USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Stuttgarter Zeitung»: „საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს“
Date:  177

გერმანული გაზეთი „შტუტგარტერ ცაიტუნგი“ (Stuttgarter Zeitung - იბეჭდება ქალქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, 1945 წლიდან. ტირაჟი - 200 ათასი ეგზ.) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ევროკავშირი კი კრემლის მოქმედებას საკვირველი თავშეკავებით უყურებს“ (ავტორი - კნუტ კრონი).

ევროპა რომ შიშით უყურებს შორეულ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის მონაწილეობით, ეს გასაგებია, მაგრამ ევროპული დემოკრატიის მომავლისათვის მნიშვნელოვანია კიდევ ორი არჩევნები, რომლებიც ამერიკასთან შედარებით ახლოს მდებარეობენ - მოლდოვაში (საპრეზიდენტო, 20 ოქტომბერს) და საქართველოში (საპარლამენტო, 26 ოქტომბერს). ორივე სახელმწიფოში დაგეგმილ არჩევნებს საგარეოპოლიტიკური კურსის შემცვლელი მიზანი აქვს - კიშინიოვი და თბილისი ან ბრიუსელთან დარჩებიან, ან მოსკოვს ჩაეხვევიან.

რუსეთი კარგად აცნობიერებს სიტუაციისა და გადაწყვეტილების  მნიშვნელობას და ცდილობს ორივე ქვეყანაში თავისი გავლენა გააფართოვოს, იმავდროულად კი ევროკავშირი კრემლის მცდელობას მშვიდად უყურებს პოლიტიკური თვალსაზრისით და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფინანსურ ბერკეტებს იყენებს.

მოლდოვაში რუსეთის გავლენის ზრდა ქვეყნის ერთიანობას ანგრევს: მოსკოვის პირმშო,  სეპარატისტული რუსულენოვანი „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ სახელით ცნობილი, მრავალი წლის განმავლობაში დესტაბილიზაციის გამომწვევ სუბიექტს წარმოადგენს. კიშინიოვი ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს - ქვეყნის აღმოსავლეთში, მდინარე დნესტრის გასწვრივ არსებულ მიწის ვიწრო ზოლს, სადაც რუსეთის არმიის ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მოსახლეობის გასამხედროებული ქვედანაყოფებია დისლოცირებული.

„კრემლის ზრუნვა“: 100 მილიონი დოლარი მოლდოვასათვის

მოლდოვაში რუსეთი დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას აწარმოებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში - მიმდინარეობს პრორუსული პარტიების, მასმედიისა და პოლიტიკოსების დიდი ფულით უზრუნველყოფა, რომელთა სპონსორს კრემლი წარმოადგენს. მოსკოვის მიზანია თანამდებობას ჩამოაშოროს მაია სანდუ, რომელსაც 20 ოქტომბერს მეორე ვადით არჩევა სურს. ერთ-ერთი მოლდოვური ანალიტიკური ცენტრის WatchDog-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში კრემლმა მოლდოვას საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

მოსკოვისათვის მოლდოვაში განსაკუთრებულ პრობლემად ითვლება რეფერენდუმი, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მაია სანდუს უნდა, რომ ქვეყნის მიზანი - ევროკავშირშს წევრობა - კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად ხდება, თუმცა ის უფრო მეტად ერთგვარ გამაფრთხილებელ და დამცავ ზომას წარმოადგენს იმ შემთხვევისათვის, თუ პრორუსული ძალები გაძლიერდებიან და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი მიზნების გატარებას შეეცდებიან.

ფულის პაკეტი მოლდოვას - ევროკავშირის სახელით

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა აჩვენა, რომ მისთვის პატარა ქვეყნის ბედი უმნიშვნელო არ არის. ამას წინათ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში ყოფნისას მოლდოვას დახმარებას დაპირდა 1,8 მილიარდი ევროს რაოდენობით. ბრიუსელი ამ თანხას დახარჯავს „სკოლების რეკონსტრუქციისა და  ახალი საავადმყოფოების მშენებლობისათვის, ინტერნეტისა და ტრანსპორტის განვითარებისათვის და ა.შ.“. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრ ხუთ პიროვნებას, რომლებიც პრორუსული პოლიტიკის გატარებაში არიან შემჩნეულნი. გასულ წელს სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 11 მოქალაქე, მათ შორის პრორუსუსლი ოლიგარქი ილან შორი, რომელიც ამჟამად დევნილია და მოლდოვას ფარგლებს გარეთ იმყოფება.

საქართველოში ტონის მიმცემი მილიარდერია

პრეზიდენტი-ქალის წინააღმდეგ მიმდინარეობს მოსკოვის მიერ მართვადი  დეზინფორმაციის ფართო კამპანია საქართველოშიც, სადაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას ბრალად უყენებენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ბერლინში, პარიზში და ბრიუსელში ვიზიტები თითქოსდა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა.

მმართველმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: 2012 წლიდან, როცა პირველად გაიმარჯვა არჩევნებში და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართული ოცნება“  ლიბერალური პროდასავლური კურსის ერთგული იყო, მაგრამ შემდეგ მთავრობამ მზერა რუსეთს მიაპყრო და კრემლის მსგავსად ამოქმედდა - უფლებები შეუზღუდა მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამიტომაც ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა.

მმართველი პარტიის ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ექს-პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კონტაქტების აქვს. ოლიგარქი აცხადებს, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს. ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ მისი აქტივები, ორი მილირდი დოლარის ოდენობით, პრაქტიკულად გაყინულია.

მოსკოვი - მშვიდობის მტრედი საქართველოსთვის?

გაგანია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს, 26 ოქტომბერს დაგეგმილი ხმის მიცემის წინ, თბილისმა მოსკოვისაგან მოულოდნელი წინადადება მიიღო, რომლის თანახმად, კრემლი შეეცდება საქართველო და მის მიმართ მტრულად განწყობილი [სეპარატისტული] რესპუბლიკები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ - ერთმანეთთან შეარიგოს. ამრიგად, კონფლიქტების ნორმალიზება, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შერიგებით გზით მოხდება. ორივე სეპარატისტული რეგიონის [„რესპუბლიკის“] ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული და ამ დროს საქართველოს მთავრობა სიხარულით შეხვდა კრემლის წინადადებას.

კრიტიკოსთა აზრით, მოსკოვი პირდაპირ და დაუფარავად ერევა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში და სურს როგორმე დაეხმაროს პრორუსულ მმართველ პარტიას გამარჯვების მოსაპოვებლად. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი  არჩევნებში არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი, როგორც დღეს არის.  რასაკვირველია, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, საქართველოზე რუსეთის გავლენა შესუსტდება, რაც კრემლს არ სურს. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კრემლი „ოცნების“ წარმატებაში.

წყარო: https://www.stuttgarter-zeitung.de/content.moldau-und-georgien-schicksalhafte-wahlen-im-hinterhof-von-europa.1f257366-2f3b-44ef-9e7b-d9eda3a716c9.html

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way