USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
უკრაინული შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე (21:00 საათის შეჯამება / 10.08.2024) - გიორგი კობერიძე
Date:  711
- დღეს ინფორმაცია კიდევ უფრო შეზღუდული გახდა უკრაინული შეტევის შესახებ. რუსული წყაროების მიხედვით უკრაინელებმა კურსკის ოლქში კიდევ ერთ წერტილში გადალახეს საზღვარი და დაიკავეს დასახლებული პუნქტი ტეტკინო. რუსებს ეშინიათ, რომ ასეთი სასაზღვრო იერიში კურსკის ოლქში კიდევ სხვა მიმართულებითაც არ განვითარდეს, რაც დაამძიმებს რუსების მდგომარეობას.
- სუჯას სამხრეთით უკრაინელებმა დილიდან მოყოლებული ხელთ იგდეს ორი დასახლება პლეხოვო და მახნოვკა. ამ ფაქტზე უშუალოდ უკრაინელებიც მიანიშნებენ.
- უკრაინულმა დანაყოფებმა დილით ბელგოროდის ოლქში დაიკავეს ორი დასახლება: 1. პოროზი; 2. მოკრაია ორლოვკა. პოროზის კადრები ვიხილეთ კიდეც. შემოგარენში კი რა სიტუაციაა და რამდენად ღრმად არიან უკრაინელები შესულები არაა ცნობილი. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტი მაინც ისაა, რომ ბელგოროდის ოლქში 2023 წელს უკრაინელებმა რამდენიმე რეიდი მოაწყვეს, რის შემდეგაც რუსებმა საზღვრის გამაგრება გადაწყვიტეს. მაგრამ დღეს დადასტურდა რომ საზღვარი გამაგრებული სულაც არ ჰქონიათ, რადგან კორუფციის პირობებში ფორტიფიკაციების ნაწილი მხოლოდ ფურცელზე არსებობს ხოლმე. საინტერესოა უკრაინელები შეეცდებიან ბელგოროდში პოზიციების შენარჩუნებას და გაფართოებას თუ დატოვებენ მათ (პრიორიტეტიზაცია თუ მოხდა რომელიმე მიმართულებისა). ამასთან, დღევანდელი იერიშები ნიშანია იმისა, რომ უკრაინელები ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანას მაქსიმალურად ბევრ მონაკვეთში ცდილობენ,
- რუსები ე.წ. "მეგობრულ ცეცხლს" არაერთხელ მიმართავენ და აგერ დღესაც იყო შემთხვევა, როდესაც სუჯა-კურსკის გზაზე საკუთარი დანაყოფი ჩაცხრილეს.
- რუსები ცდილობენ სუჯა-კურსკის გზაზე დასახლება მარტინოვკას დაბრუნებას. ბრძოლა დასახლებაში მიმდინარეობს. რუსები ჩივიან, რომ კონტრშეტევაზე გადასულ რუსებს უკრაინელებმა ქიმიური იარაღის გამოყენებით უპასუხესო, რაც ცხადია აბსურდულია, მაგრამ შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ამ ამბის შეთხზვით რუსები საკუთარი წარუმატებლობის გამართლებას ცდილობდნენ, ან სულაც ისინი იყენებენ ქიმიურ იარაღს (მაგალითად ზარინის გაზს, რომელსაც რუსეთი და მისი მოკავშირე ასადის რეჟიმი სირიაში მიმართავდა ხოლმე). ზოგადად, ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენება რუსების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა.
- რუსების სასოწარკვეთაზე ისიც მიუთითებს, რომ რუსი პროპაგანდისტები და სამხედრო მიმომხილველები თავს იმშვიდებენ, უკრაინულ მცირე ჯგუფებს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ბალისტიკურ რაკეტებს ვესრვითო. მცირე მოძრავ ჯგუფს რომ ბალისტიკურ რაკეტას ესვრი უკვე არასერიოზულია, მაგრამ ამაში რომ რესურსს გახარჯავ ესე იგი მძიმე მდგომარეობაა.
- ამ ეტაპზე რუს დევნილთა რაოდენობა 70 ათასამდეა გაზრდილი. ჰუმანიტარული დახმარება ჭირს. რუსეთი ეკონომიკური რესურსების 40%-ს სამხედრო მოქმედებებზე ხარჯავს (ე.წ. სამხედრო ეკონომიკით მოქმედებენ). ჰუმანიტარული დახმარება მოულოდნელობის პირობებში კი ადვილი არ არის.
- უკრაინელებს მეტი და მეტი ტყვეები აჰყავთ და გადაჰყავთ უკრაინაში. რამდენიმე კადრი ამის შესახებ გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ დატყვევებული რუსების საერთო რაოდენობა 500 სამხედრო უნდა იყოს.
- უშუალოდ უკრაინაში დონეცკის ოლქში რუსებმა შეტევა განაახლეს პოკროვსკის მიმართულებაზე. როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინელებმა შესაძლოა რუსეთში შექმნილი კრიზისითა და დონეცკიდან მოხსნილი ჯარებით შექმნილი შემსუბუქებული ვითარებით ისარგებლონ და შეტევაზე გადმოვიდნენო. რუსები ამის პრევენციას ახდენენ განახლებული შეტევით. თუმცა ბოლო 24 საათში მსხვერპლი ბევრად გაზრდილი აქვთ სწორედ ამავე მიმართულებაზე.
- უკრაინელებმა საავიაციო დარტყმა განახორციელეს ნოვა კახოვკას იახტკლუბზე, მდინარე დნეპრზე. რუსებს იქ სახელდახელო სამეთაურო პუნქტი ჰქონდათ მოწყობილი.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-სთან დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა ამერიკელები კონტაქტზე უარს აცხადებენ. ეს რეალურად ხდება თუ არა ასე დაზუსტებით რთულად გახდება ცნობილი.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია მეტწილად რუსული წყაროებიდან მოდის, უკრაინელები ინარჩუნებენ სტრატეგიულ სიჩუმეს. რეალური სურათი როგორია არ ვიცით.
რუკაზე:
წითლით - უკრაინელთა მიერ 10 აგვისტოს დაკავებული ტერიტორია
ლურჯით - უკრაინელთა მიერ 6-9 აგვისტოს დაკავებული ტერიტორია
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way