ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. ადგილზე დილიდან იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეები. ასევე ადგილზეა, რამდენიმე მაშველი და სამი სახანძრო მანქანა.
ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, მათ სოლიდური ზარალი მიადგათ. „სამი მაღაზია დაგვეწვა, ცეცხლმა სრულიად გაგვანადგურა. პროდუქცია არ გვაქვს დაზღვეული და დავიღუპეთ“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ბაზრობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ხანძრის რისკი დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას სახელმწიფოსგან ელიან.
"6 სულს ვინახავდი. ვისი იმედი უნდა გვქონდეს, ჯერ არავინ შემოსულა და არაფერი უკითხავთ, რა გჭირთ ხალხო“, - აცხადებს დაზარალებული.
ვარკეთილის ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებს ეჭვი აქვთ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. ასევე, საუბრობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც ბაზრობის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარებდა, რასაც შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოეწვია და ხანძრის მიზეზი გამხდარიყო.
მოვაჭრეების ინფორმაციით, შენობაში არსებული თითქმის ყველა მაღაზია განადგურებულია.
რაც შეეხება ვითარებას ვარკეთილის ბაზრობაზე, უკვე ცნობილია, რომ ხანძარმა 4 000 კვადრატემდე ტერიტორია გაანადგურა. „ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული, დამწვარია 4 ათას კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, რჩება სამი სატვირთო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ მუშაობა. ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჩვენ არ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ოთარ კერესელიძემ.
ხანძრის მთავარი კერების ლოკალიზება და ლიკვიდაცია გუშინ ღამე მოხერხდა. თუმცა დილით რჩებოდა ხანძრის რამდენიმე კერა, სადაც დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და ექსპერტ-კრიმინალისტები რომელებიც ხანძრის მიზეზებს დაადგენენ.
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.