ცნობილი ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 10-16 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-ნეკროლოგი სათაურით „ვერა პუტინა ამტკიცებდა, რომ ის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედაა // მეტეხის მცხოვრები ღარიბი ქალი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის არაოფიციალური ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში არ მოიხსენიება და მასზე მხოლოდ ჟურნალისტები წერენ. სტატიაში საუბარია ვლადიმერ პუტინის ნამდვილი, ბიოლოგიური დედის ვერა პუტინას შესახებ, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა საქართველოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში და იქვეა დაკრძალული. ავტორი იხსენებს თავის სტუმრობას ვერა პუტინასთან.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით, რომელიც ჟურნალში დაიბეჭდა სათაურით „ვლადიმერ პუტინის სხვა დედა“.
„ვერა პუტინამ ხელებზე შემხმარი ცომი დანით ჩამოიფხიკა და ფოტოსურათებს მაჩვენებს. ერთზე მცირეწლოვანი ბავშვია ჰალსტუხით და ლამაზი ფეხსაცმელებით, მეორეზე - ზამთრის ტანსაცმელში გამოწყობილი თბილი შარფმოხვეული, მესამეზე - საზაფხულო შორტებში. აი, უკვე მოზრდილი ყმაწვილი, მეტეხის სკოლის მოსწავლე, რომელიც თავის კლასში ყველაზე უნარიანი და წარმატებული იყო. ყველა სურათზე მას ნათელი ფერის თმები აქვს, ოდნავ შეწეული ნიკაპი და ცოტათი გაბერილი ქვედა ტუჩი. ყველა სურათზე ჩანს მისი ფერმკრთალი თვალები, რითაც ძალიან ჰგავს დედამისს, ეროვნებით რუს ქალს ვერას. მას ფრთხილი გამოხედვა აქვს და თითქოსდა უბედური ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. დიახ, ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილოდ იყურება, რაც ნაწილობრივ დედამისის ბრალიცაა. როცა იგი 1999 წელს რუსეთის ხელისუფლების ჩრდილიდან გამოვიდა და პრეზიდენტი გახდა, ვერა პუტინა გაკვირვებული და იმავდროულად გახარებული იყო: რომელი დედა ვერ იცნობს თავის შვილს, თუნდაც ერთმანეთი მრავალი წელი არ ენახოთ? ვერამ თავისი შვილი განსაკუთრებული სტილის სიარულითაც იცნო... იხვივით დადიოდა.
ბევრი ფოტოსურათი დაკარგულია, ან მხოლოდ ასლებიღა თუ შემორჩა. მას შემდეგ, რაც ვერა პუტინამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი შვილი იყო, მასთან სპეცსამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ფოტოები წაიღეს და უთხრეს, რომ ამ თემაზე აღარ ილაპარაკოო.
ასე იყო თუ ისე, ამ ფაქტმა სოფელ მეტეხში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბოლო წლებში მთავარ სასაუბრო თემას წარმოადგენდა. მეტეხი საქართველოს ერთ-ერთი ღარიბი სოფელია, კავკასიის მთისწინეთში მდებარე, მდინარე მტკვრის ნაპირზე. ადგილობრივი მოსახლეობა მიწათმოქმედებითაა დაკავებული, სახლები დაბზარული, უხარისხო აგურითაა ნაშენები, აქა-იქ ცემენტით შელესილი, დაჟანგებული რკინის ფურცლიანი მესერებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ქუჩა იოსებ სტალინის დიდებულ სახელს ატარებს, ის გრუნტის გზას წარმოადგენს. ვერას სახლი, მართალია, გარეგნულად მაინცდამაინც გამორჩეული არ იყო, მაგრამ შიგნით სუფთად გამოიყურებოდა, ფანჯრებზე მაქმანიანი ფარდებით, ეზოში კი ვაზის ხეივნის ქვეშ მდგარი სასაუბრო სკამით. ვერა ეროვნებით რუსი იყო, მაგრამ თავისი გულიანი, გადამდები სიცილით და მხიარული ხასიათით მთელ სოფელს უყვარდა და პოპულარული იყო. და ყველამ იცოდა, პატარა ბიჭუნებმაც კი, რომ ვერა „რუსი მეფის“ დედა იყო.
როცა თავისი შვილი ტელევიზორში დაინახა, ახალი ამბების გადაცემაში, ვერა ასაკით 73 წელს უახლოვდებოდა. იგი დარწმუნებით აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინი მისი შვილი იყო, რომელსაც მოფერებით „ვოვას“ ეძახდა.
ვოვა სტუდენტური რომანის შედეგად გაჩნდა, როცა ერთ-ერთი საცეკვაო საღამოს დროს ვერა სტუდენტმა პლატონ პრივალოვმა აცდუნა. როცა მოგვიანებით ვერამ გაიგო, რომ პლატონი ცოლიანი იყო, მასთან სასიყვარულო კავშირი იმავწუთს გაწყვიტა, მაგრამ ფეხმძიმედ დარჩა. ტაშკენტში ვოვას გაჩენის შემდეგ ცოტა ხანში ვერამ ქართველი ჯარისკაცი გიორგი ოსეფაშვილი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. მისდა სამწუხაროდ, ცოლ-ქმრობა ვერ აეწყო, მეუღლეები ერთმანეთში ხშირად კამათობდნენ. გიორგიმ ერთხელ თქვა, რომ მან ცოტა ფული მოაგროვა და დადგა დრო საქართველოში დაბრუნებისა, სადაც მას მეტეხში მშობლების დანატოვარი სახლი ჰქონდა. სახლი სინამდვილეში ნახევრად დანგრეული ქოხი აღმოჩნდა, მაგრამ ვერა თანდათან შეეგუა ცხოვრებას და სოფლელ გლეხ ქალად გადაიქცა.
მეტეხში ცხოვრების დროს ვოვას [მტკვარზე] თევზის ჭერა უყვარდა, ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით იგავ-არაკებს და საოცრად ლამაზი კალიგრაფია (ხელწერა) ჰქონდა. ამასთან, იგი ბრაზობდა ხოლმე, როცა უბნის ბიჭებს ეჩხუბებოდა და არასდროს საკუთარ თავს დამარცხებულად არ აღიარებდა. უყვარდა მეზობლების ქათმებისთვის შურდულით კენჭების სროლა. ვერა შვილის იმ შურდულს დღემდე ინახავს. ზოგადად ვოვა ჩვეულებრივი და წყნარი ბიჭუნა იყო. მამინაცვალი გიორგი მას კარგად ეპყრობოდა, თუმცა ერთხელ ისე გააბრაზა, რომ გიორგი დაიმუქრა, რომ „ნაბიჭვარს“ სახლიდან გააგდებდა.
ვერა იძულებული გახდა ვაჟი თავის მშობლებთან წაეყვანა, მაგრამ რადგანაც ისინი იმდენად ავად იყვნენ, რომ ვოვას მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამიტომ [ბებიამ და პაპამ] შვილიშვილი სამხედრო ინტერნატში წაიყვანეს. ამის შემდეგ ვერამ შვილთან კავშირი დაკარგა მანამ, სანამ როგორღაც არ გაიგო, რომ ვოვა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში („კაგებეში“) მუშაობდა.
რა თქმა უნდა, ეს ის ბიოგრაფია არ არის, რასაც ვლადიმერ პუტინი დღეს ოფიციალურად ჰყვება და წერს. დღევანდელი პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი ლენინგრადში დაიბადა, მისი დედ-მამაა ვლადიმერ პუტინ-უფროსი და მარია პუტინა. მას ჰყავდა ორი უფროსი ძმა, რომლებიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიხოცნენ, თვითონ კი 1952 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა, ანუ ორი წლის შემდეგ იმ დღიდან (1950 წლის 7 ოქტომბრიდან), რაც ვერას ვოვა გაუჩნდა. წლებში განსხვავებას ვერა ასე ხსნის: საქართველოში გაზრდილმა ვოვამ რადგანაც რუსული ენა კარგად არ იცოდა, ლენინგრადის სკოლის პირველ კლასში სწავლის დასაწყებად გვიან შეიყვანესიყვანეთ და ახალი დოკუმენტები გავუმზადეთო. ანუ გამოდის, რომ ვლადიმერი და მარია ვოვასათვის მხოლოდ „აღმზრდელი მშობლები“ იყვნენ.
ვლადიმერ პუტინი თავის ბიოგრაფიაში „ქართულ კვალს“ ყოველთვის იგნორირებდა და ისე გამოდიოდა, რომ ქართველები ტყუოდნენ და რაღაცას „ეშმაკობდნენ“. მაგრამ მის ფარგლებს გარეთ უცხოელი ჟურნალისტები ამ „ინტრიგული“ ამბავით დაინტერესდნენ. მათ გამოიკვლიეს, რომ ვლადიმერ პუტინი არსად არაფერს არ ამბობდა თავის ბავშვობაზე, ათი წლის ასაკამდე. გაჩნდა ეჭვი, რომ იგი განგებ მალავდა თავის „ნახევრად უცხოელობას“ და ამით თითქოსდა იოსებ სტალინს ჰგავდა. მოგვიანებით ზოგიერთი ფაქტი გამომზეურდა: 2008 წელს ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი, ვლადიმერ პუტინის სახელით, ნამდვილად სწავლობდა მეტეხის საშუალო სკოლაში სამი წლის განმავლობაში. მანამდე მომხდარ ფაქტებს კი საეჭვო ხასიათი ჰქონდა: 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ორი ჟურნალისტი, ჩეჩენი და იტალიელი, რომლებიც პუტინის ბიოგრაფიის „ქართული კვალით“ დაინტერესდნენ. გარდა ამისა, ერთ დღეს ვერასთან უცნობი ადამიანები მივიდნენ, ორი მამაკაცი და ორიც ქალი, მათ სისხლის ანალიზი აუღეს დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად., თუმცა ვერასთვის ანალიზის შედეგები არავის არ უცნობებია.
2003 წელს ვერა პუტინას, როცა იგი უჯკვე 77 წლისა იყო, ჰოლანდიელი რეჟისორი ინეკ სმიტსი ეწვია. „პუტინის დედა“ მას მოუყვა, რომ მეტეხში ცხოვრების 52-წლიანი პერიოდი მისთვის მძიმე იყო. ახალგაზრდობისას იგი ცეკვავდა და მღეროდა, აქ კი, სოფელში, ჩექმებჩაცმული, დიდი ნაჯახით ხელში, შეშას ჩეხდა და ეზოს ეკალ-ბარდისაგან ასუფთავებდა, გიორგის საფლავს უვლიდა და პატრონობდა: „გამარჯობა, როგორ ხარ?“ - ეკითხებოდა ვერა გიორგის საფლავზე ყოველი მისვლის დროს და მას ადგილობრივი წითელი ღვინით სავსე ჭიქით იხსენებდა.
ვერა მუშაობდა და ვოვა ყოველთვის ახსოვდა. მას ძალიან უკვირდა, თუ რატომ არაფერს არ ამბობდნენ საჯაროდ მასზე ვოვას „აღმზრდელი მშობლები“, რომლებიც 1990-იან წლებში გარდაიცვალნენ. ალბათ, სავარაუდოდ, ვიღაცამ ამაზე ლაპარაკი მათაც აუკრძალა. თუმცა ეს გასაგებიცაა, რადგან საბჭოური ტრადიციის მიხედვით, იმ პიროვნებას, რომელიც „კაგებეში“ მუშაობდა, თავისი ნამდვილი ისტორია და ნამდვილი ბიოგრაფია უნდა დაევიწყებინა. რა თქმა უნდა, ვოვამაც დაივიწყა.
მაგრამ ვერას შვილი არ დავიწყებია: იყო დრო, განსაკუთრებით როცა 2008 წელს რუსეთის ჯარი [პუტინის ბრძანებით] საქართველოში შეიჭრა, ვერას ძალიან შერცხვა. მას სურდა, რომ შვილს ერთხელ მაინც გაეხსენებინა მეტეხი, ჩამოსულიყო, სადაც დედამისი ეტყოდა, რომ ძალიან ნანობს იმაზე, რომ ვაჟი სხვაგან წაიყვანა. ვოვას ეტყოდა, რომ მისი ბრალი არ არის და აუხსნიდა, თუ რატომ გააკეთა იძულებით ასე. ზოგჯერ ვერას ღამ-ღამობით ესიზმრებოდა, რომ ვოვა სახლში დაბრუნდა... იგი ეკლესიაში ვოვას სახელზე სანთლებს ანთებდა და მისთვის ლოცულობდა.
იმ ფოტოსურათებზე, რომლებიც „კაგებე“ თანამშრომლებს არ წაუღიათ, სამი წლის ბავშვია აღბეჭდილი მოკლე შარვლით. მას თვალები ისე უბრწყინავს, თითქოს ტირილი ახლახან შეწყვიტაო. ძველ სურათში ერთი შეხედვით დღევანდელ ვლადიმერ პუტინს ვერ იცნობთ, მაგრამ ვერამ შვილი მბრწყინავი თვალებით მაინც იცნო. არავინ იცის, რამდენად მძიმე იყო მისთვის ის ფაქტი, რომ შვილი - ვლადიმერ პუტინი - რუსეთის დაუნდობელ პრეზიდენტად იქცა.
წყარო: https://www.economist.com/obituary/2023/06/08/vera-putina-claimed-to-be-vladimir-putins-real-mother