USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„უკრაინა გრძნობს დროის ზეწოლას და მზარდ მოლოდინს“ - «Finansial Times»
дата:  339

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის, გიდეონ რიხმანის სტატია სათაურით „უკრაინა გრძნობს დროის ზეწოლას და მზარდ მოლოდინს“, რომელშიც, „დიდი შვიდეულის“ ჰიროსიმის სამიტის ფონზე, რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო პერსპექტივაა გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინამ დიპლომატიური ტრიუმფი მოახდინა. ახლა ქვეყანაზე ზეწოლა ხდება, რომ კიევმა სამხედრო ტრიუმფიც განახორციელოს.

ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ პომპეზური სამიტის შემდეგ მსოფლიოს ყურადღება კვლავ გადაერთო ომის მკაცრ რეალიებზე, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს. G-7-ის ლიდერების დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც ვლადიმერ ზელენსკის „შვიდეულის“ სამიტზე აღმოუჩინეს, უკრაინის პრეზიდენტისათვის დიდ სტიმულს წარმოადგენს. მაგრამ საფრთხე იმაში გამოიხატება, რომ შესაძლოა ამაზე მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინას აღარ ჰქონდეს.

უკრაინელებმა, რასაკვირველია, იციან, რომ დასავლეთის მხარდაჭერის შენარჩუნების ყველაზე საუკეთესო წესს ბრძოლის ველზე მიღწეული პროგრესი წარმოადგენს. მაგრამ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მისმა არმიამ უკვე მთლიანად დანგრეული ბახმუტი აიღო და მასზე კონტროლი დაამყარაო, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის წინაშე მდგარი ამოცანა.

„დიდი შვიდეულის“ მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში არავითარი მინიშნება არ არის იმაზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ რაიმე ზეწოლა ხორციელდება. ოფიციალურად  სამიტმა გამოიყენა ცნობილი ფორმულა, რომლის მიხედვით, ისინი გააგრძელებენ დახმარებას უკრაინისათვის „იმდენი მოცულობით, რამდენიც საჭირო იქნება“, მაგრამ არაოფიციალურად ეს გზავნილი ასე უნდა იქნას გაგებული: „იმდენი მოცულობით, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს დიდი დროის განმავლობაში არ გაგრძელდება“.

რა თქმა უნდა, „დროის გადაუდებლობაზე“ ასეთი მინიშნება არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის მთავრობებს უკრაინისადმი სიმპათია უქრებათ. უფრო მეტად, არსებობს იმის ეჭვი, რომ თუ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ვერ შეძლებს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაში გარდატეხის შეტანას, მაშინ კიევის მომხრეებისათვის ბევრად ძნელი იქნება შეინარჩუნონ პოლიტიკური, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე.

უკრაინაზე მზარდი [არაოფიციალური ზეწოლა] მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად დონალდ ტრამპის წარმოჩენა აძლიერებს იმის შიშს, რომ ამერიკის მომდევნო მეთაური რადიკალურად შეცვლის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. გავიხსენოთ დონალდ ტრამპის განცხადება, როცა დაიკვეხნა - პრეზიდენტი რომ ვიყო, უკრაინაში ომს ერთ დღეში დავასრულებო. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთის ფორმულისაგან - „იმდენი მოცულობით, რამდენიც საჭირო იქნება“.

არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ში დღეს შექმნილი ორპარტიული კონსენსუსი შეიძლება უფრო ადრე - საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი დაირღვეს. [რესპუბლიკელების მხრიდან] შეიძლება წამოყენებული იქნას ყოველგვარი არგუმენტები კიევისადმი მხარდაჭერის გაგრძელების წინააღმდეგ - ვთქვათ, ასეთები: ომი დიდ ხარჯებს მოითხოვს, იზრდება ესკალაციის საფრთხე და ა.შ. აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობაში უკვე შეინიშნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გარკვეული შემცირება.

ეს ყველაფერი ვლადიმერ პუტინს აძლევს იმედის საფუძველს, რომ თუ ის შეძლებს კიდევ 18 თვის განმავლობაში იბრძოლოს, ჰორიზონტზე ტრამპისტების [მაშველი] კავალერია გამოჩნდება. კრემლმა უკვე აქტიურად დაიწყო ფლირტის თამაში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის მომხრეებთან. რუსეთის ხელისუფლების მიერ სანქცირებული ამერიკელების სიაში ისეთი პირებია შეყვანილი, რომლებსაც უკრაინასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ისინი არიან დონალ ტრამპის შიდაპარტიული არაოფიციალური მტრები, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ბრედ რაფენსპერგერი - ჩინოვნიკი, რომელიც 2020 წლის არჩევნების დროს წინააღმდეგობას უწევდა დონალდ ტრამპის მოთხოვნებს „მოეძებნა მხარდამჭერთა დამატებითი ხმები“ ჯორჯიის შტატში, სადაც იგი სახელმწიფო მდივნის პოსტს ფლობდა. 

