ბოლო დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი, ამომავალი მსოფლიო სუპერძალა, რომელიც მზარდი ეკონომიკით და სამხედრო შესაძლებლობებით გამოირჩევა. როგორც წესი, პოტენციურად თუ რეალურად სუპერსახელმწიფები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკუთარი ინტერესების გატარებას მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობენ. ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" კვლევის: "ვინ განსაზღვრავს ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს დღის წესრიგს? - ჩინეთის გავლენის ოპერაციები აკადემიაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში: საქართველოს მაგალითი", - თანახმად, საკუთარი გავლენების გაფართოების მიზნით ქვეყნის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოცაა, სადაც უკვე იგრძნობა ჩინეთიდან წამოსული გარკვეული იმპულსები.
მაინც, კონკრეტულად რატომ შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო ჩინეთისთვის? ამაზე"სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გვესაუბრება.
"სამოქალაქო იდეაში" უკვე სამი წელია, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი ფოკუსი საგარეო გავლენის ოპერაციებია, რაც გამოიხატება პროპაგანდაში, საინფორმაციო ომში, ასევე, ეკონომიკურ ექსპანსიაში, ფსიქოლოგიურ ოპერაციებში, აკადემიურ, საგანმანათლებლო სეგმენტში გავლენის გაზრდაში. მისი მთავარი ამოცანაა, მოახდინოს იმ ღირებულებითი სისტემის დევალვაცია, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სახელმწიფო ვითარდება და საკუთარი მოახვიოს თავს. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი:
საერთოდ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოსნაირი პატარა და სხვადასხვა მიმართულებით - უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არცთუ ძლიერი სახელმწიფო ჩინეთისთვის საინტერესო? ხიდაშელის თქმით, არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩინეთის ყურადღებისა და ინტერესის რადარში მოვხვდით. ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობაა, მეორე კი - სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან...
"პირველი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და ბევრჯერ ნათქვამი ჩვენი გეოგრაფიაა. სავაჭრო, სარკინიგზო, საჰაერო და ენერგეტიკული გზების კვეთის ცენტრალური წერტილი ვართ, სატრანსპორტო გზებზე მთელი დანარჩენი ცივილიზებული კაცობრიობისთვის ყველაზე რეალისტური ალტერნატიული გზა ვართ, დესპოტური და ტირანული რუსეთის ალტერნატივის შესაქმნელად;
მეორე უმნიშვნელოვანესი მიზეზია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ქვეყანა სწორ გეოგრაფიაში, ჩვენ ვართ ქვეყანა სწორ და საინტერესო გეოგრაფიაში, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს იმ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჩინეთი დღეს ლამის დეკლარირებული ომის მდგომარეობაში იმყოფება. იმისთვის, რომ ამ სტრატეგიულ გეოგრაფიაზე გავლენა არ დაკარგოს, ჩინეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც მათ მხარეს იქნება შესაძლო გართულებების ან ნებისმიერი გართულების პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან.
მაგალითად, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამები საქართველოში უკვე 30 წელია, მოქმედებს, ქართველები განათლების მისაღებად გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში მიდიან, ეს არასდროს ყოფილა წუხილის საგანი და ახლა, ჩინეთში რომ მიდიან, რატომაა წუხილის საგანიო? პირველი მიზეზი, ის, რომ ჩინეთი თავისუფალი დემოკრატიული სამყარო არაა, აკადემიურ სეგმენტში ნიშნავს, რომ ყველა აკადემიური პროგრამა ცენზურაგავლილია. საბჭოთა საქართველოში გაზრდილმა თაობამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კომუნისტური პარტია შენი უნივერსიტეტის კურიკულუმს ადგენს და განსაზღვრავს, რა შეიძლება გასწავლონ და რა - არა. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ახალგაზრდების მთელი ჯგუფი, რომელსაც ამ ტიპის, ცენზურაგავლილი საგანმანათლებლო გამოცდილება აქვს მიღებული. მეორე, რითიც ამერიკასთან კონკურენცია ჩანს, ისაა, რომ, კვლევაზე დაყრდნობით გეუბნებით, საქართველოში ჯამურად ყველა საგანმანათლებლო პროგრამა მუშაობს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ცალ-ცალკე მოქმედებს. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოს ამოცანა იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რომელიც აშშ-ს 30-წლიანი დაწინაურებითაა შექმნილი, ვგულისხმობ, რომ ქართველები დასავლურ განათლებას 30 წელია იღებენ. ჩინეთი ცდილობს, ეს უპირატესობა რაოდენობით გადაწონოს, იმდენი სტუდენტი წაიყვანოს ერთჯერადად და ყოველწლიურად, რომ რაოდენობით დაეწიოს ყველა იმ დასავლურ პროგრამას, რომელიც აქ მუშაობდა; გარდა ტიპიური სასწავლო სტიპენდიებისა, ასევე საინტერესოა, რომ ზუსტად ისე, როგორც აშშ ადრე აკეთებდა, 2-3 კვირიანი პროგრამებით მიჰყავთ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიის წარმომადგენლები, სწორედ იმისათვის, რომ აჩვენონ, რამდენად წარმატებული და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანის უფლებებზე და საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულია ჩინეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა. ანუ, კომუნისტური პარტიის გატარებული ღირებულებითი სისტემის მიყიდვა ხდება იმ ქართველებზე, რომლებიც ტელევიზორში ჩანან, რომლებიც საზოგადოებასთან კომუნიკაციაში არიან. ესეც ფსიქოლოგიურ ოპერაციას წარმოადგენს, რომელიც მესამე სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენის ძალიან ცნობილი ფორმაა", - აღნიშნავს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე.
ხიდაშელი ყურადღებას იმ უნივერსიტეტებზე ამახვილებს, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირაა ჩართული ჩინეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ინსტიტუციურად სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთანაა დაკავშირებული.
"ავსტრალიელების კვლევის თანახმად, ინტერნეტში უნივერსიტეტების საძიებო სისტემას იპოვით, რომელიც გაჩვენებთ, ჩინეთში მოქმედი უნივერსიტეტები წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთანაც გაცვლით პროგრამები აქვთ. ჩინეთში "შვიდი ვაჟის ერთობა", 7 უნივერსიტეტის ჯგუფი არსებობს. ეს უნივერსიტეტები პირდაპირ ინსტიტუციურ ბმაშია ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან და უსაფრთხოების სისტემასთან, მათი უმრავლესობა დღეს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, შავ სიაშია შეყვანილი, მათთან ურთიერთობა ამ ქვეყნების უნივერსიტეტებს აკრძალული აქვთ. 2 უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს (კონტრაქტები 2018 წელსაა გაფორმებული), ამ "7 ვაჟის ერთობიდან" არიან. რას ნიშნავს ეს უსაფრთხოების რისკი, რა უნდა დაგვიშავონო, იკითხავს ვინმე, ჩვეულებრივი "ობივატელი". რიგითი მოქალაქე ამას ვერ იგრძნობს, ბუნებრივია, მაგრამ ეს უნივერსიტეტები იმიტომაა შეყვანილი მაღალი რისკის სიაში შეყვანილი, რომ ჩართულნი არიან შპიონაჟში, ტექნოლოგიების მოპარვაში, საინფორმაციო სისტემების მოპარვაში, და ამ უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზების გამოყენებაში იმისთვის, რომ მოცემულ სახელმწიფოში მათთვის საინტერესო ქსელებთან, სისტემებთან, უსაფრთხოების ინსტრუმენტებთან ჰქონდეთ შეღწევადობა", - აცხადებს ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აპლიკაცია "ტიკ ტოკს" გამოჰყოფს, როგორც აღნიშნული სეგმენტიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ისტორიას, რომლის გადმოწერაც მობილურ ტელეფონში სოციალური ქსელების - "ფეისბუქის" თუ "ინსტაგრამის" ქონასავით აღიქმებოდა და ადამიანი მათ შორის ზღვრის გავლებას ვერ ახერხებდა.
"ამასობაში აბსოლუტურად დადასტურებული ფაქტია, რომ როგორც კი "ტიკ ტოკის" აპლიკაციას გადმოწერთ თქვენს ტელეფონში, მას მიაქვს ყველა მონაცემი, რაც თქვენს ტელეფონში არსებობს. "ტიკ ტოკის" წინააღმდეგ საქმეები აქვს დაწყებული "ეფლს", "სამსუნგს" და უამრავ სხვა კომპანიას, რომლებიც საკუთარი პროდუქციის უსაფრთხოებას სწორედ იმის გამო ვეღარ უზრუნველყოფენ, რომ "ტიკ ტოკი", პირობითად რომ ვთქვათ, ასეთ "ქურდ" აპლიკაციად ჩამოყალიბდა. აშშ-ში პენტაგონმა სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა, რომლითაც ამერიკელ ჯარისკაცებს საკუთარ ტელეფონებშო "ტიკ ტოკის" ინსტალაცია აკრძალული აქვთ, რადგან მაგალითად, ავღანეთში თუ ერაყში ჯარისკაცი როცა ოპერაციაზე იმყოფება და უცებ "ტიკ ტოკის" ვიდეოთი გართობას გადაწყვეტს, ამ ტელეფონის ადგილმდებარეობის შესახებ ყველა მონაცემი დაუყოვნებლივ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებში მიდის.
ასევე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრემიერი ან მისი ოჯახის წევრები პანდემიის დროს გადაწყვეტენ, რომ უნდა გაგვართონ "ტიკ ტოკზე" ვიდეოებით, გარდა იმ ემოციური დატვირთვისა, რომ პანდემიით შეწუხებული და შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის ეს დამცინავი და შეურაცხმყოფელია, სერიოზული სხვა პრობლემაცაა, რომ რეალურად, ისინი ქვეყანაში ეწევიან იმის რეკლამას, რაც ჩვენს ყველა პარტნიორს უბრალოდ, აკრძალული აქვს, რის არგამოყენებაზეც ჩვენი ყველა პარტნიორი რეკომენდაციას თავის მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს - ჩვენთან, პირდაპირ, ერთმნიშნელოვნად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმის რეკლამას, რაც ამერიკელებს აკრძალული აქვთ. ყველაზე უწყინარი რამეც კი, თქვენი ცხოვრების რაღაც მომენტში შესაძლოა, თქვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემის მქონე აღმოჩნდეს, თუ მასზე წვდომა არაკეთილმოსურნე სისტემას აქვს", - აღნიშნავს ხიდაშელი.
"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარის თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს სამი მთავარი პრობლემა აქვს:
"პირველი, ყველაზე დიდი პრობლემა არასისტემურობის და არასტრატეგიულობისაა. საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც მიზანმიმართულად და ქმედითად მიჰყვება სხვადასხვა სამინისტრო - ვინ რას აკეთებს, არავის წარმოდგენა არ აქვს; მეორე, იქ სადაც რეალურად უნდა მუშაობდეს და რისთვისაც სუს-ი გვჭირდება, იქ ის დუმს. მაგალითად, როდესაც ჩინეთის უნივერსიტეტთან ფორმდებოდა ხელშეკრულება, მათ წინ უნდა დებოდათ ანგარიში, რომელიც რისკებზე გააფრთხილებდა. სუს-ი ვერ მიუთითებს თსუ-ს, ვისთან დადოს ხელშეკრულება და ვისთან - არა, მაგრამ სუს-ის ვალდებულებაა, გააფრთხილოს ყველა კერძო კომპანია, და მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტიც (რომელიც მთლად კერძოც არ არის), საფრთხეების და პრობლემების შესახებ. სუს რეალურად "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტიული უსაფრთხოებით უფროა დაკავებული, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებით; მესამე, ყველაზე დაბალი დონის, კორუფციული პრობლემაა, მერკანტილური, ვიწრო პიროვნული, ოჯახური, მაგალითად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის დაუდევრობით (კარგი სიტყვა გამოვიყენოთ და სხვა რამეს ნუ დავაბრალებთ) გამოწვეული პრობლემები", - აღნიშნავს ხიდაშელი.
წყარო: ambebi.ge