საქართველოში ცხვრის ორსეზონიანი შენახვა ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების არსებობითაა გამოწვეული და სწორედ ამ პირობებშია გამოყვანილი თუშური ჯიშის ცხვარი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამიერ და იმიერ კავკასიის აბორიგენულ ჯიშებს შორის. იგი გამოირჩევა თავისი კონსტიტუციური სიმაგრით, გამძლეობით, კარგად იყენებს ციცაბო რელიეფის მქონე საძოვრებს, განვითარებული აქვს ფარობრივი ინსინქტი, ეგუება მკაცრ გარემო პირობებს, რაც მან მრავალი საუკუნის მანძილზე გეზმიმართული მოშენებით მიიღო. თუშური ცხვრის წარმოშობისა და სადაურობის საკითხის ირგვლივ ყოველმხრივ გარკვეული და სრულყოფილი ცნობები დღემდე არ მოგვეპოვება. არსებული მონაცემები კი, რაც ხელთ გვაქვს, მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგ. აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი წერს: „ … კავკასია ქართველების თავდაპირველი სამშობლო არ ყოფილა და მათი კულტურის პირვანდელი ნაშთები აქ არ არის საძებნელი.
ასურული წყაროების საშუალებით წარმოიდგენს ადამიანი, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ქართველი ტომები XI-VII ს. ს. ქრ. წ. მაშინ, როცა ისინი კაპპადუკიისა და პონტოს მახლობლად ცხოვრობდნენ. რასაკვირველია ასურელები მხოლოდ მაშინ იხსენიებენ უცხოელებს, როცა ვინმეს დაამარცხებდნენ ან არადა უფრო იშვიათად, როცა თვითონ ევნებოდათ ხოლმე რამე…“.
„…როცა ასურეთის ბატონი ტიგლარ–პილასარი I თავის 1100 წ. წარწერაში, პირველად მუსკებს, ანუ მესხებს იხსენიებს, მაშინ ისინი იმდენად ძლიერნი ყოფილან, რომ ასურეთის საბრძანებელის დაპყრობასაც კი ბედავდნენ და ასურელებს თავგამოდებით ეცილებოდნენ“.
„ტიგლარ-პილასარ I და შემდეგ სარგონ მეფე (721-705 წ. ქრ. წ.) თავიანთ წარწერებში კვეხულობენ, მუსკების ქალაქები დავაქციეთ და გადავბუგეთ და აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოვიღეთ დავლადაო. მუსკები ამ დროს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოშენებას მისდევდნენ“.
„აშურ–ნასირ–აბალ მეფის (884-860 წ. ქრ. წ.) დროს მუსკები ასურეთის ხელმწიფეს ხარკად ხარებს და ცხვრებს აძლევდნენ ხოლმე“.
ამრიგად, ქართველ ტომთა წინაპრებს განვითარებული ჰქონიათ მეცხვარეობა. მოყვანილი ისტორიული ცნობებიდან ის გარემოებაც ირკვევა, რომ თუშური ცხვრის წინაპარი, უფრო სწორად მისი პირვანდელი ფორმა, იმ ადგილებში არ ყოფილა მოშენებული, სადაც იგი დღესაა გავრცელებული. და სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით, აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი ასკვნის, რომ ქართველთა ტომები, რა თქმა უნდა, თავის ცხვარს გადმოსახლებასთან ერთად თან წამოიყვანდნენ.
თუშური ცხვრის სადაურობის მრავალ საინტერესო მოსაზრებათა შორის საყურადღებოა და მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, თუშური ცხვრის ჩამოყალიბება მაინც ასოცირდება თუშებთან, რასაც მ. რჩეულიშვლის ჰიპოთეზაც ამყარებს. იგი თუშური ცხვრის სადაურობის საკითხს უკავშირებს წოვა–თუშებს, რომლებიც ძველად ჩრდილო კავკასიის მცხოვრები ყოფილან და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებულან არა უგვიანეს VIII-IX სს. როგორც ცნობილია, წოვა–თუშები ქართველთა მონათესავე სარმატების ტომებიდან (ე.წ. „ღლიღვი“ ანუ „ღალღა“) წარმოიშვნენ. შემდეგ ისინი დასახლებული ყოფილან თუშეთის დასავლეთ ნაწილში დიდი კავკასიონის მაღალი მთის ზონაში ე.წ. „წოვათაში“. ამრიგად, მ. რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ მქისემატყლიანი, ცხიმკუდიანი ცაკელის ჯგუფის ცხვარი საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან სარმატების ტომების – „წოვა–თუშების“ გადმოსახლების დროს მოხვდა. გარდა ამისა, იგი ხალხთა სახელწოდებისა („თუში“) და ცხვრის დასახელების („თუშური“) თანადამთხვევას აღნიშნავს. მაშასადამე, ზემოთ მოყვანილი მოსაზრება გვიჩვენებს, რომ მქისემატყლიანი (უხეშმატყლიანი) ცხვარი საქართველოს მიდამოში მოხვდა ჩრდილო კავკასიიდან და გადმოსახლებისას უნდა შეჯვარებულიყვნენ თუშეთში ნახევრადნაზმატყლიან მჭლეკუდიან ძველი ქართული ჯიშის ცხვართან. შემდეგ კი ხშირმა და გამუდმებულმა ომებმა (არაბების, მონღოლების ბატონობა, ირანთან და ოსმალეთთან ბრძოლები, ქართველი მეფეების ლაშქრობებმა), აზერბაიჯანიდან აღმოსავლეთ საქართველოში ყარაბაღული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია ძველი ქართული ნახევრადნაზმატყლიანი მჭლეკუდიანი ცხვრის შეჯვარება ყარაბაღულ ცხვართან. ამრიგად, თუშური ცხვრის საბოლოო ფორმირებაში მონაწილეობა მიუღია ყარაბაღული ჯიშის ცხვარს.
დასასრულ, მ. რჩეულიშვილის მიხედვით, ყარაბაღული ნახევრადდუმიანი ცხვრის კახეთში შემოყვანამ და იმ დროისათვის აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ ნაჯვარ (ნაჯვარი ცხვარი მიღებული ყოფილა ძველ კოლხიდურ ნაზმატყლიან გრძელმჭლეკუდიან და მქისემატყლიანი გრძელცხიმკუდიანი ვოლოშის ტიპის ცხვრების შეჯვარებით) ცხვრებთან მისმა შეჯვარებამ შექმნა თუშური ცხვარი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუშური ცხვარი ამტანია და ადვილად ითვისებს სუბ-ალპურ და ალპურ (3000-3200 მ. ზღვის დონიდან) საძოვრებს და წარმატებით ეგუება გადარეკვის მძიმე პირობებს. მას შეუძლია წელიწადში 1000-1200 კმ-ის გავლა. და სწორედ ამიტომაა, რომ იგი განუყოფელი ნაწილი გახდა თუში კაცისა. სწორედ თუშეთში იქნა შესაძლებელი ხალხური სელექციით თუშური ცხვრის ორი ტიპის შექმნა: „ფამფარასი“ და „ბუდიანისა.“თუ არა თუშური ცხვარი აუთვისებელი დაგვრჩებოდა მაღალმთიანი საძოვრები. სამეურნეო კლასიფიკაციით თუშური ცხვარი კომბინირებული ჯიშია, მეხორცულ-სამატყლო-მერძეული მიმართულებისაა. მართალია, ყველა პროდუქტს მცირე რაოდენობით იძლევა (ვერძების ცოცხალი მასა 50-55 კგ-ია, საუკეთესოებისა 60-65, ხოლო ნერბებისა კი 38-42 და 45-50 კგ შესაბამისად. მატყლის ნაპარსი – 3,5-4,0 და 2,5-3,0 კგ შესაბამისად, მერძეულობა 50-60 კგ-ია, საიდანაც ნახევარი ბატკნის გამოზრდისათვისაა საჭირო, ხოლო დანარჩენისაგან ამზადებენ საუკეთესო საგემოვნო თვისებებით დაჯილდოვეულ ე.წ. გუდის ყველს. ნაყოფიერება 100-105%-ის ფარგლებში მერყეობს.), მაგრამ სხვა კულტურულ მაღალპროდუქ ტიულ ჯიშებთან შედარებით ნაკლები დანახარჯები აქვს. ამ ჯიშის ცხვარი უხეშმატყლიანია, თუმცა გვხვდება ნახევრადუხეშმატყლიანი ტიპებიც. მატყლი გამოირჩევა კარგი, ჭაღისებური ბზინვარებით, თეთრი ფერისაა და ემორჩილება ყველანაირ ფერში შეღებვას. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს მის უნარს, რათა დამზადდეს საუკეთესო ხარისხის ხალიჩები. სწორედ მატყლის ამ თვისებების გამო აკადემიკოსი ა. ნიკოლაევი და პროფესორი ა. ეროხინი აღნიშნავენ, რომ თუშური ცხვრის მატყლი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშებს შორის. გამოირჩევა ჭაღისებური ბზინვარებით, დიდი რაოდენობით არის მასში თივთკი და გარდამავალი ბოჭკოები და ამ თვისებების გამო იგი ახლოს დგას ნახევრადუხეშთან.
რაც შეეხება ხორცს, იგი გამოირჩევა მაღალი კულინარული თვისებებით – ნაზია, არ ახასიათებს სპეციფიკური სუნი (განსაკუთრებით მოზარდეულის). ასევე მაღალყუათიანი და საუკეთესო პროდუქტია თუშური ცხვრის რძეც, რაშიც ცხიმიანობა 6-8% – ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ცილისა კი – 5,6-5,7%-ის. ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად 4-5 ლიტრი რძეა საჭირო.
და სწორედ ასეთი ცხვრის ამოძირკვა განიზრახეს გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა მეცნიერებმა, რომლებმაც თუშური ცხვარი დაბალპროდუქტიულად მიიჩნიეს და რესპუბლიკაში შემოიყვანეს კავკასიური და საბჭოური მერინოსებისა და პრეკოსის ჯიშის ნაზმატყლიანი ვერძები თუშური ჯიშის ნერბებთან შესაჯვარებლად, რაც შთანთქმითი შეჯვარებით გადააჯიშებდა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ცხვარს. ამ უგუნური გეგმის წინააღმდეგ გაილაშქრა პროფესორმა ილია ჯანდიერმა, რომელიც თავის დროზე პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის პირველი დირექტორი ბრძანდებოდა და ივანე ჯავახიშვილის თხოვნით 1925 წელს გადმოსულა ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ცხოველთა კვების კათედრის გამგედ. პროფესორმა ჯანდიერმა კარგად იცოდა საქართველოს გეოგრაფია და თუშურ ცხვარზე ჩატარებული ჰქონდა მრავალი ცდა. მისი აზრით, მეტიზაცია არ გაამართლებდა და საქართველოს ალპურ საძოვრებს ვერ აითვისებდა 90 – 100-კგ-იანი ცხვრები. ამასთანავე, მოსპობა ემუქრებოდა საუკუნეების მანძილზე გარემო პირობებთან შეგუებულ აბორიგენული თუშური ცხვრის ჯიშს.
პროფესორი ჯანდიერი ხალხის მტრად გამოაცხადეს და ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რით დასრულდებოდა ყოველივე ეს ღვაწლმოსილი პროფესორისათვის.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა ყველა ის პიროვნება, ვინც „კანონს დაარღვევდა“ და შეეცდებოდა, ხალასად მოეშენებინა თუშური ცხვარი. მაგრამ მთის ხალხი მაინც ვერ შეაშინა მუქარამ და ამ ადგილებში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ეს უნიკალური ჯიში.
არ შეიძლება დავივიწყოთ ანაგელი სარქალის, გიორგი მჭედლიშვილის გმირული საქმე. ბატონი გიორგი არ შეუშინდა იმდროინდელ გადაწყვეტილებას და მალულად მოახერხა ათას სულიანი ელიტური თუშური ჯიშის ცხვრის ფარა. ეს საქმე რომ გამჟღავნებულიყო ბატონ გიორგისაც გაუყენებდნენ ჯანდიერის გზას, მაგრამ ერთგული მეგობრების (ვაჟკაცი მწყემსების) მხარდაჭერით ფარა შენარჩუნებულ იქნა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ მეტიზაცია თუში მეცხვარეეების დაქვემდებარებაში მყოფ ცხვარსაც შეეხო. ადრე, როგორც ამას თუში წინაპრები იტყვიან, ცხვარი თავისი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ უნდა მომხდარიყო თუშური ცხვრის მეტიზაცია. მიუხედავად თუში ხალხის წინააღმდეგობისა ეს წინადადება განხორციელებული იქნა და თითქმის 1962 წლამდე გაგრძელდა, რამაც დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა თუშური ცხვრის ჯიშურ შემადგენლობაზე. ნაჯვარი სულადობა ვერ იტანდა მომთაბარე მეცხვარეობის მკაცრ პირობებს და იღუპებოდა. არ შეუშინდნენ თუშები მომხდარს და 1971-1972 წლებში კვლავ შეუდგნენ თუშური ცხვრის აღორძინებას. ამოარჩიეს მალულად გადანახული 6 ათასამდე თუშური ცხვარი და ჩამოაყალიბეს სანაშენე ბრიგადები, რამაც დასაბამი მისცა შემდგომში სანაშენე ფარების ჩამოყალიბებას და სანაშენედ სულადობის რეალიზაციას.
საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა შეცდომის დანახვასა და მის აღიარებას. კვლავ დადგა დღის წესრიგში თუშური ცხვრის აღდგენა-მოშენების საკითხი და რომ არა თავისი საქმის ერთგული თითო-ოროლა ადამიანი, ამ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. და სწორედ მათ ბაზაზე კვლავ დაიწყო თუშური ცხვრის აღდგენა-მოშენება რეციპროკული (უკუშთანთქმითი) შეჯვარებით. მოხერხდა ამ ჯიშის აღდგენა და გასული საუკუნის 90-იან წლებამდე 2,2 მილიონი ცხვარი და თხა იყო საქართველოში, საიდანაც 800 ათასი სული თუშური ცხვრის სულადობას ეკავა. რესპუბლიკაში ფუნქციონირებდა 4 სანაშენე ფერმა და მათ ბაზაზე არსებული 19 სანაშენე ბრიგადა, სადაც კონცენტრირებული იყო 302 354 სული ხალასჯიშიანი თუშური ცხვარი, რომელთაგანაც ნერბების ხვედრითი წილი 182 629 სულს უდრიდა. დასახელებულ სანაშენე ფერმებსა და ბრიგადებში ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სპეციალისტების დახმარებით სანაშენე საქმის წარმოებას ახორციელებდა თუშური ცხვრის სახელმწიფო ჯიშსაშენი. სანაშენე ფარების დანიშნულება იყო ხალასჯიშიანი თუშური ცხვრის სულადობით მოემარაგებინათ როგორც ჩვენი რესპუბლიკა, ასევე ამიერ და იმიერკავკასიის რესპუბლიკებიც, რადგან თუშური ცხვარი კავკასიის სხვა უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიშებისაგან გამოირჩეოდა თავისი უნიკალური თვისებებით და გამაუმჯობესებელ ჯიშად ითვლებოდა ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩენო-ინგუშეთში, დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვა რესპუბლიკებსა და ოლქებში.
თითქოს ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ 1990 წლის შემდგომ კვლავ საშიშროების წინაშე დადგა თუშური ცხვრის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მთლიანად მოიშალა სანაშენე საქმე და დღემდე მიმდინარეობს უსისტემო შეჯვარება. არ არსებობს არავითარი ჩანაწერები და სანამ დროა მთლიანად რომ არ გაქრეს ეს უნიკალური ჯიში, საჭიროა ამოირჩეს ფენოტიპურად (გენოტიპურად მათი ამორჩევა შეუძლებელია ზ. ა. მიზეზთა გამო) ამ ჯიშის საუკეთესო სულადობა და დაიწყოს მათი მოშენება ხალასად. უნდა შეიქმნას რამოდენიმე სანაშენე ფარა და შემდგომში ხალასჯიშიანი სულადობა გავრცელდეს იმ რეგიონებში, რომელიც საზაფხულო საძოვრემად იყენებს კავკასიონის მასივებს.
გივი ბეღელური – სოფლის მეურნეობის დოქტორი;
კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი;
ჯიმი ლოლაძე – მეცხოველეობის დარგის სპეციალისტი
წყარო: https://agronews.ge