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს, ვაშინგტონის პოზიციის შეცვლა კიევისათვის კრიტიკული იქნება. გარდა ამისა, აშშ-ში პოლიტიკური ატმოსფეროს ცვლილება გარდაუვალ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ევროპაზეც. ენერგეტიკულ ბაზარზე ომის მიზეზით გაჩენილმა პრობლემებმა ევროპას დიდი ზარალი მიაყენა - ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იძულებული გახდნენ მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად და ბიზნესის დასახმარებლად 800 მილიარდი ევროს სუბსიდიები გამოეყოთ. ევროპელთა ეკონომიკურმა უკმაყოფილებამ შეიძლება პოპულისტური პარტიების - უკიდურესად მემარჯვენე და უკიდურესად მემარცხენე ძალების გააქტიურება გამოიწვიოს, რომლებსაც რუსეთის მიმართ სიმპათიები აქვთ.

შეიძლება გაჩნდეს კითხვები იარაღის მიწოდების მიმართაც: ობიექტურად თუ ვიტყვით, უკრაინის ომში იმდენი საბრძოლო მასალა იხარჯება და იმდენი ტექნიკა ნადგურდება, რომ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების რეზერვები ძალიან შემცირდა. არის პრობლემები უკრაინის არმიის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველყოფის საქმეში. დასავლეთის სამხედრო ქარხნებისათვის ძალიან ძნელია „ფეხი ააყოლონ ომის ტემპებს“, თუ ქვეყნების ეკონომიკა მთლიანად სამხედრო „რელსებზე“ არ გადავა. ერთ-ერთი დასავლელი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები იმდენად ინტენსიურია, რომ „უკრაინელები ერთ საათში ხარჯავენ იმდენ ჭურვს, რამდენსაც ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვაწარმოებთ“.

დასავლელი ჩინოვნიკები, რომლებიც ეროვული უსაფრთხოების სტრუქტურებში არიან დასაქმებულები, ფაქტიურად იარაღით მოვაჭრეებად გადაიქცნენ: ისინი ტელეფონით ურეკავენ მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქებს - სეულიდან ისლამაბადამდე - უკრაინის ფრონტისათვის მეტი ჭურვის და რაკეტის შოვნის იმედით.

ამერიკელები და ევროპელები თვლიან, რომ მათი ძალისხმევა წარმატებულია და რომ უკრაინას ახლა საკმარისი შეიარაღება აქვს სერიოზული კონტრშეტევის დასაწყებად. მაგრამ რეალურად უკრაინის არმიის საიარაღო საწყობები საკმაოდ ცარიელია. მათი შევსება ძალიან გაძნელდება 2024 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ კიევს შეიძლება ნატომ „ფანტომები“ (F-16-ები) მიაწოდოს - როგორც ეს გასულ კვირას აღუთქვეს.

ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინის კონტრშეტევა, თუ ის მართლაც განხორციელდება, დაიწყება საკმაოდ მშვიდად, სადაზვერვო ოპერაციების სერიით, რომელთა მიზანი იქნება რუსეთის არმიის თავდაცვაში სუსტი ადგილების გამოვლენა. მაგრამ ვინ მოსთვლის რეალურად, რამდენი იქნება ასეთი სუსტი ადგილი? ეს ყოველი ომის „ცნობილ უცნობ“ მოვლენას წარმოადგენს.

ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი, რომლებიც კიევთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, თვლის, რომ უკრაინელებს რუსული არმიის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევისა და ყირიმისაკენ გაჭრის კარგი შანსები აქვთ. მაგრამ სხვები ეჭვის თვალით უყურებენ უკრაინის არმიის შესაძლებლობებს და სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ: რუსების თავდაცვითი ხაზები კარგად არის გამაგრებული და უკრაინის არმიას მათი გარღვევა გაუჭირდება. პესიმისტები შიშობენ, რომ თუ შეტევა ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმილია, ომი მომავალი წლისათვის ჩიხში შევა. უკრაინის არმიას მაღალი მორალური სული და უკეთესი ტაქტიკა აქვს, რუსეთი არმიას კი [ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის] მეტი პოტენციური რეზერვი.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ფრონტს ვერ გაარღვევს და დასავლური მხარდაჭერა მართლაც შემცირდება, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს. უკრაინელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი, თავიანთი დასავლელი მფარველების აზრისაგან განსხვავებით, არასოდეს არ მისცემენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ  კონფლიქტიდან იოლად და უბრძოლველად გამოვიდნენ. დიმიტრი კულებას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, უყვარს ხოლმე იმ ფრაზის ციტირება, რომელიც ჯონი ლენონს მიეწერება: „საბოლოოდ, ყველაფერი კარგად იქნება და თუ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დასასრულს“.

წყარო:

https://www.ft.com/content/aed74996-7b87-4b47-a821-8daab5372c58?fbclid=IwAR1Vy4f105tOfVygayDm19E26mwQU7Hr3MzlYZS_Q5yIWLsQRwT1jXlVE2I

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати