წყარო:publika.ge
მომსახურების სფეროში დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე ჩივიან, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში კი უმუშევრობა კვლავ მოწინავე პრობლემებს შორის სახელდება – რამ განაპირობა ეს ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი ტენდენცია? რატომ აღარ ინტერესდებიან მოქალაქეები მომსახურების სფეროში მუშაობით და რომელ ალტერნატიულ გზას ირჩევენ?
25 წლის ირაკლი გუნიას ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რესტორანსა და სასტუმროში უმუშავია როგორც მიმტანის, ასევე მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. 5 თვეა, სამსახურს ეძებს, თუმცა რესტორანში მიბრუნებას მძიმე სამუშაო პირობების გამო აღარ აპირებს.
„როდესაც მივდიოდი გასაუბრებაზე, ადმინისტრაცია მეუბნებოდა, რომ კონკრეტულად ეს იყო ჩემი შესასრულებელი საქმე, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდებოდა, რომ სხვადასხვა საქმის განაწილება მიწევდა და რეალურად იმ საქმეს არ ვაკეთებდი, რაზეც ვიყავი აყვანილი დამქირავებლის მიერ“, – ამბობს ირაკლი და იხსენებს, როგორ მოუწია მიმტანობასთან ერთად მზარეულის დამხმარის როლიც მოერგო ისე, რომ ანაზღაურება არ გაზრდია.
ირაკლის თქმით, ხელფასი სხვადასხვა პერიოდში 500-დან 700 ლარამდე ჰქონდა, რომლის გადახდასაც დამსაქმებელი ხშირად აგვიანებდა – ერთი კვირით, სამი კვირით და ერთი თვითაც კი.
„მენეჯერი მეუბნებოდა, რომ ამ ეტაპზე არ ჰქონდათ თანხა და თანხას მომცემდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც ექნებოდათ ამ თანხის მოძიების რესურსი“.
გარდა ამისა, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ზედმეტი მოვალეობების დაკისრება გახდა საფუძველი, რომ სამსახურის ძიების პროცესში სხვადასხვა ობიექტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი ეთქვა.
„ერთ-ერთ მაღაზიაში მითხრეს, რომ ჯერ სტაჟიორი ვიქნებოდი რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ უკვე ამიყვანდნენ სამსახურში. რეალურად, კონსულტანტის პოზიციაზე ვიყავი, თუმცა ამის გარდა, მევალებოდა მოლარედ ჯდომა, დამლაგებლობა და სხვადასხვა საკითხის მოგვარება. ეს გახდა უარის მიზეზი თანამშრომლობაზე. სტაჟირებიდან დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ უარი ვთქვი. ეს ანაზღაურებადი სტაჟირება არ ყოფილა“, – ამბობს ირაკლი.
სტატისტიკური მიმოხილვა:
სამუშაო ძალა არის – მინიმუმ 15 წლის ასაკის მქონე შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც ან დასაქმებულია, ან აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის მუშაობის დასაწყებად.
საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო ძალა შეადგენდა 1 551 600 ადამიანს, რომელთაგან უმუშევართა ხვედრითი წილი 267 900 იყო. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 412 000-ია.
უმუშევრის დეფინიცია ასეთია – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ იყო დასაქმებული, გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, თითქმის მეოთხედი ვაჭრობაშია (24%) დასაქმებული.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული – „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის 2022 წლის კვლევით“, 2022 წელს (1 სექტემბრის მდგომარეობით) საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 334 ლარი შეადგინა, ანგარიშის მიხედვით, 1000 ლარზე ნაკლები საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა სამ სექტორში: განათლება 951 ₾, სასტუმროები და რესტორნები 894 ₾ და სხვა სახის მომსახურება 593 ₾. ხოლო, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში – 1 193 ₾.
რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური კადრების დეფიციტი განაპირობა შრომითმა მიგრაციამ როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე სხვა პროფესიაშიც.
„ნებისმიერი სფეროში არსებული პოზიცია დღეს თუ მოითხოვს 10 კადრს, მხოლოდ 6 ან 7-ია და, შესაბამისად, 6 და 7 ადამიანით ხდება იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ათმა უნდა შეასრულოს, თუ 5 არის საჭირო – 3-ით… და რეალურად ასე ხდება ფუნქციონირება. ასეა სფეროში არსებულ ნებისმიერ პოზიციებზე“, – ამბობს ბურჯანაძე და დასძენს, რომ შექმნილი ვითარების ფონზე რესტორნებს ახალი ფილიალების გახსნაც უჭირთ.
შეკითხვაზე, ხომ არ არის კადრების დეფიციტი ხელფასის სიმწირითა და არასახარბიელო სამუშაო პირობებით გამოწვეული, ბურჯანაძე პასუხობს, რომ ხელფასიც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს, თუმცა დღესდღეობით მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია.
„დღეს არსებულ ბაზარზე სრულად დამაკმაყოფილებელია და ხელფასი, რომელიც არსებობს დღეს, ნამდვილად არ არის ძალიან ცოტა, რბილად რომ ვთქვათ. საშუალო ხელფასი 1200 ლარიდან იწყება პოზიციიდან გამომდინარე და 4-5 ათასზე ადის, გააჩნია პოზიციას“, – ამბობს ბურჯანაძე, თუმცა, მისივე თქმით, ეს მონაცემები არა რაიმე კვლევას, არამედ ასოციაციის 600-მდე წევრის მიერ გაზიარებულ მონაცემებს ეყრდნობა.
მისივე თქმით, პროფესიონალებისთვის ხელფასი არსებულ რეალობასთან შესაბამისია, თუმცა „ახალ, არაპროფესიონალ კადრებს, რომლებიც არ ფლობენ საჭირო უნარ-ჩვევებს, ვერასდროს შესთავაზებენ ისეთ ხელფასს, რომელიც უკვე პროფესიონალ, გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანებს აქვთ. თავიდანვე იწყება იმ ხელფასით, რომელიც შეიძლება წარმოდგენაში მიუღებელი იყოს ადამიანისთვის და ამიტომაც არის ის დიდი პრობლემა და დისონანსი დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის“.
საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, სტუმარმასპინძლობის სფეროში საშუალო თვიური ხელფასი 873 ლარია. იმავე წლის მონაცემებით, მაგალითად, მზარეულის დამხმარის საშუალო ხელფასი 624 ლარი იყო, დამლაგებლისა – 474 ლარი.
სტატისტიკური მიმოხილვა – ვაკანსიების შესახებ
ეკონომიკის სამინისტროს ზემოთ აღნიშნული კვლევით, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საწარმოთა 32%-ს (15 617 საწარმოს) ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში 137 921 ვაკანსია შეადგინა. სექტორების მიხედვით, განაწილება კი ასეთია: 36% – ვაჭრობა, 11% – დამამუშავებელ მრეწველობა, 10% – სასტუმროები/რესტორნები, 9% – მშენებლობა და ა.შ.
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO 2008) ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით, კვლევის თანახმად, გამოცხადებული ვაკანსიები შემდეგნაირად გადანაწილდა: ყველაზე მეტი ვაკანსია მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირებსა (20%) და სპეციალისტებზე (19.8%) მოდის. მას მოსდევს: მენეჯერები (17%), ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები (10%), ოფისის დამხმარე პერსონალი (10%), დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი (9%), ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები (7%).
გამოცხადებულ ვაკანსიებზე შეთავაზებულ საშუალო ხელფასს რაც შეეხება, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომსახურებისა და გაყიდვების სფეროებში ამან 704 ლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, გამოცხადებული ვაკანსიებიდან შეუვსებელი დარჩა 13 893, რაც გამოცხადებული ვაკანსიების 12%-ს შეადგენს.
შეუვსებელი ვაკანსიები ძირითადი პროფესიული ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებულ პირების ჯგუფზე მოდის – 23%, მას მოჰყვება ხელოსნებისა და მონათესავე სფეროების მუშების ძირითადი პროფესიული ჯგუფი – 19%.
„ღირსეული შრომის პლატფორმის” მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებელი ხელფასი ერთ სულზე 1 706 ლარი უნდა იყოს. საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში უმუშევრობის დონე თითქმის 10%-ით შემცირდა და 2022 წელს 17.3% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე ამავე პერიოდში სულ რაღაც 3.3%-ით გაიზარდა და შარშან 42.9% შეადგინა – ნიშნავს თუ არა უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას? – ეს შეკითხვა შრომის ბაზრის მკვლევარს, ანა დიაკონიძეს დავუსვით.
მკვლევრის თქმით, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას, რადგან ეს ორი მაჩვენებელი სხვადასხვაგვარად გამოითვლება და მათი ჯამი 100%-ს არ შეადგენს.
უმუშევრობის მაჩვენებელი უმუშევარი ადამიანებისა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის ერთმანეთთან შეფარდებით მიიღება. ამდენად, უმუშევრობის მაჩვენებლის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ეკონომიკურად აქტიური ადამიანების (დასაქმებულებისა და სამსახურის მაძიებლების) რაოდენობა.
„რომ გავამარტივოთ, კითხვა ასე უნდა დავსვათ – თუ შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც სტატისტიკურად უმუშევრად ვთვლით, სად წავიდნენ ეს ადამიანები?“, – ამბობს ანა დიაკონიძე და დასძენს – „ორი ვარიანტია – ან ისინი ხდებიან დასაქმებული, ან ხდებიან ეკონომიკურად არააქტიური. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ ვიფიქროთ, ეს ადამიანები ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან [ადამიანი, რომელიც არც დასაქმებულია, აღარც სამუშაოს ეძებს]. სხვადასხვა კვლევითა თუ აქა-იქ გაჟღერებული მოსაზრებებით ვიცით, რომ ადამიანებს ეს განწყობები ზოგადად აქვთ, რომ „ფორმალურ შრომის ბაზარზე ხელფასები იმდენად დაბალია, რომ არ ვიმუშავებ“, „არ მიღირს“ და ა.შ. ეს სენტიმენტები ძალიან გავრცელებულია, არა მარტო სენტიმენტები, არამედ არაერთი კვლევა ადასტურებს ამას.
მეორე არის მიგრაციის ფაქტორი – რა არჩევანი აქვს ადამიანს, რომელიც აქ ვერ ინტეგრირდა შრომის ბაზარზე? ერთი არის ის, რომ ხელი ჩაიქნიოს, ან სოციალური შემწეობა მოითხოვოს ან ეძებოს სამუშაო საზღვრებს გარეთ და სამუშაო ძალა ისევ შემცირდება ქვეყანაში“, – ამბობს ანა დიაკონიძე.
რადგანაც დასაქმების დონე საგრძნობლად არ იცვლება, მკვლევარი ფიქრობს, რომ იზრდება არა დასაქმებულთა, არამედ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 647 ათას ადამიანს აჭარბებს (17.4% წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში). გარდა ამისა, შარშან საქართველოდან ემიგრაციაში რეკორდული რაოდენობის, 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა.
აფხაზეთიდან დევნილი 35 წლის თიკო ერთ-ერთია, რომელმაც თბილისის სხვადასხვა რესტორანში 10-წლიანი შრომის შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. 4 წელია, შინ მცირეწლოვანი შვილი ელოდება.
ქვეყნის დატოვებამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ რესტორანში მუშაობდა მცხობლად – დღეში 30 ლარს გამოიმუშავებდა, რაც მხოლოდ ტრანსპორტსა და საკვებზე თუ ჰყოფნიდა. დილის 9:30 საათიდან სამსახურში უნდა ყოფილიყო, მუშაობას 23:00 საათზე ასრულებდა, შინ შუა ღამემდე ვერ ბრუნდებოდა და ბავშვსაც თითქმის ვერ ნახულობდა.
„შვილიც რომ გაგვიჩნდა, როდემდე უნდა ვყოფილიყავით ასე? სხვა პერსპექტივა არ იყო ქვეყანაში. ორ სამუშაოზე ვერ ვიმუშავებდი – 13 საათი ვმუშაობდი 30 ლარად, რა უნდა გამეკეთებინა? ვერაფერს ვერ დააგროვებდი. ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდით, სარდაფში პატარა ბავშვთან ერთად, სადაც ფანჯარაც არ იყო, ხომ უნდა შეგეგროვებინა, რომ უკეთეს პირობებში გადასულიყავი? პატარა ბავშვს კი ვტოვებდი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ბავშვობის ოცნებას ავიხდენდი – სახლი მექნებოდა და შვილს კარგ პირობებს შევუქმნიდი“, – ამბობს თიკო.
როგორც იხსენებს, თავდაპირველად 4-5 წელი მთაწმინდაზე ერთ-ერთ ობიექტზე იმუშავა, სადაც 12-13-საათიანი სამუშაო გრაფიკი იყო, ხოლო კვება – ერთჯერადი:
„მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ დილით დამლაგებლებიც ვიყავით, ყველაფერი უნდა მოგვეწესრიგებინა – მაგიდები, იატაკი მოგვხვეტა, მოგვერეცხა, ნაგავი გაგვეტანა. დილის 9 საათიდან იწყებდა მუშაობას ობიექტი და ღამის 11-ზე იკეტებოდა. ერთხელ გვქონდა ჭამა შუა დღეს, ერთხელ გულიც წამივიდა…“, – იხსენებს თიკო.
მოგვიანებით სამუშაოდ ვაკის ერთ-ერთ კაფეში გადაინაცვლა, თუმცა მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გამოუცხადეს, რომ „ხვალიდან აღარ იმუშავებდა და ახალი „სტაფი“ მოვიდოდა“.
„მახსოვს, როგორ ვტიროდი გზაში. უცებ, მეორე დღესვე სად იშოვი სამუშაოს… ეს დაახლოებით 2014-15 წლებში იყო“.
თიკო დღესაც რესტორანში მუშაობს, საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში.
„სად 13 საათი რომ იმუშავებ ერთ ადგილას და სად 8 საათი. ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, ორმაგი და სამმაგია. აქ სხვანაირი მიდგომები აქვთ – მაგალითად, საქართველოში რომ ყრიან საჭმელს და არ ატანენ პერსონალს, აქ რომ არ წაიღო და გადაყარონ, საცოდაობაა, შეიძლება, ეწყინოთ კიდეც. ეგ რამდენს ნიშნავს და ჩვენთვის, ვინც საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ხორცი ალბათ სანატრელი იყო საქართველოში. იცით, რამხელა შეღავათია, საკვებში ფულს რომ არ ვხარჯავ?“
მკვლევარი ანა დიაკონიძე აღნიშნავს, რომ არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევით, მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელფასის ოდენობა და სამუშაო პირობებია. ერთ-ერთ მიმდინარე კვლევაში ისიც გამოიკვეთა, რომ, პანდემიის შემდეგ რესტორნებში დასაქმებულებმა საკურიერო მომსახურებაში გადაინაცვლეს.
„მახსოვს რამდენიმე ექსპერტის კვლევა, ისინი ამბობდნენ, რომ რადგან შეიქმნა ეს დეფიციტი [კადრების], აიწევს ხელფასები, ანუ ბიზნესს უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეც ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები, მაგრამ ბიზნესი ამ გზას არ ირჩევს […] მაგრამ, მეორე მხრივ, წუწუნებს დამსაქმებელი იმაზე, რომ მასთან არ მიდის კადრი“.
მისივე თქმით, კადრების ნაკლებობას კიდევ ერთ პრობლემამდე მივყავართ – უკვე დასაქმებული ადამიანი მეტ ექსპლუატაციას განიცდის. მათ სხვების ფუნქციებსაც უმატებენ და ხელფასს არ უზრდიან. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელფასის გაზრდის ნაცვლად დამსაქმებლებმა მომსახურების საფასური გაზარდეს და ხარჯი მომხმარებელზე გადაიტანეს.
„თუკი ვაკანსიებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სამუშაოს მაძიებლები არ ინტერესდებიან და მერე ვამბობთ, რომ „პარადოქსია, ვაკანსიები არის, მაგრამ ხალხს მუშაობა არ უნდა…“ – ხალხს მუშაობა არ უნდა იმ ხელფასზე, რასაც იხდიან, ძალიან მარტივია. ისიც არის, რომ საარსებო წყაროებს არაფორმალურად პოულობენ და ის არაფორმალური ურჩევნიათ, რადგან იმდენი ვალდებულება არ აქვთ, რამდენიც ექნებოდათ სხვა ფორმალურ ადგილას“, – ამბობს ანა დიაკონიძე.
კვლევები დასაქმებულთა შრომის უფლებებზე:
2019 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ ჩაატარა კვლევა და შეისწავლა ვაჭრობის სფეროში მომუშავე ადამიანების შრომის უფლებების მდგომარეობა. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ვაჭრობის სფერო ორ ნაწილად გაიყო:
კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა ორივე სექტორში შრომის კოდექსით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება. სავაჭრო ქსელში დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 48.6 საათს მუშაობენ, ხოლო სუპერმარკეტებში 54.4 საათს. დღიურად კი სავაჭრო ქსელში დასაქმებულები საშუალოდ 9 საათს მუშაობენ, სუპერმარკეტებში კი – 10.8 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა, მაშინ, როცა შრომის კოდექსით 8-საათიანი სამუშაო გრაფიკია განსაზღვრული.
ორივე სფეროში გამოკითხულთა უმეტესობა, სავაჭრო ქსელში – 69%, ხოლო სუპერმარკეტებში – 80.7%, აღნიშნავდა, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის ისინი არ იღებენ დამატებით ანაზღაურებას.
როგორც პროფკავშირი აცხადებს, სექტორში არსებული შრომითი პირობებიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი კადრების განსაკუთრებით მაღალი დენადობით ხასიათდება. აქ დასაქმებულთა 51.9%-ს მიმდინარე სამუშაო ადგილზე 1 წელზე ნაკლები პერიოდი აქვს გატარებული.
სასტუმროები
სასტუმრო სექტორი ერთ-ერთი დიდი სფეროა, რომელშიც 2022 წლის საქსტატის ბოლო მონაცემებით, 37 000 ადამიანია დასაქმებული.
სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაო პირობების შესახებ, „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ ჩაატარა კვლევა და საქართველოში „ვარსკვლავების“ მქონე სასტუმროები გამოიკვლია.
კვლევის მიხედვით, სასტუმროებში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, სამუშაო საათების ხანგრძლივობა შრომის კოდექსთან შეუსაბამოა. კვლევის მიხედვით, სასტუმროს პერსონალი საშუალოდ 46.22 საათს მუშაობს.
ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 53.3% ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დამატებით ანაზღაურებას იღებს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, კვლევის მიხედვით, ამ კუთხით ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სასტუმრო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა საშუალო ანაზღაურება 1000 ლარს არ აღემატება. გამოკვლეულია დიასახლისების, მიმტანების, მიმღებისა და მზარეულების ხელფასები.