USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Evrensel» (თურქეთი): „ის, ვინც უკრაინაში „მშვიდობაზე“ ლაპარაკობს, ომს აღვივებს“
თარიღი:  328

თურქეთის გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ის, ვინც უკრაინაში „მშვიდობაზე“ ლაპარაკობს, ომს აღვივებს“ (ავტორი - იუჯელ ოზდემირი). „უკვე ახლავე ჩანს, რომ შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც 15-16 ივნისს უნდა ჩატარდეს, ომის გრძელვადიანი შეწყვეტისა და დასრულების საკითხში ვერანაირ ქმედით დადგენილებას ვერ მიიღებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების არავითარი ნიშან-წყალი არ ჩანს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება „მშვიდობის სამიტის“ ჩასატარებლად შვეიცარიაში, რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები, მაგრამ მეორე მხრივ, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიწონეს და დაეთანხმნენ კიევის განზრახვას დაბომბოს რუსეთის ტერიტორია შორსმოქმედი იარაღით, რომლებიც მათ უკრაინას გადასცეს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რამდენიმე ხნის წინ გერმანული იარაღის გამოყენებას უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ „წითელ ხაზად“ თვლიდა. ბერლინი აცხადებდა, რომ ასეთი მოქმედება მოსკოვისა და ნატოს ერთმანეთთან შეტაკებას გამოიწვევდა, თუმცა ამჟამად კანცლერმა უარი თქვა თავის ადრინდელ პოზიციაზე და სამტავრობო კოალიციურ პარტნიორებთან - „მწვანეებთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, აგრესიულ და მეომრულ პოლიტიკაში ჩაერთო. გერმანიის მიერ ამასწინათ უკრაინისათვის გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Panzerhaubitze 2000 და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II განკუთვნილნი არიან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისათვის.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტმაც, ფაქტიურად, ნება დართო უკრაინელ სამხედროებს ამერიკული სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენონს. 

მართალია, ბერლინიც და ვაშინგტონიც კიევს მიუთითებენ, რომ ამერიკული და გერმანული იარაღი მხოლოდ ხარკოვის ოლქში უნდა გამოიყენონ და მხოლოდ რუსეთის საზღვრისპირა ზოლში, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბრძოლის ველზე სხვანაირად იქნება. რასაკვირველია, დიდი ალბათობით, რუსეთი შესაბამის საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რუსეთსა და ნატოს შორის სეტაკების საფრთხე გაიზრდება, რაც ალიანსში დავას გამოიწვევს. თუმცა საინტერესეოა ის ფაქტი, რომ გერმანია და აშშ გადაწყვეტილებებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში კი არ იღებენ, არამედ ცალკე მოქმედებენ და ნაბიჯებს ნატოელ პარტნიორებს არ უთანხმებენ. ალბათ, ვაშინგტონი და ბერლინი ერიდებიან იმას, რომ ნატოში რომელიმე წევრი ქვეყანა ვეტოს დაადებს უკრაინის დახმარებას შორსმოქმედი შეიარაღებით.

თუმცა ამ მხრივ ამერიკას და გერმანიას არც უსუალოდ ნატოს ხელმძღვანელობა არ ჩამორჩება - ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამას წინათ პრაღაში, როცა 32 წევრი ქვეყნის საგარე საქმეთა მინისტრების თათბირზე სიტყვით გამოვიდა, მათ მოუწოდა, რომ უკრაინას ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფა უზრუნველყონ. მოსალოდნელია, რომ გენმდივნის წინადადება ნატოს ვაშინგტონის სამიტზე იქნება განხილული, მიმდინარე წლის ივლისში. თუ მართლაც ყოველწლიურად მხოლოდ ნატოს ხაზით 40 მილიარდი ევრო იქნება შეგროვებული უკრაინისათვის, კიევი ომს აუცილებლად გააგრძელებს და მშვიდობაზე ლაპარაკი მხოლოდ ლიტონ სიტყვებად დარჩება.

გარდა ამისა, დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ ასეთი ხერხით ნატო უკრაინისათვის დახმარების გარანტირებას ფიქრობს - თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, კიევს ის მხარდაჭერას შეუმცირებს, 40 მილიარდი ევროს კი იგი ვერ დაემუქრება.

შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტის მიმართ მსოფლიოში საკმაოდ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს.

ჯერ ერთი, რომ სამიტზე რუსეთი არ არის მიწვეული. მეორე - სამიტს არ ესწრებიან არც ჯო ბაიდენი და არც სი ძინპინი - პირველი პიროვნულად (ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში ჰოლივუდელ მსახიობებს ხვდება შეწირულებების მისაღებად, შვეიცარიაში ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უნდა ჩავიდეს), მეორე კი - სახელმწიფოს მასშტაბით, ანუ თუ სი ძინპინი არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ პეკინიდან სამიტზე არავინ არ ჩავა.

საინტერესოა, რომ სინგაპურში ყოფნისას, ამ რამდენიმე დღის წინათ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთი შვეიცარიის სამიტის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა - პეკინი რიგი ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლას ახდენს, რომ მათ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღონო.

საერთაშორისო მასმედიის ცნობით, მსოფლიოს 193 წვეყნიდან (გაეროს წევრებიდან) შვეიცარიის სამიტში 106 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა ლიდერები ან თვითონ დაესწრებიან, ან თავიანთ წარმომადგენლებს გაგზავნიან. სხვათა შორის, BRICS+ის ბევრი წევრი ქვეყანა სამიტში არ მონაწილეობს - შვეიცარიაში, ჩინეთის, რუსეთისა და ბრაზილიის გარდა, არ იქნება ირანი, ეთიოპია, საუდის არაბეთი და სხვები. რაც შეეხება თურქეთს, ანკარა სამიტს დაესწრება.

წყარო: https://www.evrensel.net/haber/520051/ukraynada-baris-diyenler-savasi-korukluyor

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის