USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ვასილ პეტრიაშვილი - „საქართველოს ლომონოსოვი“
Date:  3216

დიდ ქიმიკოსს, ევროპაში სახელგანთქმულ მეცნიერს, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილს, მისი მოღვაწეობის დასაწყისში, მენდელეევი ახალგაზრდა მეცნიერებიდან ყველაზე ნიჭიერად და პერსპექტიულად მიიჩნევდა. ვ. პეტრიაშვილი გახლდათ უმაღლესი სასწავლებლის, ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის რექტორი, იგი იყო პირველი ქართველი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის რექტორად აირჩიეს. მან დაგვიტოვა მეტად საჭირო სამეცნიერო წიგნები და წერილები ქართულ ენაზე. ტექნიკური ტერმინებით გაამდიდრა ქართული ენა.
მისი ოცნება იყო თავის ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლის დაარსება. ვ. პეტრიაშვილის მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი ქართული უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საქმეს. მისი ავტორიტეტი და სახელი იმდენად დიდი იყო, რომ, ქართველ გამოჩენილ მოღვაწეთა აზრით, ქართული უნივერსიტეტის სათავეში უნდა მდგარიყო ვასილ პეტრიაშვილი.
„მე რომ დაჯილდოებული ვყოფილიყავი პოეტური ნიჭით და მიზნად დამესახა – მომეცა სახე ყველა საუკეთესო ზნეობრივი თვისებით აღჭურვილი ადამიანისა, რომელშიც განსახიერებული უნდა ყოფილიყო გულკეთილობა შეერთებულ ჭკუასთან, მე გამოვსახავდი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილს“, – წერდა პეტრე მელიქიშვილი.
თბილისთან ახლოს, თელეთისა და კუმისის მიმდებარე სოფელ წალასყურში, 1842 წელს დაბადებულ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილს დედა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა. მამა სოფლის მღვდელი, საკმაოდ მწიგნობარი და კეთილი პიროვნება ყოფილა.
8 წლის ვასომ, მამის დახმარებით, დაიწყო წერა-კითხვის შესწავლა. ქართულს მეტ დროს ანდომებდა, მაგრამ პარალელურად რუსულის ათვისებასაც შეუდგა.
11 წლის ვასო მამამ თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა. აქ იაკობ გოგებაშვილი მუშაობდა და დიდმა პედაგოგმა მალევე დაიახლოვა ნიჭიერი ბავშვი.
სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ვასომ გადაწყვიტა სწავლა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტში გაეგრძელებინა. პირველად იგი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა მალევე გადავიდა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად. 1870 წელს ამთავრებს უნივერსიტეტს და სარბიელად ქიმიას ირჩევს. მას ტოვებენ უნივერსიტეტში ტექნიკური ქიმიის კათედრის ლაბორანტად. 1873 წელს მიავლინეს ბონში სახელგანთქმული მეცნიერის, გერმანელი ქიმიკოსის ფ. კეკულეს ლაბორატორიაში. 1874 წელს იცავს სამაგისტრო დისერტაციას.

1875 წელს ირჩევენ კათედრის დოცენტად. 1877 წელს, 32 წლის ასაკში, ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო დისერტაციას ქიმიაში. ტექნიკური ქიმიის კურსს ის 35 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მუშაობდა ასევე ანალიზური ქიმიის, ორგანული და ფიზიკური ქიმიის საკითხებზე. 1878 წლიდან 1881 წლამდე სამეცნიერო მივლინებაშია პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, სადაც ისეთ დიდ მეცნიერებს ხვდებოდა, როგორებიც იყვნენ ბერთლო, ვიურცი, სენკლერ – დევილი.
1881 წელს თავისი მასწავლებლის ა. ვერიგოს წარდგინებით, ირჩევენ ორდინარულ პროფესორად, 1902 წელს კი დამსახურებული პროფესორი ხდება.
სხვა, შემდგომში ცნობილ ქიმიკოსებთან ერთად, მისი მოწაფე იყო პ. მელიქიშვილი, რომელთანაც 40 წლის მეგობრობა აკავშირებდა.
1905 წელს არჩეული იქნა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანად, მას რამდენჯერმე ირჩევენ დროებით რექტორად, 1907 წლიდან კი უნივერსიტეტის რექტორად ინიშნება. მისივე წარდგინებით, დეკანად მუშაობას იწყებს მისი მოწაფე და ერთგული მეგობარი პეტრე მელიქიშვილი, რომელიც ხშირად აღნიშნავდა: „ჩემი სტუდენტობის პირველი დღიდან ვ. პეტრიაშვილის ცხოვრების უკანასკნელ დღემდე მეგობრები ვიყავით. ვასილ მოსეს ძე, როგორც უფროსი ძმა, ისე მეპყრობოდა“.
ოდესის პრესაში იწერებოდა, რომ ვ. პეტრიაშვილი იდეალური რექტორი იყო და თვლიდნენ, რომ მის მსგავსად ამ მოვალეობას, ალბათ, ვერავინ შეასრულებდა. სტუდენტობის დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა ვ. პეტრიაშვილს. სხვადასხვა ჟურნალებში და გაზეთებში აქვეყნებდა საინტერესო და საჭირო წერილებს. მისი შრომები მეტად პოპულარული იყო როგორც რუსეთში, ისე ევროპაში.
მონაწილეობდა ქალაქის სანიტარული საქმეების მოწესრიგებაში. მის მიერ მოწოდებული, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული მეთოდებით, ქალაქის თვითმმართველობა აწარმოებდა საჭირო ღონისძიებებს.
დიდი როლი ითამაშა ოდესაში ქალთა განათლების საქმეში. მისი ინიციატივით და ხელშეწყობით ქალებს აგზავნიდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად. დიდ ყურადღებას აქცევდა სასწავლებლად წასულ ქართველ ქალებს და მატერიალურ დახმარებასაც უწევდა მათ. 1903 წელს, ოდესაში ქალთა უმაღლესი კურსები გაიხსნა, ამ საქმეში დიდი წვლილი ვ. პეტრიაშვილსაც ჰქონდა შეტანილი.
1902 წელს, კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოებამ საპატიო წევრად აირჩია.
მისი ლექციები გამოირჩეოდა ღრმა შინაარსით და დამსწრეთა დიდ ინტერესს იწვევდა. 
ცნობილი ქიმიკოსი, პროფესორი ვ. კაკაბაძე წერდა: „ჩვენი ვალია – ზედმიწევნით შევისწავლოთ ამ გამოჩენილი მეცნიერის, მხურვალე პატრიოტის და იშვიათი ადამიანის ღრმაშინაარსიანი ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი მდიდარი მემკვიდრეობა. პეტრიაშვილი იყო წარჩინებული აკადემიური მოღვაწე, შეუდარებელი პედაგოგი და აღმზრდელი, იყო თავდადებული და უანგარო საზოგადო მოღვაწე, იშვიათი ადამიანი, შემკული ყოველგვარი მაღალი, კეთილშობილური თვისებებით და გრძნობებით, იყო მგზნებარე პატრიოტი. როგორც მეცნიერი, შეუდარებელი იყო, სტუდენტებისთვის იყო ნამდვილი მეგობარი, რომელიც ყოველთვის უწევდა მათ მორალურ თუ მატერიალურ დახმარებას“.
პროფესორ სერგი ავალიანის აზრით, „ვ. პეტრიაშვილმა პირველად შეიტანა ქართულ ენაში მტკიცე, მეცნიერული ნომენკლატურა და შექმნა ახალი, ტექნიკური საბუნებისმეტყველო მეცნიერული ენა. მაგრამ პეტრიაშვილის ნაშრომების ღირსება და მნიშვნელობა მარტო ქართული მეცნიერულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნით კი არ განისაზღვრება, მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ საზოგადოებაში მეცნიერულ აზროვნებას“.
პროფესორი მედვედევი გულახდილად ამბობდა: „ბედნიერნი არიან აღზრდილნი ისეთ უნივერსიტეტებში, სადაც არიან ისეთი დიდი პირები, როგორიც იყო ვასილ პეტრიაშვილი. იგი მარტო მეცნიერების მასწავლებელი არ იყო, უფრო მეტად ზნეობის ცოცხალი მაგალითი და მისი მასწავლებელი გახლდათ“.
ვ. პეტრიაშვილი მეგობრობდა ნ. ნიკოლაძესთან და კონსულტაციებს უწევდა მას სოფლის მეურნეობის საკითხების მეცნიერულად გადაწყვეტის საქმეში. როდესაც ნ. ნიკოლაძემ აკაკი წერეთელს უამბო ვასილ პეტრიაშვილის ოდესაში მოღვაწეობის ამბები, აკაკიმ „საქართველოს ლომონოსოვი“ უწოდა მას.
„ვ. პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების საუკეთესო ხანის საუკეთესო წარმომადგენელი იყო. რაც მან გააკეთა, კარგა ხანია შევიდა სახელმძღვანელოებში. მე ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა არა მარტო მისი მოწაფეობა, არამედ მეგობრობა მთელი ოცი წლის განმავლობაში“. „იგი ვიწრო სპეციალისტი კი არ იყო, არამედ იყო ფართედ განათლებული ქიმიკოსი, შესანიშნავი ადამიანი, ამღზრდელი და გამოჩენილი მეცნიერი“, – აღნიშნავდა დიდი ქიმიკოსი ნ. ზელინსკი, რომლის სახელობისაც არის დღეს ორგანული ქიმიის ინსტიტუტი მოსკოვში.
სამშობლოს ვ. პეტრიაშვილი არასდროს ივიწყებდა. ქართულ პრესაში ბეჭდავდა სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებებს, მათ შორის ბელეტრისტულს. მისი წერილები, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხებოდა, დიდად ეხმარებოდა ქართველ საზოგადოებას. ის საქართველოში მევენახეობის განვითარებას და მის ტრადიციებს დიდ ყურადღებას აქცევდა. რუსულ და ქართულ ჟურნალებსა და გაზეთებში სისტემატიურად აქვეყნებდა სოფლის მეურნეთათვის საჭირო სტატიებს.
ჟურნალ „ვესტნიკ ვინოდელიაში“, რომელიც პეტერბურგში დაარსდა, შემდეგ კი გადაიტანეს ოდესაში, აქტიურად მუშაობდნენ ვ. პეტრიაშვილი და პ. მელიქიშვილი. ამასთან ორივენი იყვნენ 1901 წელს პარიზში დაარსებული მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო კომისიის წევრები.
პროფესორ კ .მოდებაძის შეფასებით, „ვ. პეტრიაშვილმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ საზოგადოებაში მეცნიერულ აზროვნებას. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოღვაწეობით ვ. პეტრიაშვილმა სწორი ალღო აუღო ქართველი ერის ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარსებო წყაროს და უეჭველად ხელი შეუწყო თავის სამშობლოში ამ დარგის განვითარებას“.
გაზეთ „მოამბეში“ ხშირად იბეჭდებოდა ვ. პეტრიაშვილის წერილები: „ღვინის დაყენება“, „რძე და მისი გამოყენება“, „სითბო და მისი სარგებლობა“, „ლუი პასტერის ღვაწლი ღვინის დაყენებაში“, „ვაზი, მისი მოშენება და მოვლა“ და სხვ. ასეთი ღრმა შინაარსის ნაშრომები მაშინ რუსულადაც არ იყო გამოქვეყნებული. ქართულ ენაზე შექმნა ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც, სამწუხაროდ, სხვა საინტერესო ნაშრომებთან ერთად დაკარგულა.
ქართულ ენაზე გაზეთებში გამოქვეყნებული წერილების საფუძველზე შექმნა სოლიდური, კაპიტალური სახელმძღვანელოები: 1894 წელს – „ღვინის დაყენება“; 1895 წელს – „რძე და მისი სხვადასხვაგვარად გამოყენება“; 1905 წელს – „ღვინის წარმოება,“ „ძმრის წარმოება“. საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული მეღვინეობაში, მევენახეობაში. მისი ნაშრომები, რომლებიც მოგვიანებით დაბეჭდა მელიქიშვილმა, ეხებოდა წყალტუბოს წყლებსა და ახტალის ტალახს. ცდილობდა, წვლილი შეეტანა მარგანეცის წარმოების საქმეშიც.
თავის ნაშრომებში განიხილავდა ქვევრში ღვინის დაყენების საკითხებს, რასაც მეტად საინტერესოდ მიიჩნევდა. აღწერდა სასმელების ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა რუმბი, ტიკი, ტიკჭორა, კოლოტი.
„საქართველოს მეღვინეებისა და სოფლის მეურნეთათვის ვ. პეტრიაშვილის ნაშრომები გახდნენ ნიადაგ სახმარ და ძვირფას სახელმძღვანელოებად. ისინი წარმოადგენენ პირველ სამეცნიერო ტრაქტატებს ქართულ ენაზე“. „ის იყო თავისი ეპოქის მოწინავე და დიდი მოღვაწე“, „მას ახასიათებდა იშვიათი თავმდაბლობა“, „იყო იდეალური რექტორი“, „სტუდენტებისათვის ნამდვილი მეგობარი იყო“. „საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არ იყო საქართველოში კუთხე, რომ მისთვის რაღაც რჩევისათვის არ მიემართათ რომელიმე მეცნიერულ-პრაქტიკული საკითხის გადასაწყვეტად“. „იყო მგზნებარე პატრიოტი,“ „ის ოცნებობდა საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის დაარსებაზე“. „მას საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია“, – ვიშველიებთ ისევ პროფესორ ვ. კაკაბაძის სიტყვებს.
1881 წელს ვ. პეტრიაშვილი დაქორწინდა ეკატერინე ყარამანის ასულ თავდგირიძეზე, რომელიც მან პარიზში გაიცნო. ქ-ნი ეკატერინე პოეტ მამია გურიელის დისწული იყო. იგი თავაზიანად და მზრუნველობით ეპყრობოდა მეუღლის მეგობრებსა და მოსწავლეებს. ამ ოჯახში შეხვდა და დაუახლოვდა ვ. პეტრიაშვილი აკაკის. აკაკიმ ვ. პეტრიაშვილის საცხოვრებელს ოდესაში „ზღვისპირა პატარა საქართველო უწოდა“. მათთან გამოულევლად იკრიბებოდნენ საქართველოდან ჩამოსული თუ ადგილობრივი სტუმრები, ხშირად სტუდენტებიც. იმართებოდა საინტერესო წვეულებები, შეხვედრები და საუბრები. მათი ოჯახის წევრად ითვლებოდა პეტრე მელიქიშვილი.
ილიას, აკაკის და ნიკოლაძის გარდა, ვ. პეტრიაშვილთან მეგობრობდნენ და დიდ პატივს სცემდნენ გ. წერეთელი, სერგი მესხი, ივანე მესხი, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი გამოჩენილი მწერლები და მოღვაწეები.
თბილისში მცირე ხნით ჩამოსული ვ. პეტრიაშვილი საზოგადოებას გულითადი სითბოთი მიუღია. დიდი სიხარულით შეხვედრია მას ექვთიმე თაყაიშვილი.
ვ. პეტრიაშვილის აზრით, აუცილებელი იყო ბავშვებს პირველად ჯერ თავიანთი ენა ესწავლათ, მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ მიღებული განათლების საფუძველი და მერე არც სხვა ენებზე სწავლა არ გაუჭირდებოდათ, თორემ, მისი სიტყვებით – „ყველგან ისე მომხდარა, თუ ყმაწვილი პირველადვე უცხო ენაზე იწყებს სწავლასა, იმისგან ხეირი არასდროს გამოსულა“.
ერთხელ გულიც ატკინეს – სამშობლოდან შორს მყოფს რა სარგებელი მოაქვს თავისი ქვეყნისთვისო. მან კი უპასუხა – მე თუ ვერ მოვასწრებ საქართველოში დაბრუნებას და რაიმე სასარგებლო საქმის გაკეთებას, ამას გააკეთებენ ჩემი განსწავლული მოწაფეები, როდესაც ოდესიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ისინი არც ისე ცოტანი არიანო.
სამწუხაროდ, ვ. პეტრიაშვილი ჯერ კიდევ ენერგიით სავსე, 1908 წელს, კარლსბადში (ახლანდელი კარლოვი ვარი), ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ საქართველოში დიდი გლოვა გამოიწვია, გაზეთებში წაიკითხავდით საოცრად გულთბილ და მწუხარებით აღსავსე წერილებს. ოდესელი სტუდენტობაც განიცდიდა მზრუნველის დაკარგვას, დაკარგვას „კავკასიელი გოლიათისას“, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ბევრი კარგი საქმის გაკეთება. 
გაიგო თუ არა პ. მელიქიშვილმა ვ. პეტრიაშვილის ავადმყოფობის ამბავი, სასწრაფოდ წავიდა კარლსბადში. იქედან პ. მელიქიშვილმა დეპეშით აცნობა ნ. ნიკოლაძეს პეტრიაშვილის გარდაცვალება. პ. მელიქიშვილმა მეგობარს ცოცხალს მიუსწრო და ვ. პეტრიაშვილმა, სიცოცხლის ბოლო დღეები პეტრე მელიქიშვილის მზრუნველობისა და პატრონობის ქვეშ გაატარა.
ოდესის უნივერსიტეტში პ. მელიქიშვილი 1869 წელს შევიდა. ვ. პეტრიაშვილი უკვე ამთავრებდა უნივერსიტეტს. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ თბილისიდან იცნობდნენ, განახლდა და განმტკიცდა მათი მეგობრობა, რომელიც კიდევ 40 წელს გაგრძელდა. პ. მელიქიშვილისათვის დიდი სულიერი ტრავმა იყო თავისი უფროსი მეგობრისა და მასწავლებლის გარდაცვალება.
მეგობრის გარდაცვალების გამგონე აკაკი ძალზე შეწუხებულა და ვ. პეტრიაშვილის ხსოვნას ლექსიც კი მიუძღვნა. „ჩუმი მოღვაწე, ნამდვილ ქართველი, სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვლელი“, – ასე ამთავრებდა თავის ლექსს აკაკი წერეთელი.
კარლსბადიდან ვ. პეტრიაშვილი ოდესაში გადმოასვენეს, მის დაკრძალვაზე უამრავი თბილი სიტყვა ითქვა. შემდეგ კი თბილისში გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. ახლა – ბაგებში, ვაკის სასაფლაოზე განისვენებს. თუმცა მრავალთა აზრია, რომ იგი ბევრად მეტს იმსახურებს.

თეიმურაზ პეტრიაშვილი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way