USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე [შეჯამება | 17.08.2024] - გიორგი კობერიძე
Date:  508
- უკრაინელები კურსკის ოლქში, რაიონულ ცენტრ კორენოვოს ძალიან აქტიურად უტევენ. რუსები მაქსიმალურ ფსონს დებენ მის შენარჩუნებაზე. როგორც ჩანს უკრაინელებმა დასახლების ცენტრამდეც კი მიაღწიეს, რადგან თავად ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო ერთდროულად იტყობინებოდა ქალაქის უკრაინელთა ხელში გადასვლაზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ მთელი დასახლების სრული კონტროლი უკრაინელთა ხელში ჯერ კიდევ არ არის. კორენოვოს აღების შემდეგ გზა კიდევ ერთ, ამჯერად საკმაოდ მოზრდილ რაიონულ ცენტრამდე, რილსკამდე იხსნება. თუმცა რილსკის შტურმი კრუპეცის სასაზღვრო წერტილიდანაც იქნება შესაძლებელი, თუკი უკრაინელებმა ამ მიმართულებითაც გადაკვეთეს საზღვარი, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. კრუპეცის სასაზღვრო პუნქტი მიმდინარე ოპერაციული ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს. რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინელთა მხრიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გადაკვეთა შეტევის დაწყება შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდება.
 
- საინტერესო ვითარებაა კურსკის ოლქში. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მასობრივად იხურება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ოლქის რაიონულ ცენტრებში. ხალხის ნაწილი უშუალოდ ქალაქი კურსკისაკენ გადაადგილდება, მეორე ნაწილი კი უფრო აღმოსავლეთით, მომიჯნავე ოლქებში გადადის. ადგილზე დარჩენილი რუსი მოსახლეობის ნაწილმა ერთმანეთის მიტოვებული ბინებისა და საკუთრების ძარცვაც კი დაიწყო. რაც შეეხება უკრაინელთა კონტროლირებად ტერიტორიას - ასეთი შემთხვევების პრევენციისათვის უკრაინელებს პოლიციური ფუნქციის შესრულებაც უწევთ.
 
- მდინარე სეიმზე ხიდის დაბომბვისა და ჩარღვევის შემდეგ გლუშკოვოს რაიონის ზოგიერთი წერტილიდან რუსებმა ევაკუაცია დაიწყეს. სასაზღვრო დასახლება ტეტკინოს ჩრდილოეთით, მდინარის დასავლეთ ნაპირი უკრაინელებმა დაიკავეს. რუსებმა სამხედრო ხიდი - პონტონი - უკვე გასდეს მდინარეზე, რითაც ძირითადი ორი ფუნქციური ხიდის მიღმა შეეძლებათ გადაადგილება. თუმცა რუსული პონტონი უკრაინული საარტილერიო დარტყმის ზონაში ხვდება, ასე რომ თუკი რუსები ევაკუაციას დარჩენილი ხიდების გავლით ან პონტონს გამოიყენებენ დაიწყებენ, შესაძლოა საარტილერიო დაბომბვის ქვეშ მოჰყვნენ. ასეთი შემთხვევები ბევრი გვქონდა ამ ომში, განსაკუთრებით კი 2022 წელს.
 
- კურსკის ოლქში უკრაინელებმა დაასრულეს კიდევ ერთი დასახლების, ვნეზაპნოეს და მისი შემოგარენის დაკავება და კიდევ ერთ სოფელ ბიახოვოში დაიწყეს შესვლა. აღნიშნული დასახლებების აღება ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვრიდან კორენოვომდე არსებული მცირე გამტარუნარიანობის გზა სრულად მათ ხელში აღმოჩნდება. გამაგრდება კიდეც ფლანგები. აქამდე უკრაინელები კორენოვოზე იერიშს სუჯა-რილსკის ცენტრალური მაგისტრალური გზით ახორციელებენ.
 
- გუშინ რუსების 155-ე ბრიგადის წარმომადგენელმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს კურსკის ოლქში დატყვევებულ უკრაინელის მოჭრილი თავი რომელიც სარზეა ჩამოაცვეს. ეს ომის დანაშაულია და ტერორიზმისგან არ განსხვავდება. უკრაინელებმა ამ სამხედრო დანაშაულზე მარტივი პასუხი შეუთვალეს: რუსული 155-ე ბრიგადის არცერთი წარმომადგენელი არ იქნება ტყვედ აყვანილი და რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ეს კი იმ მასშტაბის დანებების ფონზე, რომელიც კურსკში ვხედავთ, ალბათ მძიმედ შემოუბრუნდებათ რუს სამხედრო დამნაშავეებს 155-ე ბრიგადიდან.
- უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ - დასავლეთით - მდებარე უკრაინული დასახლება კურახოვესთან რუსული სამხედრო კოლონა განადგურდა საარტილერიო დარტყმით. ბოლო ერთ თვეში მესამე შემთხვევაა ამ მონაკვეთზე. სწორედ ასეთი ჩავარდნილი შეტევებისა და წარმატებული უკრაინული საარტილერიო იერისების გამო აქვთ რუსებს კატასტროფულ დანაკარგები. ცნობილია, რომ ამ ომში დაღუპულების 80%-ზე მეტი ტყვიით ანუ პირდაპირი ცეცხლით არაა მოკლული.
 
პ.ს. თუ წინა რამდენიმე დღე ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე გახდა, ბოლო 48 საათია სამხედრო ინფორმაციებმა უკრაინელთა მხრიდან ძალიან იკლო და ეს ალბათ სწორი სტრატეგიაა. ახლა მხოლოდ უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტები ჩადიან სუჯაში და ნახულობენ ადგილზე მდგომარეობას, სადაც რუსული მოსახლეობა იმაზე უკეთაც კი ცხოვრობს, ვიდრე კრემლის დიქტატურის პირობებში. რუსული ტელევიზია რაც გაითიშა სხვა სურათი გამოჩნდაო, ამბობენ.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way