USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
ვაკანსიები არის, მსურველი არა - რატომ არ უღირთ მომსახურების სფეროში დასაქმება
თარიღი:  755

წყარო:publika.ge

მომსახურების სფეროში დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე ჩივიან, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში კი უმუშევრობა კვლავ მოწინავე პრობლემებს შორის სახელდება – რამ განაპირობა ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ტენდენცია? რატომ აღარ ინტერესდებიან მოქალაქეები მომსახურების სფეროში მუშაობით და რომელ ალტერნატიულ გზას ირჩევენ?

25 წლის ირაკლი გუნიას ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რესტორანსა და სასტუმროში უმუშავია როგორც მიმტანის, ასევე მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. 5 თვეა, სამსახურს ეძებს, თუმცა რესტორანში მიბრუნებას მძიმე სამუშაო პირობების გამო აღარ აპირებს.

„როდესაც მივდიოდი გასაუბრებაზე, ადმინისტრაცია მეუბნებოდა, რომ კონკრეტულად ეს იყო ჩემი შესასრულებელი საქმე, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდებოდა, რომ სხვადასხვა საქმის განაწილება მიწევდა და რეალურად იმ საქმეს არ ვაკეთებდი, რაზეც ვიყავი აყვანილი დამქირავებლის მიერ“, – ამბობს ირაკლი და იხსენებს, როგორ მოუწია მიმტანობასთან ერთად მზარეულის დამხმარის როლიც მოერგო ისე, რომ ანაზღაურება არ გაზრდია.

ირაკლის თქმით, ხელფასი სხვადასხვა პერიოდში 500-დან 700 ლარამდე ჰქონდა, რომლის გადახდასაც დამსაქმებელი ხშირად აგვიანებდა – ერთი კვირით, სამი კვირით და ერთი თვითაც კი.

„მენეჯერი მეუბნებოდა, რომ ამ ეტაპზე არ ჰქონდათ თანხა და თანხას მომცემდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ექნებოდათ ამ თანხის მოძიების რესურსი“.

გარდა ამისა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ზედმეტი მოვალეობების დაკისრება გახდა საფუძველი, რომ სამსახურის ძიების პროცესში სხვადასხვა ობიექტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.

„ერთ-ერთ მაღაზიაში მითხრეს, რომ ჯერ სტაჟიორი ვიქნებოდი რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ უკვე ამიყვანდნენ სამსახურში. რეალურად, კონსულტანტის პოზიციაზე ვიყავი, თუმცა ამის გარდა, მევალებოდა მოლარედ ჯდომა, დამლაგებლობა და სხვადასხვა საკითხის მოგვარება. ეს გახდა უარის მიზეზი თანამშრომლობაზე. სტაჟირებიდან დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ უარი ვთქვი. ეს ანაზღაურებადი სტაჟირება არ ყოფილა“, – ამბობს ირაკლი.



სტატისტიკური მიმოხილვა:

სამუშაო ძალა  არის – მინიმუმ 15 წლის ასაკის მქონე შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც ან დასაქმებულია, ან აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის მუშაობის დასაწყებად.

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო ძალა შეადგენდა 1 551 600 ადამიანს, რომელთაგან უმუშევართა ხვედრითი წილი 267 900 იყო. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 412 000-ია.

უმუშევრის დეფინიცია ასეთია – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ იყო დასაქმებული, გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, თითქმის მეოთხედი ვაჭრობაშია (24%) დასაქმებული.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული – „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის 2022 წლის კვლევით“, 2022 წელს (1 სექტემბრის მდგომარეობით) საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 334 ლარი შეადგინა, ანგარიშის მიხედვით, 1000 ლარზე ნაკლები საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა სამ სექტორში: განათლება 951 ₾, სასტუმროები და რესტორნები 894 ₾ და სხვა სახის მომსახურება 593 ₾. ხოლო, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში – 1 193 ₾.



რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური კადრების დეფიციტი განაპირობა შრომითმა მიგრაციამ როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე სხვა პროფესიაშიც.

„ნებისმიერი სფეროში არსებული პოზიცია დღეს თუ მოითხოვს 10 კადრს, მხოლოდ 6 ან 7-ია და, შესაბამისად, 6 და 7 ადამიანით ხდება იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ათმა უნდა შეასრულოს, თუ 5 არის საჭირო – 3-ით… და რეალურად ასე ხდება ფუნქციონირება. ასეა სფეროში არსებულ ნებისმიერ პოზიციებზე“, – ამბობს ბურჯანაძე და დასძენს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე რესტორნებს ახალი ფილიალების გახსნაც უჭირთ.

შეკითხვაზე, ხომ არ არის კადრების დეფიციტი ხელფასის სიმწირითა და არასახარბიელო სამუშაო პირობებით გამოწვეული, ბურჯანაძე პასუხობს, რომ ხელფასიც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს, თუმცა დღესდღეობით მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია.

„დღეს არსებულ ბაზარზე სრულად დამაკმაყოფილებელია და ხელფასი, რომელიც არსებობს დღეს, ნამდვილად არ არის ძალიან ცოტა, რბილად რომ ვთქვათ. საშუალო ხელფასი 1200 ლარიდან იწყება პოზიციიდან გამომდინარე და 4-5 ათასზე ადის, გააჩნია პოზიციას“, – ამბობს ბურჯანაძე, თუმცა, მისივე თქმით, ეს მონაცემები არა რაიმე კვლევას, არამედ ასოციაციის 600-მდე წევრის მიერ გაზიარებულ მონაცემებს ეყრდნობა.

მისივე თქმით, პროფესიონალებისთვის ხელფასი არსებულ რეალობასთან შესაბამისია, თუმცა „ახალ, არაპროფესიონალ კადრებს, რომლებიც არ ფლობენ საჭირო უნარ-ჩვევებს, ვერასდროს შესთავაზებენ ისეთ ხელფასს, რომელიც უკვე პროფესიონალ, გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებს აქვთ. თავიდანვე იწყება იმ ხელფასით, რომელიც შეიძლება წარმოდგენაში მიუღებელი იყოს ადამიანისთვის და ამიტომაც არის ის დიდი პრობლემა და დისონანსი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის“.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, სტუმარმასპინძლობის სფეროში საშუალო თვიური ხელფასი 873 ლარია. იმავე წლის მონაცემებით, მაგალითად, მზარეულის დამხმარის საშუალო ხელფასი 624 ლარი იყო, დამლაგებლისა – 474 ლარი.



სტატისტიკური მიმოხილვა – ვაკანსიების შესახებ

ეკონომიკის სამინისტროს ზემოთ აღნიშნული კვლევით, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საწარმოთა 32%-ს (15 617 საწარმოს) ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 137 921 ვაკანსია შეადგინა. სექტორების მიხედვით, განაწილება კი ასეთია: 36% – ვაჭრობა, 11% – დამამუშავებელ მრეწველობა, 10% – სასტუმროები/რესტორნები, 9% – მშენებლობა და ა.შ.

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO 2008) ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით, კვლევის თანახმად, გამოცხადებული ვაკანსიები შემდეგნაირად გადანაწილდა: ყველაზე მეტი ვაკანსია მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირებსა (20%) და სპეციალისტებზე (19.8%) მოდის. მას მოსდევს: მენეჯერები (17%), ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები (10%), ოფისის დამხმარე პერსონალი (10%), დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი (9%), ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები (7%).

გამოცხადებულ ვაკანსიებზე შეთავაზებულ საშუალო ხელფასს რაც შეეხება, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომსახურებისა და გაყიდვების სფეროებში ამან 704 ლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებული ვაკანსიებიდან შეუვსებელი დარჩა 13 893, რაც გამოცხადებული ვაკანსიების 12%-ს შეადგენს.

შეუვსებელი ვაკანსიები ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირების ჯგუფზე მოდის – 23%, მას მოჰყვება ხელოსნებისა და მონათესავე სფეროების მუშების ძირითადი პროფესიული ჯგუფი – 19%.

„ღირსეული შრომის პლატფორმის” მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი ერთ სულზე 1 706 ლარი უნდა იყოს. საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები.



საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში უმუშევრობის დონე თითქმის 10%-ით შემცირდა და 2022 წელს 17.3% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე ამავე პერიოდში სულ რაღაც 3.3%-ით გაიზარდა და შარშან 42.9% შეადგინა – ნიშნავს თუ არა უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას? – ეს შეკითხვა შრომის ბაზრის მკვლევარს, ანა დიაკონიძეს დავუსვით.

მკვლევრის თქმით, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას, რადგან ეს ორი მაჩვენებელი სხვადასხვაგვარად გამოითვლება და მათი ჯამი 100%-ს არ შეადგენს.

უმუშევრობის მაჩვენებელი უმუშევარი ადამიანებისა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის ერთმანეთთან შეფარდებით მიიღება. ამდენად, უმუშევრობის მაჩვენებლის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ეკონომიკურად აქტიური ადამიანების (დასაქმებულებისა და სამსახურის მაძიებლების) რაოდენობა.

„რომ გავამარტივოთ, კითხვა ასე უნდა დავსვათ – თუ შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც სტატისტიკურად უმუშევრად ვთვლით, სად წავიდნენ ეს ადამიანები?“, – ამბობს ანა დიაკონიძე და დასძენს – „ორი ვარიანტია – ან ისინი ხდებიან დასაქმებული, ან ხდებიან ეკონომიკურად არააქტიური. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიფიქროთ, ეს ადამიანები ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან [ადამიანი, რომელიც არც დასაქმებულია, აღარც სამუშაოს ეძებს]. სხვადასხვა კვლევითა თუ აქა-იქ გაჟღერებული მოსაზრებებით ვიცით, რომ ადამიანებს ეს განწყობები ზოგადად აქვთ, რომ „ფორმალურ შრომის ბაზარზე ხელფასები იმდენად დაბალია, რომ არ ვიმუშავებ“, „არ მიღირს“ და ა.შ. ეს სენტიმენტები ძალიან გავრცელებულია, არა მარტო სენტიმენტები, არამედ არაერთი კვლევა ადასტურებს ამას.

მეორე არის მიგრაციის ფაქტორი – რა არჩევანი აქვს ადამიანს, რომელიც აქ ვერ ინტეგრირდა შრომის ბაზარზე? ერთი არის ის, რომ ხელი ჩაიქნიოს, ან სოციალური შემწეობა მოითხოვოს ან ეძებოს სამუშაო საზღვრებს გარეთ და სამუშაო ძალა ისევ შემცირდება ქვეყანაში“, – ამბობს ანა დიაკონიძე.

რადგანაც დასაქმების დონე საგრძნობლად არ იცვლება, მკვლევარი ფიქრობს, რომ იზრდება არა დასაქმებულთა, არამედ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 647 ათას ადამიანს აჭარბებს (17.4% წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში). გარდა ამისა, შარშან საქართველოდან ემიგრაციაში რეკორდული რაოდენობის, 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა.

აფხაზეთიდან დევნილი 35 წლის თიკო ერთ-ერთია, რომელმაც თბილისის სხვადასხვა რესტორანში 10-წლიანი შრომის შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. 4 წელია, შინ მცირეწლოვანი შვილი ელოდება.

ქვეყნის დატოვებამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ რესტორანში მუშაობდა მცხობლად – დღეში 30 ლარს გამოიმუშავებდა, რაც მხოლოდ ტრანსპორტსა და საკვებზე თუ ჰყოფნიდა. დილის 9:30 საათიდან სამსახურში უნდა ყოფილიყო, მუშაობას 23:00 საათზე ასრულებდა, შინ შუა ღამემდე ვერ ბრუნდებოდა და ბავშვსაც თითქმის ვერ ნახულობდა.

„შვილიც რომ გაგვიჩნდა, როდემდე უნდა ვყოფილიყავით ასე? სხვა პერსპექტივა არ იყო ქვეყანაში. ორ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებდი – 13 საათი ვმუშაობდი 30 ლარად, რა უნდა გამეკეთებინა? ვერაფერს ვერ დააგროვებდი. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით, სარდაფში პატარა ბავშვთან ერთად, სადაც ფანჯარაც არ იყო, ხომ უნდა შეგეგროვებინა, რომ უკეთეს პირობებში გადასულიყავი? პატარა ბავშვს კი ვტოვებდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ბავშვობის ოცნებას ავიხდენდი – სახლი მექნებოდა და შვილს კარგ პირობებს შევუქმნიდი“, – ამბობს თიკო.

როგორც იხსენებს, თავდაპირველად 4-5 წელი მთაწმინდაზე ერთ-ერთ ობიექტზე იმუშავა, სადაც 12-13-საათიანი სამუშაო გრაფიკი იყო, ხოლო კვება – ერთჯერადი:

„მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ დილით დამლაგებლებიც ვიყავით, ყველაფერი უნდა მოგვეწესრიგებინა – მაგიდები, იატაკი მოგვხვეტა, მოგვერეცხა, ნაგავი გაგვეტანა. დილის 9 საათიდან იწყებდა მუშაობას ობიექტი და ღამის 11-ზე იკეტებოდა. ერთხელ გვქონდა ჭამა შუა დღეს, ერთხელ გულიც წამივიდა…“, – იხსენებს თიკო.

მოგვიანებით სამუშაოდ ვაკის ერთ-ერთ კაფეში გადაინაცვლა, თუმცა მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გამოუცხადეს, რომ „ხვალიდან აღარ იმუშავებდა და ახალი „სტაფი“ მოვიდოდა“.

„მახსოვს, როგორ ვტიროდი გზაში. უცებ, მეორე დღესვე სად იშოვი სამუშაოს… ეს დაახლოებით 2014-15 წლებში იყო“.

თიკო დღესაც რესტორანში მუშაობს, საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში.

„სად 13 საათი რომ იმუშავებ ერთ ადგილას და სად 8 საათი. ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, ორმაგი და სამმაგია. აქ სხვანაირი მიდგომები აქვთ – მაგალითად, საქართველოში რომ ყრიან საჭმელს და არ ატანენ პერსონალს, აქ რომ არ წაიღო და გადაყარონ, საცოდაობაა, შეიძლება, ეწყინოთ კიდეც. ეგ რამდენს ნიშნავს და ჩვენთვის, ვინც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ხორცი ალბათ სანატრელი იყო საქართველოში. იცით, რამხელა შეღავათია, საკვებში ფულს რომ არ ვხარჯავ?“

მკვლევარი ანა დიაკონიძე აღნიშნავს, რომ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევით, მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელფასის ოდენობა და სამუშაო პირობებია. ერთ-ერთ მიმდინარე კვლევაში ისიც გამოიკვეთა, რომ, პანდემიის შემდეგ რესტორნებში დასაქმებულებმა საკურიერო მომსახურებაში გადაინაცვლეს.

„მახსოვს რამდენიმე ექსპერტის კვლევა, ისინი ამბობდნენ, რომ რადგან შეიქმნა ეს დეფიციტი [კადრების], აიწევს ხელფასები, ანუ ბიზნესს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეც ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები, მაგრამ ბიზნესი ამ გზას არ ირჩევს […] მაგრამ, მეორე მხრივ, წუწუნებს დამსაქმებელი იმაზე, რომ მასთან არ მიდის კადრი“.

მისივე თქმით, კადრების ნაკლებობას კიდევ ერთ პრობლემამდე მივყავართ – უკვე დასაქმებული ადამიანი მეტ ექსპლუატაციას განიცდის. მათ სხვების ფუნქციებსაც უმატებენ და ხელფასს არ უზრდიან. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელფასის გაზრდის ნაცვლად დამსაქმებლებმა მომსახურების საფასური გაზარდეს და ხარჯი მომხმარებელზე გადაიტანეს.

„თუკი ვაკანსიებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სამუშაოს მაძიებლები არ ინტერესდებიან და მერე ვამბობთ, რომ „პარადოქსია, ვაკანსიები არის, მაგრამ ხალხს მუშაობა არ უნდა…“  – ხალხს მუშაობა არ უნდა იმ ხელფასზე, რასაც იხდიან, ძალიან მარტივია. ისიც არის, რომ საარსებო წყაროებს არაფორმალურად პოულობენ და ის არაფორმალური ურჩევნიათ, რადგან იმდენი ვალდებულება არ აქვთ, რამდენიც ექნებოდათ სხვა ფორმალურ ადგილას“, – ამბობს ანა დიაკონიძე.



კვლევები დასაქმებულთა შრომის უფლებებზე:

2019 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა ვაჭრობის სფეროში მომუშავე ადამიანების შრომის უფლებების მდგომარეობა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ვაჭრობის სფერო ორ ნაწილად გაიყო:

  1. საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტების გარდა;
  2. სუპერმარკეტები.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა ორივე სექტორში შრომის კოდექსით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება. სავაჭრო ქსელში დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 48.6 საათს მუშაობენ, ხოლო სუპერმარკეტებში 54.4 საათს. დღიურად კი სავაჭრო ქსელში დასაქმებულები საშუალოდ 9 საათს მუშაობენ, სუპერმარკეტებში კი – 10.8 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა, მაშინ, როცა შრომის კოდექსით 8-საათიანი სამუშაო გრაფიკია განსაზღვრული.

ორივე სფეროში გამოკითხულთა უმეტესობა, სავაჭრო ქსელში – 69%, ხოლო სუპერმარკეტებში – 80.7%, აღნიშნავდა, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის ისინი არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას.

როგორც პროფკავშირი აცხადებს, სექტორში არსებული შრომითი პირობებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი კადრების განსაკუთრებით მაღალი დენადობით ხასიათდება. აქ დასაქმებულთა  51.9%-ს  მიმდინარე სამუშაო ადგილზე 1 წელზე ნაკლები პერიოდი აქვს გატარებული.

სასტუმროები

სასტუმრო სექტორი ერთ-ერთი დიდი სფეროა, რომელშიც 2022 წლის საქსტატის ბოლო მონაცემებით, 37 000 ადამიანია დასაქმებული.

სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაო პირობების შესახებ, „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ ჩაატარა კვლევა და საქართველოში „ვარსკვლავების“ მქონე სასტუმროები გამოიკვლია.

კვლევის მიხედვით, სასტუმროებში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, სამუშაო საათების ხანგრძლივობა შრომის კოდექსთან შეუსაბამოა. კვლევის მიხედვით, სასტუმროს პერსონალი საშუალოდ 46.22 საათს მუშაობს.

ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 53.3% ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დამატებით ანაზღაურებას იღებს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, კვლევის მიხედვით, ამ კუთხით ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სასტუმრო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 1000 ლარს არ აღემატება. გამოკვლეულია დიასახლისების, მიმტანების, მიმღებისა და მზარეულების ხელფასები.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.