USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
„უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) : „ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“
Date:  509

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“ (ავტორი - ქეით ფერეკი).

„რატომ გამოდის უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ამერიკელი კონგრესვუმენი კიევის დახმარების წინააღმდეგ? ვიქტორია სპარტცი საუბრობს რუსების მიერ ჩადენილი მხეცობის შესახებ უკრაინაში, რომლის მოწმენი მისი მეგობრები და ნათესავები გახდნენ, მაგრამ იმავდროულად იგი იმასაც ამბობს, რომ ხმას არ მისცემს კიევისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. კონგრესვუმენი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინის პარალელურად, მეტი ყურადღება აშშ-ის საშინაო პრობლემების მოგვარებასაც უნდა დაუთმოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატის წევრი ვიქტორია სპარტცი ძალზე ემოციურად ჰყვება იმ საშინელებებზე, რომლებიც მისმა უკრაინელმა მეგობრებმა და ნათესავებმა გადაიტანეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი წლის წინ ომი დაიწყო  უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა იგი იმავდროულად ძალიან სკეპტიკურად და კრიტიკულადაა განწყობილი იმ დახმარების მიმართ, რომელსაც ვაშინგტონი კიევს უგზავნის.

ვიქტორია სპარტცი წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკელი წევრია ინდიანას შტატიდან, რომელიც დეპუტატთა შორის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტულ პიროვნებას წარმოადგენს. მისი თქმით, იგი მხარს არ უჭერს უკრაინისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეს კანონპროექტი დიდი ხანია სადაოა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, თუმცა მოსალოდნელია, რომ აპრილის მეორე ნახევარში დოკუმენტი მაინც გაიტანონ განსახილველად.

უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რასაკვირველია, 45 წლის ვიქტორია სპარტცისთვისაც მნიშვნელოვანია. თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში იგი ცდილობს არგუმენტირებულად დაამტკიცოს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ, უკრაინისათვის გაწეულ მრავალმილიარდიან დახმარების პარალელურად, ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარებას. იმავდროულად აუცილებელია უკრაინისადმი დახმარების მიმართ განხორციელდეს მკაცრი კონტროლი და მოხდეს ანგარიშგება. ამასთან, საბოლოო ჯამში უკრაინას დახმარება უანგაროდ (საჩუქრად) კი არ უნდა გადაეცეს, არამედ მხოლოდ კრედიტების (სესხების) სახით.

„მე ძალიან კარგად მესმის ამ ომის მნიშვნელობა და ვაცნობიერებ იმ შედეგებს, თუ რა მოჰყვება რუსეთის სავარაუდო გამარჯვებას. ამასთან, გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ. თუ ჩვენ ჩვენივე თანხებიზე კონტროლი და ზედამხედველობა არ გავაძლიერებთ, ცვენ ისე მიზანს ვერ მივღწევთ. ამერიკას არ შეუძლია დაუსრულებლად დაეხმაროს უკრაინას. ამერიკას თავისი პრობლემებიც ბევრი უგროვდება, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, - ამბობს ვიქტორია სპარტცი. კონგრესვუმენის თქმით, მის საარჩევნო ოლქში, ინდიანაპოლისში, ამომრჩევლები უკრაინისათვის გაწეული დახმარების წინააღმდეგ გამოდიან სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვიქტორია სპარტცი თავდაპირველად, როცა ომი დაიწყო, ემოციური გამოსვლებით მხარს უჭერდა კიევს, ჰყვებოდა იმ ნგრევაზე და სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვებაზე, რაც უკრაინაში ხდებოდა და რასაც უკრაინელები გმირულად იტანდნენ. იგი აქტიურად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და მეტი დახმარებისაკენ მოუწოდებდა, იმავდროულად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც გამოდიოდა. მაგრამ ვიქტორია სპარტცი ასევე აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რითაც კიევის საყვედურები და ამრეზული დამოკიდებულება გამოიწვია.

დღეს კონგრესვუმენი ამბობს, რომ უკრაინისადმი დახმარებას იგი უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობს: „მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ყველაფრის განხორციელება არ შემიძლია. უკრაინაზეც ვფიქრობ, მაგრამ ვალდებული ვარ ამერიკაზე უფრო მეტი ვიდიქრო“, - ამბობს ვიქტორია სპარტცი და აცხადებს, რომ 60-მილიარდიან კანონპროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თანხებს აშშ-ის საზღვრის გასამაგრებლადაც გამოყოფს მექსიკასთან.

სხვათა შორის, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოშობით უკრაინელი იყო, განსაკუთრებით მტკიცე მომხრე იქნებოდა უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხის მიმართ, მაგრამ ისინი შეცდნენ.

„დიახ, მართლაც გვქონდა იმის შეგრძნება, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი რეალურად ჩვენს გვერდით დადგებოდა და მზად იქნებოდა ყოველნაირ რისკზე წასულიყო უკრაინისათვის მხარდასაჭერად“, - ამბობს წარმომადგენლების პალატის წევრი, დემოკრატი სარა ჯეიკობსი, რომელიც ვიქტორია სპარტცთან ერთად რამდენჯერმე იყო კიევში ჩასული, - სამწუხაროდ, მან არ ისარგებლა თავისი უკრაინული წარმომავლობით და ცოდნით, რათა თანაპარტიელები კიევის მხარდაჭერისათვის დაერაზმა“.

ვიქტორია სპარტცი იმ დროს, როცა უკრაინა დამოუკიდებელი გახდა, პატარა გოგონა იყო. იგი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა. ბავშვობაში პაპამისი უყვებოდა ხოლმე, თუ როგორი შიმშილობა და გაჭირვება, რეპრესიები გადაიტანეს უკრაინელებმა საბჭოთა წყობილების დროს. თავისი მომავალი ქმარი ვიქტორიამ 1999 წელს გაიცნო, შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ფინანსების აღრიცხვის დარგში, მუშაობაც დაიწყო. 2020 წელს ვიქტორია სპარტცი კონგრესის ქვედა სტრუქტურის - წარმომადგენლების პალატის წევრად აირჩიეს. დღეისათვის იგი ერთ-ერთია პალატის იმ წევრთაგან, რომლებიც ევროპაში არიან დაბადებულნი და ერთადერთი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან - უშუალოდ უკრაინიდან არის.

თებერვალში ვიქტორია სპარტცი მიუნჰენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა და ევროპელ ლიდერებს არწმუნებდა, რომ უკრაინისათვის მეტი დახმარება გაეწიათ და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლადაც მეტი თანხები დაეხარჯათ.

როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი სეთ ჯონსი ამბობს, ვიქტორია სპარტცი ერთ-ერთი ის კანონმდებელია, რომელიც, სხვებისაგან გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთისა და რუსეთის კავშირების საფრთხეს ამერიკისათვის.

2023 წლის თებერვალში ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კონგრესიდან წავიდოდა, რათა თავისი ორი შვილის აღსაზრდელად მეტი ყურადღება დაეთმო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ ის კანდიდატი-რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესში მის ნაცვლად მივიდოდნენ, მუშაობას სათანადო დონეზე ვერ შეძლებდნენ. მას ახლა განზრახული აქვს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა  მეორე ვადით არჩევის მიზნით, რომელიც 7 მაისს არის დანიშნული. მისი მთავარი კონკურენტია რესპუბლიკელი ჩაკ გუდრიჩი, ინდიანას შტატის ადგილობრივი მდიდარი კანონმდებელი, რომელმაც უკვე დახარჯა მილიონნახევარი დოლარი წინასაარჩევნო რეკლამისათვის და ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის დახმარების გამო.

„ვიქტორია სპარტცი ჩვენი, ამერიკელების ფულს უკრაინაში გზავნის, ამ დროს კი საზღვარი საზღვარს არ ჰგავს, ყველა უკონტროლოდ შემოდის და გადის. რატომ აყენებს ვიქტორია წინა ადგილზე უკრაინას და უკან სწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს?“, - ნათქვამია ჩაკ გუდრიჩის 30-წამიან წინასაარჩევნო ვიდეორგოლში. გამოდის, რომ ვიქტორია სპარტცს იმის გამო აკრიტიკებენ, რისი მოწინააღმდეგეც თვითონ არის.

წყარო: https://www.wsj.com/politics/policy/victoria-spartz-ukraine-aid-69ef4ed1?mod=hp_lead_pos8

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way