USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
თბილისი
ვარშავას განსხვავებული ამბიცია აქვს - მას უნდა აღმოსავლეთ ევროპის საყრდენი იყოს (გიორგი კობერიძე)
თარიღი:  755

გუშინ პოლონეთში არჩევნები ჩატარდა. ქვეყანა ძალიან საინტერესოა, თავისი ძალიან საინტერესო ისტორიითვე. ჯერჯერობით ზუსტი შედეგები არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ პირველ ადგილზე მოქმედი მთავრობა იაროსლავ კაჩინსკის მხარდაჭერილი პარტია PiS-ს 40%-ზე მეტს იკავებს, მეორე ადგილზე კი დონალდ ტუსკის KO 26%-ს ჯერდება. ოპოზიციური პარტიები - მესამე გზა და ახალი მემარცხენეები - 14% და 8%-ს იღებენ. მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ჯერ მხოლოდ 30%-ია დათვლილი.

სანამ იმას განვმარტავდეთ ვინ როგორი კანდიდატია რამდენიმე საინტერესო დეტალზე მინდა შევჩერდეთ. ქვეყანა 1795 წლიდან 1918 წლამდე სამ ნაწილად იყო დაყოფილი - რუსულ, პრუსიულ/გერმანულ და ავსტრიულად. ის ტერიტორიები, რომლებიც ავსტრიასა და რუსეთს ჰქონდა მითვისებული ძირითადად ნაციონალისტებისა და კონსერვატორების ბასტიონია. განსაკუთრებით სასოფლო და მცირე ზომის დასახლებებში, ხოლო პრუსიის ნაწილი, რომლის მნიშვნელოვან ნაწილზეც გერმანული ზეგავლენა 1945 წლამდეც კი გრძელდებოდა, უფრო ლიბერალებისა და მემარცხენეების ბაზაა. ვინ არიან ისინი და როგორი განწყობები აქვთ მათ?
პოლონელი ნაციონალისტები, რომლებიც აღმოსავლეთში (რუსეთისა და ავსტრიის იმპერიების მიერ დაპყრობილ ნაწილში) ცხოვრობენ, კარგად იციან რუსეთის ტყვეობაში ყოფნის ფასი, ამიტომაცაა რომ ისინი რუსეთთან მიმართებით ძალიან ხისტი და მილიტარისტული პოლიტიკის გატარების მომხრეები არიან. სოციალურ სფეროში მათ ნეიტრალური ან/და ცვალებადი დამოკიდებულება აქვთ. ნაციონალისტები ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის შეზღუდვის მხარეს დგანან. ნაციონალისტები ძლიერი და აქტიური საგარეო პოლიტიკის გამტარებელ პოლონეთს ემხრობიან.
პოლონელი კონსერვატორები ანტირუსულ განწყობებთან ერთად სოციალურ სფეროშიც კონსერვატორები არიან. ისინი ეწინააღმდეგებიან აბორტსა და სექსუალურ უმცირესობებს. მათი პოლიტიკა ხშირად რელიგიური ხასიათისაა.
პოლონელი ლიბერალები და მემარცხენეები პრო-ბრიუსელისეულ პოლიტიკას უჭერენ მხარს. თუმცა მათი პოლიტიკა წააგავს მერკელისეულ მიდგომებს რუსეთთან. ანუ, ლიბერალები და მემარცხენეები მეტად დემოკრატიულები და მეტად ბრიუსელის მხარდამჭერები არიან, მაგრამ რუსეთთან მიმართებით ისეთივე ხისტ პოლიტიკას არ ემხრობიან, როგორც ამას ნაციონალისტები ითხოვენ.
დონალდ ტუსკი პრო-ბრიუსელისეული და პრო-გერმანული პოლიტიკის მხარდამჭერი და ლიბერალია, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეც კი იყო (პარტია, ოფიციალურად, ზომიერად კონსერვატორია, მაგრამ, ფაქტობრივად, ლიბერალური). მაგრამ რუსეთთან მიმართებით მისი დამოკიდებულება მოქმედ მთავრობასთან შედარებით რბილია. მიუხედავად ამისა, მისი გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის შიგნით პოზიტიური მოლოდინები არსებობს.
იაროსლავ კაჩინსკი ერთდროულად კონსერვატორიცაა და ნაციონალისტიც. ის ევროკავშირის ცენტრის ბრიუსელიდან ვარშავაში გადმოტანას ემხრობა (არაპირდაპირი გაგებით) და ძალიან ხისტი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან მიმართებით, რომელმაც საეჭვო ვითარებაში კატინთან ძმა მოუკლა. სამაგიეროდ ევროკავშირის ინსტიტუციებში მისი მხარდაჭერილი მთავრობა საკმაოდ ცუდი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან ბერლინსა და პარიზზე მეტად ვარშავისა და ზოგადად ვიშეგრადის ქვეყნების წინ წამოწევას ცდილობს და სოციალური თვალსაზრისით უფრო კონსერვატორიცაა. მისი მოწინააღმდეგეები მას რელიგიურ ფანატიკოსად მოიხსენიებენ.
სად არიან გამოხატულად პრო-რუსები? მათი რიცხვი ძალიან ცოტაა, მაგრამ ისინი გაბნეულები არიან როგორც ლიბერალებსა და მემარცხენეებში, ისე კონსერვატორებში. კონსერვატორების ნაწილში შეიძლება ერთდროულად ანტი-რუსული და ანტი-უკრაინული განწყობებიც კი იყოს (ისტორიიდან გამომდინარე). ნაციონალისტებში პრო-რუსები თითქმის არ გვხვდებიან.
სულ მარტივად რომ ვთქვათ ასეა: ის პოლონელები, რომლებიც უფრო მეტად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, გერმანიასთან ახლოს იმყოფებიან და დასავლეთ პროვინციებში შედარებით გვიან დასახლდნენ, უფრო მეტად პრო-გერმანული, ლიბერალური და მემარცხენე პოლიტიკისაკენ იხრებიან. ხოლო ის პოლონელები, რომლებიც მცირე ქალაქებში ცხოვრობენ და რუსეთის იმპერიის ქვეშ დევნა უფრო მეტად ახსოვთ, უფრო მეტად ანტი-რუსული, ნაციონალისტური და კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევიან.
ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ ტუსკი უფრო პრო-ევროპულ კანდიდატად მოიაზრება ხოლო მოქმედი მთავრობა უფრო პრო-ამერიკულადო. ტუსკის დროს რომ პოლონეთი ნაკლებ ხისტი იყო რუსეთთან მიმართებით ვიდრე ახლაა, ესეც შესამჩნევია. მაგრამ ვნახოთ. ჯერ ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა - არჩევნების შედეგებიც არაა ნათელი, ხოლო ტუსკის გამარჯვების შემთხვევაში მისი საგარეო პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებით შესაძლოა ისეთივე ხისტად დარჩეს, როგორც მოქმედი მთავრობის პირობებში იყო. მოქმედი მთავრობის დარჩენის შემთხვევაში კი რუსეთთან ხისტი დამოკიდებულება არ გადაიხედება. ისიც დასამატებელია, რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა მოქმედ მთავრობას მხარს არ უჭერს არჩევნებში.

ერთიცაა - პოლონეთი ბრიუსელის მხრიდან უნგრეთის დასჯას ყოველთვის ეწინააღმდეგება ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ვარშავას განსხვავებული ამბიცია აქვს - მას უნდა აღმოსავლეთ ევროპის საყრდენი იყოს. თუმცა ამ პოლიტიკამ ვიქტორ ორბანის პოზიციები ევროკავშირის შიგნით პრაქტიკულად ხელშეუხებელი გახადა. თუკი ტუსკი მოვა ხელისუფლებაში ალბათ ეს პოლიტიკაც გადაიხედება. ვნახოთ, ჯერ ხმებს ითვლიან და კოალიციაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.