USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
თუშური ცხვარი – ქართველი ერის სიამაყე
дата:  1121

საქართველოში ცხვრის ორსეზონიანი შენახვა ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების არსებობითაა გამოწვეული და სწორედ ამ პირობებშია გამოყვანილი თუშური ჯიშის ცხვარი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამიერ და იმიერ კავკასიის აბორიგენულ ჯიშებს შორის. იგი გამოირჩევა თავისი კონსტიტუციური სიმაგრით, გამძლეობით, კარგად იყენებს ციცაბო რელიეფის მქონე საძოვრებს, განვითარებული აქვს ფარობრივი ინსინქტი, ეგუება მკაცრ გარემო პირობებს, რაც მან მრავალი საუკუნის მანძილზე გეზმიმართული მოშენებით მიიღო. თუშური ცხვრის წარმოშობისა და სადაურობის საკითხის ირგვლივ ყოველმხრივ გარკვეული და სრულყოფილი ცნობები დღემდე არ მოგვეპოვება. არსებული მონაცემები კი, რაც ხელთ გვაქვს, მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგ. აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი წერს: „ … კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა და მათი კულტურის პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საძებნელი.

ასურული წყაროების საშუალებით წარმოიდგენს ადამიანი, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ქართველი ტომები XI-VII  ს. ს. ქრ. წ. მაშინ, როცა ისინი კაპპადუკიისა და პონტოს მახლობლად ცხოვრობდნენ. რასაკვირველია ასურელები მხოლოდ მაშინ იხსენიებენ უცხოელებს, როცა ვინმეს დაამარცხებდნენ ან არადა უფრო იშვიათად, როცა თვითონ ევნებოდათ ხოლმე რამე…“.

„…როცა ასურეთის ბატონი ტიგლარ–პილასარი I თავის 1100 წ. წარწერაში, პირველად მუსკებს, ანუ მესხებს იხსენიებს, მაშინ ისინი იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ასურეთის საბრძანებელის დაპყრობასაც კი ბედავდნენ და ასურელებს თავგამოდებით ეცილებოდნენ“.

„ტიგლარ-პილასარ I და შემდეგ სარგონ მეფე (721-705 წ. ქრ. წ.) თავიანთ წარწერებში კვეხულობენ, მუსკების ქალაქები დავაქციეთ და გადავბუგეთ და აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოვიღეთ დავლადაო. მუსკები ამ დროს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ“.

„აშურ–ნასირ–აბალ მეფის (884-860 წ. ქრ. წ.) დროს მუსკები ასურეთის ხელმწიფეს ხარკად ხარებს და ცხვრებს აძლევდნენ ხოლმე“.

ამრიგად, ქართველ ტომთა წინაპრებს განვითარებული ჰქონიათ მეცხვარეობა. მოყვანილი ისტორიული ცნობებიდან ის გარემოებაც ირკვევა, რომ თუშური ცხვრის წინაპარი, უფრო სწორად მისი პირვანდელი ფორმა, იმ ადგილებში არ ყოფილა მოშენებული, სადაც იგი დღესაა გავრცელებული. და სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით, აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი ასკვნის, რომ ქართველთა ტომები, რა თქმა უნდა, თავის ცხვარს გადმოსახლებასთან ერთად თან წამოიყვანდნენ.

თუშური ცხვრის სადაურობის მრავალ საინტერესო მოსაზრებათა შორის  საყურადღებოა და მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, თუშური ცხვრის ჩამოყალიბება მაინც ასოცირდება თუშებთან, რასაც მ. რჩეულიშვლის ჰიპოთეზაც ამყარებს. იგი თუშური ცხვრის სადაურობის საკითხს უკავშირებს წოვა–თუშებს, რომლებიც ძველად ჩრდილო კავკასიის მცხოვრები ყოფილან და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებულან არა უგვიანეს VIII-IX სს. როგორც ცნობილია, წოვა–თუშები ქართველთა მონათესავე სარმატების ტომებიდან (ე.წ. „ღლიღვი“ ანუ „ღალღა“) წარმოიშვნენ. შემდეგ ისინი დასახლებული ყოფილან თუშეთის დასავლეთ ნაწილში დიდი კავკასიონის მაღალი მთის ზონაში ე.წ. „წოვათაში“. ამრიგად, მ. რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ მქისემატყლიანი, ცხიმკუდიანი ცაკელის ჯგუფის ცხვარი საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან სარმატების ტომების – „წოვა–თუშების“ გადმოსახლების დროს მოხვდა. გარდა ამისა, იგი ხალხთა სახელწოდებისა („თუში“) და ცხვრის დასახელების („თუშური“) თანადამთხვევას აღნიშნავს. მაშასადამე, ზემოთ მოყვანილი მოსაზრება გვიჩვენებს, რომ მქისემატყლიანი (უხეშმატყლიანი) ცხვარი საქართველოს მიდამოში მოხვდა ჩრდილო კავკასიიდან და გადმოსახლებისას უნდა შეჯვარებულიყვნენ თუშეთში ნახევრადნაზმატყლიან მჭლეკუდიან ძველი ქართული ჯიშის ცხვართან. შემდეგ კი ხშირმა და გამუდმებულმა ომებმა (არაბების, მონღოლების ბატონობა, ირანთან და ოსმალეთთან ბრძოლები, ქართველი მეფეების ლაშქრობებმა), აზერბაიჯანიდან აღმოსავლეთ საქართველოში ყარაბაღული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია ძველი ქართული ნახევრადნაზმატყლიანი მჭლეკუდიანი ცხვრის შეჯვარება ყარაბაღულ ცხვართან. ამრიგად, თუშური ცხვრის საბოლოო ფორმირებაში მონაწილეობა მიუღია ყარაბაღული ჯიშის ცხვარს.

დასასრულ, მ. რჩეულიშვილის მიხედვით, ყარაბაღული ნახევრადდუმიანი ცხვრის კახეთში შემოყვანამ და იმ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ ნაჯვარ (ნაჯვარი ცხვარი მიღებული ყოფილა ძველ კოლხიდურ ნაზმატყლიან გრძელმჭლეკუდიან და მქისემატყლიანი გრძელცხიმკუდიანი ვოლოშის ტიპის ცხვრების შეჯვარებით) ცხვრებთან მისმა შეჯვარებამ  შექმნა თუშური ცხვარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუშური ცხვარი ამტანია და ადვილად ითვისებს სუბ-ალპურ და ალპურ (3000-3200 მ. ზღვის დონიდან) საძოვრებს და წარმატებით ეგუება გადარეკვის მძიმე პირობებს. მას შეუძლია წელიწადში 1000-1200 კმ-ის გავლა.  და სწორედ ამიტომაა, რომ იგი განუყოფელი ნაწილი გახდა თუში კაცისა. სწორედ თუშეთში იქნა შესაძლებელი ხალხური სელექციით თუშური ცხვრის  ორი ტიპის შექმნა: „ფამფარასი“ და „ბუდიანისა.“თუ არა თუშური ცხვარი აუთვისებელი დაგვრჩებოდა მაღალმთიანი საძოვრები.  სამეურნეო კლასიფიკაციით თუშური ცხვარი კომბინირებული ჯიშია, მეხორცულ-სამატყლო-მერძეული მიმართულებისაა. მართალია, ყველა პროდუქტს მცირე რაოდენობით იძლევა (ვერძების ცოცხალი მასა 50-55 კგ-ია, საუკეთესოებისა 60-65, ხოლო ნერბებისა კი 38-42 და 45-50 კგ შესაბამისად. მატყლის ნაპარსი – 3,5-4,0 და 2,5-3,0 კგ შესაბამისად, მერძეულობა 50-60 კგ-ია, საიდანაც ნახევარი ბატკნის გამოზრდისათვისაა საჭირო, ხოლო დანარჩენისაგან ამზადებენ საუკეთესო საგემოვნო თვისებებით დაჯილდოვეულ ე.წ. გუდის ყველს. ნაყოფიერება 100-105%-ის ფარგლებში მერყეობს.), მაგრამ სხვა კულტურულ მაღალპროდუქ­ ტიულ ჯიშებთან შედარებით ნაკლები დანახარჯები აქვს. ამ ჯიშის ცხვარი უხეშმატყლიანია, თუმცა გვხვდება ნახევრადუხეშმატყლიანი ტიპებიც.  მატყლი გამოირჩევა კარგი, ჭაღისებური ბზინვარებით, თეთრი ფერისაა და ემორჩილება ყველანაირ ფერში შეღებვას. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს მის უნარს, რათა დამზადდეს საუკეთესო ხარისხის ხალიჩები. სწორედ მატყლის ამ თვისებების გამო აკადემიკოსი ა. ნიკოლაევი და პროფესორი ა. ეროხინი აღნიშნავენ, რომ თუშური ცხვრის მატყლი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშებს შორის.  გამოირჩევა ჭაღისებური ბზინვარებით, დიდი რაოდენობით არის მასში თივთკი და გარდამავალი ბოჭკოები და ამ თვისებების გამო იგი ახლოს დგას ნახევრადუხეშთან.             

