წყარო:https://bm.ge/
ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1994 წელს დაფუძნებული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანია, წლების განმავლობაში, თანაბარზომიერი განვითარებით, სამედიცინო სფეროში არამხოლოდ მედიკამენტების იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით, არამედ ადგილობრივად ჯენერიკული დასახელების მედიკამენტების მწარმოებელ და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფად იქცა. დაარსებიდან 30 წლის შემდეგ კომპანია 10 000-ზე მეტი დასაქმებულით და ბიუჯეტში შეტანილი მილიონობით, თუ არა მილიარდი ლარის გადასახადებით ამაყობს.
ქვეყანაში სამედიცინო სფეროში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის „ავერსის“ დაარსების, განვითარებისა და ბრენდად ჩამოყალიბების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, პროფესიით მედიკოსმა პაატა კურტანიძემ BMG TV-ის გენერალურ პროდიუსერთან გიორგი ისაკაძესთან ისაუბრა.
„ავერსის“ დამფუძნებელი დღესაც ფიქრობს, რომ კომპანიის შექმნა მოთხოვნამ განაპირობა და თავის დროზე არც ეგონა, რომ ბიზნესი ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. პაატა კურტანიძე სამი ათწლეულის განმავლობაში გამოვლილ სირთულეებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქმეს ყოველთვის კანონის მკაცრი დაცვით აწარმოებდა. ბიზნესმენ პაატა კურტანიძეს კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე სჯეროდა, რომ წარმატების და განვითარების საწინდარი მხოლოდ სუფთად გაკეთებული საქმე იყო.
- რა ემოციით იხსენებთ „ავერსის“ დაბადებას და საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ „ავერსის“ ჩამოყალიბება?
- „ავერსის“ დარეგისტრირების დროს და არც შემდგომ კონკრეტული ემოცია არ მქონია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამხელა კომპანია გახდებოდა.
ჩემი ბიზნესში ჩართვა, მოთხოვნამ განაპირობა. ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მაქვს დამთავრებული. ძალიან შეგნებულად ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარდა. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაშიც და ინსტიტუტში, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მოქმედი ექიმი არ ვიქნებოდი. მაგრამ ბოლო კურსზე, როდესაც ბავშვთა ქირურგიას გავდიოდით, 1992 წელი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლას ქვეყანაში ყველაფრის დაშლა და ყველაფრის დეფიციტი მოჰყვა, მათ შორის მედიკამენტების, რადგან სახელმწიფო აფთიაქები დაიცალა და ცენტრალიზებულად მომარაგება აღარ ხდებოდა, საავადმყოფოებში საერთოდ არ იყო წამლები - ამპიცილი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი, მარლა და ბინტიც არ იყო და პაციენტის პატრონს უნდა მოეტანა. მოგეხსენებათ, ბიზნესში დეფიციტი დიდ ხანს არ გრძელდება, მაგრამ რადგან სახელმწიფო სტრუქტურები მზად არ იყვნენ და ახალი კერძო ორგანიზაციები არ არსებობდა, ცალკეულმა მოსკოვიდან, კიევიდან და ა.შ. ადამიანებმა წამლების ჩამოტანა დაიწყეს და ეს წამლები ბაზარში იყიდებოდა... 1992 წელია... წამლები იგივე დეზერტირების ბაზარზე კარტოფილის გვერდით იყიდებოდა.
რადგან კლინიკაში არაფერი არ იყო, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დედა ვიცოდი, რომ მოსკოვში სააფთიაქო სამმართველოში მუშაობდა. მას ვკითხე თუ შეიძლებოდა ჩვენიდან ვინმე ჩასულიყო და სააფთიაქო სამმართველოდან წამლები შეეძინა. მან ჰკითხა დედამისს და დასტური მიიღო. მე და ჩემი მეგობარი ახლანდელ გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში მივედით, მაშინ ბავშვთა საავადმყოფო იყო და მის მთავარ ექიმს წამლების ჩამოტანა შევთავაზეთ. მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ ამისთვის არც ფული ჰქონდა და არც ის იცოდა საბუთები როგორ უნდა გაეფორმებინა, როგორ უნდა განებაჟებინა და კლინიკაში მცირე ფასად ფართის დაქირავება და იქვე აფთიაქის გახსნა შემოგვთავაზა, რომ ხალხს ზამთარ-ზაფხულ დეზერტირების ბაზარზე არ ევლოთ... და აქვე გაყიდეთო.
წავედი მოსკოვში. საწყისი კაპიტალი 70 დოლარი იყო, მაშინ ჯერ კიდევ რუსული რუბლი იყო ბრუნვაში და ერთი ჩანთით 17 დასახელების მედიკამენტები ჩამოვიტანეთ... განვადებით მომცეს, სხვათა შორის, რაც ჩაეტია ამ ჩანთაში მომცეს.
აფთიაქი რომ გავხსენით, კლინიკის ფოიეში ფართი სულ რაღაც 12 კვ.მ. იყო, ერთ საათში გაიყიდა ყველაფერი. პირველი მყიდველები იყვნენ - პაციენტების პატრონები ისეთი მადლიერები იყვნენ, აფთიაქი რომ იქვე იყო...
ერთ საათში რომ გაიყიდა, მეორე დღეს ისევ გავფრინდი და 4 ჩანთა ჩამოვიტანე - ისიც ერთ საათში გაიყიდა, მერე მეტი და ... მოტივაცია ის იყო, რომ ხალხი ძალიან მადლიერი იყო.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ავერსის დასაბამის ისტორია არის 70 დოლარი პლუს კონსიგნაცია, განვადება...
- დიახ, ეს იყო საწყისი კაპიტალი. დღემდე მე ბანკის კრედიტი არ მქონია. არ დამჭირვებია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან წარმატებულად ვვითარდებით ყოველ წელს...
- „ავერსს“ საბანკო კრედიტი არ აუღია?
- მხოლოდ ერთხელ გვქონდა ისიც მსოფლიო ბანკისგან და EBRD-სგან... სხვა კრედიტი არ გვქონია და რატომ? როდესაც მე პირველად კონსიგნაციით მომცეს მედიკამენტები, დათქმულ ვადაში ჩავედი და გადავიხადე, მეორედ უფრო მეტი მომცეს და დათქმულ ვადაში გადავიხადე. მერე კიევში გავფრინდი და ზუსტად მახსოვს რიცხვი 5 777 დოლარის მედიკამენტები გამომატანეს და ერთ კვირაში გადავიხადე, მეორედ 12 000 დოლარის გამომატანეს... მერე მითხრეს - შენ ისეთი ჭკვიანი და პატიოსანი ბიჭი ჩანხარ, მაშინ 24-25 წლის ვიყავი, რომ რამდენიც გინდა წაიღე და როცა გინდა გადაგვიხადეო. მთელი ღამე არ დამეძინა, შეკვეთებს ვაკეთებდი, რადგან იქ კიევში თავმოყრილი იყო საბჭოთა კავშირში ცნობილი - უნგრული, პოლონური მედიკამენტები, კერძო კომპანიების ბაზები იყო გახსნილი. 750 000 დოლარის შეკვეთა გამომივიდა. მეორე პრობლემა ის იყო, რომ ეს სადღაც 16-18 ტონა იყო, როცა მე 200-300 ტონა სამგზავრო თვითმფრინავით მომქონდა, ამ წონას სამგზავრო თვითმფრინავით ვერ წამოვიღებდი. ამიტომ მთელი ღამე ვიფიქრე და ბორისპოლში სამგზავრო თვითმფრინავი ვიქირავე... ანუ თუ ფიქრობ ადამიანი როგორ იპოვო გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
- როგორ მოხდა რომ ამ ტრანსფორმაციის, საბჭოთა დაშლილი იმპერიის პირობებში ის დეფიციტები, რაც არსებობდა არ შეავსო კოოპერატივებმა? კოოპერატივების სახით ფარმაციაში არ იყო ისეთი აქტივობა, როგორც სხვა ინდუსტრიებში იყო?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წამლების დეფიციტი უცებ 3-4 თვეში შეიქმნა, მოსკოვიდან აღარ მოდიოდა მატარებლებით წამლები და ჯაჭვი დაირღვა. კლინიკები და სახელმწიფო აფთიაქები უცებ დაცარიელდა. ყიდვის არც ფული ჰქონდათ და არც ის იცოდნენ როგორ უნდა ეყიდათ... მერე პატარ-პატარა კერძო აფთიაქები გაჩნდა - საავადმყოფოებში, უბნებში...
- როგორ ტრანსფორმირდა ბავშვთა მე-5 საავადმყოფოში მეგობრულ ფასად მოქირავებული ფართი, როცა 750 000 დოლარიანი შეკვეთა გააკეთეთ...
- ამას ის მოჰყვა, რომ სხვა საავადმყოფოებმა ამ მთავარი ექიმისგან გაიგეს, რომ მისი პაციენტები კმაყოფილები იყვნენ იმით რომ აფთიაქი ადგილზე იყო, უკვე წამოვიდა ბევრი შემოთავაზება, რომ მათთანაც გაგვეხსნა... ამიტომ აფთიაქების გახსნა დავიწყე... რაც არ უნდა ბევრი აფთიაქი გქონდეს, წამალს კარგ ფასად ვერ ჩამოიტან. შესაბამისად დავიწყე კერძო აფთიაქებისთვის მედიკამენტების საბითუმო ფასად მიყიდვა, ანუ რაც ჩემი აფთიაქებისთვის მჭირდებოდა, უფრო მეტი უნდა წამომეღო... საცალოდ ვყიდდი ჩემს აფთიაქებში და საბითუმოდ სხვა აფთიაქებს ვაძლევდი, ამან საბითუმო მიმართულების განვითარება განაპირობა...
სხვათა შორის ძალიან დიდი ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან საქმიანობა გამეგრძელებინა როგორც ექიმს თუ როგორც ბიზნესმენს - ამ მომენტში ერთი მხრივ ჩემი ერთ-ერთი ლექტორის ნათქვამი დამეხმარა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო მედიკამენტების შემოტანას დაიწყებდა, რადგან ქვეყანაში ადამიანები წამლის არარსებობის გამო კვდებოდნენ და ეს ძალიან კარგი, კეთილი და სასარგებლო საქმეა. როდესაც ამას პროფესორი და ექიმი გეუბნება, ამ მხრივ მორალური ბრძოლა უფრო ადვილი გადასალახია, რომ ამ საქმიანობას გაჰყვე...
მეორე მხრივ იმდენად სწრაფად ვიყიდე კომპიუტერი აღრიცხვისთვის, ფაქსი, ქსეროქსი... მე რომ ექიმად გამეგრძელებინა მუშაობა, კომპიუტერს კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიყიდდი, ამიტომ სწრაფი განვითარების ეს მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, იმ პერიოდში ბევრმა ჩემმა კურსელმა დაიწყო ეს საქმიანობა და ექიმობას თავი არ დაანებეს, დღისით ექიმებად მუშაობდნენ და მერე მიდიოდნენ და აფთიაქები ჰქონდათ. მაგრამ მე ერთ რამეზე დავფიქრდი - ცხოვრებაში არც სკოლაში არც ინსტიტუტში, არასდროს არავისგან გადამიწერია და ახლა მე თუ სამსახურის შემდეგ ბიზნესზე ვიფიქრებდი, დილით კლინიკაში მისულს უფრო ნაკლები მეცოდინება იმაზე, ვინც მარტო ექიმობით იყო დაკავებული. მე მისთვის უნდა მეკითხა - პაციენტისთვის რა გამეკეთებინა, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ დავფიქრდი - რა აჯობებდა - ვყოფილიყავი საშუალო დონის ექიმი და ბიზნესმენი, თუ ვყოფილიყავი კარგი ბიზნესმენი და მარტო ბიზნესით ვყოფილიყავი დაკავებული. ამიტომ გადავწყვიტე მარტო ბიზნესით ვყოფილიყავი დაკავებული, მით უმეტეს რომ მაინც სამედიცინო სფეროში ვმოღვაწეობდი და ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი. 2006 წელს ის ოცნება და მიზანიც ავისრულე და კლინიკების გახსნაც დავიწყე.
- ქართულ ლეგალურ სივრცეში „ავერსი“ 1994 წელს დაფუძნდა. რა ეტაპზე იყო თქვენი ბიზნეს რეალობა, რა ინფრასტრუქტურას ფლობდით, რამაც კომპანიის ჩამოყალიბება გადაგაწყვეტინათ?
- მინდა დავაზუსტო, რომ ამ ბიზნესში 1992 წლის მაისიდან ვარ, როდესაც მე და ჩემმა ერთმა მეგობრებმა ის პირველი აფთიაქი გავხსენით და დავარქვით სახელი „ქირონი“. შემდგომში ჩვენი ბიზნეს ხედვები არ დაემთხვა, ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ. ერთ-ერთი მომენტი ის იყო, რომ რადგან ექიმობას თავი დავანებე, ამ სფეროში მთელი აკადემიურობით და მომავლის პერსპექტივით უნდა მემუშავა, რომ რაც შეიძლება განვითარებულიყავით და წინ წავსულიყავით. ერთი წლის შემდეგ მე წამოვედი, ჯერ გავხსენი კომპანია „ქირონი“ და ერთი წლის შემდეგ 1994 წელს „ავერსი“. „ავერსი“ ლათინური სიტყვაა და ერთ-ერთი განმარტებით ნიშნავს სპირალური გზით მაღლა სვლას. ვთვლი, რომ სპირალური სვლით მაღლა სვლა უფრო სტაბილურია, ვიდრე უეცარი აღმასვლა, რასაც ყოველთვის მოსდევს დაცემა. „ავერსის“ 30-წლიანი ისტორია არის თითო აგურის დამატება, ჩვენ მკვეთრი ზრდა და მკვეთრი მოგება არ გვქონია და დღემდე „ავერსის“ სპირალურად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა კომპანია გახდებოდა. მე და 4-დან 10 კაცამდე ვმუშაობდით და დღეს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს.
ამ სახელში ორი რამ იყო ჩემთვის საინტერესო: ერთი სპირალური გზით მაღლა სვლა და მეორე მედიცინაში დნმ-ის მოლეკულა სწორედ სპირალური ფორმა აქვს - ეს ორი იდეა მომეწონა და ჩავთვალე რომ ეს უნდა დამერქმია.
- კიევის პერიოდში როდესაც 750 000 დოლარიანი შეკვეთა გააკეთეთ, ამ დროს „ავერსი“ უკვე არსებობს?
- კი, „ავერსი“ უკვე არსებობდა. მაგ პერიოდში უკვე დავდიოდი უნგრეთში, პოლონეთში, ბულგარეთში ფარმაცევტული კომპანიების გასაცნობად და მედიკამენტების პირდაპირ წამოსაღებად. სადაც რამე სიახლეს ვნახულობდი, ყველაფერს ჩემს კომპანიაში ვნერგავდი, ახლაც ასე გრძელდება.
- 90-იანი წლების ბიზნესმენების უმრავლესობა ძალიან დიდი მეხსიერების მატარებელია. ძალიან ბევრ ბიზნესს ამ პერიოდში სჭირდებოდათ კავშირების გამოყენება, ხელის წაკვრა. სჭირდებოდა თუ არა „ავერსს“ იმ რთულ პერიოდში სწორი სვლისთვის გარკვეული ურთიერთობების გამოყენება?
- ესეც არავის სჯერა. მე ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და თბილისში არც ახლობელი და არც ნათესავი არ მყოლია, მით უმეტეს მთავრობასა და ხელისუფლებაში. მაგრამ როცა ამ საქმიანობის დაწყება გადავწყვიტე, პირველივე დღიდან კანონები წავიკითხე, რადგან კანონის დარღვევა არ მინდოდა. რატომ არ მინდოდა - ამის მნიშვნელობა დაახლოებით 10 წლის შემდეგ გავაცნობიერე, მაგრამ იმ მომენტში რატომაც არ მინდოდა ის იყო რომ ყველა საგანში ფრიადი მყავდა. ყველა საგანი ერთნაირად არ მიყვარდა, უბრალოდ ყველა საგანს ვსწავლობდი, რადგან ვერ წარმომედგინა მასწავლებელს გავეძახებინე და რამე არ მცოდნოდა, ეს სირცხვილი იქნებოდა, რომ დავფიქრდი მასწავლებლის წინაშე მრცხვენოდა და საქმეში რამე რომ დამერღვია საგადასახადო ინსპექციის წინაშე შერცხვენის გარდა, ჯარიმა უნდა მომსვლოდა, ამიტომ ყოველთვის კანონიერად ვმუშაობდი. შევარდნაძის დროს პირველივე კომისია, რომ მოვიდა - ფინანსური პოლიცია შემოვიდა აფთიაქში, ეს 95 წლის ზაფხული იქნებოდა, ავტომატებით შეიარაღებული 10 კაცი შემოვიდა. 30 კვ.მ-იან აფთიაქში 7 ადამიანი ვიყავით, რომელიც აფთიაქთან ერთად ოფისიც იყო და საწყობიც, მათ შორის იყვნენ ქალი აფთიაქარები, დაგვაწვინეს ყველა იატაკზე. იკითხეს ვინ იყო უფროსი და ამაყენეს ფეხზე. ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვიყავი. მკითხეს - რამდენ კილოგრამ წამალს ვყიდდი დღეში, რაზედაც ვუპასუხე რომ არ ვიცოდი, რადგან კილოობით არ ვყიდიდი. დალუქეს ყველაფერი, მეორე დღეს მოიყვანეს ფინანსისტები, საბუთები მოითხოვეს, ყველაფერი მივეცი. ერთს ვკითხე - რატომ მკითხეს რამდენ კილო წამალს ვყიდდი-თქო, რაზედაც მიპასუხეს, რომ ესენი პოლიციელები არიან და იმდენი ჭკუა არ აქვთ რომ ფინანსური მონაცემები ეკითხათო. მათ ჩემი მონაცემები ჰქონდათ აეროპორტში ნანახი, რამდენი ტონა ჩამოდიოდა და იქ ყველაზე ადვილი სანახავი იყო წონები იყო. შემოწმებისას ვერანაირი დარღვევა რომ ვერ ნახეს, თავიდან ქრთამის სახით მომთხოვეს თანხა, რაზეც ვუპასუხე, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა. მერე ეს თანხა შეამცირეს, 3 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორშიც წამიყვანეს და ბოლოს ხელი ჩამომართვეს, რომ მათ არ ენახათ კომპანია, რომელსაც ასე წესრიგში ჰქონოდა ყველაფერი. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა... და ვერავინ ჯარიმას ვერ წერდა, რადგან ყველაფერი მწყობრში მქონდა. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ესეც მითხრა, რომ იმიტომ მოდის შენთან ამდენი შემოწმება, რომ ჯარიმა არ გიწერია და საეჭვოდ მიაჩნიათო...
- თქვენ ახსენეთ, რომ „ავერსი“-ს 30-წლიანი განვითარების ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როცა ის ზედმეტად ვითარდებოდა. რა არის ეს დაგეგმვის ნაწილი იყო, რომ გეგმაზომიერად წავიდა ყველაფერი?
- ჩვენ ყველა პერიოდში სტაბილური ზრდა გვქონდა, ფინანსური მონაცემებიც რომ ნახოთ ასეა. მე არ ვთვლი, რომ ხელისუფლება უნდა შევაწუხო ჩემი კარგად ყოფნისთვის. ვთვლი, რომ ხელისუფლების იმედი არ უნდა მქონდეს, რომ არაფერს გავაკეთებ, მაგრამ ხელისუფლება მაცხოვრებს კარგად. მე და ჩემს 10 000 თანამშრომლებს ჩვენი შრომის იმედი გვაქვს. ვამაყობ, რომ ამ წლების მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობით და შეიძლება მილიარდი ლარიც გვაქვს გადახდილი, ამიტომ ხელისუფლებაზე დამოკიდებული სტაბილური კომპანია არ უნდა იყოს.
- როდის იწყებს „ავერსი“ ე.წ. დივერსიფიცირებას? ვგულისხმობ, როცა ინტერესდება საკუთარი წარმოების ან რომელ წელს გადის „ავერსი“ ქსელურ ვერსიაზე?
- თავიდან ერთი აფთიაქი გქონდა და 1997 წლამდე ჩვენი ძირითადი საქმიანობა საბითუმო საქმიანობა იყო. მაშინ სააფთიაქო ქსელის გაკეთებაზე არც ვფიქრობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ცალკე თემა იყო, ბევრი თანამშრომელი და ბევრი კონტროლი იქნებოდა საჭირო. აქაც მოთხოვნამ განაპირობა. უფრო მეტი კერძო აფთიაქი გაჩნდა, სახელმწიფო აფთიაქებიც იყიდეს. აფთიაქების გახსნა „ავერსმა“ აფთიაქები იმიტომ გახსნა, რომ ჩვენ მიერ გაყიდულ მედიკამენტებს სხვა აფთიაქები ძალიან დიდ პროცენტს არიცხავდნენ და ძალიან ძვირად ყიდდნენ. ამან განაპირობა აფთიაქების გახსნა და ქსელის შექმნა.
წარმოების გახსნაც იმან განაპირობა, რომ წამლების გაყიდვა კიდევ უფრო იაფად შეგვძლებოდა. ჩვენ ეს ჯენერიკები უფრო დაბალ ფასად და არანაკლებ ხარისხიანები გვაქვს, ვიდრე უცხოური მედიკამენტებია. ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, თორემ რატომ აიტკიებ აუტკივარ თავს - წარმოება ურთულესი სფეროა და ხარისხზე ხარ პასუხისმგებელი, თან ინვესტიციები უნდა ჩადო.
- დღეს რა მიმართულებებით არის წარმოდგენილი „ავერსი“?
- „ავერსი“ ეს არის პირველ რიგში სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 337 აფთიაქი გვაქვს; „ავერსი“ საბითუმო დისტრიბუტორია, ანუ ჩვენ ვყიდით სხვა აფთიაქებზე, კლინიკებზე სახელმწიფო კლინიკები იქნება თუ კერძო შესყიდვები, შემდეგ ეს არის წარმოება, რომლის დაგეგმვა 2002 წელს დავიწყეთ და პირველი პროდუქტი 2005 წელს გამოვუშვით. დღეს დაახლოებით 250 პოზიციას ვუშვებთ და ექსპორტზეც ვყიდით რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში ადგილობრივად წარმოებული წამლების ბაზარზე ჩვენი წილი დაახლოებით 11%-ია. 2006 წელს გადავწყვიტე კლინიკის გაკეთება, როდესაც თავის დროზე რესპუბლიკურის ამბულატორიის შენობა სახელმწიფო აუქციონზე გაიყიდა, სადაც დღეს ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალია. ესეც იმის სურვილმა განაპირობა, რომ 2006 წელს მედიცინა ძალიან ცუდ ვითარებაში იყო და იმის სურვილმა რომ მეყიდა უმაღლესი დონის სამედიცინო აპარატურა, რათა საქართველოს მოსახლეობას მაღალი დონის აპარატურით მკურნალობის საშუალება ჰქონოდა.
ბიზნესი დივერსიფიცირებული არ მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ სხვა სფეროში არ ვმოღვაწეობ. მიუხედავად იმისა რომ შემოთავაზებები მაქვს. სხვაგან არაფრის აქციონერი არ ვარ.