სიტყვები -“ჭირი” და “ქოლერა” ხალხის უმრავლესობაში შიშისგან ძრწოლას იწვევს. მათ წყევლადაც კი იყენებენ. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობდა სუპერგმირი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კაცობრიობისთვის მოვლენილი ეს უბედურება. ეს იყო ებრაული ფესვების მქონე უკრაინელი, ოდესის მოქალაქე ვლადიმერ ხავკინი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ინდოეთში მას მიენიჭა “მაჰათმას” წოდება, რაც ნიშნავს “ერის მამას”. ბომბეის ბაქტერიოლოგიურმა ინსტიტუტმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჭირისა და ქოლერის კვლევის ყველაზე დიდ ცენტრს მისი სახელი მიანიჭა, დედოფალმა ვიქტორიამ თავად წარადგინა მორდეჰაი ვოლფ ჰავკინი ინდოეთის იმპერიის რაინდის ორდენის კავალრად. მისი ხსოვნის კორომი დარგეს ისრაელში, თუმცა მშობლიურ ქალაქში, ბერდიანსკში, ხავკინის სახელობის მხოლოდ ერთი მცირე მუზეუმი არსებობს.
გასაკვირი არ არის, რომ მწერალმა ანტონ ჩეხოვმა დოქტორ ხავკინის შესახებ თქვა ”ეს არის ყველაზე უცნობი ადამიანი, დიდი ქველმოქმედი, რომელსაც ტაშს უკრავს მთელი ევროპა, მაგრამ სახლში იგი უცნობია”.
ხავკინმა გიმნაზია 1879 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში ის მეოცნებე იდეალისტ-რევოლუციონერების ჯგუფს დაუახლოვდა, რომლებიც თავიანთი იდეების გამო ტერორისტულ აქტებსაც არ ერიდებოდნენ. სწორედ ამიტომ, ხავკინი პოლიციის დაკვირვების ქვეშ მოექცა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამართული აქციების გამო, ის სასწავლებლიდან გარიცხეს, თუმცა 1884 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის საშუალება მაინც მისცეს. მიუხედავად ამისა, მას სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება ოდესაში აღარ შეეძლო, რადგან არასაიმედო პირად იყო მიჩნეული. როგორც ებრაელს, სამეცნიერო მოღვაწეობის უფლება რუსეთშიც არ მისცეს. მართლმადიდებლობის მიღება შესთავაზეს, თუმცა ხავკინმა უარი განაცხადა და 1988 წელს, თავის მასწავლებელს, მეჩნიკოვს შვეიცარიაში გაჰყვა და ლოზანის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1889 წელს მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაცობრიობას არა პოლიტიკური აქტიურობა, არამედ მეცნიერება გადაარჩენს.
1892 წლისთვის ვლადიმერ ხავკინმა შექმნა ქოლერის საწინააღმდეგო პირველი ეფექტური ვაქცინა.
სხვებისგან განსხვავებით, მეცნიერმა აირჩია უმოკლესი გზა, უფრო სწრაფი, ვიდრე ოცდაათი კურდღლის ორგანიზმით, თაობების შემდეგ ბაცილის გამომუშავება.
რადგან ბაცილა მრავლდება ხორცის ბულიონში, ხავკინმა ცხიმის წვეთები ჩაასხა. მიკრობები ცხიმიან ადგილს მოეჭიდნენ, გამრავლდნენ და როგორც სტალაქტიტი, ფსკერისკენ დაეკიდნენ. სანამ ამ შხამს ვირთაგვებში შეუშვებდა, მიკრობებით გაჯერებულ ფირფიტებს 60 გრადუსამდე აცხელებდა. შედეგად, პასტერიზაციამ მოკლა ბაქტერიები, მაგრამ შეინარჩუნა მათი ტოქსინი.
ხავკინმა ვაქცინა პირველად საკუთარ თავზე გამოსცადა. ჯერ ანტისხეულები შეუშვა ორგანიზმში, შემდეგ კი, ქოლერის გამომწვევი პათოგენები, რომელიც განეიტრალდა ერთი დღის განმავლობაში.
მეცნიერის სამშობლოში, მაშინაც კი, როდესაც ქოლერის ეპიდემია დაიწყო, უარი თქვეს ახალი ვაქცინის გამოყენებაზე. ასევე ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც არ ირწმუნეს ვაქცინის უსაფრთხოება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა, თუ როგორ კოლოსალური იყო ხავკინის აღმოჩენა გლობალური მასშტაბით. მათ ექიმს საშუალება მისცეს, ვაქცინა თავიანთ კოლონიაში – ინდოეთში გამოეცადა – ქვეყანაში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თითქმის მთლიანად, ქოლერით იყო პარალიზებული.
ზუსტად 125 წლის წინ, ხავკინი ჩავიდა ინდოეთში, როგორც სახელმწიფო ბაქტერიოლოგი. ახალგაზრდა მეცნიერი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს – მან მოაწყო კარვების ბანაკი და უმოკლეს დროში ააწყო ვაქცინის მასობრივი წარმოება. შემდეგ, თანაშემწეებთან, ოთხ ინდოელ ექიმთან ერთად გაემგზავრა კალკუტას მახლობლად, სოფელ კატალ-ბაგანში, სადაც დაავადებამ განსაკუთრებით იფეთქა. ამ სოფლის გლეხებმა მტრულად მიიღეს დასახმარებლად ჩასული ექიმები და იმ ადამიანებს, ვინც მეცნიერს გულშემატკივრობდა, ემუქრებოდნენ კიდეც.
გლეხებმა მათთან სასაუბროდ მისულ ხავკინს ქვები დაუშინეს, ინდოელ ექიმებს სურდათ მენიერი ადგილიდან გაეყვანათ, თუმცა მან მოულოდნელად გაიძრო პერანგი და ვაქცინა გაიკეთა. ამან შოკში ჩააგდო გლეხები. შედეგად, სოფლის მცხოვრებთა ნახევარზე მეტმა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადა და შემდგომში, არც ერთი მათგანი ქოლერით არ დაავადებულა. ორი წლის მძიმე შრომის შემდეგ, ეპიდემიით დაზარალებულ რაიონებში სიკვდილიანობა სამი მეოთხედით შემცირდა..
მაგრამ მალე ახალი უბედურება მოვიდა: 1896 წელს, შავი ჭირის ეპიდემიამ შეუტია ბომბეის, ინდოეთის სიდიდით მეორე ქალაქს. ხავკინმა შესთავაზა მის მიერ შექმნილი შრატების გამოყენება, თუმცა იმუნოლოგის მფარველმა ილია მეჩნიკოვმა და თავად ლუი პასტერმა ეჭვი შეიტანეს მასში. მიუხედავად ამისა, შედეგი წარმოუდგენელი იყო – 93% გარანტირებულ დაცვა.
ბრიტანეთში დაიჯერეს, რომ ხავკინი ჯადოქარი იყო. მას ბრიტანეთის მოქალაქეობა უბოძეს და ლაბორატორია გაუხსნეს, სადაც ვირთხებზე ცდები უნდა ჩაეტარებინა. ხავკინი დღეში 14 საათს მუშაობდა და ვაქცინა 3 თვეში უკვე მზად იყო.
პირველი ნიმუში ხავკინმა კვლავ საკუთარ თავზე გამოსცადა, რამაც საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა გააჩინა და მოსახლეობამ თანხმობა განაცხადა ვაქცინაციაზე.
1915 წელს მეცნიერი ინგლისის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე გასამგზავრებელი ჯარისკაცების ვაქცინირებას ხელმძღვანელობდა.
ხავკინი 1930 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. მან მთელი თავისი ქონება- 300 000 დოლარი და ბიბლიოთეკა ებრაულ დიასპორას უანდერძა.
ხავკინის გარდაცვალების დღეს ინდოეთში გლოვა გამოცხადდა, ინდუსები მას დღემდე მკურნალ ღვთაებად მიიჩნევენ.