USD 2.7858
EUR 2.9783
RUB 3.1057
Тбилиси
«Gumhuriyet» (თურქეთი): „რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და...“
дата:  213

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Gumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „რით დასრულდება აშშ-ის პაიკის როლი: ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს გამოიყენებს და...“ (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თებერვალში სამ დედაქალაქში სამი სამიტი გაიმართა და სამივეზე უკრაინის საკითხი განიხილეს.

ერ-რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები შეხვდნენ - მოლაპარაკების პირველი ეტაპის სახით, შემდეგ კი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უკვე დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავენ.

პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ და პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ ევროპა, აშშ-ის „წყალობით“, უკრაინის პრობლემის დარეგულირებას გაეთიშა.

ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში ერთმანეთს რეჯეფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდნენ და წუხილი გამოხატეს, რომ ამერიკამ, ევროპასთან ერთად, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების პროცესიდან თურქეთიც და უკრაინაც გამოთიშა.

სად იყო ზელენსკი სამი წლის განმავლობაში?

უკრაინის პრეზიდენტმა, თურქ კოლეგასტან ანკარაში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ერ-რიადში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და დაამატა, რომ არასწორია უკრაინის საკითხის გადაწყვეტა უკრაინის ზურგსუკანო. მაგრამ არ უთქვამს, რომ მან ვიზიტი თვითონ კი არ გადადო, არამედ ამერიკამ გადაადებინა. უბრალოდ, ვაშინგტონს არ სურდა უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის მონაწილეობა მოლაპარაკებაში. ზოგიერთი წყაროს თქმით, თითქოსდა ზელენსკი იმიტომ არ წავიდა ერ-რიადში, რომ არ სურდა ლეგიტიმაცია მიცემოდა მოლაპარაკებებს მისი იქ ყოფნით.

დონალდ ტრამპი გაბრაზდა: „მითხრეს, რომ უკრაინა უკმაყოფილოა - „რატომ არ მივიწვიეთ ერ-რიადში. მაგრამ ზელენსკის სამი წლის განმავლობაში შეეძლო გარიგება ომის შეწყვეტაზე უფრო ადრე დაედო“.

განა დონალდ ტრამპი მართალი არ არის? მართლაც სად იყო ზელენსკი, რატომ არ შეწყვიტა ომი? ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რუსეთის შეჭრის პირველ კვირეებში მოლაპარაკება ჯერ ბელარუსში დაიწყო, შემდეგ სტამბოლში გაგრძელდა, თითქმის მიღწეული იქნა შეთანხმება, მაგრამ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვების მოთხოვნით, უკრაინელებმა მოლაპარაკების მაფიდა დატოვეს. ჩავიდა კიევში ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ზელენსკის უთხრა, ხელი არ მოაწერო არაფერს, მიდი, ომი გააგრძელე და ჩვენ დაგეხმარებითო. მერე მას ენტონი ბლინკენმაც მხარი აუბა.

რატომ ეს-რიადი და არა სტამბოლი?

რეჯეფ ერდოღანისათვის არასასიამოვნო იყო, რომ რუსეთ-აშშ-ის პირველი მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე ერ-რიადში გაიმართა. ზელენსკისთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  „თურქეთი იდეალური ადგილია პუტინ-ტრამპის მოლაპარაკებისათვის, რომელიც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩატარდებაო“.

ერ-რიადის და არა სტამბოლის არჩევა მოლაპარაკების ადგილად, როგორც ჩანს, იმ მიზეზებმა განაპირობეს, რომ საუდის არაბეთთან აშშ-ც და რუსეთიც კარგ დამოკიდებულებაში არიან, რუსეთი კი თურქეთით უკმაყოფილოა - სირიის მოვლენების წახალისების გამო.

და მაინც, როგორც ჩანს, არანაკლებ მნიშვნელოვანი (და, ალბათ, მთავარი!) მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე უკრაინის ომისადმი ნეიტრალური ქვეყანა არ არის. იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია თვლის, რომ უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს, თურქეთი აცხადებს ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (თითქმის „წითელ ხაზად“ ანკარისთვის) და თავის თავს უფრო მეტ „ყირიმელად“ თვლის, ვიდრე თვითონ „ყირიმელი თათრები“. ამ ფაქტორმა თურქეთის შანსი შეამცირა - ყოფილიყო სამიტის მასპინძელი ქვეყანა - განსაკუთრებით რუსეთის თვალში.

ევროპის შეშფოთება რუსეთ-აშშ-ის ალიანსის გამო

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის განზრახვით - დაასრულონ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებით - ბრიუსელი სერიოზულად განერვიულდა. სანერვიულო მიზეზი კი მართლაც არსებობს: ევროკავშირი ჯერ  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საჯაროდ „გაამათრახა“, შემდეგ კი სპეწარმომადგენელმა კიტ კელოგმა პირდაპირ უთხრა ევროპელებს - თქვენი ადგილი ერ-რიადში არ იქნებაო. ევროპელი ლიდერები შეფუცხუნდნენ, სასწრაფოდ შეიკრიბნენ პარიზში, მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტეს.

შექმნილი სიტუაცია ყველაზე კარგად და ზუსტად დაახასიათა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ: „ჩვენ მოწმენი ვართ პუტინ-ტრამპის ისეთი დღემდე არარსებული და წარმოუდგენელი კავშირისა, რომელიც ევროპას თავის საკუთარ ტერიტორიაზე მარგინალად აქცევს. საშინელებაა იმის ყურება, თუ რაოდენ სუსტია ევროკავშირი ამ მიმართულებით“.

უკრაინის ვასალიზაციის ტრამპისეული გეგმა

საწყენია, აბა, რა... მდგომარეობა ისეთია, როგორც ამერიკელი კომენტატორი მაქს ბლუმენტალი ამბობს: „ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მსახურებს ბატონების საქეიფო მაგიდაზე არ პატიჟობენ“. კიევისათვის ეს არასასიამოვნო დასკვნა გამომდინარეობს იმ მტკივნეული სიტუაციიდან, რომელშიც ზელენსკიმ თავისი ქვეყანა შეიყვანა... აშშ-ის აზრით, იგი მხოლოდ პაიკია, თანაც არალეგიტიმური და ისეთი ქვეყნის „მეთაური“, რომელიც კორუფციაში „იხრჩობა“.

ახლა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის აშშ-ის ვასალ ქვეყნად გადაქცევისათვის გამოიყენებს: რასაც უნდა, იმას უკარნახებს და გააკეთებინებს. ზელენსკი იშვიათმიწა მინერალების ხელშეკრულების დადებაზე ჯერ უარს აცხადებდა, მაგრამ ახლა იძუებული გახდა დათანხმებულიყო...

მათ, ვისაც იმპერიალიზმის იმედი აქვთ და იმპერიალისტთა სტრატეგიასთან ინტეგრირდებიან, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, იყენებენ და შემდეგ ნაგავში ისვრიან... ამ შემთხვევაში უკრაინელი ხალხი იჩაგრება, რომლის ტერიტორიას ამერიკა ექსპლოატაციას გაუწევს.

ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სხვებისათვის...

бизнес
რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები? – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2024 წელს ბათუმში 977.5 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა. აქედან 8 608 პირველად, 6 587 კი მეორად ბაზარზე. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო.

მათი განმარტებით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა.

„ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ჩვენი მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - ასე აფასებენ მიმოხილვის ავტორები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს 2024 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.

Galt & Taggart-მა 2024 წლის იანვარში იმ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანი პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა იყო.

მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა.

ამის მიზეზი კი იყო:

  • შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა;
  • მიგრანტების გადინება და დროებითი ფაქტორების ამოწურვა;
  • მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული რაოდენობა (პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინები თითქმის სრულად გაყიდულია)
  • მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად

დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილის ზრდით (7%-დან 10%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში) დაკომპენსირდა.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა.

„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

ტრანზაქციების კლების მიუხედავად, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. „მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 23%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ბინების ფასის გათვალისწინებით, გასულ წელს გაიზარდა გაყიდული ბინების ჯამური ღირებულებაც, რამაც 977.5 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - აღნიშნულია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენებელს. თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати