თურქული გაზეთი „ევრენსელი“ (Evrensel) ბეჭდავს სტატიას სათაურით „თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს“ (ავტორი - ქიუბრა ქირიმლი), რომელშიც თურქეთის საგარეოპოლიტიკური საკითხებია განხილული, კერძოდ, ანკარის სურვილი გლობალურ ანტისადავლურ ბლოკში - BRICS-ში წევრად მიღებაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას თურქი ექსპერტების თვალსაზრისის შესახებ:
თურქეთის განაცხადმა BRICS-ის წევრად მიღების თაობაზე (BRICS//„ბრიკსი“//“ბრიჩი“ - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, პლუს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, არაბული საემიროები და ა.შ.) ქვეყანაში დიდი კამათი გამოიწვია. რამდენად მიზანშეწონილია ანკარის სურვილი „ბრიჩის“ წევრობაზე მაშინ, როცა ქვეყანა ნატოს წევრია? რა პერსპექტივას უქმნის თურქეთს იმ ორგანიზაციოს წევრობა, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი დომინირებენ?
„ევრენსელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოცენტი ჯერენ ერგენჩი ასეთ კომენტარს აკეთებს: „რუსეთი, რომლის საჭიროება ჩინეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული დიპლომატიური იზოლაციით გაიზარდა, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ პეკინის გავლენა როგორმე გაანეიტრალოს თურქეთისა და სხვა ქვეყნების წევრად მიღებით. კრემლს არ სურს, რომ „ბრიჩი“ ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციად გადაიქცეს“. სხვათა შორის, ეს ეხება აგრეთვე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასაც“.
„ორ ცხენზე ერთად ჯდომა შეუძლებელია“
თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი სტამბოლიდან და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი ნამიკ ტანი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთის განაცხადის არსებობა პირველად რუსეთისგან გახდა ცნობილი და არა ანკარის მხრიდან - ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. აკრიტიკებდა რა თურქეთის განაცხადს BRICS-ში გაწევრების თაობაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნამიკ ტანმა აღნიშნა: „ორ ცხენზე ჯდომა ერთდროულად შეუძლებელია“.
გავიხსენოთ ის ინციდენტი, როცა თურქეთმა რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექსის С-400-ის ყიდვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ავიაგამანადგურებელის F-35-ის პროექტიდან ამოგვაგდო. ჩვენ იმ დროს ნატოს თითქმის ყველა წევრი აგვიმხედრდა... ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა დაყოვნებული ბომბის ეფექტს გამოიწვევს ჩვენი წევრობა BRICS-ში. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი დიპლომატიურ უგუნურებას წარმოადგენს, დიპლომატიური თვითმკვლელობის მცდელობას“.
„BRICS-ის წევრობას ალტერნატივა არ აქვს“
BRICS-ის ირგვლივ დაწყებული დისკუსიის კომენტირებისას, დოქტორი ჯერენ ერგენჩი აღნიშნავს, რომ თურქეთის განაცხადი არ უნდა იქნას განხილული როგორც დასავლეთთან კავშირის გაწვეტა. „ამ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ და შეფასებებში არ უნდა გადავაჭარბოთ. „ბრიჩი“ არ არის ის სტრუქტურა, რომელიც ალერნატიულია დასავლური გაერთიანებების მიმართ. თურქეთის წევრობას მასში მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება.
ბევრს კითხვა უჩნდება - რით არის გამოწვეული თურქეთის სურვილი? იმით, რომ BRICS-ის წევრები უკვე გახდნენ თურქეთის მეზობლები, ბევრი მათგანი კი მსგავს სურვილს ამჟღავნებს. რეჯეფ ერდოღანის პოზიტიური დამოკიდებულება BRICS-ის მიმართ გამოწვეულია რეგიონში ბალანსის არსებობის სურვილით და არა საგარეო პოლიტიკის მაკროცვლილებებით.
„კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთი“, - ხაზს უსვამს ჯერენ ერგენჩი, - კრემლს უკრაინის ომის გამო ჩინეთთან ურთიერთობა სურს, მაგრამ არ უნდა პეკინის გავლენის გადაჭარბებული ზრდა. მოსკოვი წინააღმდეგია იმისა, რომ „ბრიჩი“ ჩინეთმა გააკონტროლოს. ამიტომ რუსეთისათვის აუცილებელია ჩინეთის გავლენის დასაბალანსებლად ორგანიზაციაში თურქეთის სახით მომხრე ჰყავდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ჩინეთს ბოლო დრომდე თურქეთის BRICS-ში მიღება არ სურდა, სანამ პეკინში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი არ ჩავიდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ვიზიტის შემდეგაც კი თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისაგან ჩინეთი მაინც თავს იკავებს“.
როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყნის BRICS-ში მიღება საკმაო პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, თუ რუსეთი შეეცდება და თავის ჯერ კიდევ არსებულ გავლენას გამოიყენებს, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.