USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
უდაბნო – ევროპის ყველაზე მასშტაბური რეგენერაციული მეურნეობა საქართველოში
Date:  1445

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ევროპის კონტინენტზე ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალფეროვანი და უნიკალური აგროპროექტი საქართველოშია, კონკრეტულად კი საგარეჯოში, უდაბნოს ტერიტორიაზე უკვე წლებია, წარმატებით ხორციელდება. 

მართალია, სახელი „უდაბნო“ ჩვენში არ იწვევს ბაღთან, ვენახთან, ფერმასთან ან ნებისმიერ მწვანე გარემოსთან ასოციაციას, თუმცა, სწორედ ამ გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე დღეს მრავალწლიანი ნუშის ბაღები, 254 ჯიშის ყურძენი, კენკროვანი კულტურები და უამრავი განსხვავებული ჯიშის და სახეობის მცენარეა გაშენებული.

ამ და კიდევ ბევრი სხვა უნიკალური მახასიათებლის გამო გვინდა უკეთესად გაგაცნოთ პროექტი უდაბნო, რომელიც არამხოლოდ მეურნეობას, არამედ უზარმაზარი გაუდაბნოებული ტერიტორიისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას გულისხმობს. 

პროექტი საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს ჯგუფმა Adjara Group-მა 2016 წელს წამოიწყო და აქტიური მუშაობა 2017 წელს 15 000 ჰექტარ მიწაზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის დაფარვის არეალი უკვე 20 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ეს ტერიტორია ათწლეულების განმავლობაში უკონტროლო ძოვების გამო პრაქტიკულად უდაბნოდ იყო ქცეული.

თუმცა უდაბნოს განსაკუთრებულობა არა მის მასშტაბში, არამედ მეურნეობის მიდგომაში – რეგენერაციული სოფლის მეურნეობაშია. სწორედ რეგენერაციული მეურნეობის შედეგად დაიწყო ნიადაგის გაჯანსაღება და გაცოცხლება. ბაღებში გაძლიერდა ფესვთა სისტემა, შემცირდა აორთქლება, მწვანე მასამ მოიმატა, გაჩნდნენ სასარგებლო მწერები და გაქრნენ მავნე მწერები,  გაჩერდა ქარით გამოწვეული ეროზიები – ამ ეტაპზე გაუდაბნოების პროცესი 3 000 ჰექტარზეა შეჩერებული.

მხოლოდ ნუში გაშენებულია დაახლოებით 2000 ჰექტარზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურის გარდა როტაციული საძოვრებია მოწყობილი. დარჩენილ ტერიტორიებზე მიმდინარეობს რეგენერაციული მოდელების და შესაბამისი აგროკულტურული დიზაინის დანერგვა, შედეგად უახლოეს მომავალში მოეწყობა ტყე-ბაღები, სავანა და თაფლოვანი მინდვრები.  პროექტისთვის მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რისთვისაც 700-მდე სკა უკვე განთავსებულია უდაბნოს ტერიტორიაზე.

როგორც პროექტი უდაბნოს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ინდუსტრიული მეურნეობისგან განსხვავებით არ ებრძვიან მწვანე საფარს – პირიქით, ცდილობენ მის კულტივაციას. ეს არ ნიშნავს, რომ მწვანე საფარი უკონტროლოდ იზრდება. თუმცა, აქაც, რეგენერაციული მეურნეობის ფარგლებში, მოიძებნა საფარის კონტროლის ბუნებრივი საშუალება – წვრილ და მსხვილფეხა პირუტყვები. როტაციული საძოვრების პირობებში, ნიადაგში ჩქარდება ჰუმუსოვანი ფენის წარმოქმნა და ჩნდება ახალი მიკროორგანიზმები. ეს ყველაფერი ნიადაგის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

გარდა ამისა, პროექტი უდაბნო ნუშის სრულად უდანაკარგო წარმოებას ითვალისწინებს. აშენდა ქარხანა, რომელშიც მოხდება ნუშის გატეხა და სორტირება. ნუშის ნაწილი კი უკვე თბილისში გახსნილ ლაბორატორიაში გადამუშავდება და მიიღება ნუშის ზეთი, რძე, ფქვილი და კარაქი. რაც შეეხება გადამუშავების შემდეგ დარჩენილ ნუშის ნაჭუჭს, იგი გამოიყენება განახლებადი და სუფთა ენერგიის მისაღებად, რაც უნარჩენო წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია.  

როგორც უკვე ვახსენეთ, მწვანე საფარის გასაკონტროლებლად უდაბნოში სხვადასხვა წვრილ თუ მსხვილფეხა პირუტყვი „შრომობს“. თუმცა, ცხადია, მათი ფერმაში ყოფნის მიზანი მხოლოდ სარეველას ჭამა არ ყოფილა. პროექტი უდაბნო ითვალისწინებს მძლავრი მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მეურნეობის განვითარებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მეურნეობის წარმოება არა  ინდუსტრიული მეთოდებით მოხდა, არამედ აქაც ინოვაციური და მდგრადი მეთოდები გამოიყენება, რომლებიც გარემოსთვის დამაზიანებელი არ იქნება. 

როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა ცხოველები, როტაციული პრინციპით – თავისუფლად გადაადგილდებიან უდაბნოს ტერიტორიაზე და მთლიანად მოშორებულები არიან სტრესულ გარემოს. იგივე პრინციპით ხორციელდება მეფრინველეობის მეურნეობის განვითარება – მობილური საქათმეები, როტაციული პრინციპით ფერმის სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობენ.

ფერმაში ამჟამად რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჯიშის (მერძეული – ჯერსი, ჰოლშტეინი, დანიური წითელი, და მეხორცული ჯიშებია – ჰერეფორდი, ანგუსი, გალოვეი, ჰაილენდერი, სიმენტალი, ლინუზინი) ძროხაა ჩამოყვანილი და უახლოეს მომავალში მათმა რაოდენობამ 10 000-ს უნდა მიაღწიოს.

პროექტის მიზანია პროდუქცია თავდაპირველად ქართულ ბაზარზე დამკვიდრდეს, იყოს ხელმისაწვდომი და ჩაანაცვლოს იმპორტული ალტერნატივები. ასევე, არანაკლებად მნიშვნელოვანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რაც უკვე დაწყებულია.  ხოლო შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოხდეს პროდუქციის ექსპორტი. 

„უდაბნო“ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური პროექტია. დღეს აგრარული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა გარემოზე ზემოქმედებაა – ინდუსტრიული მეურნეობები ნიადაგის გამოფიტვის პრობლემის წინაშე დგანან, როდესაც ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე წლობით ერთი და იგივე მცენარეული კულტურა შენდება. „უდაბნო“ ამ პრობლემას არათუ თავიდან იცილებს, არამედ, რეგენერაციული მეურნეობის საშუალებით, უკვე გაუდაბნოებულ ტერიტორიას ახალ სიცოცხლეს ჩუქნის და გარემოს აჯანსაღებს. 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი უკვე წლებია ახორციელებს თავის გეგმებს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და განვითარებისთვის კიდევ არაერთი სიახლეა დაგეგმილი, რომლის შესახებაც ყველანი ერთად გავიგებთ. როგორც ადგილობრივი აგრობიზნესის ერთგული მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი პროექტ უდაბნოს პარტნიორიცაა. საქართველოს ბანკი ნუშის ბაღების გაშენების მხარდასაჭერად სპეციალურ დაფინანსებასაც სთავაზობს ნებისმიერ მსურველს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way