USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Junge Welt» : „რთული დამოუკიდებლობა: აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის - ნატოს ამბიციების წინააღმდეგ“
Date:  708

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რთული დამოუკიდებლობა: აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის - ნატოს ამბიციების წინააღმდეგ“ (ავტორი - ჰეროლდ პროიანსკი). აქვე შევნიშნავთ, რომ პუბლიკაცია საკმაოდ მიკერძოებულია და აშკარად შესამჩნევია, რომ ანტიქართული განწყობით არის დაწერილი. ავტორი აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც მითითებული აქვს კიდეც - რეპორტაჟი „აყია“-დან (აფხ.) ანუ სოხუმიდან.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ისინი, ვინც ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ აფხაზეთში წასასვლელად, მას ეუბნებიან, რომ იქ გამგზავრება არასასურველია. რა თქმა უნდა, ანალენა ბერბოკის უწყების გაფრთხილება ლოგიკურია - იმიტომ, რომ ყოველი პირი, რომელიც კავკასიაში, აფხაზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება, რუსეთის გავლით, სოჭის მხრიდან, სწრაფად დარწმუნდება იმაში, რომ მსოფლიო ისეთი არაა, როგორიც ეს გერმანელ დიპლომატებს სურთ.

გასულ შაბათს აფხაზეთმა თავისი დამოუკიდებლობის 30 წლისთავი აღნიშნა, თუმცა იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს 200 ათასი მცხოვრებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი მართლაც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, მაგრამ „საბჭოური ავტონომია“ მყიფე და ფორმალური სტრუქტურა აღმოჩნდა: იოსებ სტალინის მმართველობის დროიდან აფხაზები უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ვლადიმერ ლენინმა იზრუნა იმაზე, რომ აფხაზებს საბჭოური, მაგრამ მაინც საკუთარი რესპუბლიკა ჰქონოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი ხელისუფლება შეეცადა იძულებით დაემორჩილებინა აფხაზები და თავისი ეთნონაციონალისტური პროექტი განეხორციელებინა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველომ თავისი ჯარები შეიყვანა დე-ფაქტო დამოუკიდებელ აფხაზეთში, რასაც ადგილობრივმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ფართო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დაუპირისპირა. ქართველებთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზებს მხარს უჭერდნენ როგორც რუსი სამხედროები, ასევე რუსი მემარცხენე პატრიოტები და ჩრდილოეთ კავკასიის მონათესავე ხალხები.

აფხაზურმა წინააღმდეგობამ სძლია ქართულ დეზორგანიზებულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დანაშაულებრივი ელემენტებისაგან შედგებოდა და საქართველო დამარცხდა: 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზურმა ქვედანაყოფებმა ქართველი სამხედროები აიძულეს, რომ მათ მდინარე ენგურის მიღმა უკან დაეხიათ (სხვათა შორის, მდინარეზე ერთ-ერთი ხიდი 1948 წელს გერმანელ სამხედრო ტყვეების მონაწილეობით ყოფილა აგებული). შესაბამისად, 30 სექტემბერი აფხაზეთში აღინიშნება როგორც „აფხაზი ხალხის გამარჯვების დღე სამამულო ომში“.

კონფლიქტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რამდენიმე ატასი ადამიანი დაიღუპა. აფხაზური სიამაყისა და ქართველთა ქედმაღლობის გამოვლენის გამო მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება გამწვავებული რჩებოდა. თავდასხმები ხდებოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ომის შემდეგ ქართველების აბსოლუტურმა რაოდენობამ - საერთო მოსახლეობის 40%-მა - თავიანთი სახლ-კარი მიატოვა.

აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის პირველი წლები ზალიან მძიმე იყო, ირგვლივ სირარიბე სუფევდა, მოსახლეობის ნაწილი თითქმის შიმშილის ზღვარზე იყო მსული. ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში ითისებოდა. რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, აფხაზეთს ბოიკოტს უცხადებდა, კრემლის პოზიცია მხოლოდ მაშინ შეიცვლა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. 2008 წლის აგვისტოში, „სამხრეთ ოსეთზე“ საქართველოს ჯარის თავდასხმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ დროის განმავლობაში აფხაზეთი დამოუკიდებლად იქნა აღიარებული მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების - სირიის, ვენესუელის, ნიკარაგუის და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს - ნაურუს მიერ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა: აფხაზეთში შეკეთდა გზები, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები. რესპუბლიკაში გადახდის საშუალებად რუსული რუბლი მოქმედებს, ხოლო აფხაზებს, აფხაზეთის მოქალაქეობის გარდა,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვთ. რესპუბლიკის დედაქალაქ აკუა-აყიაში (ქართულად - „სოხუმი“, რუსულად - „სუხუმ“) დილით მშენებელთა ჩაქუჩების ხმა ისმის, აფხაზური ხალხური სიმღერების თანხმლებით. შავი ზღვის სუბტროპიკული ზონის 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც პალმების მხარეს წარმოადგენს, შენდება ახალი პატარა სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. აფხაზეთი მიმზიდველი გახდა რუსი ტურისტებისათვის - იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფულში შეზღუდულები არიან და მაღალ კომფორტს არ ითხოვენ. აქაურ პლაჟებზე ვერ ნახავთ „რუსულ ბურჟუაზიას“ - აფხაზეთში მხოლოდ საშუალო და მცირეშემოსავლიანი პენსიონერები ჩამოდიან დასასვნებლად.

„გამარჯვების დღის აღსანიშნავს, 30 სექტემბერს აყიაში აფხაზეთის არმიის აღლუმი ჩატარდა, რაც იმას აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია საქართველოს პრეტენზიები აფხაზეთის მიმართ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს მიერ მიღებულ დეკლარაციებში, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებში მუდამ მეორდება ოფიციალური თბილისის პოზიცია, რომლის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აყიაში გამართულ სამხედრო აღლუმზე ახალგაზრდა აფხაზი ჯარისკაცებისა და ოფიცრებს უყურებდა, დარწმუნდებოდა, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვა იმ ახალგაზრდა თაობის ხელშია, რომელსაც არასოდეს არ ულაპარაკია ქართულ ენაზე და არასოდეს არ ჰქონია ქართული პასპორტები. ის აფხაზი მეომრები, რომლებიც ჯავსანტრანსპორტიორებს და რაკეტ-დრონებიან ავტომანქანებს მართავდნენ, უკვე დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის დროს დაიბადნენ და გაიზარდნენ.

თავის გამოსვლაში (აფხაზურ და რუსულ ენებზე), სამხედრო აღლიმის დაწყების წინ, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მსოფლიოს გაახსენა იმ კოლოსალურ ზარალზე, რომელიც აფხაზეთმა ქართულ „უკიდურეს ნაციონალიზმთან“ ომში განიცადა. ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთმა 30-წლიანი თავისუფალი ცხოვრების პერიოდში ბევრი რამ გააკეთა, რაც 1993 წელს მიუღწეველი ჩანდა. და მაინც, აყიაში სადღესასწაულო განწყობას ჩრდილი დაჰკრავდა: აფხაზეთის მცხოვრებლები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მთიანი ყარაბაღის განადგურების პროცესს და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გაქცევას. აფხაზეთს მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

აფხაზეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მდივანმა სერგეი შამბამ ერთ-ერთი სადისკუსიო შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების კვალობაზე, ალბათ, გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოში არიან და აფხაზეთის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებას ითხოვენ. ამიტომაც აფხაზეთმა, სერგეი შამბას თქმით, ყველანაირი ვერსია უნდა განიხილოს.

მინიშნება მკაფიოა: აფხაზეთი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას.

წყარო: https://www.jungewelt.de/artikel/460201.kaukasus-schwierige-unabh

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way