს გაუვიდა ვადა), სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა საფრთხე და გამოწვევა.

 

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.