რაც შეეხება ხორცს, იგი გამოირჩევა მაღალი კულინარული თვისებებით – ნაზია, არ ახასიათებს სპეციფიკური სუნი (განსაკუთრებით მოზარდეულის). ასევე მაღალყუათიანი და საუკეთესო პროდუქტია თუშური  ცხვრის რძეც, რაშიც ცხიმიანობა 6-8% – ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ცილისა კი – 5,6-5,7%-ის. ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად 4-5 ლიტრი რძეა საჭირო.

 

და სწორედ ასეთი ცხვრის ამოძირკვა განიზრახეს გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა მეცნიერებმა, რომლებმაც თუშური ცხვარი დაბალპროდუქტიულად მიიჩნიეს და რესპუბლიკაში შემოიყვანეს კავკასიური და  საბჭოური მერინოსებისა და პრეკოსის ჯიშის ნაზმატყლიანი ვერძები თუშური ჯიშის ნერბებთან შესაჯვარებლად, რაც შთანთქმითი შეჯვარებით გადააჯიშებდა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ცხვარს. ამ უგუნური გეგმის წინააღმდეგ გაილაშქრა პროფესორმა ილია ჯანდიერმა, რომელიც თავის დროზე პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის პირველი დირექტორი ბრძანდებოდა და ივანე ჯავახიშვილის თხოვნით 1925 წელს გადმოსულა ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ცხოველთა კვების კათედრის გამგედ. პროფესორმა ჯანდიერმა კარგად იცოდა საქართველოს გეოგრაფია და თუშურ ცხვარზე ჩატარებული ჰქონდა მრავალი ცდა. მისი აზრით, მეტიზაცია არ გაამართლებდა და საქართველოს ალპურ საძოვრებს ვერ აითვისებდა 90 – 100-კგ-იანი ცხვრები. ამასთანავე, მოსპობა ემუქრებოდა საუკუნეების მანძილზე გარემო პირობებთან შეგუებულ აბორიგენული თუშური ცხვრის ჯიშს.

პროფესორი ჯანდიერი ხალხის მტრად გამოაცხადეს და ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რით დასრულდებოდა ყოველივე ეს ღვაწლმოსილი პროფესორისათვის.

ასევე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა ყველა ის პიროვნება, ვინც „კანონს დაარღვევდა“ და შეეცდებოდა, ხალასად მოეშენებინა თუშური ცხვარი. მაგრამ მთის ხალხი მაინც ვერ შეაშინა მუქარამ და ამ ადგილებში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ეს უნიკალური ჯიში.

არ შეიძლება დავივიწყოთ ანაგელი სარქალის, გიორგი მჭედლიშვილის გმირული საქმე. ბატონი გიორგი არ შეუშინდა იმდროინდელ გადაწყვეტილებას და მალულად მოახერხა ათას სულიანი ელიტური თუშური ჯიშის ცხვრის ფარა. ეს საქმე რომ გამჟღავნებულიყო ბატონ გიორგისაც გაუყენებდნენ ჯანდიერის გზას, მაგრამ ერთგული მეგობრების (ვაჟკაცი მწყემ­სების) მხარდაჭერით ფარა შენარჩუნებულ იქნა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ მეტიზაცია თუში მეცხვარეეების დაქვემდებარებაში მყოფ ცხვარსაც შეეხო. ადრე, როგორც ამას თუში წინაპრები იტყვიან, ცხვარი თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო თუშური ცხვრის მეტიზაცია. მიუხედავად თუში ხალხის წინააღმდეგობისა ეს წინადადება განხორციელებული იქნა და თითქმის 1962 წლამდე გაგრძელდა, რამაც დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა თუშური ცხვრის ჯიშურ შემადგენლობაზე. ნაჯვარი სულადობა ვერ იტანდა მომთაბარე მეცხვარეობის მკაცრ პირობებს და იღუპებოდა. არ შეუშინდნენ თუშები მომხდარს და 1971-1972 წლებში კვლავ შეუდგნენ თუშური ცხვრის აღორძინებას. ამოარჩიეს მალულად გადანახული 6 ათასამდე თუშური ცხვარი და ჩამოაყალიბეს სანაშენე ბრიგადები, რამაც დასაბამი მისცა შემდგომში სანაშენე ფარების ჩამოყალიბებას და სანაშენედ სულადობის რეალიზაციას.

საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა შეცდომის დანახვასა და მის აღიარებას. კვლავ დადგა დღის წესრიგში თუშური ცხვრის აღდგენა-მოშენების საკითხი და რომ არა თავისი საქმის ერთგული თითო-ოროლა ადამიანი, ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. და სწორედ მათ ბაზაზე კვლავ დაიწყო თუშური ცხვრის აღდგენა-მოშენება რეციპროკული (უკუშთანთქმითი) შეჯვარებით. მოხერხდა ამ ჯიშის აღდგენა და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე 2,2 მილიონი ცხვარი და თხა იყო საქართველოში, საიდანაც 800 ათასი სული თუშური ცხვრის სულადობას ეკავა. რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა 4 სანაშენე ფერმა და მათ ბაზაზე არსებული 19 სანაშენე ბრიგადა, სადაც კონცენტრირებული იყო 302 354 სული ხალასჯიშიანი თუშური ცხვარი, რომელთაგანაც ნერბების ხვედრითი წილი 182 629 სულს უდრიდა. დასახელებულ სანაშენე ფერმებსა და ბრიგადებში ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სპეცია­ლისტების დახმარებით სანაშენე საქმის წარმოებას ახორციელებდა თუშური ცხვრის სახელმ­წიფო ჯიშსაშენი. სანაშენე ფარების დანიშნულება იყო ხალასჯიშიანი თუშური ცხვრის სულა­დო­ბით მოემარაგებინათ როგორც ჩვენი რესპუბლიკა, ასევე ამიერ და იმიერკავკასიის რესპუბლიკებიც, რადგან თუშური ცხვარი კავკასიის სხვა უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიშე­ბისაგან გამოირჩეოდა თავისი უნიკალური თვისებებით და გამაუმჯობესებელ ჯიშად ითვლე­ბოდა ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩენო-ინგუშეთში, დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვა რესპუბლიკებსა და ოლქებში.

თითქოს ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ 1990 წლის შემდგომ კვლავ საშიშროების წინა­შე დადგა თუშური ცხვრის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მთლიანად მოიშალა სანაშენე საქმე და დღემდე მიმდინარეობს უსისტემო შეჯვარება. არ არსებობს არავითარი ჩანაწერები და სანამ დროა მთლიანად რომ არ გაქრეს ეს უნიკალური ჯიში, საჭიროა ამოირჩეს ფენოტიპურად (გენო­ტი­პურად მათი ამორჩევა შეუძლებელია ზ. ა. მიზეზთა გამო) ამ ჯიშის საუკეთესო სულადობა და დაიწყოს მათი მოშენება ხალასად. უნდა შეიქმნას რამოდენიმე სანაშენე ფარა და შემდგომში ხალასჯიშიანი სულადობა გავრცელდეს იმ რეგიონებში, რომელიც საზაფხუ­ლო საძოვრემად იყენებს კავკასიონის მასივებს.

გივი ბეღელური – სოფლის მეურნეობის დოქტორი;

კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი;

ჯიმი ლოლაძე – მეცხოველეობის დარგის სპეციალისტი

წყარო: https://agronews.ge

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати